თამარ მეფის უხეირო რუსი ქმარი და უცნობი და - ამბები დიდი მეფის პირადი ცხოვრებიდან
როგორ გააუქმა სიკვდილით დასჯა და რისგან გარდაიცვალა ადრე დაქვრივებული თამარ მეფე თამარ მეფის ამბები, იაკობ გოგებაშვილის მიერ მოთხრობილი:
"თამარი მეფობდა საქართველოში მეთორმეტე საუკუნეში. იგი იყო შვილისშვილის შვილი დავით აღმაშენებლისა და ერთადერთი შვილი თავისი დედ-მამისა.
როცა თამარი დაიბადა და აღიზარდა, საქართველო შეერთებული და ძლიერი სამეფო იყო. ეს ძლიერი სამეფო თამარმა თავისი გამეფების შემდეგ გარდააქცია უძლიერეს სახელმწიფოდ.
თამარ მეფეს ჩვენი ხალხი მაღლა აყენებდა და აყენებს საქართველოს ყველა მეფეზე. რვაასი წელიწადია, რაც თამარი გარდაიცვალა, მაგრამ მისი ხსოვნით სავსეა ეხლაც მთელი ჩვენი ქვეყანა. ქართველობას ეხლაც თამარი ისე ცხადად უდგია თვალწინ და ისე ადიდებს მას, თითქოს იგი გუშინ ყოფილიყოს მისი მბრძანებელი.
ასეთი უმაგალითო დიდება თამარმა მოიპოვა იმის გამო, რომ იგი იყო შემკული ყოველი უმაღლესი ღირსებითა. თამარ მეფეზე სავსებით აღსრულდა ქართული ანდაზა: დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო.
გიორგი მეფე, თამარის მამა, შვილის შვილი დავით აღმაშენებლისა, დიდად ირჩეოდა სხვებში თავისი მაღალი ჭკუითა დარკინის ხასიათით, დედამისი, ოსთა მბრძანებელის ქალი, ბრწყინავდა აუწერელი სიმშვენიერით და მეტად მოსიყვარულე გულით. თამარზე სავსებით გადავიდნენ ღირსებანი მამისაც და დედისაც, და იგი შეიქმნა უსრულეს ადამიანად; მაღალი ჭკუა, მტკიცე ხასიათი, კაცთმოყვარე გული და იშვიათი მომხიბლავი სიმშვენიერე სათაყვანო გვირგვინოსნად ჰხდიდნენ თამარსა.
როცა თამარი თავის მამის მეფე გიორგის სიკვდილის შემდეგ საქართველოს ტახტზე ავიდა, იგი იყო ოცი წლის უმშვენიერესი ქალწული. ხალხმა კარგად იცოდა იშვიათი ღირსებანი თამარისა და ამიტომ მისმა გამეფებამ იგი აღავსო გამოუთქმელი სიხარულით.
თამარის მამის დროს ბევრმა დიდი გვარის თავადმა დაჰკარგა მაღალიადგილი და მათ მაგიერ გამწესებულ იქნენ მცირე გვარის ჩამომავალნი, მაგრამ უფრო ნიჭიერნი, უფრო მხნენი და უფრო უანგარონი.
თამარის მამას, გიორგი III-ს, ჰყავდა მეორე ასულიც - რუსუდანი, რომელიც როგორც ჩანს, უკანონო შვილი იყო და საისტორიო წყაოებში იშვიათად იხსენიებოდა.
გვარის თავადებმა თამარ მეფეს მოსთხოვეს, რომ მას მათი მოადგილენი დაეთხოვა სამსახურიდან და ისინი გაემწესებინა უწინდებურად. თამარმა უარი შეუთვალა. მაშინ დიდებულებმა ჯარი შეჰყარეს და ძალით უნდოდათ თავის გულის წადილს სწეოდნენ. თამარმაც გაამზადა თავისი ჯარი; მაგრამ, რადგანაც ქართველის სისხლის დაღვრა ეზარებოდა მის კაცთმოყვარე გულს, ამის გამო ჯერ მშვიდობიან ხერხს მიმართა. აჯანყებულს დიდებულებთან გაგზავნა ორი მოხუცებული და ყველასაგან ფრიად პატივცემული მანდილოსანი მოსარიგებლად. ამათ აჯანყებულებს ურჩიეს, დაწყნარებულიყვნენ. წინააღმდეგობაზე ხელი აეღოთ, და აღუთქვეს, ვინც თქვენგანი ღირსეული აღმოჩნდება, ყველა შესაფერის ადგილს მიიღებსო. გააგრძელეთ კითხვა