"სიმართლე გითხრათ, სამწუხარო განწყობებია, ძალიან დიდი იმედგაცრუებაა საქართველოს მიმართ" - რა მიმართვას ავრცელებს გიორგი გახარია - კვირის პალიტრა

"სიმართლე გითხრათ, სამწუხარო განწყობებია, ძალიან დიდი იმედგაცრუებაა საქართველოს მიმართ" - რა მიმართვას ავრცელებს გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ვერ ხვდებიან, როგორ შეიძლება საქართველოში ქვეყნის საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობდეს.

როგორც გიორგი გახარიამ ტალინიდან ვიდეომიმართვისას განაცხადა, საქართველოს მთავრობა უბრალოდ რომ გაჩერებულიყო და არაფერი გაეკეთებინა, საქართველოს დღეს, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, გარანტირებული ევროპული მომავალი ექნებოდა.

„ლენარტ მერის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვართ. სიმართლე გითხრათ, სამწუხარო განწყობებია, ძალიან დიდი იმედგაცრუებაა საქართველოს მიმართ. საერთოდ, რთული ასახსნელია, ჩვენი ქვეყნის მეგობრები ვერ ხვდებიან, როგორ შეიძლება საქართველოში ქვეყნის საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობდეს.

ევროპაში შეხვედრების შედეგად, რაშიც დავრწმუნდი გახლავს ის, რომ საქართველოს მთავრობას უნდა ჰქონოდა ერთადერთი მიზანი, საერთოდ არაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი. უბრალოდ რომ გაჩერებულიყვნენ, არაფერი რომ არ ექნათ, საქართველოს დღეს, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, გარანტირებული ევროპული მომავალი ექნებოდა.

მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ უცხოური ქვეყნის აგენტების შესახებ კანონი დააანონსა, შემდგომ გულთბილად მიესალმა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს, რამდენიმე დღის წინ საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის არჩევის წესი შეცვალა და დარწმუნებული ვარ, ასეთ იდიოტურ ნაბიჯებს კიდევ გააგრძელებენ, საქართველოს ევროპული მომავალი მიზანმიმართულად და ხელოვნურად დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, საქართველოს დღევანდელ მთავრობას უნდა, რომ 2024 წელს „რუსული არჩევნები“ ჩაატაროს, თუმცა ქართველი ხალხი მაინც ევროპულ მომავალს დაიცავს, რადგან სხვა გზა აღარ აქვს.

„ჩვენი მეგობრები ვერ ხვდებიან, საქართველოს მთავრობა რატომ იქცევა ასე, ვერ ხვდებიან, სად დაუშვეს მათ შეცდომა, რა არის ამის მიზეზი და ა.შ.. რა თქმა უნდა, მე როგორც საქართველოს მოქალაქე და ქართველი ვერ ავუხსნი და ვერ ვეტყვი ასე ღიად და პირდაპირ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ერთადერთი მიზანი აქვს, ძალაუფლება როგორმე შეინარჩუნოს. რეალურად, საქართველოს მოქალაქეები და მათი ევროპული მომავალი ფეხებზე ჰკიდიათ. ამის თქმა აქ, უბრალოდ, შეუძლებელია.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ევროპაში არის შესაძლებელი რომ საქართველომ თავისი იდენტობა შეინარჩუნოს და ეს ტყუილები, რასაც ახლა გვიყვებიან, უბრალოდ ღიმილისმომგვრელია.

ჩვენი ისტორია ყოველთვის გვაჩვენებდა იმას, სად, როდის და ვისთან ერთად იყო ყველაზე უფრო დაჩაგრული ქართული ენა, ქართული ეკლესია, ქართული კულტურა, ქართული იდენტობა და სად მუშაობს კულტურული მრავალფეროვნება. ეს ჩვენ თუ არ დავინახეთ და არ გავითვალისწინეთ, მთელი ეს ეპოქა, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ, ფუჭად დახარჯული დრო იქნება. ეს იქნება ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი შვილების წინაშე, რომლებიც კითხვებს დაგვისვამენ და ყველას უნდა ესმოდეს, რომ კორუფციულ ფულზე გაცვლილი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ეს არის ყველაზე მძიმე დანაშაული, რომელსაც დარწმუნებული ვარ, თუ არ ვიმოქმედეთ, ყველას წარგვიდგენენ. ჩვენ თუ გვინდა ჩვენი იდენტობა, რელიგია, კულტურა, მომავალი, ჩვენი შვილები გადავარჩინოთ, ერთადერთი გამოსავალი ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვაა. ჩვენ თუ გვინდა, რომ ჩვენი ხანდაზმულები იყვნენ დაცულები, ჩვენი ბავშვები იყვნენ ჯანმრთელები, ნორმალური ხელფასები, ნორმალური პენსიები, ნორმალური გარემო, სამართლიანობა ჰქონდეთ და არა ის ცირკი, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება გვთავაზობს როგორც რაღაც მიღწევებს, ევროპა ერთადერთი გამოსავალია. ერთი რამ უნდა გვესმოდეს, თუ გვინდა, რომ თითოეულ ქართველს, არჩევანის უფლება არ წაგვართვან, ამას მხოლოდ ევროპულ სივრცეში შევძლებთ. აბა სადმე გაგიგიათ, სამართლიანი არჩევნები რუსეთში? საქართველოს დღევანდელ მთავრობას უნდა, რომ 2024 წელს რუსული არჩევნები ჩაგვიტარონ. საკითხი ისე კი არ დგას, გვაქვს თუ არა კიდევ შანსი? შანსი, რა თქმა უნდა, გვაქვს. ჩვენ დავიცავთ ევროპულ მომავალს. არჩევანზეც აღარაა, ჩვენ უკვე სხვა გზა აღარ გვაქვს”, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

IPN