კვლევის მიხედვით, გოგონებს წიგნიერებაში უკეთესი მიღწევები აქვთ, ვიდრე ბიჭებს
მეოთხეკლასელი მოსწავლეების წიგნიერების საერთაშორისო კვლევის - PIRLS (Progress in International Reading Literacy Study) 2021 წლის შედეგების მიხედვით, კვლევაში ჩართული 57 ქვეყნიდან 51 ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, გოგონებს წიგნიერებაში უკეთესი მიღწევები აქვთ, ვიდრე ბიჭებს. 6 ქვეყანაში კი ბიჭები ახერხებენ წიგნიერებაში გოგონების მსგავსი მიღწევები ჰქონდეთ.
მეოთხეკლასელი მოსწავლეების წიგნიერების საერთაშორისო კვლევის - PIRLS (Progress in International Reading Literacy Study) 2021 წლის შედეგები საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციამ (IEA) გამოაქვეყნა.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2021 წელს საქართველოდან PIRLS-ში მონაწილეობა 190 სკოლის 5 637 მოსწავლემ მიიღო, მსოფლიოს მასშტაბით კი კვლევაში 57 ქვეყნის 346 992 მოსწავლე მონაწილეობდა.
კვლევის მიხედვით, 2021 წლის კვლევა სოფლის სკოლების მიღწევების გაუმჯობესების გამო სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის სხვაობის შემცირებას გვიჩვენებს.
ამასთან, როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, PIRLS-ის მონაცემები მიუთითებს, რომ მონაწილე ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში შესამჩნევია მიღწევების არსებითი გაუარესება, თუმცა საქართველო არ არის იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც წიგნიერებაში საშუალო ქულის კლება გამოვლინდა.
მათივე ცნობით, წიგნიერებაში მოსწავლის მიღწევების შეფასებასთან ერთად კვლევის ამოცანას მოსწავლის წიგნიერების მიღწევებსა და წიგნიერების უნარების ჩამოყალიბებაზე სკოლის, მასწავლებლისა და ოჯახის ფაქტორების ზეგავლენის შესწავლაც წარმოადგენს.
„ამ ფაქტორების ზეგავლენა მოსწავლეთა მიღწევებზე, კვლევის ძირითადი მიგნებები და შედეგები კვლევის ანგარიშის სახით მოგვიანებით იქნება წარმოდგენილი. ამ ეტაპზე გაგაცნობთ რამდენიმე ზოგად მიგნებას: კვლევაში ჩართული 57 ქვეყნიდან ბიჭები მხოლოდ 6 ქვეყანაში ახერხებენ გოგონების მსგავსი მიღწევები ჰქონდეთ წიგნიერებაში. დანარჩენ 51 ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, გოგონებს წიგნიერებაში უკეთესი მიღწევები აქვთ, ვიდრე ბიჭებს. კვლევაში ჩართულ არც ერთ ქვეყანაში ბიჭებს არ აქვთ უპირატესობა გოგონებთან შედარებით. საქართველოში სქესის მიხედვით მოსწავლეთა მიღწევებს შორის განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია და ნარჩუნდება კვლევის მთელი ციკლის განმავლობაში; ბოლო წლების კვლევების თანახმად, საქართველოში ქალაქისა და სოფლის სკოლების შედარებითი ანალიზი მოსწავლეთა წიგნიერებაში ნაჩვენებ მიღწევებში ქალაქის სკოლების უპირატესობას ავლენს, თუმცა 2021 წლის კვლევა სოფლის სკოლების მიღწევების გაუმჯობესების გამო სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის სხვაობის შემცირებას გვიჩვენებს. სოფლის სკოლების მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება ასევე შეინიშნებოდა 2019 წლის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებში გამოვლენილ მიღწევებში (TIMSS 2019);
2021 წლის კვლევაში კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეთა მიღწევებს შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა შენარჩუნდა. კერძო სკოლების მოსწავლეები უკეთესად ართმევენ თავს წიგნიერებასთან დაკავშირებული დავალებების შესრულებას. გააგრძელეთ კითხვა