რატომ გააქტიურდა საქართველოში „ისლამური სახალიფო?!“
რამდენიმე დღის წინ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ტერორისტულ ორგანიზაციასთან ჰქონდა კავშირი. სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბაჩა მგელაძემ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე უარყო უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული მიზნებით სამხედრო მომზადებისა და საწვრთნელი ბაზების არსებობის თაობაზე: "ორგანიზაცია "ისლამური სახალიფოს" ტერორისტული აქტივობები გამოვლენილია სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. იდენტიფიცირებული არიან ტერორისტულ ორგანიზაციასთან შემხებლობაში მყოფი პირები, კომუნიკაციების ფორმები, მეთოდები და ინტერესების სფეროები და შესაძლო თავდასხმის ობიექტები საქართველოს ფარგლებს გარეთ". სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებისას მოპოვებული ინფორმაცია ოპერატიულად იქნა გაზიარებული საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებსა და მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის თურქეთთან.მანამდე, 22 აპრილს, ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახალიფოს" ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილი დააკავეს. სუს-ის განცხადებით, პაქსაშვილი საქართველოდან 2013 წელს გაემგზავრა სირიაში და ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამური სახალიფოს" შეუერთდა. 2013-2015 წლებში პაქსაშვილი სახალიფოს ამირების, ძმების ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების დაჯგუფებაში ირიცხებოდა და აქტიურად მონაწილეობდა ტერორისტული ორგანიზაციის სამხედრო ოპერაციებში. სუს-ი ამტკიცებს, რომ დაკავებულს მჭიდრო კავშირი ჰქონდა "ისლამური სახალიფოს" მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან და თავადაც ერთ-ერთი დაჯგუფების ნაიბია.სახალიფოს რაობაზე, მის ქსელებსა და მიზნებზე პოლიტოლოგი, საერთაშორისო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის ექსპერტი ვახტანგ მაისაია გვესაუბრება:
- "ისლამური სახალიფო" არის არა ტერორისტული ორგანიზაცია, არამედ აგრესიული არასახელმწიფოებრივი აქტორი, რომელსაც კვაზისახელმწიფოებრივი სტატუსი აქვს. მას აქვს ისეთი სტრუქტურები (მათ შორის იატაკქვეშეთშიც), რომლებიც გარკვეულწილად შეესაბამება სახელმწიფოებრივს. ეს იმაში გამოიხატება, რომ ჰყავს შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც ნებისმიერი ქვეყნის შეიარაღებული ძალების სტრუქტურასთან არიან გათანაბრებული, ჰყავს ძლიერი სპეცსამსახურები, რომლებიც არანაკლებ ეფექტურად მუშაობენ, აქვს სადაზვერვო, დივერსიული, საინფორმაციო და კიბერსაქმიანობის (არსებობს კიდეც ასეთი ტერმინი "კიბერჯიჰადიზმი") ქსელები, აქვთ ფინანსთა, იუსტიციისა და სხვა სამინისტროები. ასე რომ, "ისლამური სახალიფო" ტიპოლოგიურად განსხვავდება XX საუკუნისა და XXI საუკუნის დამდეგის ტერორისტული ორგანიზაციებისგან. მას ჰყავს ბირთვი და პერიფერიული დაჯგუფებებიც. ბირთვად ითვლება "ისლამური სახალიფოს" ის დაჯგუფება, რომელიც აკონტროლებს კონკრეტულ ტერიტორიებს, იქ ქმნის იმ გეოპოლიტიკურ მოდელს, რომელსაც "ისლამური სახალიფოს" პოლიტიკური სისტემა ეწოდება. ასეა სირიასა და ერაყის დაკავებულ ტერიტორიებზე. მათ რეგიონებში (ვილაიეთებში) ჰყავთ გუბერნატორებიც, ანუ რეგიონული მართვის პრინციპიც აქვთ. პერიფერიული დაჯგუფებები ისევე იმართებიან, როგორც ვილაიეთები (მაგ. არის კავკასიური ვილაიეთი, ავღანეთში - ყურასანის ვილაიეთი და სხვა). "ისლამურ სახალიფოს" აქვს სამი ქსელი: აქტიური (აკონტროლებს ტერიტორიებს, ახდენს ძალების მობილიზაციას, ერთვებიან საბრძოლო მოქმედებებში, ატარებენ ტერორისტულ აქტებს და სხვ.), ნახევრად მიძინებული, რომელიც ჯგუფის წევრებს ამუშავებს საიდუმლო ბაზებზე, და მიძინებული ქსელები, რომლებიც გარკვეულ დრომდე დაკონსერვებულია და ძირითადად დაკავებულია მომხრეების გადაბირებითა და მათი ოდეოლოგიური დამუშავებით. აქტიური ქსელები აქვს, მაგალითად, სინაის ნახევარკუნძულზე, სადაც ცდილობენ კონტროლქვეშ აიყვანონ, გააფართოონ ის ტერიტორია, რომელიც პერიფერიიდან ბირთვის ტერიტორიის დონეზე გადავა და უშუალოდ მათი "ლეგიტიმაცია" გავრცელდება (მაგ. შარიათის კანონები, როგორც ერაყსა და სირიაში შემოიღეს 2014-18 წლებში).
"ისლამური სახალიფოს" ისეთი ძლიერი კვაზისახელმწიფოებრივი აქტორია, რომ მის გასანადგურებლად სამი საერთაშორისო კოალიცია შეიქმნა, ერაყსა და სირიაში ბირთვი გაუნადგურეს, მაგრამ სამაგიეროდ აღმოცენდა სხვა ჯგუფები აფრიკაში, ავღანეთში, პაკისტანში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, რომელიც სახალიფოს ყურადღების ეპიცენტრში არსებული ტერიტორიაა, ასეთივეა ახლო აღმოსავლეთიც. მაგალითად, დღეს სირიის 20%-ს "ისლამური სახალიფოს" ბირთვი აკონტროლებს.
- კავკასიით დაინტერესება ახსენეთ. რას ცდილობს სახალიფო ამ რეგიონში, რომელ ქსელს ამუშავებს?
- ერთხანს კავკასია მიძინებული ქსელის ვილაიეთი იყო. თურქეთის სპეცსამსახურებმა, რომლებმაც გაააქტიურეს სახალიფოს წინააღმდეგ ბრძოლა, სირიასა და ერაყში რამდენიმე ოპერაცია ჩაატარეს. როგორც თურქეთის პრეზიდენტი ამბობდა, ოპერაციის დროს ლიკვიდირებულ იქნა აბუ ალ მოჰამედ კურეიში, დღევანდელი "ისლამური სახალიფოს" ლიდერი, თუმცა ამის მტკიცებულება თურქეთს ჯერ არ წარმოუდგენია. შესაძლოა ეს ერდოღანის წინასაარჩევნო ტრიუკიც იყო. ჩანს, თურქეთის სპეცსამსახურებს ხელთ ჩაუვარდათ სახალიფოს ოპერატიული გეგმები, ან ის დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც გამოიტანეს დასკვნა, რომ კავკასიაში "ისლამური სახალიფო" ცდილობს პერიფერიული მიძინებული დაჯგუფებები ნახევრად მიძინებული ქსელის დონეზე გადაიყვანოს.
- რატომ დასჭირდა კონტრტერორისტულ ცენტრს იმის განმარტება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტების საწვრთნელი ბაზები არ არის?
- საქართველო ყოველთვის იყო "ისლამური სახალიფოს" ყურადღების ცენტრში, მით უმეტეს, მისი გავლენიანი ელიტაა. თარხან ბათირაშვილის ფაქტორიც ბევრ რამეზე მეტყველებს, გავიხსენოთ ცეზარ ტოხოსაშვილი, რომელიც იუსტიციის მინისტრი გახლდათ, აჰმედ ჩატაევი, რომელიც მჭიდრო კავშირში იყო საქართველოსთან და "ისლამური სახალიფოში" ერთ-ერთი გავლენიანი სპეცსამსახურის უფროსის მოადგილე გახლდათ. 2016 წელს "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საქართველოში ჩატაევის ვიზიტი დავაანონსე, ვსაუბრობდი მის შესაძლო ჩამოსვლასა და მისიაზე. სამწუხაროდ, ეს პროგნოზი 100%-იანი გამოდგა - 2017 წლის ნოემბერში ჩატაევი იმ მისიით გამოგზავნეს, რომ კავკასიაში ნახევრად მიძინებული ქსელები გაეაქტიურებინათ. როგორც ჩანს, "ისლამურმა სახალიფომ" ამჯერად იგივე პროცესი წამოიწყო - მისთვის საქართველო და აზერბაიჯანი დასაყრდენი ძალაა სამხრეთ კავკასიაში. როგორც ჩანს, ქართველ სამართალდამცავებს თურქულმა სპეცსამსახურებმა მიაწოდეს ოპერატიული ინფორმაცია და ერთობლივად გამოავლინეს რამდენიმე ეჭვმიტანილი. ტერორისტების მიძინებულიდან ნახევრად მიძინებულ ქსელებში გადასვლა არ ნიშნავს, რომ ისინი აქ გადიან წვრთნებს. როცა ნახევრად მიძინებული ქსელი ამოქმედდება, მაშინ ჩნდება საწვრთნელი ბანაკები, იწყება სამხედრო ინფრასტრუქტურების განვითარება, რათა აქტიური ქსელის დონეზე გადავიდნენ. ჩვენი სპეცსამსახურები, ბუნებრივია, ამ დეტალებს არ გაახმაურებდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, მუშაობა მიმდინარეობს და ამის დადასტურებაცაა პაქსაშვილის და მეორე პირის დაკავება, იმ ფაქტორების დაფიქსირება, რომლებიც ჩვენმა კონტრტერორისტულმა ცენტრმა წარმოაჩინა. როგორც ჩანს, "ისლამურ სახალიფოს" სამხრეთ კავკასიაში არ მისცეს გააქტიურების საშუალება. თურქულმა და ქართულმა სპეცსამსახურებმა ერთობლივად გაშიფრეს და შეაჩერეს პროცესი.
- "ისლამური სახალიფოს" მიზანი რაში მდგომარეობს?
- კლასიკური არაბული ისლამური სახალიფოს აღდგენა (როგორიც VII-X საუკუნეებში არსებობდა), გეოპოლიტიკური ჯიჰადისტური იმპერიის შექმნა. კავკასია და ჩვენი ტერიტორია ისედაც შედიოდა სახალიფოში, აბა, რას ნიშნავდა მურვან ყრუს ლაშქრობა? კავკასია, ცენტრალური აზია და ახლო აღმოსავლეთი - ეს სამკუთხედია მისი მთავარი ღერძი.
ჩვენი ანტიტერორისტული ცენტრი ძლიერი სტრუქტურაა და ეფექტურად მუშაობს ჩვენი სტრატეგიული მეგობრების დახმარებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ადრე მქონდა იდეა, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურთან ან პრეზიდენტთან შექმნილიყო ანტიტერორისტული კოორდინაციის ბიურო. რუსეთს საქართველოსთან ჰიბრიდული ომი აქვს. ის ჩვენთვის სიმეტრიული საფრთხის შემქმნელია (საფრთხეები ორი დონისაა - სიმეტრიული და ასიმეტრიული) და მიმართავს კიდეც შესაბამის ქმედებებს. ასიმეტრიული საფრთხეა ტერორიზმი, ისეთივე მასშტაბის, როგორიცაა სიმეტრიული საფრთხე. ამას სჭირდება დიდი და არა ეპიზოდური ყურადღება. მხოლოდ ანტიტერორისტული ცენტრის იმედზე, ბუნებრივია, საქართველო არ უნდა იყოს. აუცილებლად გვჭირდება სტრატეგიული ტიპის სტრუქტურაც.
- 2012 წლის ლაფანყურის სპეცოპერაცია გამახსენდა, როცა შემსწავლელმა კომისიამ დაადასტურა, საქართველოში მართლაც მიმდინარეობდა ტერორისტების წვრთნა და მომზადება. საქმე ბოლომდე გამოძიებულია?
- მე მომიწია ლაფანყურის სპეცოპერაციის საგამოძიებო კომისიის წევრად მუშაობამ როგორც "ისლამური სახელმწიფოსა" და ვაჰაბიზმის სპეციალისტს. მაშინ დადასტურდა, რომ საქართველოში მიმდინარეობდა ტერორისტების წვრთნა და მომზადება, რასაც საქართველოს მაშინდელი ავტორიტარული რეჟიმის სპეცსამსახურები უწყობდნენ ხელს, დიდი ალბათობით, რუსული სპეცსამსახურების დაკვეთით. ეს სახიფათო პროვოკაცია იყო, საქმეში ჩვენი ქართველი მოქალაქეები იყვნენ ჩათრეული. სამწუხაროდ, ეს საქმე ბოლომდე არ გამოუძიებიათ და, როგორც ჩანს, არც გამოიძიებენ, სანამ საქართველოში რუსეთს ძლიერი გავლენა ექნება.
- როგორც ჩანს, ახალი თავსატეხი გამოგვიჩნდა, "ისლამური სახალიფოს" სახით...
- ბუნებრივია, კვლავ მისი ყურადღების ეპიცენტრში ვართ. საქართველო შეიძლება გამოიყენონ შავი ტრანზიტის კორიდორად (არაერთხელ გამოყენებულა კიდეც). არ არის გამორიცხული "ისლამურმა სახალიფომ" მიძინებული და ნახევრად მიძინებული ქსელები გაააქტიუროს, მით უმეტეს, ჩრდილო კავკასია აქვეა. რუსეთი უკრაინასთან ომის გამო დასუსტებულია, კადიროვის დაჯგუფებაც უკრაინაზეა გადართული და სივრცე მოშიშვლებულია. სხვათა შორის, "ისლამური სახალიფოს" ჯგუფებმა ჩრდილოეთ კავკასიაში რამდენიმე ტერაქტი მოაწყვეს. აზერბაიჯანის სპეცსამსახურებიც 2-3 თვის განმავლობაში ატარებდნენ ოპერაციებს, აღმოაჩინეს რამდენიმე დაჯგუფება და გაანადგურეს. საქართველოში ახლახან გაშიფრული ფაქტიც ნიშნავს, რომ ეს პროცესი დაწყებულია და საფრთხე, რა თქმა უნდა, არის. სიტუაცია რთულდება ავღანეთში, პაკისტანსა და ცენტრალურ აზიაში, ახლო აღმოსავლეთში კი დუღს პროცესი, აფრიკის 30%-ს უკვე ბირთვის სახით აკონტროლებს "ისლამური სახალიფო", კრიტიკულ დონემდეა მისული ვითარება მალიში, კონგოში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ბურკინაფასოში, სადაც უკვე წითელი დონის საფრთხეა შექმნილი.