„საავიაციო კანიბალიზმის“ ხარჯზე მფრენი რუსული ავიაკომპანიების „ბოინგებით“ მგზავრობა სახიფათოა - კვირის პალიტრა

„საავიაციო კანიბალიზმის“ ხარჯზე მფრენი რუსული ავიაკომპანიების „ბოინგებით“ მგზავრობა სახიფათოა

სანქციებდადებულმა რუსეთმა ლიზინგით აღებული "ბოინგისა" და "ეარბასის" რამდენიმე ასეული სამგზავრო ლაინერი, ფაქტობრივად, მოიპარა, მაგრამ ამ თვითმფრინავების სრულყოფილი ტექნიკური მომსახურების გარეშე დარჩა, რაც ყოველდღიურად უფრო საშიშს ხდის მათი საშუალებით მგზავრების გადაყვანას

უკრაინასა და დასავლეთთან დიდ ომში ჩართულმა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თურმე პატარა საქართველოსთვისაც მოიცალა და ჩვენი მოქალაქეებისთვის გააუქმა რუსეთის ფედერაციაში შესასვლელი ვიზები. ამასთან, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს აეროპორტებისკენ რეგულარული სამგზავრო რეისების შესრულების უფლება მისცა. არადა, ისტორიას ახსოვს ჩვენთვის ძალზე დამამცირებელი ფაქტებიც, რუსეთის ტერიტორიაზე ქართველებზე ნადირობა - განურჩევლად იმისა, მამაკაცი იყო, ქალი, ბავშვი თუ მოხუცი, რუსულ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებში ნახირივით შერეკავდნენ და ისე ჩამოჰყავდათ თბილისის აეროპორტში.

ეს 2006 წელს ხდებოდა, მანამდე ერთი წლით ადრე კი ამ სტატიის ავტორს თავად ჟირინოვსკიმ უწინასწარმეტყველა ქართველების ძალისმიერი დეპორტაცია - რუსეთის სახელმწიფო დუმაში მის კაბინეტში "კვირის პალიტრისთვის" რამდენიმესაათიანი ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერისას, ბუნებრივია, ჩვენი შეხედულებები ბევრ საკითხში არ დაემთხვა და ზოგიერთი კითხვით გაღიზიანებულმა ჟირინოვსკიმ მომახალა, როგორც სტალინმა გაასახლა რამდენიმე დღეში შუა აზიაში სტოლიპინის ვაგონებით ჩეჩნები, ისე შევრეკავთ ქართველებს სარკინიგზო ეშელონებში და გამოვუშვებთო.

ერთი წლის შემდეგ ჟირინოვსკის ნათქვამი მართლაც ახდა, ოღონდ სატვირთო ვაგონების ნაცვლად, ათასობით დეპორტირებული საქართველოს მოქალაქე რუსეთიდან თბილისში ჩამოგვიყვანეს სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით, რომლებშიც ტუალეტებიც კი არ იყო და მათ ვედრო და ჩამოსაფარებელი ნაჭერი ცვლიდა.

დღეს რუსეთი მისგანვე შეწყვეტილი საჰაერო რეისების განახლებას "გვახარებს", რაც ცოტა უცნაურია - თავად მრავალსანქციადადებული "გულუხვობას" იჩენს და სანქციებს საქართველოს უხსნის!

საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების აუცილებლობის გაუქმებისა და პირდაპირი საჰაერო ფრენების აღდგენის პოლიტიკურ ასპექტებზე აღარ შევჩერდებით, რადგან ლოგიკაში არ ჯდება იმ სახელმწიფოსთან ურთიერთობის გამყარება, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გებრძვის, შენი ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და ამასთან, ნახევარი მსოფლიო აგრესორად აღიარებს და ყოველთვე ახალ-ახალ სანქციებს უწესებს.

ყურადღებას გავამახვილებთ წმინდა ტექნიკურ ნიუანსებზე, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რეგულარული ავიარეისების დაწყების მსურველი რუსული ავიაკომპანიების სამგზავრო თვითმფრინავების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხება.

2022 წლის 26 თებერვალს, ანუ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან სულ ორიოდე დღის შემდეგ, ევროკავშირმა აკრძალა ევროპული წარმოების თვითმფრინავების რუსეთის ფედერაციისთვის მიყიდვა, ტექნიკური მომსახურება, დაზღვევა და რაც მთავარია, ლიზინგით გადაცემა. მანამდე დაახლოებით იგივე გადაწყვეტილება მიიღეს აშშ-ში უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის საპასუხოდ.

ერთი თვის შემდეგ კი, 2022 წლის 28 მარტიდან, გაუქმდა ყველა ის კონტრაქტი, რომლებიც რუსეთის ავიაკომპანიებისთვის სამგზავრო თვითმფრინავების ლიზინგად გადაცემას შეეხებოდა - ანუ წესით, რუსეთს მეპატრონეებისთვის უნდა დაებრუნებინა ათასზე მეტი "ეარბასისა" და "ბოინგის" ტიპის თვითმფრინავი, თუმცა...

1,3 ათასამდე სხვადასხვა ტიპის სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავიდან 800-მდე საფრენი აპარატი, ძირითადად, ამერიკული წარმოების "ბოინგები" და ევროპული "ეარბასები", რომლებსაც ლიზინგით რუსული ავიაკომპანიები უწევდნენ ექსპლუატაციას, რუსეთის ხელისუფლებამ სასწრაფოდ რუსეთის საავიაციო რეესტრში გადაიყვანა - ანუ კრემლმა, ფაქტობრივად, მიისაკუთრა დასავლური კომპანიების კუთვნილი რვა ასეულამდე თვითმფრინავი, თითოეული 70-დან 150 მლნ დოლარის ღირებულების!

რუსეთმა დროებით კი "შეინარჩუნა" დასავლური წარმოების თანამედროვე სამგზავრო ლაინერები, მაგრამ წააწყდა ბევრად დიდ პრობლემას, რომელიც ამ თვითმფრინავების ყოველი რეისის შემდეგ უფრო და უფრო მწვავდება - მიტაცებულ "ბოინგებსა" და "ეარბასებს" აღარც ამერიკელები და არც ევროპელები ტექნიკურ მომსახურებას ერთ წელზე მეტია აღარ უწევენ, "ბოინგის" სათადარიგო ნაწილებს კი დაშლილი მანქანების ბაზრობაზე ვერ იშოვი.

შესაბამისად, რუსულ ავიაკომპანიებს რჩებათ ერთი გამოსავალი - "საავიაციო კანიბალიზმი", როდესაც ერთი "ბოინგი" წყვეტს ფრენას, მას ნაწილებად შლიან და სხვა "ბოინგებისთვის" იყენებენ. ეს ძალზე სახიფათო გზაა, რადგან ყველა საავიაციო ნაწილს თავისი ფორმულარი აქვს და ერთ თვითმფრინავში უკვე გამოყენებული დეტალების გადატანა სხვა საფრენ აპარატზე არ არის რეკომენდებული საავიაციო ფრენების უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე.

გარდა ტექნიკური საკითხისა, 20-ზე მეტ რუსულ ავიაკომპანიას დაწესებული აქვს საერთაშორისო სანქციები, მათ შორის რუსი სამხედროებისა და მობილიზებულების უკრაინის ფრონტის ხაზის ახლოს გადაყვანის გამო და წარმოიდგინეთ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეშვება ავიაკომპანია "აეროფლოტის" "ბოინგ-737", რომელმაც სამი საათით ადრე ნოვოსიბირსკიდან როსტოვში "ვაგნერელების" შევსება გადაიყვანა ბახმუტის ფრონტზე რუსული შეტევების გასაძლიერებლად.ჩვენი ხელისუფლება აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციადადებულ რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში პირდაპირი საჰაერო რეისების უფლება არ მიეცემათ, რაც ლოგიკურია, მაგრამ რუსული ავიაკომპანიების გარდა ასეთივე სანქციები აქვთ იმ სამგზავრო "ბოინგებსა" და "ეარბასებსაც", რომლებიც სალიზინგო კომპანიებს რუსეთის ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, მოჰპარა რუსეთის საჰაერო რეესტრში თვითნებურად გადაყვანით. შესაბამისად, თითოეული სანქციადადებული რუსული ავიაკომპანიის "ბოინგის" ტექნიკური მომსახურება საქართველოს რომელიმე აეროპორტში, იქნება ეს მისი საავიაციო ნავთით გაწყობა ან სულაც საბორტე ტუალეტების დაცლა, სანქციების დარღვევად აღიქმება და საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებში რატომ უნდა შევიდეს სანქციადადებული რუსული ავიაკომპანიების მომსახურების გამო დასავლეთთან ურთიერთობის უფრო გაფუჭება?