"გამწარებული დედის საშინელმა კივილმა შეძრა მთელი სოფელი" - რას ჰყვებიან ქარელში დაღუპულ პოლიციელებზე?
გორი-ქარელის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა. არსებული ინფორმაციით, პოლიციელები თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რა დროსაც, მოულოდნელად, მათ გაჩერებულ ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი შეეჯახა. სამწუხაროდ, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ საპატრულო პოლიციის 2 თანამშრომელი ომარ ქარელი და ვანო ბასანიძე ადგილზე დაიღუპნენ. როგორც ქარელში გვითხრეს, შემთხვევა ცენტრალურ ტრასაზე მოხდა და გარდაცვლილი პოლიციელები ქარელის მაცხოვრებლები არ არიან. ჩვენი ინფორმაციით, ერთი გარდაცვლილი პოლიციელი ვანო ბასანიძეა, მას ყველა დადებითად ახასიათებს. როგორც ამბობენ, ვანო ორი წელია, რაც საპატრულო პოლიციაში მუშაობს. მას პოლიციის აკადემია აქვს დამთავრებული.
"სიტყვები არ მაქვს, ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, ვანოზე საუბარს ვერ შევძლებ. მერე აუცილებლად მოგიყვებით, როგორი მაგარი და კარგი ადამიანი იყო ვანო", - გვითხრა მისმა ახლობელმა.
"საშინელი დილა გაუთენდა დღეს ჩემს მშობლიურ სოფელს, გამწარებული დედის საშინელმა კივილმა შეძრა სოფელი, დილა უთენია, პირი გააღო საშინელმა ბნელმა სიკვდილმა და ორი ახალგაზრდა შეიწირა, ორივე კარგი ბიჭი. ჩვენი ვანო, კეთილგულა ბიჭი იყო, მამაჩემის ნათლული, უბოროტო და ალალი, დიდი სხეულით დაქონდა ესოდენ დიდი გული. მშვიდი, უწყინარი და კარგი მეგობარი იყო, ერთად დავდიოდით მათემატიკის წრეზე და მისი ფარული იუმორი ხასიათს მიკეთებდა ყოველთვის. ალალი ბიჭი იყო ვანო. გაიზარდა, უმაღლესი დაამთავრა და საპატრულოში დაიწყო მუშაობა, ბოლო პატრულირება მისთვის მძიმე და საბედისწერო აღმოჩნდა, იმიტომ რომ კიდევ ერთმა მთვრალმა მძღოლმა იმსხვერპლა ჩვენი ვანო და მისი მეწყვილე. კიდევ ერთმა არადამიანმა, ჩემს მეზობელ სოფელსაც შავი მეხი დაატეხა თავს, იქაც მიასვენეს ვანოს მეწყვილე, იქაც დედის კივილმა შეძრა სოფელი, ვტირით და ვგლოვობთ ჩვენს ბიჭებს, ვიღაც კი ამ დროს ისევ უჯდება ნასვამი საჭეს და ისევ მორიგ მსხვერპლს აქცევს გვამად,.....უბედური დღე გათენდა ჩემს სოფელში, ჩემი პატარა სკოლის ზარი დღეს არ დაირეკება, ყველა ვგლოვობთ ვანოს, ჩვენს კეთილგულა ბიჭს...." - წერს ახლობელი ნატალია კახიაშვილი სოციალურ ქსელში.
შს სამინისტრომაც უკვე გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია ქარელში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ცნობილია დამნაშავის ვინაობაც. „შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რამაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი იმსხვერპლა. 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.ლ. დიდი სიჩქარით მოძრაობდა ქარელის რაიონში და საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ ავტომანქანაში მსხდომი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები: 1972 წელს დაბადებული ომარ ქარელი და 1992 წელს დაბადებული ვანო ბასანიძე. სამართალდამცველებმა გ.ლ. დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.“ - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
(სპეციალურად საიტისთვის)