რუსეთმა სომხეთი და ინდოეთი "გადააგდო" და უკვე მიყიდულ შეიარაღებას არ აწვდის? - კვირის პალიტრა

რუსეთმა სომხეთი და ინდოეთი "გადააგდო" და უკვე მიყიდულ შეიარაღებას არ აწვდის?

სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნის - არმენ გრიგორიანის novayagazeta.eu-სთვის მიცემული ვრცელი ინტერვიუ ნამდვილ სკანდალად იქცა, რომელმაც, წესით, ერევანსა და მოსკოვს შორის ისედაც საკმაოდ გაურკვეველი სიტუაცია შეიძლება, კიდევ უფრო დახლართოს...

გასაგებია, რომ უშიშროების საბჭოს მდივანი გრიგორიანი პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის თანხმობის გარეშე ჟურნალისტებს ასეთ რამეს არ განუცხადებდა - მიუხედავად იმისა, რომ სომხეთმა, 2021 წლიდან მოყოლებული, იარაღის შესყიდვის რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა რუსეთთან და ფულიც გადაიხადა, დღემდე ეს შეიარაღება სომხეთის არმიას არ მიუღიაო!

გამოდის, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ფორპოსტად მიჩნეული სომხეთი თავის სტრატეგიულ პარტნიორს ღიად ადანაშაულებს ჩვეულებრივ "გადაგდებაში" - ანუ რაკეტებისა და სხვა შეიარაღების პარტიები (რომლებიც ასე სჭირდება დღეს სომხეთს, აზერბაიჯანთან არსებული სერიოზული დაპირისპირების ფონზე) რუსეთში მესამე წელია, შეკვეთილია, თანხაც გადახდილია, მაგრამ რუსეთს დღემდე არ მიუწოდებია ის სომხეთისთვის...

საგულისხმოა, რომ სომხეთის პრეტენზიებამდე სამი კვირით ადრე, რუსეთის მიმართ თავისი გულისწყრომა კრემლის კიდევ ერთმა დიდი ხნის პარტნიორმა - ინდოეთმაც გამოხატა.

დელი უკმაყოფილოა იმით, რომ რუსეთმა შეაჩერა С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის ორი დივიზიონის მიწოდება ინდოეთისთვის, იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა მოსკოვს არ გადაურიცხა 2 მლრდ დოლარამდე...

ინდოეთს ეს თანხა გააჩნია, მაგრამ დიდი პრობლემა თავად ამ ფულის გადარიცხვის ფორმაშია - დოლარებით გადახდას ინდოეთის მთავრობა შიშობს, რათა აშშ-ის მეორად სანქციებში არ მოხვდეს, რუსეთთან სამხედრო ვაჭრობის გამო, რუსულ რუბლებში გადახდისგან კი თავს იკავებენ, რადგან დელიში დარწმუნებულები არიან, რომ "სამართლიანი" კურსით ამ რაოდენობის რუბლს ვერ გადაახურდავებენ და დიდ ფინანსურ ზარალს ნახავენ, ხოლო ინდური რუპიების მიღებაზე უკვე მოსკოველი ჩინოვნიკები აცხადებენ კატეგორიულ უარს...

ინდოეთისგან განსხვავებით, სომხეთი რუსულ შეიარაღებას მსოფლიო ბაზრის კი არა, არამედ - შიდარუსული ბაზრის ფასებში ყიდულობდა ანუ იმავე ღირებულებას იხდიდა ტანკსა თუ თვითმფრინავში, რასაც შოიგუს რუსეთის არმია, რაც მუდამ აღიზიანებდათ მეზობელ აზერბაიჯანელებს, რადგან იმავე რუსულ ტანკში ისინი ბევრად მეტს იხდიდნენ.

თუკი სამხედრო ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებული რუსეთ-ინდოეთის პრობლემა გასაგებია, რატომ უყოვნებს უკვე ნაყიდი შეიარაღების მიწოდებას მოსკოვი ერევანს?

ის ვარაუდი, რომ კრემლი ამას ბაქოს თხოვნით აკეთებს, ნაკლებად საფუძვლიანია, რადგან რუსეთ-აზერბაიჯანის დღევანდელი ურთიერთობებიც საკმაოდ დაძაბულია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ღიად ჯერჯერობით არ იგრძნობა, მაგრამ მაშინვე უკიდურეს სახეს მიიღებს, როგორც ეს ყარაბაღის პრობლემის საბოლოო გადაწყვეტას შეეხება, საითკენაც პრეზიდენტი ალიევი ჯიქურად მიიწევს და არც რამეს მოერიდება, თუკი რუსი ე.წ. სამშვიდობო ძალები ყარაბაღში აზერბაიჯანის არმიას წინ გადაუდგებიან...

ერევანი ღიად ეძებს უსაფრთხოების ახალ საერთაშორისო მექანიზმს, რადგან არც კრემლთან მეგობრობა და მით უმეტეს - არც დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების ძალები, სომხეთის ინტერესების დაცვას იმავე ყარაბაღში ვერაფრით დაეხმარა.

2-som-1684154923.png
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს ძალიან უხაროდა რუსული Су-30СМ-ების შეძენა, მაგრამ სომხეთმა ისინი ყარაბაღის ბოლო ომში ვერ გამოიყენა, რადგან რუსეთმა თვითმფრინავებს ...რაკეტები არ მოაყოლა...

ამისთვის კი სომხეთს რუსეთის ალტერნატივად შეიძლება, დასავლეთი გამოადგეს, რაზეც მეტყველებს ერევნისა და ბაქოს ოფიციალური მოლაპარაკებები ევროპასა და აშშ-ში, რის შედეგადაც ორივე დაპირისპირებული მხარე ცნობს ერთმანეთის საზღვრებსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც მეტ-ნაკლებად მოაგვარებს მათ შორის ათწლეულების განმავლობაში არსებულ შუღლს...

მაგრამ ეს არანაირად არ აწყობთ მოსკოვში, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბაქოსა და ერევანს შორის შუამავლად არ იქცეს დასავლეთი და მეორეც - "გაყავი და იბატონეს" პრინციპი, რითაც რუსეთის მმართველები მესამე საუკუნეა, ხელმძღვანელობენ სამხრეთ კავკასიაში, ჩამოშლას დაიწყებს...

თავისი სტრატეგიული პარტნიორისთვის უკვე ნაყიდი შეიარაღების მიუწოდებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება სწორედ ის იყოს, რომ ამით კრემლი აფრთხილებს და სჯის ერევანს, ამ უკანასკნელმა არ გაბედოს ევროკავშირისა თუ აშშ-ის შუამავლობით ყარაბაღის პრობლემის მოგვარების მცდელობა და უსიტყვოდ შეასრულოს კრემლის შემდგომი ბრძანებები.

თუმცა არსებობს მეორე მიზეზიც, რის გამოც რუსეთი ბლოკავს სომხეთისთვის შეიარაღების მიწოდებას და ის, უბრალოდ, ბანალურია - უკრაინასთან თხუთმეტთვიან ფართომასშტაბიან ომში რუსეთის არმიამ შესამჩნევი დანაკლისი მიიღო ბრძოლებში დაკარგული და მიტოვებული სამხედრო ტექნიკის სახით, რუსეთის სამხედრო მრეწველობა კი ვერ აუდის საბრძოლო დანაკარგის შევსებას, ხოლო ფრონტის ხაზიდან შოიგუს არმია ახალ ტანკებსა და ჭურვებს გამუდმებით იხვეწება და რა დროს სომხეთში გაგზავნაზეა ლაპარაკი, როდესაც უკრაინელებთან ომში არ ყოფნით შეიარაღება?

ერევანიც ვაბანკზე მიდის და უკვე ხმამაღლა ახმოვანებს პუტინის კრემლისთვის ძალზე არასასურველ ჩანაფიქრს - სომხეთი იძულებულია, დაფიქრდეს დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების ძალებიდან ("ო-დე-კა-ბე") გამოსვლაზე...