რას და რატომ ცვლის „ოცნება“ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების დანიშვნის წესში
ხელისუფლება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და არაპარტიული წევრების დანიშვნის წესს იმარტივებს - მათ დანიშვნას უკვე პრეზიდენტის წარდგინების გარეშე და 76 ხმით შეძლებს. მართალია, საკუთარი ხალხის შენარჩუნებას ბოლო წელიწად-ნახევარია კარგად ახერხებს იმით, რომ არ ირჩევს ახალს, და მოვალეობის შემსრულებლებს უგრძელებს და უგრძელებს ვადას, და წესით, ასეთი აშკარად სათავისო კანონის მიღებაც არ უნდა დასჭირვებოდა, მაგრამ ფაქტია, "ქართული ოცნება" ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების დანიშვნის წესს ცვლის და თან ისე, როგორც კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, ლახავს პრეზიდენტის კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლებას:
- თუ ამ ცვლილებებს მიიღებენ, ცესკოს დღევანდელი ფაქტობრივი მდგომარეობა უცვლელი დარჩება. ჩემი აზრით, დიდი შეცდომა ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბრის ბოლოს დაუშვეს, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კოდექსში შეიტანა ცვლილება, თუ ცესკოს თავმჯდომარეს ან პარლამენტის არჩეულ კომისიის წევრს ამოეწურებოდა უფლებამოსილების ვადა, ისევ გაუგრძელდებოდა უფლებამონაცვლის არჩევამდე. ცვლილების შეტანამდე, თუ ცესკოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება შეუწყდებოდა, მოვალეობას ასრულებდა მისი მოადგილე, წევრის ადგილი კი ვაკანტური იყო მანამდე, სანამ პარლამენტი მის უფლებამონაცვლეს არ აირჩევდა. აი, ამ ცვლილებამ გააუარესა მდგომარეობა, რადგან შესაძლებლობა მისცა საპარლამენტო უმრავლესობას შეენარჩუნებინა ცესკოს იმდროინდელი შემადგენლობა, მიუხედავად იმისა, რომ ვადა ამოეწურა. პრეზიდენტის ნებისმიერ კანდიდატს, ვინც "ქართულ ოცნებას" არ მოეწონებოდა, ჩააგდებდნენ, ანუ ვადაამოწურულების უფლებამონაცვლეს არ აირჩევდნენ. ასე რომ, ის ცვლილება, რომლის შეტანასაც აპირებენ, რომც არ მიიღონ, ცესკოს შემადგენლობა ისეთი იქნება, როგორიც "ქართულ ოცნებას" სურს. როდესაც 2021 წელს ეს ცვლილება მიიღეს, ამით ფაქტობრივად დაარღვიეს შარლ მიშელის შეთანხმება, თუმცა ხელისუფლებამ საბოლოოდ მაინც უარი თქვა მასზე. მიშელის შეთანხმების პრინციპი ის იყო, რომ ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს წევრები არჩეულიყვნენ ოპოზიციისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეთანხმებით. ეს აამაღლებდა ნდობის ხარისხს, რათა არჩევნების შემდეგ არავის მისცემოდა იმის თქმის საფუძველი, რომ ეთქვა, საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნები გააყალბაო.
- წარდგენილ კანდიდატებს მაინც არ ნიშნავდნენ, მოვალეობის შემსრულებელს არაერთხელ გაუგრძელეს ვადა და ახლა რაში დასჭირდათ ეს?
- ვფიქრობ, დღევანდელი ვითარება უარყოფითად მოქმედებს საარჩევნო ადმინისტრაციის ლეგიტიმაციასა და მის სანდოობაზე. პარლამენტი ისევ ძველ შემადგენლობას ტოვებს, რადგან პრეზიდენტი არ წარადგენს მათთვის მისაღებ კანდიდატებს. ეს ვითარება კი არა მარტო საქართველოში, მის საზღვრებგარეთაც ბადებს კითხვებს ცესკოს ლეგიტიმურობის შესახებ. ეს რომ თავიდან აიცილონ და თქვან, ცესკო კანონის მიხედვით არის დაკომპლექტებულიო, ვფიქრობ, ამიტომ შემოიტანეს ეს ცვლილებაც. ეს ერთი მიზეზი, მეორე კი ის არის, რომ პრეზიდენტის მწირი უფლებამოსილებებიც კი ბევრად ეჩვენებათ.
- თუ უმრავლესობა მაინც დაამტკიცებს ცვლილებას ოპოზიციის გარეშე, ცესკოს სანდოობას ეს როგორ გაზრდის?
- არ გაზრდის, მაგრამ ის მაინც ექნებათ სათქმელი, კანონით არის არჩეულიო. ნდობას არათუ არ გაზრდის, შეიძლება უკუეფექტიც ჰქონდეს და სანდოობა უფრო შემცირდეს. ამ პროექტის მომზადებისას "ქართულ ოცნებას" ერთი პრობლემა ჰქონდა - კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით მონაწილეობს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევაში. ამას ვერ უკუაგდებდნენ და ასეთი რამ მოიფიქრეს - პრეზიდენტის მონაწილეობა დატოვეს, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის თავმჯდომარის წარდგენილ კანდიდატებს არ აირჩევს პარლამენტი. ამითაც შეზღუდულია პრეზიდენტი, იმის უფლებაც არა აქვს, თავისი კანდიდატები წარადგინოს, პარლამენტის თავმჯდომარის შექმნილი საკონკურსო კომისიის შერჩეულ წევრთაგან რომელიმე უნდა წარუდგინოს - ანუ პრეზიდენტი აღარც კანდიდატების შერჩევაში მონაწილეობს და საკონკურსო კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენელიც ვერ მოახდენს გავლენას კომისიის გადაწყვეტილებაზე. ასე რომ, პრეზიდენტი კანდიდატის შერჩევის პროცესში ფორმალურად ერთვება მაშინ, თუკი პარლამენტი ვერ დაამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარის შერჩეულ კანდიდატს. იმ ვითარებაში კი, როდესაც პარლამენტის უმრავლესობა ერთპარტიულია, პარლამენტის თავმჯდომარის წარდგენილი კანდიდატი რომ ვერ აირჩიონ, ამის ალბათობა, პრაქტიკულად, ნულის ტოლია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრეზიდენტი მთლიანად გარიყული იქნება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევისგან. მისი მონაწილეობა წმინდად სიმბოლურია. როდესაც კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ თანამდებობის პირს ან ორგანოს აქვს ესა თუ ის უფლება, ეს კანონში ისე უნდა გაიწეროს, რომ მისი შესრულება იყოს შესაძლებელი. კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი მონაწილეობს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევაში და უნდა იყოს არსებითი და არა სიმბოლური. ამ ცვლილებით დაირღვევა კონსტიტუციით დადგენილი პრინციპი, შეიზღუდება პრეზიდენტის უფლება.
- ცესკოშიც და კომისიებშიც მმართველ პარტიას მუდმივად ჰყავდა უმრავლესობა და ახლა უფრო მყარად შეინარჩუნებს. გარდა ამისა, მუდმივად არის ოპოზიციის წევრთა გადაბირების, მოსყიდვის თუ დაშინების პრობლემა, რის გამოც ვერ ხერხდება ხოლმე არჩევნების გაყალბების დამტკიცება. ამიტომაც ოპოზიციისთვის უფრო მომგებიანი არ იქნება, პარტიული ნიშნით წევრების დანიშვნა არ ხდებოდეს და მთლიანი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე იყოს? მით უმეტეს, რომ უბნებზე დამკვირვებლები ყოველთვის უფრო აქტიურები არიან, ვიდრე კომისიის წევრები.
- ასე მარტივად არ არის. კომისიებში ოპოზიციის წარმომადგენლები რომ არ იყვნენ, უკონტროლო გახდება კომისიის მოქმედება და გაყალბების ხარისხი შესაძლოა ძალიან მაღალი იყოს. თუმცა ევროპის არაერთ სახელმწიფოში არჩევნებს ატარებს აღმასრულებელი ხელისუფლება, ბევრგან კი შს სამინისტრო, ოღონდ ჩვენისგან განსხვავებით, რომელიც, ფაქტობრივად, პოლიციის სამინისტროა, ევროპის ქვეყნების ანალოგიურ სამინისტროებში პოლიცია მხოლოდ ერთი მიმართულებაა. ამიტომაც ჩვენთან ეს სისტემა ვერ გამოდგება. გარდა ამისა, ჩვენთან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო დავები ძირითადად საარჩევნო ადმინისტრაციის დონეზე წყდებოდეს და არ იყოს საჭირო სასამართლოში წასვლა, რადგან ჩვენ ამ სისტემაშიც პრობლემა გვაქვს. ჩვენი სასამართლო სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვანაირად იქცეოდა, ზოგჯერ უკეთესად, ზოგჯერ უარესად, მაგრამ არჩევნებთან დაკავშირებულ დავებს თითქმის ყოველთვის ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ჯგუფის სასარგებლოდ წყვეტდა.
- ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ ჩატარდება 2024 წლის არჩევნები?
- ბევრი რამ არის დამოკიდებული პირველი დონის საარჩევნო ადმინისტრაციაზე, ანუ საუბნო საარჩევნო კომისიებზე. სამწუხაროდ, კომისიების წევრთა მოქმედება ხშირად არ არის კანონის მოთხოვნათა შესაბამისი. წესით, ამჯერად საუბნო კომისიის წევრთა გავლენა არჩევნებზე უნდა შემცირდეს, რადგან ბევრი უბანი ხმების ელექტრონულად დათვლაზე გადადის. მაგრამ ეს ყველგან არ კეთდება, ბევრ სოფელში ხმას ისევ ხელით დაითვლიან. არადა, გაყალბების პრობლემა სწორედ სოფლებშია. ამან შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. უმწვავესი პრობლემაა კანონის დარღვევა თვით არჩევნების დღემდე უმეტესად სახელისუფლებო პარტიის მიერ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მათ შორის მოსყიდვით, დაშინებით და ა.შ. ამას კი არ ეშველება, სანამ თავად ჩვენ, ამომრჩევლები არ გავიყიდებით, არ შევშინდებით, არ დავექვემდებარებით იძულებას, ამისთვის კი მენტალიტეტის ცვლილებაა საჭირო. ჩვენი მოქალაქეები უნდა მიხვდნენ, რომ თავიანთი არასწორი გადაწყვეტილებით თავად იქმნიან პრობლემებს, მომავალს ინგრევენ.
რუსა მაჩაიძე