"შავი ზღვა - ნატოს ფრონტის ახალი ხაზი რუსეთის წინააღმდეგ" - კვირის პალიტრა

"შავი ზღვა - ნატოს ფრონტის ახალი ხაზი რუსეთის წინააღმდეგ"

ბრიტანული ჟურნალი "სფექთეითორი" (The Spectator) სათაურით - "შავი ზღვა - ნატოს ფრონტის ახალი ხაზი რუსეთის წინააღმდეგ" (ავტორი - მარკ გალეოთი) აქვეყნებს სტატიას, რომელშიც განხილულია ამას წინათ შავი ზღვის აკვატორიაში ნატოსა და რუსეთის თვითმფრინავებს შორის მომხდარი ინციდენტი და მისი მნიშვნელობა გლობალურ პოლიტიკაში. ავტორი, ბრიტანელი პროფესორი, გარკვეულ დასკვნებსაც აკეთებს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

"ორიოდე კვირის წინათ, 6 მაისს, რუსულმა ავიაგამანადგურებელმა "სუ-35"-მა შეტევა განახორციელა პოლონურ უიარაღო თვითმფრინავზე (L-410 Turbolet), რომელიც, რუმინეთის თანხმობით, შავი ზღვის საერთაშორისო ტერიტორიული წყლების მონიტორინგით იყო დაკავებული (უკანონო თევზჭერა და ადამიანთა არალეგალური გადაყვანა). ამ ფაქტმა გაგვახსენა, რომ მიუხედავად ხმელეთზე განვითარებული ბრძოლებისა და უკრაინის მოსალოდნელი კონტრშეტევისა, რომლისკენაც მთელი ყურადღებაა მიპყრობილი, ზღვაზეც ხდება მნიშვნელოვანი მოვლენები.

მართალია, ინციდენტის დროს პოლონური თვითმფრინავი არ დაზიანებულა და "L-410 ტურბოლეტი" მშვიდობიანად დაეშვა რუმინეთის აეროპორტში, მაგრამ სიტუაცია შეიძლებოდა გამწვავებულიყო და სავარაუდო შედეგი უფრო უსიამოვნო ყოფილიყო - ნატოს ოთხი ავიაგამანადგურებელი მზად იყო, პოლონური თვითმფრინავის დასახმარებლად აფრენილიყო. სხვათა შორის, ერთი დღის შემდეგ იმავე აკვატორიაში უკვე დიდი ბრიტანეთის (ანუ ნატოს) რადიოელექტრონული დაზვერვის "ბოინგი" (Boeing RC-135 Rivet Joint) გამოჩნდა - ეს ის თვითმფრინავია, რომელიც შარშან, სექტემბერში, რუსმა პილოტმა კინაღამ ჩამოაგდო: რაკეტა გაუშვა, რომელიც, საბედნიეროდ, არ აფეთქდა. მას შემდეგ ფრანგული, იტალიური და თურქული სადაზვერვო თვითმფრინავები აქტიურად მოქმედებენ შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში. შეიძლება ითქვას, რომ აქაც გადის ფრონტის უხილავი ხაზი ნატოსა და რუსეთს შორის.

შავ ზღვაში მოქმედი რუსული გემები და თვითმფრინავები, რომლებიც რაკეტებით არიან შეიარაღებულნი, ხელს უშლიან და საფრთხეს უქმნიან სამოქალაქო ნაოსნობას, რომელსაც ე.წ. ხორბლის დერეფნის ცნობილი შეთანხმება არეგულირებს. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდები უკრაინისაკენ ფრთოსან რაკეტებს უშვებენ, იმავეს აკეთებს უკრაინის არმიაც: ყირიმი, ერთი მხრივ, კიევის არმიის დრონებით დარტყმის ობიექტი ხდება, მეორე მხრივ, საპასუხოდ, ყირიმიდანაც იბომბება უკრაინის ობიექტები.

ყირიმის პოლიტიკური პერსპექტივა ძალზე რთული თემაა, მაგრამ ვიდრე ნახევარკუნძული არა მარტო რუსული კონტროლის ქვეშ, არამედ - ძალიან მილიტარიზებულ ტერიტორიად რჩება, მანამდე შავი ზღვა ისევ კრემლის ნებას იქნება დაქვემდებარებული და, შესაბამისად, მოსკოვი თავის მუქარას არ შეწყვეტს.

სწორედ ეს იყო იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ხომალდებმა, ნატოს სხვა წევრების გემებთან ერთად, შავ ზღვაში "ნაოსნობის თავისუფლების და უსაფრთხოების" (FONOP) მიზნით ოპერაციების ჩატარება გადაწყვიტეს იმ საერთაშორისო ტერიტორიულ წყლებში, რომლებზეც რუსეთი პრეტენზიებს უკანონოდ აცხადებდა. ნატო რომ უმოქმედოდ დარჩენილიყო, ეს იმის ნიშანი იქნებოდა, რომ ბრიუსელი მოსკოვს ირიბად ეთანხმებოდა. ამით კიდევ უფრო მოახლოვდებოდა დრო, როცა შავი ზღვა "რუსეთის ტბად" გადაიქცეოდა. ამ სიტუაციით ისარგებლებდა ჩინეთი, რომელსაც სამხრეთ ჩინეთის ზღვის აკვატორიაში (ისევე, როგორც რუსეთს შავ ზღვაში) საკუთარი დიდი ინტერესები აქვს და ხშირად არღვევს საერთაშორისო საზღვაო სამართლის პრინციპებს.

საზღვაო გზებს დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებისათვის: პროდუქციის 90% ზღვით გადაიზიდება, რაც ქვეყნებს პირდაპირ და ირიბად ერთმანეთთან აკავშირებს. შავი ზღვის არეალში შექმნილმა სიტუაციამ ვაჭრობა არასტაბილური გახადა - შეფერხდა უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოტანა, რამაც, თავის მხრივ, მსოფლიო ფასებზე ნეგატიურად იმოქმედა. გაჩნდა კვების პროდუქტების დეფიციტი. ამის საპასუხოდ, ზოგიერთმა სახელმწიფომ მიიღო ზომები საკუთარი მარაგების დასაცავად - აკრძალეს ხორბლის ექსპორტი (ინდოეთმა), პალმის ზეთის გატანა (ინდონეზიამ)... ბუნებრივია, წარმოიქმნა მასობრივი შიმშილის საფრთხე აფრიკის რქის რეგიონის ქვეყნებში...

ეს ყველაფერი ხაზს უსვამს საზღვაო უსაფრთხოების რთულ ხასიათს თანამედროვე ეპოქაში. აღსანიშნავია, რომ რუსული ხომალდები და წყალქვეშა მინინავები ჩრდილოეთის ზღვაში ცურვის დროს რუკებზე აზუსტებენ ევროპული ენერგეტიკული და ინტერნეტკაბელების მდებარეობას, აგრეთვე, მილსადენების მიმართულებებს, მათი სამომავლო საბოტაჟის მიზნით. ჩინეთი თავის მეთევზეებს - ე.წ. ლურჯ კაცუნებს (რუსული "მწვანე კაცუნების" ანალოგიურად) საზღვაო მილიციაში და სანაპირო დაცვაში იყენებს, რომ ამერიკული სამხედრო გემების მოძრაობა შეაფერხოს. სხვათა შორის, პეკინი ცდილობს, აგრეთვე, დასავლეთ ფილიპინების ზღვის გაკონტროლებასაც და იქიდან მანილის კუთვნილი გემების გაძევებას.

რასაკვირველია, შეირაღებული ძალების ყველა სახეობას - სახმელეთო არმია იქნება თუ სამხედრო-საჰაერო ძალები - თავისი როლი და მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამჟამად სამხედრო-საზღვაო ძალები, სხვებთან შედარებით, უფრო მეტად მნიშვნელოვან ამოცანებს ასრულებენ. მსოფლიო ოკეანიის კონტროლი მართლაც გლობალურ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც მოიცავს როგორც უსაფრთხოებისა და პოლიტიკის, ასევე - ეკონომიკის სფეროსაც. ლონდონში ამ დღეებში დაგეგმილი კონფერენციაც სწორედ ამ საკითხებს განიხილავს - როგორც [საზღვაო ოპერაციების] აუცილებლობას და მათი დაფინანსების პრობლემას, ასევე, უკრაინის სახმელეთო ომისადმი ყურადღების კონცენტრირებას. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ