"სააკაშვილმა სტრასბურგის გადაწყვეტილება უნდა აიღოს და იმ ადამიანებს, ვინც ის წააქეზა, ვინც ის ამ დღეში ჩააგდეთ, სულ თავში უნდა გირტყათ!" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილმა სტრასბურგის გადაწყვეტილება უნდა აიღოს და იმ ადამიანებს, ვინც ის წააქეზა, ვინც ის ამ დღეში ჩააგდეთ, სულ თავში უნდა გირტყათ!"

სააკაშვილმა სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ თუ რამე უნდა გააკეთოს, ეს გადაწყვეტილება უნდა აიღოს და იმ ადამიანებს, ვინც ის წააქეზა, ვინც ის ამ დღეში ჩააგდეთ, სულ თავში უნდა გირტყათ! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა და ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზეა და შესაბამისად ოპოზიციამ თავისი პროპაგანდის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს.

„სტრასბურგის სასამართლომ გითხრათ, რომ ქვეყნის დაზიანებას, სპეკულაციას თავი დაანებოთ და კაცობა დაიწყეთო, მაგრამ ჩვენ, შორს ვართ იმ ილუზიისგან, რომ თქვენ რაიმე სახით სწორ გზას დაადგებით. ან ქვეყნის დაზიანებას თავს დაანებებთ, ან პოლიტიკურ პარაზიტირებას თავს დაანებებთ. დღევანდელი დღეც ამის დასტურია - დარწმუნებული ვარ, ჩემ შემდეგაც გამოლაგდებით და წიოკს გამართავთ, თემას არ უშვებთ, რომ ასეთი სპეკულაციები განავითაროთ. სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ საქართველოს მართლმსაჯულება არის მოწოდების სიმაღლეზე, საქართველოს ხელისუფლება არის მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ ვიცავთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ისე, როგორც წამყვან ევროპულ ქვეყნებშია ეს. ბოლოს, მე მინდა გითხრათ - სტრასბურგის გადაწყვეტილებით ბოდიში მოუხადოთ ჩვენს ქვეყანას, საკუთარ ხალხს, იმ კამპანიისთვის, რომლის დროსაც, თქვენ ტალახს ესროდით და აზიანებდით ჩვენს ქვეყანას. თქვენ ის ხალხი ხართ და ეს იმ მსჯელობის გაგრძელებაა, რაც ქალბატონი სამადაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ თქვენი სურვილია საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს დაუწესოთ სანქციები. ეს იმის გაგრძელებაა, რომ საქართველოში თითქოს სააკაშვილი ვიღაცამ მოწამლა და სააკაშვილს ვიღაცა კლავს. როდესაც პატიმრობა იყო სიკვდილთან გათანაბრებული და პატიმრობა უდრიდა ავტომატურად სიკვდილს, ეს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების დროს ჩავაბარეთ წარსულს. ამიტომ, ნუ გერევათ რა დროში და რა სიტუაციაში ხართ! სააკაშვილმა ამ გადაწყვეტილების შემდეგ თუ რამე უნდა გააკეთოს, ეს გადაწყვეტილება უნდა აიღოს და იმ ადამიანებს, ვინც ის წააქეზა, ვინც ის ამ დღეში ჩააგდეთ, სულ თავში უნდა გირტყათ!“- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა სააკაშვილის ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

IPN