"ერდოღანს ძალიან მალე დაემართება ის, რაც დაემართა შევარდნაძეს, ნაზარბაევს და რაც მოელის პუტინსა და ივანიშვილს"
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი, როგორიც უნდა იყოს ის, თურქეთში ერთ ეპოქას დაასრულებს და ახალი ერის ათვლას დაიწყებს - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი თურქეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის არსებული შედეგებით, 50%-იანი ბარიერი პრეზიდენტობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა, რაც იმას ნიშნავს, რომ 28 მაისს არჩევნების მეორე ტური გაიმართება. HaberTurk-ის ინფორმაციით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, რეჯებ თაიფ ერდოღანმა ხმების 49.39 პროცენტი მიიღო, მისმა კონკურენტმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი - 44.97%.
ვინ არის ერდოღანის კონკურენტი ქილიჩდაროღლუ, როგორია მისი დამოკიდებულება რეგიონისა და საქართველოს მიმართ და როგორი შეიძლება იყოს არჩევნების საბოლოო შედეგი, ამის შესახებ პაატა ზაქარეიშვილი ვრცლად გვესაუბრება:
- თურქეთში საკმაოდ მაღალი დონის პოლიტიკური სპექტრია. ჩვენ, სომხებსა და აზერბაიჯანელებს ასეთი მოთამაშეები არც კი დაგვესიზმრება. პოლიტიკურ არენაზე მემარჯვენეებიც არიან წარმოდგენილები, მემარცხენეებიც, კონსერვატორებიც და ლიბერალებიც, მაგრამ, საერთო ჯამში, ესენი ორ ჯგუფად იყოფიან, რესპუბლიკური მმართველობის მომხრეებად ანუ ანტიისლამისტებად, რომლის წარმომადგენელიც ქილიჩდაროღლუა და ზომიერ ისლამისტებად, რომელსაც ერდოღანი წარმოადგენს. ქვეყნის მმართველობაში, ძირითადად, ეს ორი ძალა ენაცვლება ერთმანეთს. რესპუბლიკელებმა 20 წლის წინ წააგეს არჩევნები, ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს ზომიერმა ისლამისტებმა, ახალგაზრდა ერდოღანის მეთაურობით და მას შემდეგ მართავენ ქვეყანას. წელს პირველად დაუდგათ კრიზისი. ქვეყნის ნახევარი მათ აღარ ენდობა. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ აღებული ხმების 49.39 პროცენტი და მეორე ტური მმართველი ძალისთვის კარგი შედეგია. ქემალ ქილიჩდაროღლუ ყოველთვის იყო ოპოზიციის ლიდერი, რესპუბლიკელები, ძირითადად, იმარჯვებდნენ დიდ ქალაქებში - სტამბოლში, ანკარაში და ა.შ. სულ 8 ქალაქია თურქეთში, სადაც მილიონი ან ცოტა მეტი ადამიანი ცხოვრობს და ამ რვა ქალაქიდან ექვსში ან შვიდში, ყოველთვის რესპუბლიკელები იმარჯვებდნენ. ზომიერი ისლამისტები, ძირითადად, რეგიონებსა და სოფლებში წინაურდებოდნენ. წელს, პირველად, ამ ორი ძალის მხარდაჭერა გათანაბრდა. შეიძლება ითქვას, რომ თურქეთის სახელმწიფო ორ ნაწილად გაიყო. ამას ძალიან პრინციპული საკითხია, თუმცა, უნდა ითქვას, რომ არჩევნების შედეგს ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. საქართველოსთან კარგი ურთიერთობა ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას უნდა. ჩვენი ქვეყანა თურქებისთვის ერთადერთი დამაკავშირებელი ხიდია ე.წ. თურქულ სამყაროსთან, რომელიც კასპიის ზღვისკენ არის - თურქმენეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი... ჩრდილოეთით მეზობლად ჰყავს რუსეთი, რომელიც ეჭვიანობს, რომ თურქული კულტურა არ გავრცელდეს სათათრეთსა და ბაშკირეთში, ხოლო სამხრეთით მეზობლად ჰყავს შიიტური ირანი, რომელსაც თავისი პრეტენზიები აქვს სამხრეთ აზერბაიჯანზე და ა.შ. საქართველო ერთადერთი მეზობელია, რომელსაც თურქეთის მიმართ არანაირი პრეტენზიები არ აქვს. შესაბამისად, ჩვენთან ურთიერთობის გაფუჭება არ აწყობთ. რესპუბლიკელები იქნებიან თუ ზომიერი ისლამისტები, თურქეთ-საქართველოს დღევანდელი ურთიერთობის შეცვლა არც ერთს არ აწყობს.
- თუმცა, რამდენიმე თურქულმა გამოცემამ, ასევე, საქართველოში რამდენიმე ექსპერტმა ჩვენთვის ყურადსაღები ცნობა გააავრცელა, რომ ქილიჩდაროღლუს მოადგილე, ოზქოჩი აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების მთავარი ლობისტია.
- ეს არის ბოდვა! არასერიოზულია ამ საკითხის წამოწევა. თავად თურქეთის სახელმწიფოს ამ საკითხთან დაკავშირებით ისეთი პოზიცია აქვს, როგორიც უნდა ჰქონდეს. ერთი და ორი ადამიანის სიზმრების და ზღაპრების გამოკიდება რა პოლიტოლოგის საქმეა? თურქეთს ინსტიტუტები მართავენ და არა - კონკრეტული ადამიანები. ეს იგივეა, მსჯელობა რომ დავიწყოთ იმაზე, არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი. რა მნიშვნელობა აქვს, რა გრძნობები აქვს პუტინს საქართველოს მიმართ, როდესაც რუსეთია ჩვენი ქვეყნის მტერი?! ელცინი, გორბაჩოვი, პუტინი - სამი სხვადასხვა ხასიათის და განწყობის ადამიანია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მიმართ ყველა ერთნაირ პოლიტიკას აწარმოებდა. პოლიტიკა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებია და არა - ერთი ან ორი ადამიანის შეხედულებები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, თურქეთში ძლიერი ინსტიტუციებია. ჩვენ მთელი ყურადღება თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე გვაქვს გადატანილი და გვავიწყდება, რომ იქ ცოტა ხნის წინ საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია და რომელშიც ერდოღანის პარტიამ გაიმარჯვა. ამ მოცულობიდან გამომდინარე, ერდოღანი უკვე ნაწილობრივ გამარჯვებულია. ახლა საპრეზიდენტო არჩევნებში ქილიჩდაროღლუმ რომც გაიმარჯვოს, პარლამენტი მისი არ იქნება, პარლამენტი უკვე ზომიერი ისლამისტებისაა.
- ალბათ, პროცესი ასეთ შემთხვევაში უფრო საინტერესო იქნებოდა, მაგრამ რა შანსი აქვს ახლა ქილიჩდაროღლუს?
- ძალიან მცირე. ერდოღანს უფრო მეტი შანსი აქვს. ამ არჩევნებზე უკვე მივიდა ამომრჩევლის 88%. შეიძლება ითქვას, რომ თურქეთის ყველა მოქალაქე გამოცხადდა საარჩევნო ყუთთან, ვისაც კი ამის გაკეთება ფიზიკურად შეეძლო. მეორე ტური ძალიან დაძაბული იქნება და მგონია, ერდოღანი გაიმარჯვებს, მაგრამ ბოლომდე გამორიცხული არც ის არის, რომ ქილიჩდაროღლუმ გაიმარჯვოს და ეს არ იქნება ცუდი. ე.ი თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქილიჩდაროღლუს გამარჯვება იქნება ამ ქვეყანაში ერთი ეპოქის დასასრული. ისე კი, ეს არჩევნები როგორი შედეგითაც უნდა დასრულდეს, ეპოქას მაინც დაასრულებს. რატომ? იმიტომ რომ ერდოღანი არის მოხუცი. მას ძალიან მალე დაემართება ის, რაც დაემართა შევარდნაძეს, ნაზარბაევს და რაც მოელის პუტინსა და ივანიშვილს! ჩემი აზრით, ეს არა მარტო ერდოღანისთვის იქნება ბოლო გამარჯვება, არამედ - ზოგადად, ზომიერი ისლამისტებისთვის. დღეს თურქეთში ძალიან ძლიერია პროევროპული განწყობა. ძალიან ბევრი თურქი ცხოვრობს ევროპაში, მაგალითად, გერმანიაში. ისინი იღებენ ევროპულ ღირებულებებს. მიუხედავად იმისა, თურქეთის მიმართ ბევრი კითხვებია დემოკრატიის თვალსაზრისით, ეს ქვეყანა მაინც ყველაზე დემოკრატიულია ისლამურ სამყაროში და ძალიან საინტერესოდ ავითარებს პროცესებს კავკასიაში. ასეთი ამბები ჩვენს რეგიონში ბოლო 300, 400 წლის განმავლობაში არ ყოფილა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქვეყანას ძალიან საინტერესო გეოპოლიტიკური შესაძლებლობები აქვს, ნახეთ, მას აქვს წვდომა ევროკავშირზე და, მეორეს მხრივ, ღრმა ისლამურ სახელმწიფოებზე - ირანსა და ერაყზე, ასევე, აქვს წვდომა შავ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვაზე, ჩრდილოეთ აფრიკაზე, კავკასიაზე, რუსეთზე. მას ყველგან თავისი ინტერესები ან პრეტენზიები აქვს. უნდა ითქვას, რომ თურქეთი არ არის რუსეთის მეგობარი, უფრო სწორად, სიტუაციური პარტნიორია. რიგ საკითხებში პრინციპული უთანხმოება აქვს , რიგ საკითხებში თანამშრომლობს, მაგალითად, მკვეთრად დაპირისპირებულია სირიასა და ლიბანში (რუსეთთან), ეხმარება კიევს, მაგრამ მოსკოვი ხმას ვერ იღებს! ჩვენ, ქართველებმა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით თურქეთი რუსეთთან კორექტულობას იცავს. რატომ? იმიტომ რომ ასეთი სტრატეგიით ცდილობს ფეხის მოკიდებას, მას შემდეგ, რაც კავკასიაში დაბრუნება გადაწყვიტა.
- ჩვენ რამდენად გვაწყობს, რუსეთის შესუსტების ხარჯზე თურქეთის გაძლიერება კავკასიაში, ეს ჩვენთვისაც გარკვეულ საფრთხეს ხომ არ წარმოადგენს?
- ნახეთ, ჩვენ მეზობლად გვყავს ორი დიდი მოთამაშე - რუსეთი და თურქეთი. რუსეთი არის ოკუპანტი და დღეს დიდი მონდომებით ცდილობს მართლმადიდებლური, სლავური სახელმწიფოს, უკრაინის განადგურებას. ფსევდომართლმადიდებელი რუსეთის საპირწონედ გვყავს თურქეთი, რომელსაც შეუძლია კავკასიაში ფეხი ჩადგას, როგორც ნატომ. რუსეთს საქართველოს ნატოში გაწევრება არაფერში არ სჭირდება. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ კავკასიაში 400-წლიანი ბატონობის შემდეგ რუსეთის პოზიციები სუსტდება. რატომ არ უნდა გვაწყობდეს, რომ ოკუპანტი და აგრესორი რუსეთის პოზიციები რეგიონში ნატოს წევრმა თურქეთმა დაიკავოს?!
- თურქეთი მხოლოდ რუსეთის მიმართ არ არის სიტუაციური პარტნიორი, არც ამერიკის და ევროპის ქვეყნების მიმართ უჭირს პოზიციებისა და შეხედულებების შეცვლა. ჩვენ გვახსოვს თურქეთის დაპირისპირება ამერიკასთან და საფრანგეთთან.
- თურქეთი მაქსიმალურად ცდილობს, ნატოს კონცეფციები შეასრულოს. შეიძლება რიგ საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოება ჰქონდეს რიგ დასავლურ ქვეყნებთან, იმიტომ, რომ მისგან ითხოვენ ადამიანების უფლებების დაცვას, მეტ დემოკრატიას, კორექტულობას საბერძნეთისა თუ კვიპროსის მიმართ და ა.შ თურქეთი, შესაძლოა, არ იყოს კარგი პარტნიორი, დასავლური ქვეყნებისთვის, მაგრამ ნამდვილად არის ნატოს ორგანული ნაწილი. ამასთან, კრიტიკულ მომენტებში, საბოლოოდ, თურქეთი ყოველთვის ახერხებს ურთიერთობის კორექტირებას ამერიკასთან. მაგალითად, როდესაც ვაშინგტონში სომხეთის გენოციდის საკითხი გააქტიურდა, ოფიციალურმა ანკარამ ძალიან მკაცრი განცხადებები გააკეთა, მაგრამ ერთ კვირაში ყველაფერი დასტაბილურდა. თურქეთს სჭირდება ამერიკა და ამერიკას სჭირდება თურქეთი. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, თურქეთს საქართველოს მიმართ ძალიან კორექტული ურთიერთობა აქვს. ე.ი. ჩვენი პარტნიორობა იმდენად სტაბილური და პოზიტიურია, რომ ვიღაცებმა იმის ჩხირკედელაობა და ძიება დაიწყეს, რა დაესიზმრა ვინმე ოზქოჩის და რა ლექსებს წერენ ესა თუ ის ნაციონალისტი პოეტები. შეიძლება თურქეთი ყოველთვის არ იყოს ჩვენს მიმართ ასე პოზიტიურად განწყობილი, მაგრამ ვიდრე ევროკავშირთან თანამშრომლობს და ნატოს წევრია, ეს ასე იქნება და ჩვენც ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ. პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მეგობრები, პოლიტიკაში არსებობს მუდმივი ინტერესები. თუ ჩვენ გვინდა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი შევინარჩუნოთ და რეგიონში ანგარიშგასაწევ ძალას წარმოვადგენდეთ, პარტნიორული ურთიერთობა უნდა შევინარჩუნოთ თურქეთთან, ვინც უნდა გახდეს ამ ქვეყნის პრეზიდენტი.
(სპეციალურად საიტისთვის)
ხათუნა ბახტურიძე