"ყველაზე მეტად რაც მიჭირს, ეს ჩემი შვილებისთვის იმის ახსნაა, მამა რატომ არ გვყავსო... მეც მინდა მამამ ბაღიდან გამომიყვანოს, სასეირნოდ წამიყვანოს, როგორც ჩემი ჯგუფელებიო" - ნინო ბერიძე ტრაგედიის შემდგომ ცხოვრებაზე - კვირის პალიტრა

"ყველაზე მეტად რაც მიჭირს, ეს ჩემი შვილებისთვის იმის ახსნაა, მამა რატომ არ გვყავსო... მეც მინდა მამამ ბაღიდან გამომიყვანოს, სასეირნოდ წამიყვანოს, როგორც ჩემი ჯგუფელებიო" - ნინო ბერიძე ტრაგედიის შემდგომ ცხოვრებაზე

რუსთაველის თეატრის მსახიობი, ყველასათვის საყვარელი - ნიკა ქაცარიძე, 2022 წლის 5 იანვარს, 43 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა... მსახიობს მეუღლე - ნინო ბერიძე და ორი შვილი - მარიტა და ლაზარე დარჩა...

თუ როგორ აგრძელებს ცხოვრებას ნიკას ოჯახი, ამის შესახებ - ნინო ბერიძე "კვირის პალიტრას" ესაუბრება...

- ნინო, როგორ შეძელით ცხოვრების გაგრძელება იმ თავზარდამცემი ტრაგედიის შემდეგ, ორი პატარა ბავშვით ხელში?

- ძალას და ენერგიას, პირველ რიგში, ჩემი შვილები მაძლევენ. იმის იმედი, რომ გაიზრდებიან და მამის გზას გაჰყვებიან. შვილები მყავს და მათი გულისთვის ყველაფერს შევძლებ!

- გამორჩეული, ძალიან მოსიყვარულე ბავშვები არიან...

- ასე ამბობენ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, რამით გამორჩეულს, განსაკუთრებულს, ვერ ვამჩნევ. ძალიან ცელქები, მოუსვენრები, თბილები და მხიარულები არიან. მაქსიმალურად ვცდილობ, მათში სიკეთე დავთესო. არ მინდა, გულში ცუდი გაივლონ, დაიჩაგრონ, როგორც ობლები, გაიზარდონ. მსურს ლაღები, თავისუფლები იყვნენ. ასეთია ჩემი დამოკიდებულება და, აქედან გამომდინარე, ალბათ, გარედანაც ჩანს, რომ ასე იზრდებიან.

- ხელოვნების ნიჭი უკვე ეტყობათ?

- არტისტულები ნამდვილად არიან. მამის გენეტიკა იგრძნობა, მაგრამ ჯერ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, რადგან ძალიან პატარები არიან. არ ვიცი, მომავალში რას გადაწყვეტენ, როგორ იცხოვრებენ, ეს მათი არჩევანი იქნება. ახლა კი რის ნაჭსაც ვატყობ, ვცდილობ, მათში განვავითარო, შევაყვარო, ვასწავლო. ეს იქნება თეატრი, ოპერა თუ მუსიკა, მსურს, გარკვეულ დონეზე იყვნენ გათვითცნობიერებულები... მათი მამა იმდენად ნიჭიერი იყო, ყველაფერი იმდენად კარგად გამოსდიოდა, ვფიქრობ, ამათაც შეიძლება, მამის ნიჭი ჰქონდეთ.

qacaridzeebi-5-1684477342.jpg

- ამ ყველაფრის პარალელურად, მუშაობთ... ამდენს როგორ ასწრებთ, როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

- ყოველი დღე საკმაოდ რთულია. ყველაფერი უნდა მოვასწრო და შეიძლება ვერ ვასწრებ, მაგრამ შეძლებისდაგვარად ვახერხებ. სულ დროის დეფიციტი მაქვს, გადარბენაზე ვარ, სულ მეჩქარება, სულ სადღაც მაგვიანდება... დილით შვილები საბავშვო ბაღში მიმყავს, შემდეგ სამსახურში 4-5 საათამდე ვმუშაობ, შემდეგ ბაღიდან გამომყავს, მარიტა ბალეტზე მიმყავს... ახლა მინდა მარიტა ხატვაზე შევიყვანო, რადგან აიჩემა, ძალიან კარგად ვხატავო. ასევე, სიმღერაზეც მსურს, ვატარო და ახლა, კიდევ ორი საქმე რომ დამემატება, მერე მართლა აღარ ვიცი, როგორ მოვასწრებ... შაბათ-კვირას ვისვენებ, გამოსასვლელი დღეები გვაქვს და ბავშვები ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე, მეგობრებთან, თანატოლებთან მიმყავს.

- ალბათ, ყველგან დიდ სიყვარულს გრძნობთ...

- კი, ბავშვები სულ გრძნობენ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და მარიტა ხშირად მეკითხება, მამაჩემს ყველა რატომ იცნობსო? ვეუბნები, რომ მამა მსახიობი იყო, ძალიან კარგი ადამიანი, ყველას უყვარდა-მეთქი...

- პატარა ლაზარე?

- პატარა ლაზარე ჯერ ძალიან პატარაა, სამი წლისაა... ჯერ ვერც აღიქვამს ამ ყველაფერს. თუმცა განიცდის, მამა რომ არ ჰყავს, ამაზე ნერვიულობს. ხშირად მეკითხება, ახლა აღარ უნდა მოვიდეს მამა, რამდენი ხანი უნდა გავიდეს, რომ მოვიდესო? - მამას ელოდება.

qacaridzeebi-1684477377.jpg

- ნიკას დედის - ქალბატონი ნელის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია?

- ცუდად არის, ნერვიულობის გამო შაქარიც დაემართა, ჯანმრთელობა გაუუარესდა. ერთად ვცხოვრობთ და ბავშვების სიყვარულით ცოცხლობს, მათზე გადააქვს ყურადღება... სულ ამბობს, ღმერთმა რატომ გამწირაო, დედისთვის შვილის დაკარგვა ყველაზე უმძიმესია...

- ყველაზე დიდ სირთულეს რა წარმოადგენს დღეს თქვენთვის?

- მე ხომ ნიკას გარეშე ცხოვრებას ვერ წარმოვიდგენდი და იმდენად თავზარდამცემი, შეუგუებელი სიტუაცია იყო, სიტყვებით აღწერა შეუძლებელია... დრო რომ გადის, მერე ამ ყველაფერთან ცხოვრებას, დამოუკიდებლობას სწავლობ. თითქოს პატარა ბავშვივით გავხდი, თითქოს თავიდან ვიწყებ ნაბიჯების გადადგმას, დამოუკიდებლად გადაწყვეტას...

ოჯახში კაცის გარეშე ყოფნა ურთულესია. ყველაფერი შენი მოსაგვარებელი, გასაკეთებელია... ყოფითი პრობლემები, ასე თუ ისე, გვარდება, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მიჭირს, ეს ჩემი შვილებისთვის ახსნაა, მამა რატომ არ გვყავსო? მეც მინდა მამამ ბაღიდან გამომიყვანოს, სასეირნოდ წამიყვანოს, როგორც ჩემი ჯგუფელებიო... ასეთი რთული მომენტები გვაქვს, ყველაზე ძნელად გადასალახი სიტუაციები, რაც ძალიან მიჭირს.

qacaridzeebi-3-1684477419.jpg

- ფსიქოლოგს მიმართეთ თუ თვითონ უმკლავდებით ამ სირთულეებს?

- ფსიქოლოგს რჩევები რამდენჯერმე ვკითხე, კონსულტაცია გავიარე, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ დიდად დამეხმარა და შეღავათი მომცა ამ ყველაფერმა. იმდენად რთული რეალობაა, ვერაფერი ამსუბუქებს. ბავშვებს მამას ვერავინ შეუცვლის და ამ სიცარიელეს ვერ ამოუვსებს.

სახლის საქმეებია, მატერიალური მხარე თუ სხვა რამ, მეხმარებიან ჩემი ძმა, ნიკას ახლობლები, მეგობრები... ის კი, რაც გრძნობასთან, სიყვარულთან არის დაკავშირებული, აი, აქ მიჭირს... ნიკა გამორჩეული მამა იყო და ბავშვებს მისი სითბო რომ დააკლდათ, ძალიან განიცდიან. ამას ვერაფერს ვუხერხებ. რაგინდ ძლიერი, მხიარული ვიყო და არ ვიმჩნევდე ჩემს განცდებს ბავშვებთან, ისინი მაინც ყველაფერს გრძნობენ. შესაბამისად, ტკივილთან ერთად ცხოვრებას, შეგუებას ვსწავლობთ. სხვა გამოსავალი არ დაგვრჩა.

ვერაფერს ცვლი, ადამიანი უძლური ხდები. მე აქამდე სიკვდილზე არასოდეს მიფიქრია და არ შემშინებია, ახლა კი ძალიან მეშინია... ნიკას გარდაცვალების შემდეგ ძალიან ბევრი რამ გადავაფასე, ბევრ რამეს სულ სხვანაირად შევხედე. სიცოცხლე ერთი წამი ყოფილა და არ ღირს, დრო დაკარგო. მაქსიმალურად უნდა გამოიყენო ყოველი წუთი, სიცოცხლის დრო, რომელიც არ იცი, როდის დამთავრდება, ყველაფერს წერტილი როდის დაესმება...

qacaridzeebi-6-1684477449.jpg

სამსახურის შემდეგ სულ ჩემს შვილებთან, მეგობრებთან ვარ და ვცდილობ, აუცილებლად კარგ განწყობაზე ვიყო. არ მინდა ჩემი უარყოფითი განწყობა, ჩემი ტკივილი ჩემს შვილებზე გადავიდეს. მათ თავიანთი დარდები და განცდები აქვთ და ჩემი აღარ უნდა დავუმატო. საქმეში რომ ვარ გართული, ლაზარე მოდის და მეკითხება, დედა რატომ არ იცინიო? ვეუბნები, სახლს ვალაგებ და გაღიმებული სახით ხომ ვერ ვიქნები-მეთქი?! ბავშვს კი მაშინაც უნდა, რომ გავიღიმო და რადგან ბავშვები ასე მთხოვენ, მეც მხიარულ განწყობაზე ვაჩვენებ თავს. ზოგი ალბათ ფიქრობს, ვაიმე, ქმარი რა მალე დაივიწყაო, მაგრამ ნიკა ამბობდა, ყველას მოსაწონად ვერასოდეს იცხოვრებ და როგორც შენ მოგწონს, ისე უნდა იცხოვროო...

მე ამ დევიზით ვცხოვრობ, როგორც მე, ჩემს შვილებს გვინდა!

- დეპრესია ხომ ფუფუნებაა, რისი უფლებაც და შესაძლებლობაც თქვენ არ გაქვთ...

- ნამდვილად... ბავშვები მე შემომყურებენ და მათ გვერდით რომ არ დავუდგე, სხვანაირად არ გამოვა. ჯერ ძალიან პატარები არიან. არ მაქვს უფლება, დეპრესიაში ჩავვარდე და ლოგინად ჩავწვე. უბრალო გრიპიც რომ დამემართოს, თავს უფლებას არ ვაძლევ, რომ გამოვუტყდე, რა ცუდად ვარ. ასე ჩავაგონებ თავს და ეს მოქმედებს ორგანიზმზეც, ჯანმრთელობაზეც.

ნიკა რომ ახსოვთ, ძალიან უყვართ და ასეთი დამოკიდებულება იგრძნობა ადამიანებისგან მის მიმართ, ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. ალბათ, ნიკასაც უხარია იმ ქვეყნად, ჩვენ რომ მის ადამიანობას, კაცობას, ვაჟკაცობას სულ ვიხსენებთ. ძალიან მინდა, ხალხს დიდხანს ახსოვდეს...

მის ოჯახს, შვილებს ყოველთვის ემახსოვრება და ყველას დიდი მადლობა, ვისაც ნიკა, მისი ოჯახი გახსოვართ.

(სპეციალურად საიტისთვის)