"საეჭვოა, რომ ერდოღანი პოსტიდან ჩუმად წავიდეს" - The Spactator
მეზობელ თურქეთში მიმდინარე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს ისტორიულს უწოდებენ - იმდენად, რამდენადაც რეჯეფ ერდოღანის 20-წლიანი მმართველობის დროს ოპოზიციურ კანდიდატს პირველად გაუჩნდა წარმატების მიღწევის შანსი. უკვე აშკარაა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური გაიმართება (28 მაისს): ვერც ერთმა კანდიდატმა - ვერც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა (49,35%) და ვერც ქემალ ქილიჩდაროღლუმ (45,00%) პრეზიდენტობისათვის აუცილებელი ხმების რაოდენობა (50%+1%) ვერ მოაგროვა. ორივე მათგანი გამოეხმაურა წინასწარ შედეგებს: რეჯეფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ პირველ ტურში ოპონენტზე მეტი ხმა მოაგროვა, მაგრამ იგი დაემორჩილება ხალხის ნებას და მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს. ქემალ ქილიჩდაროღლუს თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს. მესამე კანდიდატმა - სინან ოგანმა განაცხადა, რომ დაფიქრდება და იტყვის, თუ რომელს დაუჭიროს მხარი მეორე ტურში. რა მოხდება რეჯეფ ერდოღანის წაგებისა და მისი ოპონენტის მოგების შემთხვევაში? გააუმჯობესებს თუ არა ქემალ ქილიჩდაროღლუ თურქების ცხოვრებას? რა ბერკეტები აქვთ ორივეს? გთავაზობთ ბრიტანული ჟურნალის - "სფექთეითორის" (The Spactator) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით - "საეჭვოა, რომ ერდოღანი პოსტიდან ჩუმად წავიდეს" (ავტორი - დენიელ ტორპი).
თურქეთში დღეს, კაფე-ბარების ოფიციანტებით დაწყებული და სახელმწიფო სამსახურის ჩინოვნიკებით დამთავრებული, სოციალურ ქსელებში, პრესაში და, ზოგადად, მასმედიაში - ყველას მთავარი კითხვა აქვს: დათმობს თუ არა რეჯებ ერდოღანი ხელისუფლებას, რომლის სათავეში უკვე 21 წელიწადია, დგას? ექსპერტები შიშობენ, ვაითუ ემოციები ქუჩაში გადმოიღვაროს, ისედაც დაძაბული სიტუაციის ესკალაცია მოხდეს და ძალადობა დაიწყოს.
რამდენადაც თურქეთის საარჩევნო სისტემა "ძველმოდურად" ითვლება, ამომრჩევლები მეტ-ნაკლებად "მიჩვეულები" არიან ტრადიციულ მცირემასშტაბიან დარღვევებს, განსაკუთრებით - პროვინციებში (სოფლებში), მაგრამ თურქული სისტემა, ფაქტობრივად, არ ტოვებს მასობრივი მაქინაციების შესაძლებლობას - თურქები, ხელისუფლების მომხრეებიც კი, სამართალს და ობიექტურობას პატივს სცემენ...
არის იმის შესაძლებლობა, რომ თუ რეჯეფ ერდოღანი ხმების აუცილებელ რაოდენობას ვერ დააგროვებს ხელისუფლების შესანარჩუნებლად, მაშინ იგი, ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, უხეშ ძალას გამოიყენებს პოსტის კიდევ 7 წლით შენარჩუნებისათვის. ამ მხრივ მთავრობის განცხადებები შემაშფოთებელია: შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, უკვე განაცხადა, რომ არჩევნების დროს შესაძლოა, სახელმწიფო გადატრიალება "სცადონ".
რეჯეფ ერდოღანის მომხრეები ქუჩაში მოსახლეობის მობილიზებისათვის კუნთების სისუსტეს არ უჩივიან. მმართველ, სამართლიანობისა და განვითარების პარტიას მხარს უჭერს ნაციონალისტური პარტია და ორივეს ერთი მიზანი ამოძრავებს. ერდოღანის მხარეს არიან "რუხი მგლები" - გასამხედროებული ორგანიზაციის წევრები, რომლებსაც ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქვთ.
შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე კრიტიკული მომენტი იქნება სამხედროების პოზიცია. ისტორიულად ისე მოხდა, რომ თურქეთის არმია პოლიტიკურ არენაზე გამოდიოდა და სამხედრო გადატრიალებებს აწყობდა ხოლმე, როცა დემოკრატიული პროცესები მთავრობის კონტროლიდან გამოდიოდა. რეჯეფ ერდოღანმა, ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის დროს, შეიარაღებულ ძალებში თავისი მოწინააღმდეგეები თავიდან მოიშორა, მაგრამ ყველაზე დიდი "წმენდა" 2016 წლის წარუმატებელი გადატრიალების მცდელობის შემდეგ განახორციელა - არმიიდან დაითხოვეს და დააპატიმრეს ათეულ ათასობით ჯარისკაცი და ოფიცერი.
დღეს შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა დონით აკონტროლებს პრეზიდენტი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს: "წმენდების" მიუხედავად, მთავრობას არმიის მიმართ მაინც ერთგვარი "შიში აქვს", რაც იმით გამოვლინდა, რომ მიწისძვრის შემდეგ რეჯეფ ერდოღანი ყოყმანობდა, მოეხდინა თუ არა ჯარის მობილიზაცია... ცნობილი თურქი ჟურნალისტის, ისმაილ საიმაზის მტკიცებით, "თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავებს მორიგეობის დროს პრეზიდენტის დაცვის შეიარაღებული წევრები აკონტროლებენ". თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ გამოდის, რომ რეჯეფ ერდოღანი კრიტიკულ მომენტებში არმიის საიმედოობასა და ოფიცერთა პირად ერთგულებაში დარწმუნებული არ არის.
თუ რეჯეფ ერდოღანი, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ძალას გამოიყენებს, მისთვის სერიოზულად სარისკო იქნება, მაგრამ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. მოქმედი პრეზიდენტისათვის გავლენის შენარჩუნების ყველაზე კარგი ვარიანტია, დროებით დათმოს ძალაუფლება და დაელოდოს, როდის ჩამოიშლება ახალი მთავრობა.
საქმე ისაა, რომ თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, ის მემეკვიდრეობაში მიიღებს ისეთ ეკონომიკას, რომელიც დამოკიდებულია რეჯეფ ერდოღანის პოლიტიკური მოკავშირეების ფულზე - სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერების მიერ გაწეულ ფინანსურ დახმარებაზე, აგრეთვე, რასაკვირველია, კრემლის მხარდაჭერაზეც. ისლამური ქვეყნების დახმარების ჩანაცვლება დასავლური ქვეყნების დახმარებით ძნელი იქნება - დასავლეთს ახლა თავისი დიდი პრობლემები აქვს ანუ ინფლაციასთან ბრძოლას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას წლები დასჭირდება. ქემალ ქილიჩდაროღლუს მთავრობისათვის აუცილებელი გახდება უმკაცრესი ეკონომიკური ზომების მიღება. და თუ ახალი პრეზიდენტი და მისი მთავრობა დაპირებებს ვერ შეასრულებენ, მაშინ... უკმაყოფილო ელექტორატი თავის სიტყვას იტყვის.
ყურადღება უნდა მიექცეს იმ რეალობასაც, რომ საპარლამენტო არჩევნებში აშკარად მმართველი პარტია იმარჯვებს და დიდ ეროვნულ კრებაში (პარლამენტში) ყველაზე დიდ პოლიტიკურ ძალად იქნება წარმოდგენილი... ანუ საკანონმდებლო ორგანო რეჯეფ ერდოღანის ხელში იქნება.
არჩევნებში დამარცხება არ ნიშნავს ძლიერი ადამიანის ძალების გამოფიტვას, როგორც ეს ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუვიდა 2022 წელს [როცა იგი იძულებული გახდა, დიდ დათმობებზე დათანხმებულიყო]. რეჯეფ ერდოღანს შეუძლია, ოპოზიციაში ისე გადავიდეს, რომ ძალები არ დაკარგოს, თავისი გავლენა შეინარჩუნოს სახელმწიფო სტრუქტურებსს და ეკონომიკაში, ამით კი ხელი შეუწყოს მისთვის არასასურველი ოპონენტების მთავრობის დაცემას. რეჯეფ ერდოღანი კვლავ დარჩება ყველაზე დომინირებად და გავლენიან ფიგურად თურქულ პოლიტიკაში. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ