პრიგოჟინის "ვაგნერელებს" კადიროვის "ახმატის" მებრძოლებით ჩაანაცვლებენ? - რას ამბობენ ექსპერტები - კვირის პალიტრა

პრიგოჟინის "ვაგნერელებს" კადიროვის "ახმატის" მებრძოლებით ჩაანაცვლებენ? - რას ამბობენ ექსპერტები

უცხოური გამოცემების ცნობით, მაისის დასაწყისში რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და "ვაგნერის" მფლობელ ევგენი პრიგოჟინს შორის ურთიერთობა დაიძაბა. პრიგოჟინმა თავდაცვის უწყება დაადანაშაულა, რომ ისინი მებრძოლებს საკმარისი რაოდენობით იარაღს არ აწოდებდნენ და განაცხადა, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა, თავის "ვაგნერელებს" ბახმუტიდან გაიყვანდა.

მოგვიანებით კამათში ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ჩაერთო. მან განაცხადა, რომ დაქირავებულ მებრძოლებს ჩეჩნური დაჯგუფება "ახმატის" მებრძოლებით ჩაანაცვლებდა, მაგრამ როცა პრიგოჟინი დათანხმდა კადიროვის შეთავაზებას და რუსეთის თავდაცვის მინისტრი უშუალოდ დაადანაშაულა, რომ "ვაგნერი" მებრძოლებს კარგავდა, კადიროვმა ტონი შეცვალა და როგორც Кавказ.Реалии წერს, ჩეჩნეთის ლიდერმა გააკრიტიკა პრიგოჟინი, ვლადიმერ პუტინს კი მიმართა, რომ "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები ჩეჩენი მებრძოლებით ჩაენაცვლებინა...

როგორც ცნობილია, "ვაგნერის" მებრძოლები ამ დრომდე უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან. "კადიროველების" დისლოკაციის შეცვლასა და ბახმუტში გადაყვანაზე კი არაფერია ცნობილი. როგორც გამოცემა Кавказ.Реалии წერს, ამ ნაბიჯით კადიროვი შეეცადა, კრემლში პოზიციები გაემყარებინა, რადგან ბოლო პერიოდში ვლადიმერ პუტინი უკმაყოფილოა "კადიროველების" უკრაინაში მოქმედებებით.

Кавказ.Реалии-ს ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ექსპერტი კატერინა სტეპანენკო ესაუბრა საკითხზე, თუ რამდენად რეალურია კადიროვის მოთხოვნა, ბახმუტში "ვაგნერის" მებრძოლების "კადიროველებით" ჩანაცვლებასთან დაკავშირებით და რა ძალას ფლობს რესპუბლიკის ლიდერი ამჟამად უკრაინაში:

- ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა 8 მაისს ახალი სამხედრო ბაზის - "ჩრდილოეთ ახმატის" გახსნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დანაყოფის შექმნაში 3300-მა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა. მან ასევე აღნიშნა, რომ მებრძოლები "ნებისმიერ დროს" იქნებიან მზად წინა ხაზზე გასასვლელად. ეს იმას მიუთითებს, რომ კადიროვმა მებრძოლების გარკვეული ნაწილი არ გაუშვა უკრაინაში.

"კადიროველები"ამ დრომდე იმყოფებიან ლუგანსკის ოლქში, ასევე ზაპოროჟიაში, ფრონტის ხაზზე, მოქმედებენ როგორც პოლიციური ძალებიც, თუმცა კადიროვის განცხადების მიუხედავად, რომ "ახმატის" მებრძოლები ბახმუტთან "ვაგნერს" ჩაანაცვლებენ, ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გავრცელებულა.

- რამდენად რეალურია ეს სცენარი?

- როგორც ჩანს, კადიროვს და პრიგოჟინს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაშანტაჟება უფრო სურდათ, ვიდრე მებრძოლთა გადასროლა. თავდაცვის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა პრიგოჟინის მოთხოვნები და როგორც ცნობილია, მებრძოლთა გამოყვანის შემთხვევაში, მას სახელმწიფო ღალატში დასდებდნენ ბრალს. სავარაუდოდ, ასე დაემუქრა კრემლი კადიროვსაც, ალბათ, სწორედ ამან შეაჩერა და ხელი შეუშალა მას ბახმუტში სამხედროების გადაყვანაზე.

ჩეჩნეთის ლიდერი, სავარაუდოდ, სწორედ იმიტომ უჭერდა მხარს რუსული სამხედრო მეთაურების შანტაჟს, რომ მას მმართველ ვერტიკალში საკუთარი პოზიციების აღდგენა სურდა. ადრე ის ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირად ითვლებოდა, თუმცა ახლა, როგორც ჩანს, პუტინის კეთილგანწყობა დაკარგა. ალბათ ეს იმას უკავშირდება, რომ 2022 წლის შემოდგომის ბოლოსა და 2023 წლის ზამთარში უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში კადიროვის ძალებმა გადამწყვეტი როლი ვერ შეასრულეს.

13 მარტს გამართულ შეხვედრაზე, როცა კადიროვი ჩეჩენი მებრძოლების როლზე საუბრობდა, პუტინმა ის დააკნინა. როგორც ჩანს, პრიგოჟინის მუქარაში მან დაინახა შესაძლებლობა, რომ თავდაცვის ძალების წარუმატებლობის ფონზე, ხაზი გაესვა ჩეჩენი მებრძოლების ეფექტიანობისთვის.

კადიროვი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ლავირებას ახდენს, რათა მათ ხარჯზე საკუთარი გავლენები გაზარდოს.

ჩეჩნეთში მაღალი თანამდებობის გამო, კადიროვი უფრო ახლოსაა მმართველ ვერტიკალთან, ვიდრე- ევგენი პრიგოჟინი. ჩეჩნეთის ლიდერს არ შეუძლია, ღიად გააკრიტიკოს სერგეი შოიგუ ან რუსეთის გენშტაბის ლიდერი ვალერი გერასიმოვი, რადგან რუსეთის ხელისუფლებაში მისი პოზიცია რისკის ქვეშ დადგება, მაშინ, როცა პრიგოჟინს თანამდებობიდან ვერავინ გაათავისუფლებს. კადიროვს სჭირდება, კრემლთან და თავდაცვის სამინისტროსთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს, ამიტომ იმისთვის, რომ ღიად დაუჭიროს მხარი პრიგოჟინს, ის ყურადღებით არჩევს შესაფერის დროს.

- ერთ წელზე მეტია, უკრაინაში ომი მიმდინარეობს, როგორ შეიძლება შეფასდეს რუსეთის რეგულარული ჯარისგან და "ვაგნერისგან" განსხვავებით, ჩეჩენთა ბრძოლისუნარიანობა, რა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს მათ ამ პერიოდის განმავლობაში?

- ჩეჩენი სამხედროების ეფექტიანობაზე საუბარი საკმაოდ რთულია, რადგან ისინი, ძირითადად, თავდაცვით პოზიციებს იკავებენ ან გროზნოში წვრთნებს ატარებენ. დროდადრო ისინი იბრძვიან ლუგანსკის ოლქში, თუმცა ბოლო თვეებში მათ რაიმე წარმატებისთვის არ მიუღწევიათ. 2022 წლის ზაფხულის შემდეგ, კადიროველებს რაიმე მნიშვნელობანი გამარჯვება არ მოუპოვებიათ. შეიძლება ისინი უკეთ გაწვრთნილები არიან, ვიდრე რუსი ახალწვეულები ან "ვაგნერის" ახალი წევრები, თუმცა, როგორც ჩანს, კადიროვი საკმაოდ უფრთხილდება თავის მებრძოლთა ნაწილს მაინც", - აღნიშნავს ექსპერტი გამოცემასთან საუბრისას.

BBC-ის რუსული გამოცემის ცნობით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, ბახმუტისთვის ბრძოლა ყველაზე ხანგრძლივი და სისხლიანი აღმოჩნდა.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობით კი, "კადიროველები" ძირითადად თავდაცვით პოზიციებს იკავებენ და შეტაკებებში არ მონაწილეობენ.

წყარო