"ტყვიავში დიდი გლოვაა... ორი შვილის მამა დაიღუპა... ვანოს შეყვარებული ჰყავდა" - როგორ ახასიათებენ ახლობლები ომარ ქარელსა და ვანო ბასანიძეს?
ქარელში მომხდარი ავარიის დროს დაღუპული პოლიციელების ომარ ქარელისა და ვანო ბასანიძის ცხედრები უკვე თავიანთ სოფლებში მიასვენეს. ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარდა. როგორც ირკვევა, თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა დაეჯახა ავტომაგისტრალზე გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟს. შემთხვევის შედეგად პოლიციის ორივე თანამშრომელი ადგილზე დაიღუპა. დამნაშავე მძღოლი "გორმედის" ქსელის ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, როგორც ირკვევა, მას სერიოზული დაზიანება არ ჰქონდა.
ორივე დაღუპული პოლიციელი წლების განმავლობაში საპატრულო პოლიციაში მუშაობდა და ისინი იმ საბედისწერო დღეს გორი-ქარელის მონაკვეთზე, თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ. არსებული ინფორმაციით, მძღოლი, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ის ოპერატიულად დააკავეს ძალოვანებმა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-9 ნაწილითაა დაწყებული, რაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია შს სამინისტრომაც უკვე გაავრცელა.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რამაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი იმსხვერპლა. 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.ლ. დიდი სიჩქარით მოძრაობდა ქარელის რაიონში და საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ ავტომანქანაში მსხდომი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები: 1972 წელს დაბადებული ომარ ქარელი და 1992 წელს დაბადებული ვანო ბასანიძე. სამართალდამცველებმა გ.ლ დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია", - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორივე გარდაცვლილი პოლიციელი გორის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ, ვანო ბასანიძე სოფელ მეღვრეკისიდან იყო, ხოლო ომარ ქარელი - ტყვიავიდან. როგორც შევიტყვეთ, ომარ ქარელი წლებია, რაც საპატრულო პოლიციაში მუშაობს. ორი შვილის მამაა, ტყვიავში ცხოვრობს მისი ოჯახი და მთელი სოფელი გლოვობს მის გარდაცვალებას.
"ძალიან კარგი ბიჭია დაღუპული. ორი შვილის მამა. ომარი ტყვიავში დაიბადა და გაიზარდა, წლებია მსახურობს პოლიციაში და დღეს ეს მძიმე ამბავი გავიგეთ. თავის ცოლთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა. მშობლები და ძმა ჰყავს სოფელში. ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. მიზეზებს გამოძიება დაადგენს", - გვითხრა მერიის წარმომადგენელმა სოფელ ტყვიავში ივანე კორინთელმა.
"ომარი კარგი ადამიანი იყო, ეს თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ და ძალიან განვიცდით. მთელი სოფელი ტირის, დიდი გლოვაა სოფელ ტყვიავში. მას ორი შვილი დარჩა, ძალიან დასანანია მისი გარდაცვალება და ვუთანაგრძნობთ მის ოჯახს", - გვითხრა ასევე მისმა თანასოფლელმა ნათია ხუბაშვილმა.
უამრავი ადამიანი ემშვიდობება გარდაცვლილ პოლიციელებს სოციალური ქსელით.
"მადლობა ბიჭებო პოლიციის ფორმის ღირსეულად ტარებისათვის. მადლობა ღირსეულად რომ ემსახურეთ თქვენს საქმეს. მადლობა იმ კარგი ადამიანობისათვის, კარგი კაცობისა და ვაჟკაცობისათვის, რომელსაც ყოველთვის იჩენდით. ნათელი და სანთელი თქვენს სულებს", - წერს სოციალურ ქსელში გიორგი გოგალაძე.
"ჩემთვის ძალიან მძიმეა ვანოზე წარსულში საუბარი. იშვიათია მისნაირი ადამიანები, ძალიან მხიარული, კეთილი, ღიმილის ბიჭი იყო. ზრდილობით სავსე. მართლა ძალიან იშვიათია მისნაირი ადამიანები. მიჭირს, მასზე წარსულში საუბარი, მაგრამ თავს ძალას ვატან, რადგან მინდა ყველამ იცოდეს ამ ღიმილიან ბიჭზე, რომელსაც საოცარი მეგობრობა შეეძლო. 2016 წელს გავიცანი ვანო, მე კონსულტანტი ვიყავი, ვანო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. პირველივე დღიდან დავმეგობრდით, ზრდილობით სავსე, კეთილი, ღიმილიანი იყო მუდამ. ყველას ძალიან უყვარდა, არ მჯერა, ვერ ვიჯერებ რომ ეს ყველაფერი სიმართლეა. ძალიან კარგი ოჯახის შვილია. მშობლები და ძმა ჰყავს ვანოს. მეღვრეკისიდან იყო. ოჯახი ჯერ არ ჰქონდა შექმნილი. შეყვარებული ჰყავდა, არაჩვეულებრივი გოგონა. როგორც თვითონ იყო გამორჩეული, ისიც ძალიან კარგი გოგოა. ძალიან განვიცდი ამ ტრაგედიას და სამძიმარს ვუცხადებ ყველას. ძალიან დიდი დანაკლისია მისი გარდაცვალება,"- მითხრა ვანოს მეგობარმა მარი ბერიანიძემ.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, სავარაუდოდ, დაკავებულ მამაკაცს ბრალს ხვალ წაუყენებენ.
(სპეციალურად საიტისთვის)