გენერალური კონტრიერიშის დასაწყისი თუ ჯერ ბახმუტის გათავისუფლების ცდა?
ბახმუტის ფლანგებიდან რუსი ოკუპანტების გაყრა "ვაგნერელების" ალყაში მოსაქცევად და ოკუპირებულ ლუგანსკზე წერტილოვანი სარაკეტო დარტყმების მიყენება არის თუ არა ანონსირებული უკრაინული ფართომასშტაბიანი კონტრიერიშის დაწყების პირველი ფაზა? თუ ჯერ რუსი ოკუპანტების თავდაცვითი ზღუდეების ბრძოლით დაზვერვას ცდილობენ?
ამ კითხვას 11 მაისიდან სვამენ დასავლეთში, რუსეთსა და თავად უკრაინაშიც, მას შემდეგ, რაც ბახმუტის დამცველები ლოკალური მასშტაბის კონტრიერიშებზე გადავიდნენ ამ მიწასთან გასწორებული ქალაქის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე და წინსვლაც აქვთ. დებლოკირებულია ბახმუტი-ჩასოვ-იარის საავტომობილო გზა, რომელიც ბახმუტის დამცველების ერთ-ერთი მთავარი მომმარაგებელი კომუნიკაციაა.
ბევრი შეიძლება ელოდება უკრაინულების კონტრიერიშების დაწყებას დროშებით ხელში, ვაშას ძახილით ავტომატმომარჯვებული, მტრის სანგრებისკენ სროლა-სროლით სირბილს, მაგრამ ასე მხოლოდ მხატვრულ ფილმებში ხდება, ომში კი მოწინააღმდეგე მხარეები ათასნაირ სამხედრო ეშმაკობას მიმართავენ იერიშების დაწყების დროისა და ძირითადი მიმართულებების შესანიღბავად. ამიტომაც ხშირად გამოიყენება ბრძოლით დაზვერვის ტაქტიკა მოწინააღმდეგის თავდაცვითი ზღუდეების სუსტი მონაკვეთების გამოსავლენად და მტრის დასაბნევად, თუ საით წარიმართება გენერალური შეტევის ძირითადი მიმართულება. ამასთან, იერიშებს ყოველთვის წინ უნდა უძღოდეს ძლიერი საარტილერიო და საავიაციო მომზადება, რათა მოწინააღმდეგეს ნაკლები შესაძლებლობა დარჩეს შეტევაზე გადასული შენი მებრძოლებისთვის ზუსტი ცეცხლის გასახსნელად, მაგრამ ასეთი სერიოზული საარტილერიო მომზადება ფრონტის ხაზის რომელიმე კონკრეტულ უბანზე უკრაინელებს 13 მაისის შუადღემდე (ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის), ჯერ არ ჰქონიათ.
თუმცა 12-13 მაისს, პირველად მრავალთვიანი პაუზის შემდეგ, წერტილოვნად დაიბომბა ოკუპირებულ ლუგანსკში მდებარე ქარხანა, რომელშიც რუს ოკუპანტებს, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი ჰქონდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ აიხსნება, თუ რისთვის გაიმეტებდა უკრაინის გენშტაბი არანაკლებ 150 კმ მანძილზე მფრენ ძვირად ღირებულ მართვად რაკეტებს.
წვიმების სეზონი უკრაინაში დამთავრდა, გრუნტი თითქმის გამოშრა და უკრაინის მძიმე ჯავშანტექნიკას ბუნებრივი პირობები აღარ აფერხებს მინდვრებისა და სტეპების გავლით მანევრირებადი შეტევების დასაწყებად. თუმცა მთავარი მაინც უკრაინის გენშტაბისა და უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გათვლებია, რაც, სავარაუდოდ, შეთანხმებულია დასავლელ სამხედრო და პოლიტიკურ კონსულტანტებთან და აქტიურად გამოიყენება დასავლური სათანამგზავრო, საჰაერო და აგენტურული დაზვერვის ოპერატიული მონაცემები, თუ როდის და რა მიმართულებებით დაიწყოს გადამწყვეტი კონტრიერიშები უკრაინის ტერიტორიის დეოკუპაციისთვის.
სხვათა შორის, თავად უკრაინის ხელისუფლება არასწორად მიიჩნევს, რომ კონტრიერიშებს გადამწყვეტი ეწოდოს - კიევში თვლიან, რომ კონტრიერიშები კი შეიძლება შედეგიანად განვითარდეს, მაგრამ მაინც ვერ უზრუნველყოს უკრაინის სრული დეოკუპაცია. ამიტომაც განმარტავენ, რომ უკრაინის რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლების პროცესი მათ საბოლოო გაყრამდე გაგრძელდება.
P.S. როგორც ცნობილი გახდა, 12 და 13 მაისს ოკუპირებულ ლუგანსკზე წერტილოვანი საჰაერო დარტყმები მიაყენეს თანამედროვე „ჰაერი-მიწა“ კლასის შტორმ შჰადოწ ტიპის მართვადი ფრთოსანი რაკეტებით, რომლებიც უკრაინის არმიამ დიდი ბრიტანეთიდან მიიღო და რომლებსაც 300 კმ-ის სიშორეზეც შეუძლიათ მიზნის ზუსტად დაზიანება. ამასთან, თანამგზავრულ ფოტოებზე მოჩანს, რომ ლუგანსკში უკრაინელების წერტილოვანი საჰაერო დარტყმების ადგილებში დიდი ხანია რუსი ოკუპანტების ჯავშანტექნიკა ინახებოდა...