Met Gala - რატომ სწირავენ მილიონებს ერთ ღონისძიებას - კვირის პალიტრა

Met Gala - რატომ სწირავენ მილიონებს ერთ ღონისძიებას

ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-მუზეუმში Met Gala, იგივე გალა-წვეულება ყოველწლიურად იმართება. კოსტიუმების ინსტიტუტის წვეულება 1948 წლიდან იღებს სათავეს და მისი მიზანი­ იყო ახალდაარსებული კოსტიუმების ინსტიტუტისთვის ფინანსური დახმარება. ღონისძიების­ იდეა მოდის პუბლიცისტ ელიონორ ლამბერტს დაებადა და დღეს ის უკვე "მოდის "ოსკარადაა"­ აღიარებული.­ წვეულების მიზანი იგივეა - კოსტიუმების ინსტიტუტის მხარდაჭერა. მსოფლიოს ერთ-ერთი­ ყველაზე ხალხმრავალი ღონისძიება საინტერესო ისტორიითა­ და ეპატაჟური მომენტებით გამოირჩევა. როგორი იყო "მეთ-გალა" წლების წინ და რატომ სწირავენ მილიონებს ერთ ღონისძიებას, ამ კითხვებზე პასუხები შევეცადეთ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ სტატიებში ამოგვეკითხა.

"50 დოლარით დაწყებული ქველმოქმედება"

კოსტიუმების ინსტიტუტისთვის შეწირულობების გაზრდა იყო ელიონორ ლამბერტის მიზანი, როდესაც 1948 წელს "მეთ-გალას" პირველი ვახშამი გაიმართა. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთი 50 დოლარი ღირდა. 1970-80 წლამდე ბილეთის ფასი 1.000 დოლარს არ აღემატებოდა, 1998 წელს კი 2.000 დოლარი, ხოლო სამი წლის შემდეგ 3.500 დოლარი გახდა. 2010 წლიდან, როდესაც ღონისძიებამ საქველმოქმედოსთან ერთად ეპატაჟური ხასიათიც შეითავსა, ბილეთის ფასი დღეს უკვე 30.000 დოლარია.

1971 წლიდან, როდესაც კოსტიუმების ინსტიტუტის ხელმძღვანელად "ვოგის" ლეგენდარული რედაქტორი დიანა ვრილანდი­ დანიშნეს, "მეთ-გალას", საქველმოქმედოს გარდა, ელიტური და მოდური იმიჯიც შეექმნა. ელიზაბეტ ტეილორი, ენდი უორჰოლი, ბიანკა ჯაგერი, ელტონ ჯონი დიანა ვრილანდის "მეთ-გალას" უცვლელი სტუმრები იყვნენ. ვრილანდისვე იდეა იყო ყოველწლიურად წვეულების ახალ-ახალი თემისთვის სპეციალური დრესკოდი სტუმრებისთვის. ყოველწლიურად კი 650-700 სტუმარს მასპინძლობდნენ.

"არაორდინარულად ჩაცმულები"

2009 წელს მოდელებმა ნაომი კემპბელმა­ და სტეფანი სეიმურმა უარი თქვეს "მეთ-გალაზე" დასწრებაზე, რითაც მხარდაჭერა გამოუცხადეს დიზაინერ აზედინ ალაიას, რადგან მისი არც ერთი ნამუშევარი არ შეიტანეს გამოსაფენი კოსტიუმების ნუსხაში. განაწყენებულმა დიზაინერმა თავის მოდელებს სთხოვა, არ ჩაეცვათ მათთვის სპეციალურად "მეთ-გალასთვის" შეკერილი კაბები. აზედინ ალაია აკრიტიკებდა ინსტიტუტის ხელმძღვანელს ანა ვინტურს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების გამო.

2015 წელს "მეთ-გალას" თემა ჩინური მოტივები იყო, რაც დიდი მითქმა-მოთქმის საბაბი გახდა. კრიტიკოსების აზრით, აზიურ მოტივებს მეტისმეტად დიდი ყურადღება დაეთმო, რაც რასიზმის წახალისებას უფრო ჰგავდა.K კრიტიკის ქარცეცხლში გაიარა მსახიობ სარა-ჯესიკა პარკერის ჩაცმულობამაც, რადგან მას თავზე ლედი დრაკონის შემკულობა ჰქონდა.

2018 წელს ერთ-ერთი სკანდალური გახლდათ მომღერალ რიანას ჩაცმულობა,­ კონკრეტულად კი მიტრა, რომელიც მომღერლის თავს ამშვენებდა. მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ "მეთ-გალასთვის" 40-ზე მეტი პაპის კოსტიუმი გააქირავა, რიანა მაინც არ დაინდეს სოციალურ ქსელებში.

დროთა განმავლობაში "მეთ-გალამ" პრესტიჟული საქველმოქმედო ივენთის სახელი შეიძინა. 2013 წელს კოსტიუმების ინსტიტუტში ღონისძიებიდან 9 მილიონი შევიდა, მომდევნო წელს - 12 მილიონი, ხოლო 2022-ში 17 მილიონი.

75 წლის შემდეგაც, მაისის პირველ ორშაბათს, მეტროპოლიტენ-მუზეუმში­ ისევ იკრიბებიან გავლენიანი პირები, რომლებისთვისაც, ქველმოქმედების გარდა, წითელ ხალიჩაზე გაელვებაც ძალიან მოსწონთ.