შოიგუს რომ ჯანჯღავასთვის დაეჯერებინა, უკრაინა უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა...
16 მაისის გამთენიისას რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საჰაერო იერიში განახორციელა აერობალისტიკური "კინჟალების", "ისკანდერების", ფრთოსანი "კალიბრებისა" და "შაჰიდის" დრონი-კამიკაძეების გამოყენებით...
უკრაინის საჰაერო თავდაცვის მტკიცებით, მათ 18 გამოშვებული რუსული რაკეტიდან 18-ვე მოიგერიეს, მათ შორის - ექვსი "კინჟალი", რაც გასაოცარი წარმატება არის, თუკი სიმართლეს ბოლომდე შეეფერება, ისე კი კიევის ღამისეული ცა მართლაც დაემსგავსა ისრაელის განათებულ ღამის ცას, როდესაც პალესტინელების მიერ გაშვებულ რაკეტებს ანტირაკეტებით იგერიებენ - კიევიდან ერთმანეთის მიყოლებით არანაკლებ 32 საზენიტო რაკეტა აიჭრა ცაში, რომელთა სტარტის დახრილი კუთხე იმას მიანიშნებდა, რომ ისინი საზენიტო-სარაკეტო "პეტრიოტების" მიერ იყვნენ გაშვებულნი...
ამხელა შესავალი იმიტომ დაგვჭირდა, რომ გადავიდეთ სტატიის ძირითად თემაზე, რომელიც უშუალოდ უკავშირდება იმას, რაც დღეს რუსეთ-უკრაინის ომში ხდება - საჰაერო შეტევების დაგეგმვა-განხორციელება ცრუ საჰაერო სამიზნეების გამოყენებით, მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის გადატვირთვის მიზნით...
მოკლედ, მსოფლიო დონის მეცნიერებისა და საავიაციო კონსტრუქტორების კოჰორტაში ოთხი ათეული წლის განმავლობაში თანასწორად მოიხსენიებოდა გივი ჯანჯღავას სახელი, ჩვენი თანამემამულის, რომელიც 1940 წელს დაიბადა თბილისში და ორი წლის წინ, 2021 წლის 7 ოქტომბერს გარდაიცვალა რუსეთში.
აქტიური სამეცნიერო და კონსტრუქტორული მოღვაწეობის პერიოდში 81 წლის გივი ჯანჯღავა მსოფლიოს სამხედრო ავიაციის ისტორიაში შევიდა, როგორც ცნობილი საბჭოთა/რუსული მეოთხე თაობის МиГ-29 და Су-27 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავებისთვის "ტვინის" ჩამდგმელი ანუ მათთვის საპილოტაჟე-სანავიგაციო კომპლექსების შემქმნელი იმ პერიოდში, როდესაც ერთ-ერთ ყველაზე გასაიდუმლოებული და დახურული "რამენსკოეს ხელსაწყომშენებელი საკონსტრუქტორო ბიუროს" გენერალური კონსტრუქტორი გახლდათ, 1991-იდან 2021 წლის ჩათვლით.
ჯანჯღავას ხელმძღვანელობით შექმნილი ავიონიკა (საფრენი აპარატების საპილოტაჟო-სანავიგაციო ხელსაწყოების მთელი რიგი) დღესაც გამოიყენება იმ საბჭოთადროინდელ საბრძოლო თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებში, რომლებიც დღეს რუსეთის მხრიდან უკრაინას უტევენ და მათშიც, რომლებითაც უკრაინელი პილოტები სამშობლოს ცის დაცვას ცდილობენ...
კონკრეტულად კი,1991 წლიდან, როდესაც გივი ჯანჯღავა "რამენსკოეს ხელსაწყომშენებელ საკონსტრუქტორო ბიუროს" დირექტორად და გენერალურ კონსტრუქტორად დაინიშნა (ისე კი, მან ამ საკონსტრუქტორო ბიუროში მუშაობა ჯერ კიდევ 1964 წლიდან დაიწყო, რიგით ინჟინრად, მოსკოვის ენერგეტიკული ინსტიტუტის დამთავრებისთანავე), მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ინდოეთის მიერ შეკვეთილი Су-30МКИ ტიპის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავების აღჭურვა მოდერნიზებული ციფრული საპილოტაჟე-სანავიგაციო სისტემით, ისევე, როგორც იმავე ინდოეთისთვის განკუთვნილ "საგემბანო ავაქსს"-მძლავრი საბორტე რადიოლოკატორით აღჭურვილ Ка-31-ს დაუყენდა მისი შექმნილი ძალიან ზუსტი სანავიგაციო სისტემა, რაც აუცილებელია ოკეანის თავზე მფრენი შვეულმფრენის ეკიპაჟის სივრცეში საორიენტაციოდ.
არც ისაა დასავიწყებელი, რომ ჯანჯღავას დამსახურებაა მსოფლიოში უდიდესი შვეულმფრენის - Ми-26-ის ხუთკაციანი ეკიპაჟის რიცხოვნების მოდერნიზებულ Ми-26Т2-ში ორ კაცამდე შემცირება, მის კაბინაში ძველი, რამდენიმე ათეული ხელსაწყოს ნაცვლად მხოლოდ ოთხიოდე მრავალფუნქციური "დისპლეის" დაყენებით...
მაგრამ გარდა ამ წმინდა ტექნიკური სახის სამუშაოებისა, გივი ჯანჯღავას რუსეთის ხელისუფლებისთვის შეთავაზებული ჰქონდა ერთი, ძალზე მნიშვნელოვანი წინადადება, რომელიც სტრატეგიული დონის ჩანაფიქრს შეიცავდა და რომლის განხორცილების შემთხვევაში დღეს რუსეთს მნიშვნელოვანი სამხედრო უპირატესობა ექნებოდა არა მარტო უკრაინასთან, არამედ - ნატოს ევროპულ ქვეყნებთან მიმართებაშიც...
საქმე ის არის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,1990-იან წლებში, დიდი რაოდენობის ერთძრავიანი საბრძოლო თვითმფრინავები დარჩა რუსეთის არსენალში, შედარებით მოძველებული МиГ-21-ების და იმ მომენტისთვის საკმაოდ თანამედროვე МиГ-23 გამანადგურებლების, ასევე, МиГ-27 და Су-17М3 ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენების სახით.
მძიმე ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში მყოფმა მაშინდელმა რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ რამდენიმე ასეული ასეთი თვითმფრინავი ჯართში გაუშვა იმ მოტივით, რომ ერთძრავიან რეაქტიულ თვითმფრინავებზე ფრენა თითქოს სახიფათო იყო და შეიარაღებაში მხოლოდ ორძრავიანი გამანადგურებლები - МиГ-29-ები, Су-27-ები და Су-25 მოიერიშეები დაიტოვა.
სხვადასხვა ქვეყნის საჰაერო ძალებში დღესაც უპრობლემოდ დაფრინავენ ერთძრავიანი F-16-ები, "მირაჟები" თუ "გრიპენები" და ამას არავინ უჩივის, უბრალოდ, მაშინდელ რუსეთის ხელისუფლებას ამხელა საბჭოთა სამხედრო მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის თავი არ ჰქონდა და თანაც დურალუმინისგან დამზადებული რამდენიმეტონიანი "მიგები" დიდი მოთხოვნით სარგებლობდნენ ფერადი ლითონის მიმღებ პუნქტებში, რამაც არა ერთი რუსი გენერალი მილიონერად გადააქცია...
მოძველებული საბრძოლო თვითმფრინავების შენახვის პრობლემა აშშ-სა და ჩინეთსაც აწუხებთ, მაგრამ ამერიკელები საიმედოდ აკონსერვებენ და უდაბნოში ათწლეულების განმავლობაში ღია ცის ქვეშ კარგად ინახავენ ასეთ საფრენ აპარატებს, ისევე, როგორც ჩინელები არ ჩქარობენ მათ დაჭრას და ჯართში ჩაბარებას.
გივი ჯანჯღავა კი კრემლს და რუსეთის თავდაცვის მინისტრებს, შოიგუს ჩათვლით, შემდეგს სთავაზობდა - საბრძოლო მზადყოფნიდან მოხსნილი რეაქტიული თვითმფრინავები ჯართში კი არ ჩააბაროთ, არამედ მათზე ჩემი საკონსტრუქტორო ბიუროს შექმნილ ახალ საპილოტაჟე-სანავიგაციო სისტემას დავაყენებ, რომელიც მათ კამიკაძე-თვითმფრინავებად გადააქცევს და ომის შემთხვევაში, პირველად მათ გავუშვებთ საჰაერო შეტევაზე და მოწინააღმდეგემ კიდეც რომ ჩამოაგდოს, მაინც დიდად მოგებულნი დავრჩებითო - მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადაიტვირთება და მათ ჩამოსაგდებლად ბევრ საზენიტო რაკეტას გახარჯავს, ხოლო საჰაერო იერიშის მეორე ტალღაზე გაფრენილ ჩვენს პილოტებს გადარჩენის მეტი შანსი დარჩებათო...
მართლაც, წარმოიდგინეთ, ახლა უკრაინას ასობით ჩამოწერილი, რამდენიმეტონიან კამიკაძე-დრონად გადაკეთებული რუსული უპილოტო თვითმფრინავი მასობრივად რომ უტევდეს, რა დღეში ჩავარდებოდა უკრაინის საჰაერო თავდაცვა და, საერთოდ, უკრაინის ქალაქები...
გივი ჯანჯღავას ჩანაფიქრი გარკვეულწილად გამოიყენა აზერბაიჯანმა 2020 წლის 27 სექტემბერს, როდესაც ყარაბაღის ბოლო ომის საწყის ეტაპზე სომეხი მეზენიტეების შენიღბული პოზიციების მიმართულებით სწორედ უპილოტოდ გადაკეთებული "კუკურუზნიკები" - Ан-2-ები გააფრინა - სომეხი მეზენიტეები თავიდან კი ძალზე ხარობდნენ ამ ნელა მფრენი თვითმფრინავების ჩამოგდებით, მაგრამ ამას საზენიტო რაკეტების მნიშვნელოვანი მარაგი შეალიეს და, რაც მთავარია, "გაყიდეს" თავიანთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შენიღბული საცეცხლე პოზიციები - მაღლა, ცაში მოდარაჯე აზერბაიჯანელების უპილოტო "ბაირაქტარებმა" უპრობლემოდ დააფიქსირეს სომხური საზენიტო რაკეტების სტარტის ადგილები და მათ "ჰაროპის" ტიპის კამიკაძე-დრონები წარმატებულად "მიუქსიეს"...
გივი ჯანჯღავას, როგორც გენერალური კონსტრუქტორის სახელი შეიძლება ვერ ადის ალექსანდრე ქართველიშვილის - ამერიკული სამხედრო ავიაციის ერთ-ერთი ფუძემდებლის და ალექსანდრე ნადირაძის (რომლის საკონტინენტთაშორისო ბირთვულქობიანი ბალისტიკური "ტოპოლებით" პუტინი დღემდე ემუქრება აშშ-ს) მსოფლიო ცნობადობის დონემდე, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის დღევანდელი საბრძოლო ავიაცია ჯანჯღავას თაოსნობით შექმნილი, მეტ-ნაკლებად თანამედროვე საპილოტაჟე-სანავიგაციო სისტემების გარეშე არარაობა იქნებოდა, ხოლო მისი წინადადება რომ მიეღო კრემლს და ასეულობით ჩამოწერილი რეაქტიული გამანადგურებელი თვითმფრინავი კამიკაძე-დრონად გადაეკეთებინა, რუსეთი ბევრად საშიში გახდებოდა მთელი მსოფლიოსთვის...