„მოსკოვის გადაწყვეტილებებს ასე მარტივად არ ვუყურებ“ - კვირის პალიტრა

„მოსკოვის გადაწყვეტილებებს ასე მარტივად არ ვუყურებ“

პუტინის გადაწყვეტილებამ, რომლითაც საქართველოსთან 2001 წელს დაწესებული სავიზო რეჟიმი 22 წლის შემდეგ გააუქმა და 2019 წელს საქართველოსთან შეწყვეტილი პირდაპირი ფრენები მაინცდამაინც ახლა აღადგინა, საქართველოშიც და დასავლეთშიც დიდი მღელვარება გამოიწვია. განსაკუთრებით საყურადღებო ჩანს ამ გადაწყვეტილებების ერთდროულად მიღება. რას ნიშნავს ეს და რა გავლენა შეიძლება იქონიოს როგორც ეკონომიკურად, ასევე საზოგადოებრივად და პოლიტიკურად, ამ საკითხებზე აკადემიკოს ლადო პაპავას ვესაუბრეთ.

- დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობა არ არის მარტივი. შედარებით მარტივად აღსაქმელია, რომ რუსეთი ოკუპანტია, დაპყრობილი აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი და განაგრძობს ანექსიას. თუმცა პოლიტიკაში არა მარტო ქმედებასა და სიტყვებს აქვს მნიშვნელობა, არამედ თანამდევ ეფექტებსაც, რომელთაც შესაძლოა უფრო მეტი წონაც კი ჰქონდეთ, ვიდრე ქმედებას. 2001 წლიდან რუსეთმა საქართველო, თავის ჭკუით, დასაჯა სავიზო რეჟიმის დაწესებით. მას შემდეგ 22 წელიწადი გავიდა და მიუხედავად იმისა, ამ პერიოდში არაერთხელ იყო საუბარი სავიზო რეჟიმის მოხსნაზე, საკითხი საუბარს არ გასცდენია. პუტინი ამბობდა, რომ უყვარდა ქართველი ერი, მაგრამ არ მოსწონდა საქართველოს მთავრობა და უცბად სავიზო რეჟიმს აუქმებს.

- რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების ბოლოდროინდელ განცხადებებში ხშირად აქებენ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას. მაინც შეიძლება ვთქვათ, რომ არც ეს ხელისუფლება მოსწონთ?

- მათი განცხადებები მეათეხარისხოვანია. მნიშვნელოვანია ის, თუ ამ განცხადებებით რა კეთდება. რეალობას თუ შევხედავთ, სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის მოსახლეობას რამენაირად უკეთეს მდგომარეობაში აყენებს? რუსეთის მოქალაქეებისთვის ისედაც უვიზო რეჟიმი გვაქვს, მცირე ხნით ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებას შემოღებული და მალევე გააუქმა იმ მიზეზით, რუსეთში ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს, რომელთაც ახლა რუსეთის მოქალაქეობა აქვთ, მაგრამ საქართველოში ნათესავები ჰყავთ და სჭირდებათ აქ ჩამოსვლაო. სააკაშვილი რუსეთის მიმართ ყოველთვის პოზიტიურად იყო განწყობილი, რასაც კარგად ნიღბავდა სიტყვიერი დაპირისპირებით. მას ხელისუფლებაში მოსვლაში მოსკოვი დაეხმარა - პუტინმა უშიშროების საბჭოს მდივანი იგორ ივანოვი გამოგზავნა "ვარდების რევოლუციის" დროს და სწორედ მისი ჩამოსვლის მერე გადადგა შევარდნაძე. ნუ დაგვავიწყდება, რომ ასლან აბაშიძე იმავე ივანოვმა წაიყვანა მოსკოვში და სააკაშვილს დაეხმარა, დაემყარებინა კონტროლი აჭარაზე, რაც, საქართველოსთვის უდავოდ დადებითი იყო. მოკლედ, როგორც კი სააკაშვილსა და "ნაცმოძრაობას" რამე გაუჭირდებოდა, რუსეთი ყოველთვის ეხმარებოდა.

- რა მიზანი აქვს მოსკოვს?

- მოსკოვისთვის მთავარი ის კი არ არის, რომ ხელისუფლებაში აშკარად პრორუსი ძალა მოვიდეს. რაში სჭირდება ეს? პრორუსი ძალა რომ მოვიდეს, მაშინ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე მოსკოვმა პოლიტიკა უნდა შეცვალოს და აღიაროს საქართველოს იურისდიქცია. ეს არ აწყობს. ამიტომ აშკარად პრორუსი ძალები ან პარლამენტს მიღმა რჩებიან, ან ძლივს დასძლიეს ბარიერი და რამდენიმე კაცით არიან პარლამენტში წარმოდგენილი.

მოსკოვის ამოცანაა საქართველოში პოლიტიკურად არასტაბილური სიტუაცია სტაბილურად შენარჩუნდეს. როდესაც არასტაბილურობაა, დაძაბულობაა, ვისთვის არის ეს კარგი? ცხადია, მოსკოვისთვის. საქართველოს 20% ოკუპირებული აქვს და კომფორტულად გრძნობს თავს. მისთვის საქართველოს სრული ოკუპაციაც სირთულეს არ წარმოადგენს. სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის მოქალაქეებისთვის არაფერს ნიშნავს, რადგან ისედაც უვიზოდ შეეძლოთ ჩამოსვლა და რას ნიშნავს ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის? წესით, არც ჩვენთვის ნიშნავს ბევრს არაფერს, რადგან ამ ომის დროს ვინ უნდა იყოს ისეთი გიჟი, რომ რუსეთში ჩავიდეს, თუ მართლა იქ ნათესაური კავშირი არა აქვს და გადაუდებელი საქმე არა აქვს? აბა, მაშინ რატომღა გააკეთა პუტინმა ეს? შევხედოთ, ამით ვის დაეხმარა და ყველაფერი ნათელი გახდება. საქართველოს მოქალაქეებს დაეხმარა?

- არა, ხელისუფლებას?

- არა. დაეხმარა ოპოზიციას, რომელიც ახლა უფრო აქტიურად ადანაშაულებს ხელისუფლებას, პრორუსი მთავრობა ხარო.

გარდა ამისა, საქართველოს რეალურად აქვს შესაძლებლობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. პუტინს მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებით შებღალავს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების რეპუტაციას და გაურთულებს კანდიდატის სტატუსის მიღების საქმეს. ამიტომ ჩვენ მხოლოდ იმას კი არ უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას, რას ამბობენ საჯაროდ, არამედ იმას, თუ რა შედეგებზეა გათვლილი. გათვლილია იმაზე, რომ ოპოზიციამ დაარწმუნოს საქართველოს მოსახლეობა, პრორუსი მთავრობა გვყავსო. პუტინიც ამ გადაწყვეტილებებს ამიტომ იღებს, რომ ხალხი შეშფოთდეს, თორემ რუსეთის მოსახლეობისთვის, რუსეთის ეკონომიკისთვის ამას არანაირი შედეგი არ ექნება. ხედავს კრემლი, რომ მისთვის სასურველ არასტაბილურობის გარანტორ პარტიას "ნაციონალურ მოძრაობას" პრობლემები აქვს და ამიტომაც ეხმარება ყველანაირად და საკმაოდ ეფექტიანადაც - გაჩნდა ახალი თემა, რომელმაც გადაფარა "ნაცმოძრაობის" დაშლა. ოპოზიციას მისცა სალაპარაკო და გაჩნდა ბერკეტი, რომ ხელი შეგვიშალოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში - ეს არის და ეს.

ვიმეორებ - რუსეთს საქართველოში პრორუსი მთავრობის მოსვლა არ აწყობს, რადგან მაშინ მოსკოვმა რაღაც უნდა დათმოს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ამის გაკეთება კი არ აწყობს და ურჩევნია, პრორუსი ძალები ხელისუფლებაში არ მოვიდნენ. სამაგიეროდ, ქვეყანაში მუდმივი პოლიტიკური დესტაბილიზაცია იყოს. საქართველოში დესტაბილიზაცია რაც უფრო ძლიერი და ხანგრძლივი იქნება, მით უფრო ადვილი იქნება მოსკოვის ინტერესების გატარება. ახლა კი ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებით გაძლიერდა, ბრიუსელსა და ვაშინგტონს ეჭვები გაუჩნდა და ღმერთმა ნუ ქნას, ამან მიიღოს ისეთი სერიოზული ფორმა, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამიტომაც მოსკოვის გადაწყვეტილებებს ასე მარტივად არ ვუყურებ.

- გასაგებია, რომ პუტინი უვიზო რეჟიმს დააწესებს თუ გააუქმებს, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ, მაგრამ ეს არ ყოფილა ცალკეული გადაწყვეტილება. ამის პარალელურად გამოსცა პირდაპირი ფრენების აღდგენის ბრძანებულებაც. ამის შესახებ მაინც ხომ შეგვიძლია გვქონდეს მკაფიო პოზიცია, რომ არ გვინდა და აღარც ოპოზიციას ექნება ის ბერკეტები, რაც ახსენეთ, და არც ბრიუსელსა და ვაშინგტონში გაჩნდება ეჭვები?

- რაც შეეხება ფრენებს, აქამდეც ძალიან მარტივი იყო რუსეთში ფრენა საქართველოდან სომხეთის გავლით. გარდა ამისა, საავტომობილო მიმოსვლაც შეუზღუდავია. ჩვენ ის უნდა გავითვალისწინოთ, რომელ ავიაკომპანიებს შეუძლიათ საქართველოში ავიაფრენები. სანქცირებული ავიაკომპანიები საქართველოში ვერ იფრენენ, რადგან სანქციებს ჩვენც ვიცავთ. ამიტომაც ვამბობ, რომ ავიამიმოსვლის განახლებით ბევრი არაფერი შეიცვლება. მეორე მხრივ, დღემდე დაფრინავს კიშინიოვ-მოსკოვის რეისები, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებაში. მოლდოვა დღემდე დსთ-ის წევრიც არის. მოლდოვას კონსტიტუციაში უწერია, რომ ნეიტრალური სახელმწიფოა, ჩვენ კი გვიწერია, რომ ევროატლანტიკური ორიენტაციის სახელმწიფო ვართ. ამან შეუშალა მოლდოვას ხელი და ჩვენ შეგვიწყო? ასე რომ, ფრენების საკითხის დაკავშირება რუსეთის კეთილგანწყობასთან კავშირში არ არის.

ვერ დავიჯერებ, რომ მოსკოვი კიშინიოვის მიმართ კეთილგანწყობილია და ამიტომ აქვთ ფრენები. ამიტომაც ფრენების საკითხი ძალიან ეშმაკურად არის შემოგდებული სავიზო რეჟიმის გაუქმების კონტექსტში. თუ დააკვირდით, ვინ იყო პირველი, ვინც დაიწყო ლაპარაკი, რომ აუცილებლად ჩამოფრინდება თბილისში? ჩვენთვის კარგად ცნობილი ბატონი გავრილოვი, ხომ? 2019 წლის ივნისში, "გავრილოვის ღამის" შემდეგ, პუტინმა აკრძალა თბილისში ფრენები და პირველი, ვინც თქვა, ჩამოვალ წინაპრების საფლავების სანახავადო, სწორედ გავრილოვი იყო. მან ხომ კარგად იცის, რომ მისი აქ ჩამოსვლა ზუსტად იგივეა, რაც დაჭრილი ხარისთვის წითელი ნაჭრის აფრიალება და რაღა ახლა გაახსენდა წინაპრების საფლავები? ლოგიკა ის არის, რომ ამით ოპოზიციას კიდევ ერთი ბერკეტი ეძლევა, დაიწყებს ყვირილს, თუ გავრილოვი უნდა ჩამოვიდეს, ესე იგი, საქართველოს მთავრობა პრორუსიაო...

2022 წლის აგვისტოში პუტინმა გამოსცა განკარგულება, რომელიც ძალაში შევიდა 2023 წლის 1-ლი იანვრიდან - უკრაინის მოქალაქეებს შეუზღუდავად შეუძლიათ რუსეთში დარჩენა და მუშაობის დასაწყებად ნებართვა არ სჭირდებათ. ეს ხომ კიდევ ერთი ფაქტია, რომ რუსეთი ყველგან ცდილობს პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმას? უკრაინაში თუ მოჰყვა ამას რეაგირება, არ ვიცი, რადგან იქ ომია, საქართველოში კი ოპოზიციისთვის სალაპარაკო გახდა და მეორე, შეიძლება ხელი შეგვიშალოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში. რაც მთავარია, მოსკოვისთვის იმას კი არა აქვს მნიშვნელობა, კანდიდატის სტატუსი გვექნება თუ არა, არამედ უფრო იმას, თუ სტატუსს ვერ მივიღებთ, ამან შეიძლება ქვეყანაში მღელვარება და დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, რაც აშკარად მოსკოვის გეგმაშია.

- ჩვენ რა რეაგირებას ვახდენთ ამაზე? ხომ არის ეს მნიშვნელოვანი ქვეყანაშიც და მის გარეთაც? თუკი ვიტყვით, რომ ფრენებს არ აღვადგენთ, ამით ხომ გავაქარწყლებთ ეჭვებს და სტატუსის მიღებაში არ შეგვეშლება ხელი, თუ მხოლოდ ეს არის შესაძლო არმიღების მიზეზი?

- მოლდოვამ რატომ არ უთხრა უარი, სტატუსიც ხომ მიღებული აქვს? ან რატომ არ გამოდის დსთ-დან? როგორ ახერხებს რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიც ჰქონდეს და დსთ-ის წევრიც იყოს? მოლდოვას ეპატიება და საქართველოს, რომელიც დსთ-ის წევრი დიდი ხანია აღარ არის, არა?

- ეჭვები მათ ხელისუფლებაზე არ არის, ჩვენს ხელისუფლებაზე არის და ეს რომ არ გახდეს დამატებითი ფაქტორი, ამიტომ გეკითხებით.

- რადგან პრობლემურია, ამიტომ უნდა თქვას ხელისუფლებამ უარი? მერე ოპოზიცია იტყვის, ხელისუფლებას შეეშინდა და აი, ოპოზიციამ ხელისუფლებას რაღაც მომენტში აჯობაო. ოპოზიციას ხომ თავისი ამომრჩეველი ჰყავს და ხელისუფლებას თავისი. ამიტომ აქ პოლიტიკური თამაშის წესები საკმაოდ მკაფიოა.

tvitm-1684078346.jpg

- მთავარი ხომ სტატუსის მიღებაა და რა მნიშვნელობა აქვს, ოპოზიცია იტყვის თუ არა, რომ ხელისუფლებას აჯობა? სტატუსი თუ მივიღეთ, ხელისუფლებას უფრო კარგი ბერკეტი არ ეძლევა?

- ეს თემა თუ პრობლემური არ არის კიშინიოვისთვის, რატომ უნდა იყოს პრობლემური თბილისისთვის, არ მესმის.

- თქვენი აზრით, ხელისუფლებამ რა უნდა თქვას და რა უნდა გააკეთოს?

- საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს ის პოლიტიკა, რომ აქ არ გაიხსნას მეორე ფრონტი. ეს არის მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილება იმ მიზნით, რაც ზემოთ გითხარით.

ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ხომ არის შტატები და რა, უვიზო რეჟიმი გვაქვს თუ თბილისი-ვაშინგტონი ან თბილისი-ნიუ-იორკი დაფრინავს? ხომ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და რამდენ ჩვენს მოქალაქეს უთხრეს უარი ვიზაზე, რატომ არ ამსუბუქებენ სავიზო რეჟიმს, საერთოდ, უვიზოს თუ არ აწესებენ? გამოდის, უვიზო რეჟიმი და პირდაპირი ფრენები არ ყოფილა სტრატეგიულ პარტნიორობასთან კავშირში. რუსეთი ამას პროვოკაციისთვის იყენებს და ძალიან კარგადაც გამოსდის, რადგან რადიკალური ოპოზიცია ამით უფრო გაძლიერდა და უფრო ხმამაღლა აყვირდა, ხელისუფლებაში "რუსული ოცნება" გვყავსო. ამ ვითარებაში კი რა შეიძლება გააკეთოს ხელისუფლებამ? არაფერი, გარდა იმისა, რომ განაგრძოს, რასაც აკეთებს, რათა აქ არ გაიხსნას მეორე ფრონტი, გააკეთოს ყველაფერი 12 პუნქტის შესასრულებლად და ევროკავშირის მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს. ამ დროს გამოდის ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი და ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს. ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესება ქვეყნისთვის სანქციებს არ ნიშნავს? ამ ვითარებაში მოსკოვმა სწორედ რადიკალური ოპოზიციის წისქვილზე დაასხა წყალი.

- ფრენების აღდგენა როგორ შეიძლება ისე, რომ არ დაირღვეს სანქციები?

- ძალიან მარტივად - სანქცირებულ ავიაკომპანიებს არ უნდა მიეცეთ საქართველოს აეროპორტების გამოყენების უფლება. იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც სანქცირებული არ არიან, ვერაფერს გამოიყენებ და, თუკი მათთაც დაუწესებენ ამერიკელები და ევროპელები სანქციებს, მაშინ ისინიც ვერ იფრენენ.

- თუკი ფრენები აღდგება ისე, რომ არ დაირღვევა სანქციები, რა ხვრელი რჩება, რაც შეიძლება თუნდაც ევროკავშირმა საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს?

- რაც რუსეთმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, თუკი ბრიუსელში ვინმე ფიქრობს, როგორი უნდა იყოს მსოფლიო უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ, როგორი უნდა იყოს ევროკავშირი, უნდა ხვდებოდეს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარი დიდი შეცდომა იყო და ახლა მაინც უნდა მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება. კავ­კასიის რეგიონში დასავლეთის ერთადერთი დასაყრდენი საქართველოა. ნუ დაგვავიწყდება, რომ შტატებს ავღანეთიდან თავისი ჯარი რომ გაჰყავდა, მისი სატრანსპორტო ჰაბი საქართველო იყო. ამის გამო მათი თავდაცვის მდივანიც ჩამოვიდა თბილისში. ამას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და კარგია, თუ გააცნობიერებენ.

- პუტინის გადაწყვეტილებას წმინდა ეკონომიკურად რომ შევხედოთ, რა პლუსები და მინუსები აქვს? ხომ არ არის საშიშროება, მოსახლეობამ პროდუქციის მასობრივად გატანა რუსეთში დაიწყოს, რაც, ჩვენი პროდუქციის ხარისხზეც იმოქმედებს და რუსეთზე დამოკიდებულებასაც უფრო გაზრდის?

- უვიზო რეჟიმი სხვა პერიოდში რომ დაწესებულიყო, დადებითი მნიშვნელობა ექნებოდა, რადგან ამით ისარგებლებდა მოსახლეობის ის ნაწილი, რომელმაც უცხო ენებიდან, ძირითადად, რუსული იცის, რუსულ სივრცეზეა ორიენტირებული, ბიზნესი იქნება თუ სხვა რამ. ამიტომაც ამას მნიშვნელობა ექნებოდა პანდემიის დაწყებამდე, რადგან პანდემიის დროს გადაადგილება შეუძლებელი იყო. ახლა კი რომელი ჭკუათამყოფელი იფიქრებს, რომ რუსეთში ბიზნესი დაიწყოს, როცა რუსეთმა შეიძლება ნებისმიერ მომენტში გამოიყენოს ატომური იარაღი და დასავლეთმაც ამითვე უპასუხოს? ცხადია, ერთეულები მაინც შეიძლება წავიდნენ, მაგრამ ამას ეკონომიკაზე არსებითი გავლენა არ ექნება. თუმცა რუსული კომპანიები, ფაქტობრივად, ვერ იფრენენ, რადგან სანქცირებული არიან, ამიტომ, ცხადია, ეს კარგი შანსია ქართული ავიაკომპანიებისთვის.

- ამ საკითხთან პირდაპირ კავშირში არ არის, მაგრამ დაემთხვა ლარის გარკვეულწილად გაუფასურება. რა არის ამის მიზეზი.

- გლობალური მასშტაბის რყევა დოლარის ან ევროს მიმართ ამ ეტაპზე არ შეინიშნება. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეს ბაზრის შიდა მოთხოვნებით არის გამოწვეული და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ტრადიციულად პასიურობს ეროვნული ბანკი, რომელიც მხოლოდ ინფლაციაზე ფიქრობს და არ უყურებს გაცვლით კურსს, რადგან ერთ დღეში 4-5-თეთრიანი გაძვირება არის ნახტომი, რომელიც პანიკას იწვევს. ეს არ შეიძლება, ამას ეროვნული ბანკი უნდა არეგულირებდეს, რადგან ლარის "მშობელი" ეროვნული ბანკია და არა მთავრობა. ნახტომისებური გაუფასურება თუ გაგრძელდება, ამას მოჰყვება ძალიან ცუდი შედეგები, რადგან ჩვენ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ და ჩვენს სამომხმარებლო კალათაში დიდი ნაწილი იმპორტირებულ საქონელზე მოდის. მსოფლიოში ინფლაცია კი მცირდება, მაგრამ რა დონემდე შემცირდება, არავინ იცის. შესაბამისად, თუ ლარის ნახტომისებური გაუფასურება გაგრძელდება, ფასებიც მკვეთრად გაიზრდება, ანუ გაიქცევა ინფლაცია. ვიმეორებ, საუბარია ნახტომისებურ გაუფასურებაზე, თორემ თავისთავად ლარის გამყარებაც რომ პრობლემურია, ეს ცალკე თემაა.

- შიდა ფაქტორები ახსენეთ და, კონკრეტულად რას გულისხმობთ? რეზერვების გაზრდა, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება რამდენად შეიძლება იყოს ნახტომისებური გაუფასურების მიზეზი?

- არის ხოლმე, რომელიმე სუბიექტს ვალუტებზე ჭარბი მოთხოვნა აქვს. ჭარბ მოთხოვნას უცხო ვალუტაზე კი, ცხადია, ამ ვალუტის გაძვირება, ანუ ეროვნული ვალუტის გაუფასურება მოჰყვება. ეროვნული ბანკის დანიშნულებაც სწორედ ის არის, რომ ეს პროცესი დაარეგულიროს. ამიტომ ვამბობ, რომ ეს ადგილობრივი ფაქტორებით არის განპირობებული, გლობალურ ბაზარზე ახალი არაფერი ხდება. რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთს, ეს იმდენად უმნიშვნელო ცვლილება იყო, რომ ასეთ ნახტომს ვერ გამოიწვევდა. რეზერვები კი იმისთვის არის საჭირო, რომ ასეთი ნახტომები და რყევები არ იყოს, რათა საზოგადოებაში, ბიზნესში პანიკა არ შეიქმნას. რეზერვები არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შოკები და კრიზისები ააცილოს ქვეყანას. ეროვნულ ბანკს პულტზე აქვს ხელი, მუდმივად აკონტროლებს სიტუაციას და თუკი მაინც გაეპარა და მოხდა კურსის მკვეთრი ცვლილება, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რა და რატომ მოხდა. მოგისმენიათ ასეთი განცხადება? არა. ახლა კი მივადექით ყველაზე მთავარს - რატომ არ ინიშნება ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი, რატომ აჭიანურებენ? რატომ არ აკეთებს ქვეყნის პრეზიდენტი წარდგინებას, რომ პარლამენტმაც დროულად მიიღოს გადაწყვეტილება? არ შეიძლება ამ ურთულეს ვითარებაში, რაც ხდება მსოფლიო ეკონომიკაში, თუნდაც ამ ომის გამო, ეროვნულ ბანკს არ ჰყავდეს პირველი პირი და მოვალეობის შემსრულებელზე იყოს დამოკიდებული.

- რატომ არ წარადგენს, რას ფიქრობთ?

- არ ვიცი. ქალბატონი სალომესგან მიკვირს. ის ჩემი ქვეყნის პრეზიდენტია, ქალი, და ამჯერად მეტს არაფერს ვიტყვი. აჯობებს, თავი შევიკავო.

რუსა მაჩაიძე