"ვლადიმერ პუტინი, ალბათ, ალექსანდრე ლუკაშენკოს სიცოცხლის გადარჩენისათვის ლოცულობდა" - კვირის პალიტრა

"ვლადიმერ პუტინი, ალბათ, ალექსანდრე ლუკაშენკოს სიცოცხლის გადარჩენისათვის ლოცულობდა"

ბოლო დღეებში საერთაშორისო პრესის, რადიო თუ ტელეარხების ყურადღება მიპყრობილი იყო ბელარუსის პრეზიდენტის - ალექსანდრე ლუკაშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობისკენ - ვრცელდებოდა ინფორმაციები და კომენტარები მისი ავადმყოფობისა და - სიკვდილის შესახებაც კი.

მარკ ტვენის ცნობილ ნათქვამს თუ დავესესხებით, შეიძლება ვთქვათ, რომ ხმები "ბაცკას" გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებული აღმოჩნდა. როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია "ბი-ბი-სის" რუსული სამსახური (BBC russian) აღნიშნავს, "ალექსანდრე ლუკაშენკო, როგორც იქნა, საზოგადოებას დაენახვა - 68 წლის ავტოკრატმა პრეზიდენტმა ბელარუსის სამხედრო-საჰაერო ძალების ცენტრალური სამეთაურო პუნქტი მოინახულა, მას ხელი ბინტით ჰქონდა შეხვეული", თუმცა პუბლიკაციაში ავადმყოფობის მიზეზი განმარტებული არ არის.

346139208-782243613301419-8769334162753874001-n-1684223526.png

ამავე თემაზე ბრიტანულ პრესაში, კერძოდ, ჟურნალ "სფექთეითორში" (The Spectator) გამოქვეყნდა სტატია სათაურით - "ვლადიმერ პუტინი, ალბათ, ალექსანდრე ლუკაშენკოს სიცოცხლის გადარჩენისათვის ლოცულობდა" (ავტორი - ოუენ მეთიუზი).

"თუ ბელარუსი დიქტატორი გარდაიცვლება ან რაღაც მიზეზით თავის მოვალეობას ვეღარ შეასრულებს, მაშინ ვლადიმერ პუტინი - მისი მეზობელი, მფარველი და ერთადერთი მოკავშირე რეგიონში - დიდი ეგზისტენციალური პრობლემის წინაშე დადგება", - ნათქვამია პუბლიკაციაში.

"70 წლის ვლადიმერ პუტინის პრობლემა ისაა, რომ მას, ისევე როგორც 68 წლის ალექსანდრე ლუკაშენკოს, აშკარა მემკვიდრე არ ჰყავს. კოლმეურნეობის ექსთავმჯდომარე ქვეყნის ხელისუფლებაში 1994 წლიდან იმყოფება და ბელარუსს ერთპიროვნულად მართავს. მზაკვარი "ბაცკას" მიერ შექმნილი რეჟიმი მისივე მმართველი სისტემის დამცველია, თუმცა ხელისუფლების ლეგიტიმურობა ეჭვის ქვეშაა.

ალექსანდრე ლუკაშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გავრცელებული ხმები იმას მოწმობს, რომ რუსეთი შეშფოთებულია - თუ ბელარუსის პრეზიდენტი უუნარო (სამართავად - რედ.) აღმოჩნდება, ქვეყანაში ისევ დაიწყება კრიზისი და კრემლს აღარ ექნება ისეთი შესაძლებლობა, როგორიც 2020 წელს ჰქონდა - უკრაინის ომმა მოსკოვს ძალა გამოაცალა და გავლენა დაუსუსტა, დემონსტრაციის ტალღის შეჩერება შეუძლებელი გახდება, თანაც უკრაინაში კრემლის სამხედრო წარუმატებლობამ ბელარუსული ოპოზიცია გაათამამა და საპროტესტო აქციებისადმი რწმენა დაუბრუნა.

ვლადიმერ პუტინისათვის ძალიან სარისკო იქნება ბელარუსის ოფიციალური ანექსია, რომელიც, 1998 წელს ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ბორის ელცინის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, "სამოკავშირეო სახელმწიფოს" სუბიექტს წარმოადგენს. თეორიულად, თუ ანექსია განხორციელდება, კრემლის ასეთი ნაბიჯი კარგად "შეუთავსდება" ვლადიმერ პუტინის განცხადებას "სლავი ხალხების გაერთიანების" შესახებ, რომელიც მან უკრაინაში შეჭრის წინ გააკეთა. მაგრამ ეკონომიკური და პრაქტიკული თვალსაზრისით, ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეცდომა იქნებოდა: რუსეთი იძულებული გახდება, "ზურგზე მოიკიდოს" ბელარუსი, რაც იქაური ოპოზიციის წინააღმდეგობას გამოიწვევს. მეზობლები - პოლონეთი და ევროკავშირის სხვა ქვეყნები (ნატოს წევრები!) ყველაფერს გააკეთებენ, რომ ხელი შეუშალონ რუსეთის გეგმების რეალიზებას.

მაგრამ, იმავდროულად, კრემლს ბელარუსის დაკარგვა არ სურს, მოსკოვს მინსკი ჰაერივით სჭირდება - მართალია, 9,3 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყანა უკრაინის წინააღმდეგ ომში ოფიციალურად არ ჩაბმულა, მაგრამ ბელარუსის ტერიტორია, თუ საჭირო გახდება, საკვანძო პლაცდარმი იქნება უკრაინაზე რუსეთის შეტევისათვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: თუ ბელარუსში ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმი დაეცემა და პროევროპული დემოკრატიული ოპოზიცია გაიმარჯვებს, ეს იქნება სერიოზული დარტყმა ვლადიმერ პუტინის რეჟიმის მიმართაც და მისი გრანდიოზული პროექტის - "რუსეთის დიდების აღორძინების" კრახიც.

რითაც არ უნდა გახდეს ავად ალექსანდრე ლუკაშენკო, ვლადიმერ პუტინმა უნდა ილოცოს, რომ მისი მოკავშირე ყოველთვის ჯანმრთელი იყოს. იმის გამო, რომ უკრაინა მსხვილი კონტრშეტევისათვის ემზადება, რუსეთს ახლა ყველაზე მეტად არ სურს, რომ მის დასავლეთ ფლანგზე კრიზისი წარმოიქმნას. ასე რომ, ალექსანდრე ლუკაშენკოს ბედი, პირდაპირი გაგებით, ვლადიმერ პუტინის ბედთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ