"ვფიქრობ, იგი მოწამლეს..." - სად გაქრა ლუკაშენკო და რა ვერსიები ვრცელდება მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?
იმ დროს, როცა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის ქვეყნებში დადის და რუსეთთან ომში დახმარებას ითხოვს; როცა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, როგორც ამბობენ, ჩინეთის ლიდერის ვასალი ხდება და როცა მისი თურქი მეგობრის - რეჯეფ ერდოღანის პრეზიდენტად ყოფნა-არყოფნას გარკვეული საფრთხე ემუქრება, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საეჭვო მითქმა-მოთქმა იზრდება.
9 მაისს მოსკოვში ალექსანდრე ლუკაშენკო გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს კი დაესწრო, მაგრამ ჟურნალისტებმა შენიშნეს, რომ იგი საკმაოდ უქეიფოდ გამოიყურებოდა. ზოგიერთებმა ვარაუდი გამოთქვეს, პრეზიდენტს მკლავში წვეთოვანი გადასხმის სისტემა ედგაო. მოგვიანებით მან წითელ მოედანზე ფეხით სიარულიც ვეღარ შეძლო, თავის დსთ-ელ კოლეგებს ჩამორჩა და ელექტრომობილზე გადაჯდა, საბოლოოდ კი, სადღესასწაულო სადილზეც უარი თქვა და მინსკში თვითმფრინავით დაბრუნდა. მას მონაწილეობა არ მიუღია და არ გამოსულა 9 მაისს მინსკში გამართულ სადღესასწაულო საღამოზე. მოკლედ, უკვე 6 დღე გავიდა და ბელარუსის პრეზიდენტი საზოგადოების წინაშე გამოსული არავის უნახავს.
რა მოუვიდა „ბაცკას“? რატომ არსად ჩანს ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელიც, შემთხვევას არასდროს უშვებს ხელიდან, რომ ტელეეკრანზე და, ზოგადად, მასმედიაში რაც შეიძლება ხშირად გამოჩნდეს? თვით ისეთი მნიშვნელოვანი საზეიმო ღონისძიება, რომელიც ბელარუსის ღერბის, დროშის და ჰიმნის დღეა, უიმისოდ აღინიშნა. არადა, წინა წლებში ალექსანდრე ლუკაშენკო ამ დღეს ყოველთვის თვითონ გამოდიოდა მიმართვით.
რასაკვირველია, ბელარუსის 68 წლის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა არა მარტო ჟურნალისტებს, არამედ - პოლიტიკოსებსაც აინტერესებთ. ბელარუსი ჩინოვნიკები, ალბათ, უფრო მეტ ინფორმაციას ფლობენ, მაგრამ ვერც ერთი მათგანი, ბუნებრივია, „ზემოთ“ მყოფების დაუკითხავად „სიტყვას ვერ დაძრავს“ პრეზიდენტის მდგომარეობაზე, მთავრობა კი დუმილს ინარჩუნებს. რუსეთის პოლიტიკურ წრეებში თვლიან, რომ იგი, უბრალოდ, ავად არის და მალე გამოჯანმრთელდება.
ბუნებრივია, ასეთ სიტუაციებში ბევრი ტყუილ-მართალი ვრცელდება ხოლმე.
არაოფიციალური ინფორმაციით, ბოლო დროს ალექსანდრე ლუკაშენკოს სამკურნალოდ მოსკოვიდან ექიმთა ბრიგადა მინსკში ხშირად ჩადიოდა. მიწვეულთა შორის იყვნენ მოსკოვის ბაკულევის სახელობის გულისა და სისხლძარღვთა დაავადების ცენტრის სპეციალისტები.
ერთ-ერთი ვერსიით, „ბაცკა“ ამჟამად რესპუბლიკურ კლინიკურ სამედიცინო ცენტრში წევს, მას კარდიოლოგიური და ენდოკრინული დაავადებები გამოუვლინდა. მიზეზები უცნობია. არის კიდევ ორი ვერსია: პირველი - თითქოსდა, პრეზიდენტს პროსტატის ჯირკვლის ოპერაცია გაუკეთეს, მეორე - მოწამლეს.
რაც შეეხება მოწამვლას: „ყურადღებით ადევნეთ თვალი ალექსანდრე ლუკაშენკოს. ვფიქრობ, იგი მოწამლეს და, ალბათ, მალე მოკვდება“, - განაცხადა თავის YouTube-არხზე, პირდაპირ ეთერში კიეველმა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა. ცხადია, ამ განცხადებას მაინცდამაინც მყარი საფუძველი არ აქვს, მით უმეტეს, რომ თვითონ დიმიტრი გორდონი „ბაცკას“ მიმართ დიდი სიყვარულით არ გამოირჩევა.
ალექსანდრე ლუკაშენკოს მდგომარეობას ყურადღება ოპოზიციამაც მიაქცია, რომელიც საზღვარგარეთ მოქმედებს: ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია - „თუ ლუკაშენკო უკვე მართლაც კვდება, მაშინ ბელარუსმა ხალხმა არ უნდა დაუშვას ქვეყანაში კიდევ სხვა დიქტატორის და „რუსეთის კაცის“ მოსვლა... მე მზად ვარ პასუხისმგებლობა ავიღო, რომ ეს არ მოხდეს“. ანუ, როგორც ჩანს, იგი მზად არის პრეზიდენტის მოვალეობის შესასრულებლად.
კაცმა რომ თქვას, პრეზიდენტებს უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურება გარანტირებული აქვთ, მაგრამ ხშირად ხდება, რომ მკურნალობა თვით მათთვისაც კი უშედეგო აღმოჩნდება ხოლმე... ისინიც ადამიანები არიან, ბოლოსდაბოლოს, და უკვდავები ვერ იქნებიან. პრეზიდენტის უდროოდ გარდაცვალების დროს ყველა ქვეყანაში გარკვეული წესი არსებობს, თუ ვინ შეცვლის ქვეყნის მეთაურს.
ასევე ნახეთ: "ვლადიმერ პუტინი, ალბათ, ალექსანდრე ლუკაშენკოს სიცოცხლის გადარჩენისათვის ლოცულობდა"
ბელარუსის კანონმდებლობით, თუ ალექსანდრე ლუკაშენკო გარდაიცვლება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგომა მოუწევს, მის ადგილს ეროვნული საკრებულოს (პარლამენტის) თავმჯდომარე ნატალია კოჩანოვა დაიკავებს. სწორედ მან უნდა გამოაცხადოს ქვეყნის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები.
მოკლედ, ეს მხოლოდ ვარაუდები და ვერსიებია, თუ რა ხდება ამჟამად და როგორ შეიძლება განვითარდეს სიტუაცია პერსპექტივაში. შესაძლოა, ალექსანდრე ლუკაშენკო გამოჯანმრთელდეს და პრეზიდენტობა გააგრძელოს. ნებისმიერ შემთხვევაში, იმ დროს, როცა რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს და „ბაცკა“ ვლადიმერ პუტინის უახლოეს მოკავშირეს წარმოადგენს, მისი პიროვნების მიმართ ყურადღება ყოველთვის გაცხოველებული იქნება.
მომზადებულია სიმონ კილაძის მიერ, რუსული, ბელარუსული, უკრაინული, ბრიტანული და ამერიკული მასმედიის მასალების მიხედვით.