"ახალგაზრდა მშობლები დავკარგეთ... ცხოვრება ზურამ გაგვაგრძელებინა" - დიდ ქართველ მსახიობს ზურაბ ქაფიანიძეს უმცროსი დები იხსენებენ
მსახიობ ზურაბ ქაფიანიძის ცხოვრების შესახებ მისი კოლეგები და მეგობრები საინტერესო ამბებს ხშირად იხსენებენ და სიამოვნებით ჰყვებიან. ამბობენ იმასაც, რომ ის არა მარტო დიდი მსახიობი, დიდი გულის ადამიანიც იყო, რასაც ყოველ ნაბიჯში ავლენდა.
ერთხელ, მძიმე წლებში, მსახიობს თურმე ერთ-ერთი ფილმის ჰონორარი ჰქონდა აღებული. მაღაზიაში შესულს უნახავს კაცი, რომელიც იდგა და წვალობდა - 4 შვილის სამყოფ სანოვაგეს ვერ ყიდულობდა, ფული არ ჰყოფნიდა. ამის შემყურე ზურამ ჯიბიდან ფული ამოიღო: - აი, ძმაო, ნახევარი შენ და ნახევარი - მე. იყიდე, რაც გინდაო. კაცი სიხარულისგან თურმე დამუნჯდა და შვილებთან სანოვაგით დატვირთული წავიდა…
წლების შემდეგ კი ასეთი რამ მოხდა თურმე, ქუჩაში მომავალ მსახიობს სიცილით კაცი შეეგება, - მე ის ვარ, თქვენ რომ 1000 ლარი აჩუქეთ, იმ ფულით ოჯახიც გამოვკვებე და რაღაც საქმეც წამოვიწყე. ახლა მე მინდა, გაჩუქოთ - თან 1000 დოლარი მაქვს და ნახევარი თქვენ, ნახევარი - მეო…
ასეთი ამბავი მისი ცხოვრებიდან არაერთია...
ზურაბ ქაფიანიძე ოჯახში უფროსი შვილი იყო. მის შემდეგ ქაფიანიძეებს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კიდევ ორი შვილი გაუჩნდათ. ზურა შუათანა დაზე 15 წლით იყო უფროსი, უმცროსზე კი - 18-თ. მათ დედმამიშვილობაზე, როგორც ამბობენ, ლეგენდები დადიოდა...
Ambebi.ge - ს რესპონდენტები ახლა სწორედ ეს ქალბატონები არიან. ისინი ჩვენთან ძმას დიდი სიყვარულით, სითბოთი და მონატრებით იხსენებენ.
ნელი (ნენო) ქაფიანიძე:
- ჩემი მშობლების შუათანა შვილი ვარ. და-ძმის მიმართ რაღაც დედური განცა თავიდანვე მქონდა. ორივეს დედის გადასახედიდან ვუყურებდი.
მარინე (მანო) ქაფიანიძე, უმცროსი და:
- მშობლებს ძალიან გათამამებული ვყავდი. ზურა კიდევ უფრო მეტად მანებივრებდა. ასაკში დიდი სხვაობა იყო. ჩვენთან სუფრა რომ იშლებოდა, სულ მისკენ მივიწევდი, მივეწებებოდი და არ ვშორდებოდი. გაიხსნიდა პერანგს, შემისვამდა, მაჭმევდა, მასმევდა და იქვე ვიძინებდი. იმ დროს ზურა უკვე ჩამოყალიბებული ვაჟკაცი იყო, მე კი პაწაწინა გოგო ვიყავი. როცა ჩვენთან ვინმე ჩვენთან კარზე დააკაკუნებდა და მე ვხდებოდი, ზურა მამაჩემი ეგონათ, მეკითხებოდნენ, - მამა სახლშიაო?
ძალიან მოსიყვარულე ძმა გვყავდა. არანორმალური მოფერება იცოდა. მამა სულ ეჩხუბებოდა, - ფრთხილად, არაფერი მოტეხოო. ხან ოთახიდან გამოაგდებდა, მაგრამ მეც გამოვეკიდებოდი და ზურგზე შევახტებოდი. მამა კი ხელს ჩაიქნევდა და საქმეს გააგრძელებდა...
ზურა სტუდენტი რომ გახდა, ოთახში, სადაც ცხოვრობდა, ჩვენი ბავშვობის დროინდელი ფაჩუჩები ეკიდა... რომ დაიფიცებდა, მარინეს ვფიცავარო, მთელმა სამეგობრომ იცოდა, რომ იქ ეჭვის შეტანა აღარ შეიძლებოდა... დები კაკლის მურაბას ვიპარავდით ხოლმე, დედა გვეხვეწებოდა, სტუმრისთვის ერთი ქილა მაინც დამიტოვეთო. რომ მოვიპარავდით, ზურას ვაბრალებდით, რომელიც მურაბას საერთოდ არ ჭამდა. რა იყო ზური, რა მოგივიდა, - ერთხელ დედამ უსაყვედურა, მიხვდა, რაშიც იყო საქმე - რა მოხდა, დედა, კაკლის მურაბა მომინდა და შევჭამეო, - დაიბრალა. უზომოდ ვუყვარდით...
დედა 17 წლის იყო, ზურა რომ გააჩინა, და-ძმასავით იყვნენ, ძალიან თბილი შვილი იყო. არ მახსოვს, ზურასგან დედას იოტისოდენადაც გული სტკენოდა. მამა უფრო მკაცრი იყო. ხეობაში (ონის რაიონი) თავის ვაჟკაცობით და სიძლიერით იყო განთქმული. ზურას მეგობრები მასთან ხელის ჩამოსართმევად საგანგებოდ ემზადებოდნენ.
ნელი:
- ჩვენ ერთი ძმაც გვყავდა, მაგრამ ჩვილობაში, 1941 წელს ომი რომ დაიწყო, გაციებულა და გარდაიცვალა... მშობლებს იმის მერე კარგა ხანს პაუზა ჰქონდათ, შვილი აღარ გააჩინეს. ჩვენ 15 და 18 წლის შემდეგ დავიბადეთ. გააგრძელეთ კითხვა