"ევროპაში უნდა შევიდეთ, როგორც საქართველო..." - კვირის პალიტრა

"ევროპაში უნდა შევიდეთ, როგორც საქართველო..."

რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება, პირდაპირ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვის მოხსნა, ოპოზიციის მწვავე კრიტიკა, დასავლელი სტრატეგიული პარტნიორების გაფრთხილებები - რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს საქართველოსთვის, პოეტი დათო მაღრაძე გვესაუბრება. ახლახან პარიზში, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიაში, დათო მაღრაძის პოემა "ბარაქიანი მიწის" ფრანგული ვერსიის განხილვა გაიმართა, რომელშიც ზღვისიქითა აკადემიის პრეზიდენტი როლან პურტიე, ასოციაცია ფრანგული რენესანსის ვიცე-პრეზიდენტი მიშელ ლებონი, ფრანგი პოეტი და ლიტერატურის კრიტიკოსი კაროლ მესრობიანი და გამომცემლობა Edition Du Cygne-ს რედაქტორ-გამომცემელი პატრის კანოსე მონაწილეობდნენ. შეხვედრას საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი უძღვებოდა.

- დღეს რეალობა ასეთია - რუსეთმა­ საქართველოს სავიზო რეჟიმი მოუხსნა და პირდაპირი ფრენები აღადგინა, რაზეც ჩვენმა ხელისუფლებამ უპასუხა, მხოლოდ არასანქცირებულ ავიაკომპანიებს მოვემსახურებითო. ვფიქრობ, ამის შემდეგ ჩვენი­ დასავლელი მეგობრების ყველა ეჭვი გაიფანტა.­ რაც შეეხება საპროტესტო განწყობის მორალურ მხარეს, შესაძლოა მთელ ოპოზიციურ სპექტრს არ ეხება, მაგრამ ისინი, ვინც ახლა ძალიან ემოციურ განცხადებებს აკეთებენ, წლების წინ რუსეთთან უვიზო მიმოსვლის დაწესებისას სწორედ ისინი წარმოადგენდნენ მმართველ ძალას. მაშინ, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენს ხელში იყო, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთთან დაახლოების ამგვარი გამოსავალი "ნაცმოძრაობამ" მიიღო. 2008 წელს, მეზობელი სახელმწიფოს თავდასხმის შემდეგ, გაჩენილ ნაპრალზე ხიდის გადება რუსეთს სწორედ მაშინდელმა ხელისუფლებამ შესთავაზა, რომელზეც დღეს რუსეთმა გაიარა. ასე რომ, სანამ სხვას უსაყვედურებენ, უკან მიიხედონ, მორალური უფლებაც არ აქვთ სხვას რამე უსაყვედურონ. რუსეთი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაზე საყვედური საქართველოს არ ეკუთვნის.

- როგორ ფიქრობთ, ახლა რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება რუსეთის ხელისუფლებამ, ხომ არ არის საქართველოს დასავლეთთან დაშორებაზე გათვლილი ნაბიჯი?

- ეს გადაწყვეტილება ახლა იმიტომ მიიღეს, რომ ძველმა ხელისუფლებამ მისცა­ ამის საშუალება. გნებავთ სპეკულაცია დავა­რქვათ ამას და გნებავთ, პროვოკაცია. თუ ეს პროვოკაციული ნაბიჯია, ჩვენგან დამოუკიდებლად დადგა ასეთი რეალობა, ქართულ მხარეს რუსეთის სახელმწიფოზე ზემოქმედების გავლენის ბერკეტი არა აქვს.პირადად მე რუსი ტურისტების შემოდინებას საგანგაშოდ არ მივიჩნევ. ისინი ისედაც შემოდიოდნენ, მაგრამ ახლა ვიღაცები საფრთხეს ხედავენ არასანქცირებული ავიაკომპანიების შემოსვლაზეც, რაშიც საფრთხეს ვერ ვხედავ. საქართველოში (არა მარტო) საფრთხის შემცველი უფრო სხვა ტენდენციებია, თუნდაც ის, რომ ეროვნება დანაშაულთან იგივდება. რუსობა, როგორც ასეთი, დანაშაულად მიაჩნიათ. გასაგებია, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებას­ საოკუპაციო პოლიტიკა აქვს, მაგრამ ამის მთელ ერზე გავრცელებას არ ვემხრობი­. მეტი თვალსაჩინოებისთვის: რუსის ნაცვ­ლად სხვა ეროვნების ადამიანი, თუნდაც ებრაელი, ჩავსვათ და ისტორიის მკაფიო, შემზარავი ეპიზოდებიდან მივხვდებით, რამდენად საფრთხის შემცველია ეროვნულობის დანაშაულად მიჩნევა, როდესაც ადამიანი სახეს კარგავს.

რაც შეეხება რუსეთის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, თუ ამაში პროვოკაციაა­ ჩადებული და განზრახული აქვთ საქართ­ველო დასავლეთს დააშორონ, აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობაში ბზარი­ გაჩნდეს, მაშინ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შეშფოთება ალოგიკური მგონია.­ ადეკვატური იქნებოდა მათი კიდევ უფრო გააქტიურება, თუ ეს რუსული პროვოკაციაა, მან საქართველოსა და დასავლეთს მეტი დაახლოებისკენ უნდა უბიძგოს, რათა მათი ჩანაფიქრი ჩაიშალოს. აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა უფრო მტკიცე უნდა გახდეს, ევროპასთან კი ჩვენი დაახლოება მეტად დაჩქარდეს და საყვედურების ნაცვლად, კანდიდატის სტატუსიც უნდა მოგვცენ და ნატოს ქოლგის ქვეშ მოგვაქციონ. ეს იქნება ადეკვატური პასუხი. ამის შემდეგ შეიძლება დასავლეთმა საქართველოსგან სანქციების თვალსაზრისით სრული მხარდაჭერა მოითხოვოს. ამის საპირწონედ ჩვენი დაცულობის ხარისხიც სრულფასოვანი უნდა იყოს. როდესაც უსაფრთხოების გარანტიები არა გვაქვს, სანქციებზე სრულად მიერთებით ეკონომიკურად საკუთარ თავსაც ვუწესებთ შეზღუდვებს და მეორე - საქართველო არ არის ისეთი დაცული, როგორიც საფრანგეთი, გერმანია და ნატოს წევრი სხვა ქვეყნები არიან. ბოლოს და ბოლოს, საზღვარი გვაქვს რუსეთთან, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და დედაქალაქიდან 40 კილომეტრში რუსული სამხედრო ბაზაა. ამ რეალობაში კი საქართველოს, რომელსაც არც ნატოს ქოლგა­ იფარავს და ჯერ არც ევროკავშირის წევრია, არავის აქვს მორალური­ უფლება აიძულოს ან წამოაყვედროს, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს სრულფასოვნად შეუერთდეს. ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყნებივით დაცული და უზრუნველყოფილი არა ვართ.

- რუსული ხელისუფლების პასუხად, საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიცია რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს. მართლაც რა გვიშლის ხელს ამაში?

- არ ვიცი, რას ემსახურება ეს განცხადებები, მაგრამ ვინმემ იფიქრა იმაზე, ეს გადაწყვეტილება ქართული ეკონომიკისა­ და პოლიტიკისთვის როგორი იქნება?­ ვფიქრობ, რუსეთთან სავ­იზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა ერთი დიდი ნაბიჯი უნდა გადმოდგან ჩვენკენ. მხოლოდ რეკომენდაციები საკმარისი არ არის. არის საკითხები, რომლებიც უკვე რეალურ ქმედებებს მოითხოვს და უნდა დაჩქარდეს. ამ ვითარებაში ეს ერთადერთი ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება. რუსეთიდან მომავალი საფრთხეები­ არსად გამქრალა, არც უკრაინასთან ომის ფონზე შეცვლილა რამე საქართველოსთვის. პირიქით, ახლა უფრო გვჭირდება დაცულობა, თანადგომა, გადამწყვეტი მოქმედებები.

- საქართველოსთვის ევროპის ალტერნატივა არსებობს?

- კულტურული დიალოგისა თუ სხვა სახის ურთიერთობისთვის ესპანეთს, საფ­რანგეთს, იტალიას, უნგრეთს ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეცვლის. არავის ვაკნინებ, მაგრამ ასეა. ქვეყანაზე მარადიული არაფერია. შესაძლოა ოდესღაც ევროპასა და რუსეთს შორის მოიხსნას დაძაბულობა, მაგრამ საქართველოსთვის ევროპას ალტერნატივა არა აქვს. ახალგაზრდობა განათლებას იღებს იქ, სადაც ხარისხიანი, მაღალკვალიფიციური სწავლის მიღების პერსპექტივა აქვს. მე რომ ახალგაზრდა ვიყო, პრიორიტეტს ევროპას მივანიჭებდი და განათლებას ბოლონიის უნივერსიტეტში ან სორბონაში მივიღებდი. ქვეყნის მომავალს ახალგაზრდობა განსაზღვრავს, ოღონდ მას შემდეგ, რაც სწავლა-განათლებას დაასრულებს,­ ახალგაზრდული ჟინი ვეღარ ერევა და სიმწიფის, დაღვინების ასაკში შევა. ასაკს მოაქვს გამოცდილება, გამოცდილებას კი სიბრძნე. როდესაც ახალი თაობა სიბრძნეს ეზიარება, შემდეგ განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, სად მიიღებს განათლებას, რათა იქ დაგროვებული ცოდნა-გამოცდილება თავის ქვეყანას, მის მომავალს მოახმაროს. ევროპული განათლება, ვფიქრობ, უალტერნატივოა.

რაც შეეხება უფროს თაობას, თითქოს მას საბჭოთა წლების ნოსტალგია აქვს... ერთი ანეკდოტი მახსენდება: კახელ კაცს ჰკითხეს, ყველა დროს მოესწარით და სტალინის დრო მოგწონთ, ბრეჟნევის თუ გორბაჩოვისო? - სტალინისო. რატომ, სტალ­ინისტი ხართო? არა, სტალინისტი არა ვარ, მაგრამ მისი მმართველობის დროს ახალგაზრდა ვიყავიო. ამიტომ, მგონია, ეპოქის კი არა, ახალგაზრდობის ნოსტალგია აქვთ. ადამიანს საუკეთესო მოგონებად მისი ყმაწვილობა მიაჩნია, როდესაც ახალგაზრდული ენერგია აქვს, თორემ არა მგონია, ვინმეს საბჭოთა რეჟიმი და პოლიტკონიუნქტურა ენატრებოდეს. შეზღუდულ სივრცეს თავისუფლება რომ სჯობია, ეს აქსიომაა. ეს თაობა პირველ რიგში იღვწის, რომ შვილებს ევროპული განათლება მიაღებინოს.

რამდენიმე წლის წინ ჩემს მეგობრებთან ერთად დავწერე ნაშრომი "შემოქმედებითი კონსერვატიზმი", რომელიც მაშინდელ საზოგადოებას განსახილველად შევთავაზე. ეს არის საერთო ნიადაგის მოსინჯვის გზა ქართულ მენტალურ სივრცეში. ის ეფუძნება ევროპულ-კლასიკურ ტრადიციას, განათლებას, ქრისტიანულ, ანუ დასავლურ ტრადიციულ ღირებულებებს და თავისუფალ პიროვნებას. ჩვენებურ ლიბერალებს და ანტილიბერალებს თემა მართლა რომ ესმოდეთ, ანუ გაცნობიერებული ჰქონდეთ, ეცოდინებოდათ, რომ კონსერვატიზმი და ლიბერალიზმი ერთმანეთს არ გამორიცხავს, მით უფრო, არ დევნის. თანამედროვე ლიბერალები და მათი მოწინააღმდეგეები სინამდვილეში ლიბერალიზმს, როგორც პოლიტიკურ ფილოსოფიასა და მმართველობის სისტემას, არ იცნობენ. მათ საერთო ისე არა აქვთ ამ საკითხთან, როგორც ინკვიზიტორებს არ ჰქონდათ საერთო ქრისტიანობასთან. თუმცა ინკვიზიციას ქრისტეს სახელით აღასრულებდნენ.

ლორდი ექსტონი მთელი ცხოვრება კათოლიციზმისა და ლიბერალიზმის ჰარმონიზაციას ცდილობდა. მას ეკუთვნის ფრაზა, ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის... მეც ვფიქრობ, რომ ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი ერთმანეთს ასაზრდოებს და ამდიდრებს. ხელოვნებაშიც ასეა - ვაღიარებ­ ძველს და ვეძიებ ახალს. ეს არის ტრადიციისა და სიახლის ჰარმონია. ყოველი ნამდვილი სიახლე ძველის აღიარებით იწყება. ყველაფრის უარყოფით არაფერი იწყება. ცოდნა კულტურას, სულიერ ხერხემალს მოითხოვს. ინფორმირებულობა­ ყოველთვის არ გადადის განათლებაში, თუ ადამიანი რომელიმე კულტურულ საფე­ხურზე არ დგას. ასეთ დროს ადამიანი პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს და თავფეხი­ანად ერთვება პოლიტიკაში, ყველაზე რთულ საქმეში, რომელიც განათლებასთან ერთად, სიბრძნეს, მომავლის განჭვრეტას, პასუხისმგებლობასა და კულტურას მოითხოვს. ჩვენში მომრავლდნენ პერსონები, რომლებიც მოვალეობას ვერ გრძნობენ, არადა, უფლება-მოვალეობა განუყოფელია. როგორც რუსთაველი გვასწავლის, თუ შაირობა სიბრძნის­ დარგია, პოლიტიკაც ასეა, ადამიანმა თავისი ქცევით, ცხოვრების წესით, ყოველდღიურად ქვეყნის ბედი უნდა გადაწყვიტოს, მით უფრო საქართველოსთანა ქვეყანაში. არ ვიცი, ამდენი "ყველაფრის მცოდნე" და "სპეციალისტი" კიდევ სადმე თუ არის.

- გულისხმობთ, რომ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ?

- დიახ... როდესაც ევროპის უპირატე­სობებზე ვსაუბრობთ, იმას უნდა გავუსვათ­ ხაზი, რომ იქ განათლება, კულტურა, საზოგადოების ყოველდღიურობაშია ასახული.

ურთიერთობა ჩვენს კეთილისმყოფელ ნებისმიერ სახელმწიფოსთან უნდა გავააქტიუროთ, ოღონდ არავასალური ფორმით, თანაბარ პირობებში. ამ მხრივ მოწინავე აღმოჩნდა ევროპა, რაც განსაკუთრებით მიმზიდველი და სასარგებლოა საქართველოსთანა ქვეყნისთვის, რომელსაც ზესახელმწიფოს ამბიცია არა აქვს. ევროპასთან თანაბარი, თანასწორი, არავასალური ურთიერთობა პირადად ჩემთვის მათი ოჯახის წევრობის სურვილს უფრო ამძაფრებს. საქართველოს ისტორიულად ძლიერი ქვეყნების გარემოცვაში უწევდა ყოფნა. ყველა თავისი ინტერესის გატარებას ცდილობდა. ამიტომაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროპა, ევროკავშირი, სადაც შევალთ როგორც საქართველო.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ საქართველო თეოკრატიული სახელმწიფო არ არის და არც მინდა ვიყოთ, არც ტრადიციული ან არატრადიციული რელიგიის ქვეყანა. იმ პრობლემების, რომლებსაც "ანტიმედასავლეთეები" იყენებენ და რაც ნამდვილად არის ევროპაში, ისევე როგორც მსოფლიოში, აღმოფხვრა შეიძლება. ევროპა ყოველთვის ერეოდა პრობლემებს და ახლაც ასე იქნება. ამან მისკენ სავალ გზას არ უნდა დაგვაცილოს. ამ სივრცეში ბევრი სხვა პრობლემა ყოფილა, მაგრამ მოგვარებულა. მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ არც ერთი პრობლემა მისთვის საბედისწერო­ არ ყოფილა, ყოველთვის იმარჯვებს ჯანსაღი აზრი, თავისუფალი ხედვა. თუნდაც სტრასბურგის სასამართლოს პასუხი სააკაშვილის ვარშავაში გადაყვანაზე მკაფიო ნიშანია იმისა, რომ ევროპაში გადარჩენილია ინსტიტუციები, რომლებიც თავიანთ რეპუტაციას უფრთხილდებიან და ჯალათს, მსხვერპლად ვერ შეასაღებ. კიდევ ერთხელ, ეს გადაწყვეტილება იმის ნიშანია, რომ ქართველი საზოგადოების არჩეული ევროპული გზა სწორი და უალტერნატივოა.

ამდენი საუკუნის განმავლობაში მიღწეული სულიერი მწვერვალები, რასაც მხატვრობაში, ლიტერატურაში, მუსიკაში, არქიტექტურასა და ხელოვნების სხვადასხვა დარგში მიაღწიეს, ყოველდღიურ, თანამედროვე ყოფითი კულტურის ენაზე თარგმნეს.

იტალიელი კინორეჟისორი, დიდებული ფედერიკო ფელინი თავის შედევრში, "ამარკორდში", როდესაც თვალებდაკვესილი დუჩე მუსოლინის პლაკატი მოაქვთ, მას აშარჟებს, ფაშიზმს, როგორც შარჟს ისე წარმოაჩენს. სწორედ აქ აღწევს ფელინი თავისი ნიჭიერების, პროფესიონალიზმის, ადამიანურობის მწვერვალს. ამ კადრით ამბობს, რომ მისი ბავშვობა უფრო დიდია, ვიდრე საზარელი ბავშვობა, ანუ მისი ბავშვობის სიკეთე ფაშიზმის ბოროტებას მოერია, გაიმარჯვა მასზე. ეს არის ძალზე თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ იმარჯვებს ევროპა დროებით სიმახინჯეზე, პრობლემებზე.