ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით 27 მაისს აქცია გაიმართება - კვირის პალიტრა

ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით 27 მაისს აქცია გაიმართება

„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ წევრები და მათი თანამოაზრეები ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით, 27 მაისს, 18:00 საათზე, პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქციას აანონსებენ.

როგორც მათ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, პროტესტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე ნიკა გვარამია არ გათავისუფლდება.

„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ წევრები შევიკრიბეთ უზენაეს სასამართლოსთან. დღეს გახდა ერთი წელი ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობიდან. ჩვენ ამ უკანონო პატიმრობას ვაპროტესტებთ და ვაცხადებთ, რომ ამ ქვეყანას არავითარი მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემა არ აქვს, სანქციებიც რომ არ ყოფილიყო შემოღებული ქართველი მოსამართლეების მიმართ. ჩვენთვის ცხადია, ამ ქვეყანაში სამართალს ვერავინ იპოვის. სამართალი არ არის არც ნიკასთვის, არც ჩვენთვის და საქართველოს არცერთი მოქალაქისთვის, მაგრამ სამაგიეროდ, ჩვენ გვაქვს იმის რწმენა, რომ ბრძოლას აქვს აზრი და ჩვენი ბრძოლით აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ნიკა მალე იქნება თავისუფალი და იქნება თავისუფალ საქართველოში. ჩვენ დღეს ვაანონსებთ ჩვენს მომავალ დიდ აქციას. კონსოლიდირებულ პროტესტს ხელისუფლების უკანონო პოლიტპატიმრების არსებობის წინააღმდეგ. ამას გავაკეთებთ 27 მაისს, 18:00 საათზე, პრეზიდენტის სასახლესთან. ჩვენ ნამდვილად არ დავუშვებთ იმას, რომ პრეზიდენტი წავიდეს ევროპაში ბიძინა ივანიშვილის გზავნილებით. თუ ის ევროპარლამენტარებთან აპირებს გამოსვლას, ის უნდა წავიდეს ქართველი ხალხის გზავნილებით და პოლიტპატიმრების გარეშე. საქართველოში აღარ უნდა იყვნენ პოლიტპატიმრები. ეს გასაღები აქვს პრეზიდენტს ჯიბეში და მან უნდა გამოიყენოს“,-განაცხადა „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გედევან ფოფხაძემ.

IPN