"გიორგი მესამის საზღვაო ომი კასპიის ზღვაზე"
მე-12 საუკუნის შირვანელი ავტორის, ხაყანი შარვანის ნაწერების სრულმა გამოცემამ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
მე-12 საუკუნეში ქართველთა დიდ საზღვაო ბრძოლაზე გსმენიათ რამე? ამბავი კი ასე იყო:
1173 წელს საქართველოს ყმადნაფიც შირვანს შეესია რუსთა და დარუბანდელთა დიდი ლაშქარი, რუსები ზღვით - ფლოტით და დარუბანდელები - ხმელეთით. გიორგი მესამის მამიდაშვილი - შირვანშაჰი აღსართანი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა და დახმარება მეფე გიორგის სთხოვა. ამ დროს საქართველოში იმყოფებოდა მეფის მამიდაშვილი, მომავალი იმპერატორი ანდრონიკე კომნენოსი, რომელიც, ამავე დროს, აღსართანის დეიდაშვილი იყო.
ქართველთა ლაშქარი სწრაფად გაემართა შირვანში (კარგად დააკვირდით და დაიმახსოვრეთ, რომ ეს არის სამი ხელმწიფის, სამი ალალი ბიძაშვილ-მამიდაშვილის - ანდრონიკეს, გიორგის და აღსართანის ამბავი). სამივე ხელმწიფე დავით IV აღმაშენებლის შვილიშვილი იყო - გიორგი - მამის, ანდრონიკე და აღსართანი კი - დედის ხაზით. ერთი მოძმე ხელმწიფე ეხმარებოდა ზღვიდან და ხმელეთიდან ალყაშემორტყმულ მეორე მოძმე ხელმწიფეს. ქართველებმა ორივე მიმართულებით აბსოლუტურ წარმატებას მიაღწიეს, ხმელეთის მიმართულებით მთლიანად გაანადგურეს მტერი, შაბურანი აიღეს, ზღვაზე კი, ხაყანის მიხედვით, განადგურებულ იქნა 73 გემი! შესაძლოა, ავტორი აჭარბებდეს, მაგრამ აშკარაა, რომ გიორგი მესამემ დიდ საზღვაო ბრძოლაში გაანადგურა რუსული ფლოტი. აღებული შაბურანი ქართველებმა აღსართანს გადასცეს.
ახლა გაიხსენეთ ფრიდონის (შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი"- ავტ.) ამბავი, რომელიც საზღვაო ქვეყნის მეფეა და რომელსაც მტერი ზღვიდან და ხმელეთიდან ერთდროულად ადგება, სწორედ ისე, როგორც აღსართანს. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფ ფრიდონს შველის ტარიელი, რომელიც დიდ საზღვაო ბრძოლაში ანადგურებს მტრის ფლოტს და სამეფოში ისევ ფრიდონს აღადგენს:
,,ნავი წინა მომეგება, არა ვიცი შვიდი თუ რვა,
ფიცხლად ზედა შევეჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა.
ქუსლი ვკარ და დავუქცივე, დაიძახეს დიაცურ ,,ვა“...
კვლა სხვა მივე, მოვკივდე ხელი ნავისა ბაგესა,
ზღვასა დავანთქი, დავხოცე, ომიმცა რაღა აგესა,
სხვანი გამექცეს, მიმართეს მათ მათსა საქულბაქესა“.
ვფიქრობ, ტარიელისაგან ფრიდონის შველაში არეკლილია გიორგი მესამის დიდი საზღვაო ომი რუსების წინააღმდეგ და აღსართანის ხელისუფლებაში აღდგენა. გიორგი მესამეს ამ ბრძოლაში ახლდა ლიხთიმერთა და ამერთა ლაშქარი, საზღვაო ბრძოლაში იგი უნდა დაყრდნობოდა ლიხთიმერთა და აფხაზთა ლაშქარს, რომელსაც ზღვაზე ბრძოლის გარკვეული გამოცდილება გააჩნდა. ქართული წყარო ამ მოვლენაზე მოკლედ საუბრობს და არ აკონკრეტებს შირვანს შესეულ ,,ხაზართა“ ვინაობას, მაგრამ ხაყანი და სხვა მუსლიმანი ავტორები დაწვრილებით საუბრობენ დარუბანდელთა მოკავშირე ამ რუსულ ლაშქარზე და ფლოტზე, რომელიც გიორგიმ გაანადგურა.