"კრემლი - ეს მართლაც ბოროტების სიმბოლო, გამარჯვებას ვერ იზეიმებს" - კვირის პალიტრა

"კრემლი - ეს მართლაც ბოროტების სიმბოლო, გამარჯვებას ვერ იზეიმებს"

"დედა ლაპარაკს მასწავლიდა, ცხოვრება - დუმილს“

მწერალსა და დიპლომატს, ქართული კულტურის დესპანს (სხვა არაერთ ჯილდოსა და სიგელთან ერთად მას ასეთი წოდებაც მიანიჭეს), რაულ ჩილაჩავას 15 მაისს 75 წელი შეუსრულდა. უამრავ წარმატებასა და სიხარულთან ერთად იყო მარცხიც, იმედგაცრუებაც, ტკივილიც... საუბარი დავიწყეთ იმით, თუ რა ასწავლა წლებმა. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"საკმაოდ დიდი ხანია ამქვეყნად ვცხოვრობ და რა თქმა უნდა, ბევრი განსაცდელი გამოვიარე, ჯერ კიდევ სიჭაბუკეში პირმშოს დაღუპვიდან უკვე სიჭარმაგეში უახლოესი და უძვირფასესი ადამიანების დაკარგვამდე. ნახევარ საუკუნეზე მეტი სამშობლოს გარეთ, უცხო ენობრივ და მენტალურ გარემოცვაში ყოფნა და შემოქმედებითი საქმიანობა, სანათესაო და სამეგობრო წრეს მოწყვეტაც არ ყოფილა ადვილი. იყო გულგატეხილობაც, უიმედობაც, სასოწარკვეთაც..."

"არსებობდა ტაბუირებული თემები, ცენზურა, რომლის მახვილ თვალს არაფერი გამოეპარებოდა. პირადად მე, 1976 წელს გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოში“ უკვე გამოსული წიგნიდან 5 გვერდი ამომიხიეს, ზედმეტად სევდიანიაო. არადა, ეს ლექსები ეძღვნებოდა საავტომობილო კატასტროფაში დაღუპული შვილის ხსოვნას და პოლიტიკასთან არაფერი ჰქონდა საერთო..." " სიყვარულის დეფიციტია ყველა სიავისა და უბედურების სათავე. თუ უფრო სიმბოლურად ვიტყვით - ღმერთის დეფიციტი ადამიანებში, რადგან, როგორც ვიცით, თავად ღმერთია სიყვარული. დიახ, რუსეთში დღეს სიყვარულის უკიდურესი სინაკლებეა, თორემ როგორ შეიძლებოდა ის ბარბაროსობა, რაც გაგანია ოცდამეერთე საუკუნეში, ნაციზმისა და ფაშიზმის დამარცხებიდან თითქმის რვა ათწლეულის შემდეგ ბუჩასა და ირპინში სამხედროებმა ჩაიდინეს! დოსტოევსკი ამბობს, ეშმაკი და სიკეთე განუწყვეტლივ ებრძვის ერთმანეთს, ასპარეზი კი კაცის გულიაო. ეს ბრძოლა მარადიულია, ალბათ, არასოდეს დამთავრდება, მაგრამ მთავარია, ეშმაკმა არ გაიმარჯვოს, სიკეთე არ დაამხოს..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 18 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი