"რატომღაც აგვისტოს ომიც კი არ აღმოჩნდა იმის ფაქტორი, რომ რუსებისთვის დაგვეწესებინა სავიზო რეჟიმი" - კვირის პალიტრა

"რატომღაც აგვისტოს ომიც კი არ აღმოჩნდა იმის ფაქტორი, რომ რუსებისთვის დაგვეწესებინა სავიზო რეჟიმი"

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებები - რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ, ძალაში დღეიდან შედის. ოპოზიციონერი ლიდერები მიიჩნევენ, რომ პუტინის ეს გადაწყვეტილებები იგივეა, რაც ყველი სათაგურში, მათი ვერსიით, რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენა ძალიან მძიმე გავლენას მოახდენს ქვეყნის პოლიტიკურ მომავალზე. ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამ საკითხთან დაკავშირებით, ისევე, როგორც სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე, სრულიად განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ და მიჩნევენ, რომ საქართველოს ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს სინამდვილეში რუსეთ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, რას მივიღებთ საბოლოოდ აქედან - ეკონომიკურ სარგებელს თუ პოლიტიკური ზიანს, ამის შესახებ ანალიტიკოსები თენგიზ ფხალაძე და გიორგი გობრონიძე გვესაუბრებიან.

თენგიზ ფხალაძე:

- რუსეთის მხრიდან ჰუმანიტარული გადაწყვეტილების მიღება გამორიცხულია, მისი ყველა ქმედება გამიზნულია ბოროტი ზრახვებისთვის. რას უკავშირდება ამ ეტაპზე პუტინის მიერ უვიზო მიმოსვლის და პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება? ახლა, როდესაც რუსეთს სანქციები აქვს დაწესებული, ყველა ქვეყანა უკეტავს საკუთარ ავიასივრცეს, პუტინი ცდილობს, სადმე მაინც მოახერხოს ახალი მიმართულების გახსნა. საქართველოსთვის კი პირიქით, ეს ყველაფერი უარყოფითი შედეგების მომტანია, აზიანებს ჩვენს იმიჯს, პოლიტიკურ მომავალს. ის მცირე ეკონომიკური სარგებელი კი, რომელიც ვიზების გაუქმებამ და ფრენების აღდგენამ შეიძლება მოგვიტანოს, დროებითია და აქვს უკუჩვენება, ე.ი. პუტინის ჰუმანიტარულ გადაწყვეტილებად მონათლული ინტრიგა შეფერხებას გვიქმნის ევროინტეგრაციის გზაზე და არც ეკონომიკურ სარგებელს გვაძლევს.

- „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ პუტინმა მაშინაც ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი დააწესა და ახლაც, როდესაც გაუუქმა და, შესაბამისად, უსაფუძვლოდ მიიჩნევს მის მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს.

- კი ბატონო, უვიზო მიმოსვლის შესახებ პუტინმა მართლაც ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ პირდაპირი ფრენების აღდგენას სჭირდება ორმხრივი თანხმობა. მხოლოდ რუსეთი ცალმხრივად პირდაპირ ფრენებს საქართველოში ვერ დანიშნავს, თუ აქედანაც არ ექნება თანხმობა.

- ჩვენ უკვე მოვისმინეთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გამოხმაურება, რომ თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, კომპანიები საქართველოს აეროპორტებში, შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ. „ქართული ოცნება“ კი ირწმუნება, რომ საქართველოში ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ საჰაერო ხომალდებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულები.

- საქართველოს ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება. ძალიან დიდ რისკზე მივდივართ. მერწმუნეთ, არ ღირს სიტყვებით თამაში. რას ჰქვია, მხოლოდ არასანქცირებული ავიაკომპანიები და საჰაერო ხომალდები?! დღეს ყველა ცდილობს რუსეთთან ურთიერთობების კონსერვაციას. რუსეთის ავიაკომპანიები შეტანილია შავ სიაში, რამდენიმე კომპანია ჯერ კიდევ არ არის დასანქცირებული, მაგრამ ხვალ და ზეგ ისინიც შავ სიაში ჩაეწერებიან. შეეშვან მანიპულაციებს, იმის არ იყოს, რუსეთში მილიონი ქართველი ცხოვრობსო. ამ დროს თავად რუსეთში, 2020 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, იქ 113 000 ქართველი ცხოვრობს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელიც თქვენ ახსენეთ, ძალიან დიდი ყურადღებით უნდა იყოს აღქმული. მერწმუნეთ, ამ გაფრთხილების წაყრუება კარგს არაფერს მოგვიტანს.

- სხვათა შორის, სახელმწიფო დეპარტამენტის საპასუხოდ პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თუ ვინმეს არ მოეწონა რუსეთიდან ფრენების დანიშვნა ან უვიზო რეჟიმი, შეუძლიათ გახსნან სხვა პირდაპირი რეისები ამერიკიდან, უვიზო რეჟიმი დაწესდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის ამერიკაში, ჩინეთში და ა.შ.

- ეს არის ძალიან არასერიოზული და უპასუხისმგებლო განცხადება. თუ ჩვენ მართლა გვინდა, აქ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სახელმწიფოსთან ურთიერთობის გაუმჯობესება, ამისთვის უნდა ვიმუშაოთ! მხოლოდ მყვირალა განცხადებების გაკეთება არ კმარა. პრობლემაც ის არის, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება სტრატეგიულ პარტნიორებთან ისე არ მუშაობს, როგორც საჭიროა. მაშინ, როდესაც საქართველოს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა აქვს, რატომ უნდა იზრდებოდეს რუსეთის ბაზარზე ჩვენი დამოკიდებულება?! დიახ, ნამდვილად შეგვიძლია ამერიკასთან, როგორც უვიზო რეჟიმის შემოღებასთან, ასევე, თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით მუშაობა. რატომ არ ვაკეთებთ ამას?! რას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ჩვენი ურთიერთობები ამერიკასთან? იქნებ საკუთარ თავს მაინც მოჰკითხონ ამ კითხვაზე პასუხი!

გიორგი გობრონიძე:

- პირველ რიგში, მართლაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს იყო პუტინის ცალმხრივი გადაწყვეტილება, ჩვენი ზედმეტი ჩარევის გარეშე. ქართულ მხარეს არანაირი ბერკეტი არ აქვს, რომ ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს. რუსეთმა ეს გადაწყვეტილება რამდენიმე მოტივით მიიღო, პირველი - მოახდინოს, როგორც შიდა, ასევე - საერთაშორისო აუდიტორიისთვის იმის დემონსტრირება, რომ შეუძლია ურთიერთობებს მოგვარება საერთაშორისო არენაზე, მათ შორის, იმ მეზობლებთანაც კი, რომლებთანაც კარგი ურთიერთობა არ აქვს. ე.ი. უნდა, შექმნას ილუზია, რომ არის კონსტრუქციული, საერთაშორისო აქტორი. ისე კი, „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“, უცნაურია, რომ ამ სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება შევიდა თუ არა ძალაში, იმ დღესვე გაიტაცეს საქართველოს მოქალაქე ადმინისტრაციული საზღვრიდან. რუსეთს, ასევე, სურს, დასავლეთს დაანახოს, რომ საქართველო რუსეთის ორბიტასთან უფრო ახლოსაა და ის არ არის ქვეყანა, რომელიც მათ წარმოედგინათ. რაც შეეხება ამ საკითხის ეკონომიკურ ასპექტს, არც ამ მიმართულებით არის საქმე სახარბიელოდ, ვინაიდან, პუტინის ეს ორი გადაწყვეტილება გამოიწვევს საქართველოს კიდევ უფრო მეტად მიბმას, რუსულ ეკონომიკაზე. სამწუხაროდ, ეს არის პროცესი, რომელიც უკვე მეცამეტე წელია, გრძელდება. რატომღაც აგვისტოს ომიც კი არ აღმოჩნდა იმის ფაქტორი, რომ რუსებისთვის დაგვეწესებინა სავიზო რეჟიმი და ტურისტულად მათზე დამოკიდებული არ გავმხდარიყავით. ეს ამბავი ყოფილი ხელისუფლების ცოდვების სკივრიდან გახლავთ. მოდი, ისიც ვნახოთ, იმ პერიოდიდან დღემდე რამდენი ობიექტი გადაეცათ რუს ინვესტორებს და მიხვდებით, რომ არც მაშინდელ და არც ახლანდელ პოლიტიკურ ადმინისტრაციას არ აქვს იმის რესურსი, რომ ეკონომიკურ დივერსიფიკაციაზე იმუშაონ და ეძებენ იოლ გზებს.

(სპეციალურად საიტისთვის)

ხათუნა ბახტურიძე