პუტინის ქართული მანევრები
პუტინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებამ და ავიამიმოსვლის აღდგენამ ჩვენს ქვეყანაში მძაფრი რეაქცია რომ გამოიწვია, სულაც არ არის საკვირველი. ცუდი ის არის, რომ ჩვენმა პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა ვერ ისწავლეს (ან არ უნდათ, რომ ისწავლონ) ემოციების გვერდზე გადადება და ცივი გონებით მიდგომა საკითხისადმი. რა თქმა უნდა, თქვენი მონა-მორჩილი ეთანხმება სლოგანს "არა რუსეთს!" რა თქმა უნდა, რუსეთი ოკუპანტია, საშიშია და აგრესორია. მისი ერთი სიტყვის დაჯერებაც კი არ შეიძლება. თუმცა ლოზუნგებით შორს რომ ვერ წავალთ, ეს ფაქტია.
ქართველი საზოგადოების უდიდეს ნაწილს არჩეული აქვს გზა, რომელიც ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. ეს არჩევანი არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი საქართველოს წინააღმდეგ ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში აწარმოებს ჰიბრიდულ ომს და 2008 წლის აგვისტოში ჩვენს ქვეყანას უკვე პირდაპირ დაესხა თავს. ვინმე ფიქრობს, რომ დღეს, როდესაც პუტინმა სავიზო რეჟიმი გააუქმა, არიქა, გადაირევა ქართველი საზოგადოება, ეს რა კარგი ტიპი ყოფილა ძია ვოვაო?! ან ვინმე ფიქრობს, რომ ქართველები შეესევიან რუსეთის ქალაქებს?! ვინც ასე ფიქრობს, ის შეურაცხყოფას აყენებს ქართველ საზოგადოებას და საერთოდ წარმოდგენა არა აქვს ჩვენი საზოგადოების განწყობებზე - განსაკუთრებით ახალი თაობის (იმ მცირე ნაწილს არ ვგულისხმობთ, ვინც მოსკოვის მიმართულებით 37-მანეთიან ფრენებზე ოცნებობს. მათ განწყობას ვერავინ შეუცვლის, რუსთაველზე რუსული ტანკებიც რომ იდგეს).ზოგადად, რუსეთთან სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ ერთ შემთხვევაში. თუ კრემლი წაიღებს უკან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას, საქართველო აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც რუსეთთან ომებში დაზარალდა, მოსკოვის კომპენსაციას გადაუხდის. ასეთ შემთხვევაში კი ბატონო, შეგვიძლია ვილაპარაკოთ. იდეალური ვარიანტი იქნება, თუ ამ დროს კრემლში პუტინი არ იქნება, საქართველო კი ნატოს წევრი იქნება. რა თქმა უნდა, დღეს ზემოხსენებული სცენარი ფანტასტიკურია. ამიტომ არსებული რეალობიდან უნდა ამოვიდეთ.
რატომ მიიღო პუტინმა უვიზო რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილება?!
წესით, რუსეთს ქართველი საზოგადოების განწყობებიდან გამომდინარე, არანაირი მიზეზი არ ჰქონდა, რომ უვიზო რეჟიმი შემოეღო და ავიამიმოსვლა აღედგინა. სულ 2 თვის წინ, მარტის დასაწყისში, თბილისში, ცენტრალურ გამზირზე რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ხალხმრავალი მკვეთრი ანტირუსული აქცია, რომელზეც პერსონალურად პუტინს "მოკითხვას" უთვლიდნენ და გზავნიდნენ "რუსული ხომალდის" მისამართით. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ივნისშიც ანალოგიური რამ მოხდა, ცნობილ "გავრილოვის ღამეს" ვგულისხმობთ, თუმცა მაშინდელი პროტესტი პუტინმა საქართველოსთან ფრენების ასაკრძალ მიზეზად გამოიყენა.
შესაბამისად, ისმის კითხვა - თუ ერთი ანტირუსული აქციის გამო, პუტინმა საქართველოს სანქციები დაუწესა, მეორე ანტირუსული აქცია რატომ "გაატარა" და ამ აქციის დასრულებიდან სულ რაღაც 2 თვეში რატომ აღადგინა ავიამიმოსვლა და დააწესა უვიზო რეჟიმი?! იმიტომ, რომ დღეს თავად პუტინს სჭირდება ასე!
პირველ რიგში, თუ პუტინის გადაწყვეტილებები საქართველოში დესტაბილიზაციას გამოიწვევდა, ამაზე კრემლი სიამოვნებით მოაწერდა ხელს და ნავთსაც დაუმატებდა. მეორეც, პუტინს სჭირდება რუსეთში იმის იმიტაციის შექმნა, რომ თითქოს ეს ქვეყანა სულაც არ არის მხოლოდ მტრების გარემოცვაში და მეგობრები თუ არა, ნეიტრალურად განწყობილი მეზობლები მაინც ჰყავს (ხაზს ვუსვამთ - პუტინს სჭირდება ასე წარმოჩენა, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ ასეა). მესამეც - კრემლში ალბათ, იმედოვნებენ, რომ თუ საქართველოს მოქალაქეებმა მასობრივად დაიწყეს აქეთ-იქით სიარული, ეს აისახება მათ პოლიტიკურ განწყობებზე.
ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებს, რომ პუტინის ეს ჟესტი საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობას უკავშირდება და თბილისმა მოსკოვიდან "ჯილდო" მიიღო. საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობა, პროდასავლურობა თუ ზედმეტი სიფრთხილე სხვა სტატიის თემაა. თუმცა ალბათ, ყველას უნდა შევახსენოთ, რომ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი შემოიღო 23 წლის წინ, 2000 წელს. როგორი ხელისუფლება ჰყავდა მაშინ საქართველოს? რუსეთისადმი და პირადად პუტინისადმი სუპერლოიალური, იქით აჭარას პრორუსი ასლან აბაშიძე აკონტროლებდა, საქართველოში კი იყვნენ რუსული სამხედრო ბაზები, რომელთა აქედან გაყვანას არც არავინ აპირებდა. თუმცა ამ ფონზე პუტინმა იმის მომიზეზებით, რომ საქართველოდან რუსეთში ჩეჩენი მებრძოლები გადადიოდნენ, საქართველოს სავიზო რეჟიმი დაუწესა. სხვათა შორის, მაშინდელ კორუმპირებულ და მოფამფალებულ საქართველოს ხელისუფლებას ეყო პოლიტიკური ნება და მანაც დაუწესა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს, რომელიც შემდეგ სააკაშვილმა გააუქმა საბოლოოდ 2012 წელს (აგვისტოს ომიდან ოთხ წელში!). 2006 წლამდე სააკაშვილიც იძახდა, პუტინს პატიოსანი ადამიანის თვალები აქვს და ბევრ დასავლელ პოლიტიკოსს სჯობიაო, თუმცა კრემლის ბინადარს არც უფიქრია სავიზო რეჟიმის გაუქმება. იმიტომ, რომ მაშინ პირადად მას არ სჭირდებოდა. დღეს კი დასჭირდა.
გაიზრდება თუ არა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა და შესაბამისად საფრთხეები?!
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეეძლოთ 2012 წლიდან. რუსი ტურისტების წინა წლების სტატისტიკასთან შედარებას აზრი არ აქვს, რადგან ლარსის პუნქტიდან გადმომსვლელთა დიდი ნაწილი იძულებით გახდა ტურისტი. პირდაპირი ავიაფრენების აღდგენის შემდეგ, რა თქმა უნდა, საქართველოში შემომსვლელი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა გაიზრდება. რუსულ მედიაში რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ რუსული ავიაკომპანიების მიერ უკვე შესულია განაცხადი საქართველოს მიმართულებით კვირაში 47 რეგულარულ რეისზე. ანუ მოთხოვნა არის. შესაბამისად, საქართველოში რუსეთის მოქალაქეები მომრავლდებიან, თან ზაფხულია, სეზონი მოდის. პარალელურად, ბევრი რამ არის დამოკიდებული რუსეთ-უკრაინის ფრონტზე არსებულ ვითარებაზეც. თუ უკრაინის დაანონსებული კონტრშეტევა წარმატებით დამთავრდა (და ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი, რა თქმა უნდა, წარმატებას უსურვებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს), მოსკოვს მეტი ცოცხალი ძალა დასჭირდება, რაც გაზრდის მობილაზაციის მასშტაბებს. შესაბამისად, შეიძლება რუსეთის მოქალაქეების ის რაოდენობა დაიძრეს საქართველოსკენ, რომ ვერანაირი თვითმფრინავები ვერ ეყოს და ლარსიც გადაიჭედოს (თუმცა მაშინ ალბათ, ხელისუფლებას მოუწევს დაფიქრება კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე).
ერთი მხრივ, რუსეთის მოქალაქეების მომრავლების მთავარი საფრთხე ის არის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გაითამაშოს მათ მიმართ პროვოკაცია და მერე "დაიცვას" ისინი. მეორე მხრივ, კრემლი ისეა ჯაჭვებიდან აწყვეტილი, რომ საქართველოსთვის დარტმების მიყენებას თუ გადაწყვეტს, რთული კომბინაციების ხლართვით თავს არ დაიღლის. თავად გააგორებს ახალგორში ან გალში ოკუპანტ ჯარისკაცს და ეგ არის.გასაგებია, რომ ზოგიერთს ეშინია - საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ეგიდით დივერსანტები არ შემოვიდნენ. თუმცა სავიზო რეჟიმი მათი შემაკავებელი არ არის. აგერ ცნობილი რუსი ტერორისტები პეტროვი და ბაშიროვი, რომლებმაც სკრიპალი მოწამლეს, დიდი ბრიტანეთის ვიზით, "ნოვიჩოკით" ხელში, გაერთიანებულ სამეფოში დასეირნობდნენ. ასე რომ, პოტენციურ დივერსანტებს მხოლოდ ქართული სპეცსამსახურების გამართული მუშაობა შეაკავებს და არა სავიზო რეჟიმი.
როგორ უნდა მოიქცეს დასავლეთი?!
დასავლეთის პოზიციას (იგულისხმება როგორც აშშ, ისე ევროკავშირი) დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მან ერთი მხრივ, უნდა გაუგზავნოს სიგნალი მოსკოვს, რომ საქართველო რჩება მის სტრატეგიულ პარტნიორად, მისი ინტერესების სფეროდ და კრემლის ქართული მანევრები ვერაფერს შეცვლის. მეორე მხრივ, ასევე მძლავრი სიგნალი უნდა გაუგზავნოს საქართველოს მოსახლეობას, რათა ჩვენს ქვეყანაში არავის გაუჩნდეს განცდა, თითქოს ვაშინგტონში ან ბრიუსელში პუტინის ვირეშმაკობაზე თვალს ხუჭავენ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, კრემლის პროპაგანდა თავის ტროლ-ბოტებიანად ყველაფერს გააკეთებს, რომ ქართველი საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ის დასავლეთმა მიატოვა. შესაბამისად, პირველი ნაბიჯი, რაც ბრიუსელში უნდა გადადგან, ალბათ, უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ვგულისხმობთ იმას, რომ ბრიუსელში მაინცდამაინც არ გამოეკიდონ 12-პუნქტიანი გეგმის ბუკვალურად შესრულებას. თორემ ჩვენი დეპოლარიზაციისა და სასამართლოების გადამკიდე, შარის მოდება ყოველთვის შეიძლება (და სამართლიანადაც).დასავლეთმა უფრო მყარად უნდა ჩაჰკიდოს ხელი ჩვენს ქვეყანას და ჩაიხუტოს ის. წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინის ერთ მანევს მეორე მოჰყვება, მეორეს მესამე და საბოლოო ჯამში, ჩვენი ოცნებები ევროპაზე, შესაძლოა, ოცნებებადვე დარჩეს.
გიორგი კვიტაშვილი