რუსულმა "კინჟალმა" უკრაინელების "პეტრიოტი" "დაჭრა"? - კვირის პალიტრა

რუსულმა "კინჟალმა" უკრაინელების "პეტრიოტი" "დაჭრა"?

რუსეთ-უკრაინის ომი თანდათანობით იძენს მესამე მსოფლიო ომის დასაწყისის ნიშნებს, რაც გამოიხატება უფრო და უფრო თანამედროვე სახეობის შეიარაღების ერთმანეთთან დაპირისპირებაში...

სულ ერთი კვირის წინ უკრაინული მხარე ამაყად აცხადებდა, რომ ამერიკელების მიერ გადაცემული საზენიტო "პეტრიოტით" პირველად ისტორიაში მოახერხეს რუსული ჰიპერბგერითი აერობალისტიკური რაკეტის - "კინჟალის" ჩამოგდება, ხოლო დღეს უკვე რუსები ამაყობენ იმით, რომ "კინჟალის" ზუსტი დარტყმით კიევში ამერიკული "პეტრიოტი" გაანადგურეს...

ისევე, როგორც მოსკოვმა არ აღიარა თავისი "კინჟალის" ჩამოგდება, არც კიევი ადასტურებს "პეტრიოტის" დაკარგვას, თუმცა კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს...

"პეტრიოტის" მიერ ჩამოგდებული რუსული "კინჟალის" დეტალების (მათ შორის - შემღწევი საბრძოლო ქობინის) არა ერთი ფოტო გავრცელდა, ისევე, როგორც გამოჩნდა კიევის ერთ-ერთ უბანში ძლიერი აფეთქების ვიდეოკადრები, სწორედ იმ ადგილას, საიდანაც მანამდე ერთმანეთის მიყოლებით არანაკლებ 32(!) საზენიტო რაკეტის სტარტი დაფიქსირდა კიევის ღამისეულ ცაში...

სტარტების შემდეგ საზენიტო რაკეტების ფრენის დახრილი ტრაექტორია შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ მათ Patriot -ის ან NASAMS -ის საზენიტო დანადგარები უშვებდნენ და, შესაბამისად, საპასუხო სარაკეტო დარტყმაც სწორედ მათი მიმართულებით განხორციელდა, რაც, სავარაუდოდ, დააზიანებდა ან სულაც გაანადგურებდა იმ საცეცხლე პოზიციაზე მდგომი საზენიტო სისტემის რომელიმე კომპონენტს - ან სარაკეტო დანადგარს, ან რადიოლოკაციურ სადგურს...

რუსეთის მხარე, გასაგებია, რომ უფრო ზრდის უკრაინელების შესაძლო დანაკარგს და აცხადებს ერთი "პეტრიოტისა" და ორი IRIS-T-ის განადგურების შესახებ, უკრაინელები დუმილს ამჯობინებენ, სამაგიეროდ, ამერიკული მასმედია, პენტაგონის დაუკონკრეტებელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსული "კინჟალის" დარტყმას მოჰყვა უკრაინელების ერთი "პეტრიოტის" დაზიანება და ახლა სპეციალისტები წყვეტენ, მისი გარემონტება უკრაინაშივე იქნება შესაძლებელი მცირე ძალებით თუ აუცილებელი გახდება ამ დაზიანებული "პეტრიოტის" გადაგზავნა ევროპაში ან ამერიკაში უფრო სერიოზული რემონტის ჩასატარებლად.

ის, რომ ჩამოგდებული "კინჟალისთვის" რუსეთი შურისძიებას გადაწყვეტდა და "პეტრიოტებზე" დაიწყებდა ნადირობას, ძნელი გამოსაცნობი არ გახლდათ და მართლაც, 16 მაისის გამთენიისას კიევის მიმართულებით განხორციელდა მასიური საჰაერო თავდასხმა "კინჟალების", "კალიბრების", "ისკანდერებისა" და "შაჰიდების" გამოყენებით.

უკრაინელი მეზენიტეები აცხადებენ, რომ მათ მოახერხეს 25 სამიზნიდან ყველას ჩამოგდება, მათ შორის - ექვსივე "კინჟალისაც", თუმცა ამ რუსული სარაკეტო დარტყმის ასპროცენტიანი მოგერიება ცოტა ძნელი დასაჯერებელია, რაზეც მეტყველებს სავარაუდოდ დაზიანებული "პეტრიოტიც"...

2-petrioti-1684312883.png
კიევში, საზენიტო რაკეტების გამშვები დანადგარის სიახლოვეს მომხდარი აფეთქების ამსახველი ვიდეოკადრი, სათვალთვალო ვიდეოკამერის მიერ დაფიქსირებული.

ამ კონკრეტულმა საჰაერო ბრძოლამ, საზენიტო და აერობალისტიკურ რაკეტებს შორის, კიევის თავზე, კიდევ ორი ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტი გამოავლინა.

პირველი - კიევის ქუჩებში ჩამოვარდნილი საზენიტო რაკეტების ფრაგმენტების ფოტოებიდან ჩანს, რომ უკრაინელი მეზენიტეები იყენებდნენ "პეტრიოტის" ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე მოდიფიკაციის - Patriot PAC-3 CRI ტიპის ანტირაკეტებს, რითაც აიხსნება მანამდე, ერთი კვირით ადრე ჰიპერბგერითი რუსული "კინჟალის" ჩამოგდების ფაქტი;

მეორე - უკრაინელებმა დაინახეს, თუ რა საფრთხეს შეიცავს...ინტერნეტში ჩართული ქუჩის ვიდეოკამერები!

გასულ წელს, უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების შეჭრისას, უკრაინის სამხედრო დაზვერვას ძალზე გამოადგა ინტერნეტში "ლაივ" რეჟიმში ჩართული ქუჩისა და მაღაზიების, ასევე - კერძო პირების სათვალთვალო ვიდეოკამერები, რომელთაგან "პირდაპირ ეთერში" მიღებული ვიდეოკადრებით ადვილად საზღვრავდნენ რუსული სამხედრო კოლონების შემადგენლობას და ქუჩებში გადაადგილების მიმართულებებს, მათზე ჩასაფრებების მოსაწყობად.

3-pertio-1684312910.png
უკრაინელებისთვის გადაცემული ამერიკული საზენიტო „პეტრიოტიდან“ გაშვებული თანამედროვე Patriot PAC-3 CRI ტიპის ანტირაკეტის ძრავის ნაწილი, ჩამოვარდნილი კიევის ქუჩაზე.

ისე, შორს რომ არ წავიდეთ, ასეთი სათვალთვალო კამერებიდან მიღებული ვიდეოკადრებით აგვისტოს ომის დროს ქართულმა მხარემაც არა ერთხელ ისარგებლა გორში შემოჭრილი რუსი ოკუპანტების დანაშაულებების აღსაბეჭდად.

მაგრამ ის, რაც უკრაინის დაზვერვას გამოადგა ომის დასაწყისში, დღეს უკრაინის საწინააღმდეგოდ მუშაობს - უკრაინის ხელისუფლებას დიდი ხანია, აკრძალული აქვს მოქალაქეების მიერ რუსული საჰაერო დარტყმების ადგილებისა და შედეგების გადაღება და მით უმეტეს - მათ ატვირთვა ინტერნეტში, მაგრამ ქუჩის სათვალთვალო კამერები რაღაცნაირად "პასუხისგების" გარეშე რჩებოდნენ, თუმცა16 მაისს, კიევზე საჰაერო შეტევის, ფაქტობრივად, "ლაივ" რეჟიმში ჩვენების შემდეგ, რითაც შეეძლო ესარგებლა რუსეთის დაზვერვას საჰაერო დარტყმების კოორდინირებისთვის, ეტყობა, საბოლოოდ გამოუტანენ "განაჩენს" ამ სათვალთვალო კამერებს და მათ მეპატრონეებს პასუხისმგებლობას დააკისრებენ...