რას გვაუწყებს ყვიბისის ბერთა საყდარში აღმოჩენილი სარკოფაგი - კვირის პალიტრა

რას გვაუწყებს ყვიბისის ბერთა საყდარში აღმოჩენილი სარკოფაგი

არავინ იცის, რამდენ საიდუმ­ლოს ინახავს ჩვენი ისტორია, რომლის უდიდესი ნაწილი­ ჯერ კიდევ შეუსწავლელია. მათ შორის არის სოფელ ყვიბისის ბერთა საყდრები, რომლებიც XVII საუკუნეში შემოსეულმა თურქეთის იმპერიამ გაანადგურა. ამ ისტორიის იდუმალ მოწმედ აქ არაერთი ნანგრევი დარჩა, რომელთა საიდუმლო დღევანდელ სასულიერო მოღვაწეთა თაოსნობით ამოიხსნა. 2020 წელს სწორედ მათ მოიწვიეს მეცნიერები ბერთა საყდრების შესასწავლად. როდესაც არქეოლოგმა გიორგი მწყერაძემ აქაურ ჟამთა სვლას უზარმაზარი მიწის საფარი გადააშორა, დაახლოებით X საუკუნის დროინდელი წმინდა მამის სარკოფაგი აღმოჩნდა ათასწლოვანი ბინადარის ნეშტით, რომელიც ცნობილმა პალინოლოგმა ელისო ყვავაძემ შეისწავლა, მასთან ერთად კი ანთროპოლოგმა ლია ბითაძემ, რომლის თქმითაც, დაკრძალული წმინდა მამა 65 წლის ასაკშია გარდაცვლილი. ყვიბისის საყდართა ნაშთებში სასულიერო მოღვაწეების კიდევ 700 თავის ქალა ინახება. პალინოლოგი ელისო­ ყვავაძე­ ექსკლუზიურად გვიამბობს:

- ყვიბისის სარკოფაგი ულამაზესი და უნიკალურია, მშვენიერი გამოსახულებებით შემკული და იმდენად დაცული, რომ გათხრების დროს რამდენიმე კაცმა ძლივს ახადა თავი. სარკოფაგში, სავარაუდოდ, X საუკუნის სასულიერო მოღვაწეა დაკრძალული, რომელიც ჟამთა სვლამ მიწით დაფარა და დღეს უამრავ რამეს გვაუწყებს მეცნიერების საშუალებით. მაგალითად, რა კლიმატური პირობები იყო იმ დროს, რას საქმიანობდა ადამიანი, რით ცხოვრობდა მაშინდელი საქართველო. სასულიერო პირი შავი სამოსით იყო შემოსილი.

- ნუთუ ფერის დადგენაც შესაძლებელია?

- რა თქმა უნდა. ამას სხეულზე დარჩენილი და შემდეგ უკვე მტრად ქცეული სპორების მეშვეობით ვსწავლობთ. შალს საქართველოში ოდითგან აწარმოებდნენ, ბამბა კი ინდოეთიდან შემოგვქონდა. დადგინდა, რომ სასულიერო მოღვაწე ავადობდა, მაგრამ ტყეში მაინც შრომობდა. ამის დადგენა იმ მტვრით შეიძლება, რომელიც აკლდამაშია განფენილი. ავადობის დასაამებლად სამკურნალო მცენარეებს იღებდა: გვიმრას, ვარდკაჭაჭასა და მატიტელას. მათი მტვერი მისი მუცლის არეში აღმოჩნდა.

- სასულიერო მოღვაწე თურმე ზეთისხილსაც მიირთმევდა. რატომ არის ეს საინტერესო?

- იმიტომ, რომ ზეთისხილი იმ დროს, X საუკუნეში, ბორჯომის ხეობაში ხარობდა; იქ, სადაც ახლაც ძალიან ძნელია მისი გახარება დაბალი ტემპერატურის გამო. ეს კი ნიშნავს, რომ იმხანად საქართველოში იმაზე მეტად ცხელოდა, ვიდრე დღეს ცხელა. სხვათა შორის, ამას ისიც ადასტურებს, რომ იმ პერიოდში ტაძარი მყინვარწვერზეც კი იყო, ზღვის დონიდან დაახლოებით 4000 მეტრ სიმაღლეზე. ჩვენ მყინვარწვერის ამ ტაძრის ნაშთებიც გვაქვს შესწავლილი, მათ შორის, სანთლებიც, რამაც სენსაცია გამოიწვია. ხომ წარმოგიდგენიათ დღეს მყინვარწვერზე ტაძარი, სადაც ყინულის გამო ხანგრძლივი გაჩერებაც შეუძლებელია.

nangrevi2-1684076757.jpg

- თქვენთან ერთად მომავლის იმედი ყვიბისის აკლდამის უძველესმა ბინადარმაც "მომცა". საქართველო, მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, სწორედ ამ დროს იყო ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი, თავისი ოქროს ხანით, განვითარებული ეკონომიკით.

- სწორედ ასე იყო, ძალზე განვითარებული ვიყავით, რისი გაკეთებაც დღევანდელ კლიმატურ პირობებშიც შეიძლება, თუ მოვინდომებთ. ამას გვიდასტურებს ყვიბისიც, რომელიც ქართული აღმოჩენების ისტორიაში ერთ-ერთი საინტერესოა.