"რა არის მსოფლიოსათვის დღეს ყველაზე დიდი საფრთხე? - ჩვენ, ორნი..." - The Economist-ის ინტერვიუ ჰენრი კისინჯერთან
ბრიტანული ჟურნალის - "ეკონომისტის" (The Economist) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "ევროპის უსაფრთხოებისათვის უკრაინა ნატოში უნდა იქნეს მიღებული", რომელიც მომზადებულია ჰენრი კისინჯერთან - აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანთან ინტერვიუს საფუძველზე.
როგორც რედაქცია აღნიშნავს, ჟურნალის კორესპონდენტები აპრილის ბოლოს, ორი დღის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ცნობილ პოლიტოლოგს ბევრი საინტერესო საკითხის ირგვლივ. სტატიაში გადმოცემულია ინტერვიუს 8 ძირითადი მომენტი.
პირველი: რატომ უნდა გახდეს უკრაინა ნატოს წევრი?
"ის, რასაც ევროპელები ამბობენ, ჩემი აზრით, ძალიან საშიშია. რას ამბობენ ისინი? - "ჩვენ არ გვინდა უკრაინის ნატოში მიღება - იმიტომ, რომ სარისკო ქვეყანაა. უმჯობესია, რომ ჩვენ კიევი კბილებამდე შევაიარაღოთ, მივცეთ თანამედროვე იარაღი, დადგეს და ებრძოლოს რუსეთს". კი, მაგრამ, როგორ იმუშავებს ასეთი მიდგომა? ჩვენ ომი [მცდარი ფორმით] არ უნდა დავასრულოთ. შედეგი ისეთი უნდა იყოს, რომლის დროსაც უკრაინა ევროპის მფარველობაში იქნება და არ გადაიქცევა ისეთ მარტოხელა ქვეყნად, რომელიც საკუთარი ბედის ანაბარად დარჩა".
ამჟამად უკრაინა ისეთ დონეზე შევაიარაღეთ, რომ მას უკვე ჰყავს ევროპაში თითქმის ყველაზე კარგად აღჭურვილი არმია, მაგრამ, ასევე, ჰყავს სტრატეგიულად ყველაზე ნაკლებად გამოცდილი ხელისუფლება ევროპაში. თუ ომი ისე დასრულდება (ალბათ, ასეც იქნება), რომ რუსეთი ბევრ დაკავებულ ტერიტორიას დაკარგავს, მაგრამ სევასტოპოლს შეინარჩუნებს, მაშინ ჩვენ გვეყოლება უკმაყოფილო კრემლი, მაგრამ, ასევე, უკმაყოფილო იქნება კიევიც ანუ დავდგებით უკმაყოფილებათა ბალანსის წინაშე.
მოკლედ, ევროპის უსაფრთხოებისათვის უმჯობესია, უკრაინა ნატოს წევრი გახდეს - ამ შემთხვევაში კიევი ვეღარ მიიღებს დამოუკიდებელ ეროვნულ გადაწყვეტილებებს ტერიტორიულ პრეტენზიებთან დაკავშირებით. მე თუ მომიწევს ვლადიმერ პუტინთან საუბარი, ვეტყვი, რომ მისთვისაც უსაფრთხო იქნება უკრაინის ნატოში გაწევრება".
მეორე: აშშ-ჩინეთის კონფრონტაცია, როგორც გლობალური საფრთხე
"ჩვენ ვიმყოფებით ისეთ კლასიკურ სიტუაციაში, რომელიც პირველი მსოფლიო ომის წინ იყო შექმნილი: უკვე არც ერთ მხარეს აღარ აქვს პოლიტიკური დათმობის რეზერვი, ამ დროს კი მყიფე ბალანსის ნებისმიერი დარღვევა კატასტროფულ შედეგებს მოიტანს.
ორივე მხარემ [დასავლეთმა და ჩინეთმა] დაირწმუნა საკუთარი თავი, რომ მოწინააღმდეგე მისთვის სტრატეგიულ საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ დიდი სახელმწიფოების კონფრონტაციისაკენ მიმავალ გზაზე ვდგავართ.
რა არის მსოფლიოსათვის დღეს ყველაზე დიდი საფრთხე? - ჩვენ, ორნი [აშშ და ჩინეთი], იმ გაგებით, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა კაცობრიობის გასანადგურებლად".
მესამე: უკრაინის მზადყოფნა ომის შესახებ ჩინეთთან სასაუბროდ
"უკრაინელებს ჩინეთთან სამშვიდობო შუამავლობაზე საუბარი ნამდვილად სურთ. [პეკინის ინიციატივაზე დათანხმებით] ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა, რომ იგი გამოჩენილი ლიდერია და ეს მისი მხრიდან ბრძნული მოქმედების გამოხატულებაა იმიტომ, რომ როცა მოსკოვმა და პეკინმა "უსაზღვრო მეგობრობა" გამოაცხადეს, უკრაინელებს ეგონათ, ჩინელები მათთან დიპლომატიურ საუბარს აღარ დაიწყებდნენ. მაგრამ ჩინეთი აცნობიერებს, რომ უკრაინა ევროპის დიდ ქვეყანას წარმოადგენს, ამიტომ პეკინი მასთან ურთიერთობას ააქტიურებს".
მეოთხე: საფრთხე ხელოვნური ინტელექტის მხრიდან
"[ჩინეთი და ამერიკა] ისეთი ტიპის სახელმწიფოები არიან, რომელთა შორის ისტორიული კონფრონტაცია გარდაუვალი იყო. ეს არის არანორმალური მდგომარეობა, როცა მხარეებს ერთმანეთის განადგურება გარანტიით შეუძლიათ, თანაც - ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. ჩვენ ახლა ისეთ საწყის ეტაპზე ვიმყოფებით, როცა იქმნება შესაძლებლობა - [რობოტებს და მანქანებს] გლობალური ჭირისა და სხვა პანდემიების გამოწვევაც შეუძლიათ ადამიანთა გასანადგურებლად ანუ არა მარტო ბირთვული ომით, არამედ - სხვა უბედურებებითაც. დღევანდელი სიტუაცია ითხოვს ლიდერების პასუხისმგებლობის მაღალ დონეს, რომ თავიდან იქნეს აცილებული ასეთი ზოგადსაკაცობრიო საფრთხე".
მეხუთე: ეჭვები ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობასთან დაკავშირებით
"ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ დეკლარაციამდე, რომელსაც ხელი მოეწერა ოლიმპიური თამაშების დაწყების წინ, როცა ჩინელმა ლიდერმა ნატოს გაფართოებისადმი თავისი ნეგატიური პოზიცია დააფიქსირა - მან, ალბათ, უკვე იცოდა, რომ მოსკოვი კიევს შეუტევდა. ამით ჩინეთმა რუსეთის წინაშე სერიოზული ვალდებულება აიღო [მისი მხარდაჭერის თვალსაზრისით].
სხვათა შორის, ჩემს ცხოვრებაში არასოდეს შევხვედრივარ ისეთ რუს ლიდერს, რომელიც რაიმე კარგს ამბობდა ჩინეთზე... და, ასევე, არ შევხვედრივარ ისეთ ჩინელ ლიდერს, რომელიც რაღაც კარგს იტყოდა რუსეთზე... ისინი ერთმანეთს, თითქოსდა, ზიზღით უყურებენ".
მეექვსე: იაპონია 5 წლის შემდეგ ბირთვული იარაღის მფლობელი გახდება
"იაპონიას საკმაოდ მკაფიო წარმოდგენა აქვს იმის შესახებ, თუ საით მიდის. ტოკიო მიდის იქით, რომ მას ხუთი წლის შემდეგ ბირთვული იარაღი ექნება. იაპონია ბირთვული სახელმწიფო გახდება. არ გამოვრიცხავ, რომ იაპონელებს შეუძლიათ რაღაც ისეთი გარიგება განახორციელონ, რომელიც ჩვენთვის უსიამოვნო იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ყოველთვის სურთ ჩვენ გვერდით დგომა. რატომ? იმიტომ, რომ იაპონიას ჩინეთის ეშინია".
მეშვიდე: შიდაპოლარიზაცია აშშ-ში - ტრამპი და ბაიდენი
"დღეს აშშ-ში უოტერგეიტის მსგავსი სიტუაციაა, რომელსაც შეუძლია საზოგადოება ღრმა სამოქალაქო დაპირისპირებამდე, ომამდე მიიყვანოს და ეს მე ძალიან მაღელვებს. პოლიტიკური დებატების ხასიათი ძალიან განსხვავდება იმდროინდელისაგან, როცა მე პირველად მოვედი ვაშინგტონში... ჯო ბაიდენი ჩემში არავითარ შთაგონებას არ იწვევს და იმედი მაქვს, რომ რესპუბლიკელებიც [დონალდ ტრამპზე] უკეთეს კანდიდატს იპოვიან. რიჩარდ ნიქსონის მმართველობის დროსაც კი, მისი საკმაოდ კონფრონტაციული ხასიათის მიუხედავად, ერთიანობის გარკვეული დონე მაინც არსებობდა. ერთიანობა თანდათან სუსტდებოდა ყოველი ადმინისტრაციის დროს, მაგრამ ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა ის ბოლო მიჯნამდე მიიყვანეს".
მერვე: აშშ-ინდოეთის კავშირების პერსპექტივა
"იცით, ვინ არის ის თანამდროვე პრაქტიკული პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც ჩემში სიმპათიებს იწვევს და რომელიც ახლოა ჩემს პოზიციებთან? - ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. დიდი ენთუზიაზმით ვუყურებ ინდოეთის საგარეო პოლიტიკას. მე ფრთხილად ვუდგები აშშ-ის პოლიტიკის ანტიჩინურ და ანტიინდურ გამოვლინებებს, ამიტომ არ ვემხრობი ამერიკის ადმინისტრაციას აზიიდან "გამოსვლის" შესახებ.
გაგებით ვუყურებ ინდოეთის სამხედრო ძლიერების გაზრდას ჩინეთთან მისი კონფლიქტის გამო [სასაზღვრო-ტერიტორიულ საკითხში]. დღეს ინდოეთს აქვს ძალთა გათანასწორების შესაძლებლობა. ძალიან ვაფასებ, რომ ამჟამად ინდოეთი ისეთ საგარეო პოლიტიკას ატარებს, რომელიც ბალანსის დემონსტრირებას წარმოადგენს. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ