„დრო ცოტა მაქვს და უნდა მოვასწრო რაც შეიძლება მეტი სილამაზის დახატვა“ - კვირის პალიტრა

„დრო ცოტა მაქვს და უნდა მოვასწრო რაც შეიძლება მეტი სილამაზის დახატვა“

"იმ პერიოდში, როცა ინტერნეტსივრცე არ არსებობდა, მამა ერთ წელიწადში პრესაში 10 000-ზე მეტი ნამუშევრის გამოქვეყნებისთვის გინესის რეკორდსმენი გახდა. ძალიან მინდა მას ვგავდე და გვარი "კუცია" ღირსეულად ვატარო", - ამბობს ლეგენდარული ვახტანგ კუციას შვილი, მახატვარი, ნატალია კუცია, რომლის შემოქმედებაში უამრავი თბილისური სახლია „გადარჩენილი".

man-1684079268.jpg

- რთულია, ცდუნებას არ აჰყვე და ხელოვანი არ გახდე, როცა მამა ვახტანგ კუცია გყავს. მამა დილის 5 საათზე დგებოდა, საჩქაროდ კარიკატურებს ხატავდა, მერე ანსამბლ "ორერას" რეპეტიციაზე მიდიოდა. მეც მის შემხედვარეს გადმომედო და ვცდილობ არც ერთი წუთი არ დავკარგო.

რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ. მახსოვს, როცა პირველად რაღაც მოვხაზე, მამას ძალიან გაუხარდა. მერე სერიოზულად მოვეკიდეთ ამ საკითხს და ჩემი ნახატები საბავშვო ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა. ოსტატი და შეგირდი - ამგვარი დამოკიდებულება გვქონდა ძალიან თბილ მამაშვილობასთან ერთად.

მისი გარდაცვალების შემდეგ დედამ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში შემიყვანა, რაფიელ და მარი მაყაშვილები მასწავლიდნენ. 16 წლისამ პირველი პერსონალური გამოფენა გავმართე. შემდეგ აკადემიაში სრული დაფინანსებით ჩავირიცხე და აღმოვჩნდი არაჩვეულებრივი ლექტორების ხელში. მასწავლიდნენ გია ბუღაძე, თემურ ჩხუტიშვილი, გია ხუციშვილი და მრავალი სხვა...

man8-1684079269.jpg

- დღეს თბილისურ სახლებს ხატავთ, მაგრამ, როგორც ვიცი, წინა ეტაპი სხვა იყო...

- წინა ეტაპი ქალებზე გახშირებულ ძალადობას ეძღვნებოდა. ამ თემას კიდევ ბევრჯერ მივუბრუნდები. შემდეგ ვეცადე ჩემი შესაძლებლობები მეტად დამეხვეწა. ჩემი ნახატები სოციალურ ქსელში ხშირად განხილვის საგანია, ბევრს არ სჯერა, რომ ნახატია. მსიამოვნებს, რომ სოციალური ქსელის საშუალებით შემიძლია ახალი ნამუშევრები გავუზიარო ადამიანებს და ბევრი გულშემატკივარი შევიძინო, მათი აზრი მოვისმინო.

თბილისის ხედების ხატვა პანდემიის დროს დავიწყე, როცა ლოკდაუნი გამოცხადდა და გარეთ გასვლა აგვეკრძალა. ძალიან მენატრებოდა ჩვენი ქალაქის ლამაზი ქუჩები, დავჯექი და ნაცნობი ქუჩების და სახლების ხატვა დავიწყე. მერე როცა დამიგროვდა, სახლში ჩამოვკიდე და ასე „"დავსეირნობდი ქუჩებში" ნახატიდან ნახატში... შემდეგ ჩემი ეზოს ჭიშკარი დავხატე, რომელსაც სახელად „"მე ყველაფერი მინახავს" დავარქვი. 12 000 ემოცია დააგროვა ამ ნახატმა, უამრავი კომენტარი, გაზიარება...

ყველაფერი წარმავალია. "რესტავრაციისას" ბევრი ხელოვნების ნიმუში, არჩვეულებრივი სახლი გადალესილია და ძველი ბრწყინვალება დაკარგული აქვს. დრო ცოტა მაქვს და უნდა მოვასწრო რაც შეიძლება მეტი სილამაზის დახატვა.

ჩვენს ქალაქში ბევრი დასახატი სახლია. მათი იდუმალება, ხიბლი შეუძლებელია არ დაინახო. ბათუმის ეზოებსა და ჭიშკრებს გამოვარჩევდი, არაჩვეულებრივი გამოვიდა.

man6-1684079269.jpg

- დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება ამ ნახატებს?

- ხატვისას გამნაღმველივით დაძაბული ვარ. აკვარელი რთული ტექნიკაა და შეცდომას არ გაპატიებს. ათობით ნამუშევარი მაქვს შექმნილი, ნაწილი კერძო კოლექციებშია.

- თქვენთვის რომელი ნამუშევარია გამორჩეული?

- სახლს, რომელიც „კოლმეურნეობის მოედანზეა... გამორჩეული აივნები ჰქონდა, დღესაც რომ გაიაროთ ამ ადგილას, ყველაფერი უცვლელია. ასეთი შენობები იმაზე ბევრია, ვიდრე ვამჩნევთ! თან ეს ხომ მარტო უბრალოდ შენობები არ არის, ისტორიაა: ვიღაცის ბავშვობა, ვიღაცის ბედნიერი წლები. ეს ყველაფერი მოგონებების არქივს ჰგავს.

man4-1684079269.jpg

- თავს მარტო მხატვრად მიიჩნევთ თუ იმ ადამიანად, რომელიც ცდილობს ისტორია გადაარჩინოს?

- უფრო დამკვირვებელი ვარ, რომელიც ნანახისგან სიამოვნებას იღებს და ცდილობს ეს სხვებსაც გაუზიაროს. სიახლეებისა და ექსპერიმენტების მოყვარული ვარ.

- თუ გქონიათ სურვილი, სხვა ქვეყნების უნიკალური შენობებიც დაგეხატათ?

- მოგზაურობა ჩემი დიდი ოცნებაა. ამოჩემებული მაქვს რომი, თუ ოდესმე მოვხვდი იქ, ჩემი გულშემატკივრები მას ნახატების სახით აუცილებლად იხილავენ...

man3-1684079268.jpg

- თქვენს შვილებზეც გვიამბეთ...

- ვახტანგი რვა წლისაა, მარიამი - ოთხის. მხატვრობა დიდ როლს თამაშობს ჩვენს ურთიერთობაში, ერთად ბევრ სიახლეს ვიგონებთ. ჩემი ნახატების პირველი მნახველები სწორედ ისინი არიან. ჩემს დახატულ შენობებს რომ ჩავუვლით, სიხარულით ამბობენ, ეს ხომ შენი ნახატიაო. ხედავენ, როგორ ვხატავ, როგორც მე ვუყურებდი მამას მუშაობას.