მე ვიყო ჯიმო! ანუ "მადლი ქენი, ქარხნის ეზოში დადეო... - კვირის პალიტრა

მე ვიყო ჯიმო! ანუ "მადლი ქენი, ქარხნის ეზოში დადეო...

შესავლის ნაცვლად:

"ბიძინა ივანიშვილმა, ჯიმოს ვეძებ, რამდენი ხანიაო! ქურთი იყო, იმ ქარხნის ეზოს ასუფთავებდა, სადაც მე საამქროს ვალაგებდი (ანუ, კოლეგები ვიყავითო) და ხანდახან, როდესაც სამეცადინო მქონდა, ჩემ მაგივრად მუშაობდა, კაი კაცი იყოო...

ახლა, რამდენი ხანია ვეძებ და ვერ ვპოულობ, ამ ინტერვიუს თუ წაიკითხავს, იქნებ გამომეხმაუროსო (ინტერვიუ "კვირის პალიტრაში" დაიბეჭდა ორშაბათს)!

დაახლოებით ისე, ნოდარ დუმბაძის ავთანდილ ჯაყელი ბავშვობის დროინდელ აბოს რომ ეძებს. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჯაყო აბოს მხოლოდ ძველი მეგობრობის აღდგენას შესთავაზებდა, ივანიშვილი კი ამ ჯიმოს "კაკ მინიმუმ", ოქროს ცოცხს აჩუქებს!

ჰოდა, აი, ვეხმაურები - მე ვარ ჯიმო, ბატონო ბიძინა!

ისე კი მართლა ძალიან მაინტერესებს, სინამდვილეში რა მოხდება? თუკი იმ მენაყინის ამბავს გავითვალისწინებთ, პატარა ღარიბი ბიჭისთვის ნაყინი რომ უჩუქებია და სამაგიეროდ თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ ჯიპი მიიღო, ჯიმოც არ დარჩება გულდაწყვეტილი.

ასეა, მადლი ქენი, ქარხნის ეზოში დადეო, - ნათქვამია...

ამასობაში ნელ-ნელა იკვეთება ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ჯერ კიდევ მიესვლებათ "ზევით" და ისინიც, რომლებსაც შანსი არა აქვთ და ძალიან სასაცილოდ იქცევიან. მაგალითად, ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე დიდად ნაწყენი იყო "ნაციონალებზე", როდესაც მათმა წარმომადგენლებმა - ბალავაძემ და გაბაშვილმა ("გოკაშვილმა" - როგორც "ბიძინა ბიძიამ" უწოდა) ჯონდი ბაღათურიას "კასტინგში" მონაწილეობის სურვილი დასწამეს: ეგ ტერმინი პირველად ჩვენ ვიხმარეთ და თქვენ რატომ იმეორებთო?!

საერთოდ, ყოველთვის ასეთ ძალიან "მნიშვნელოვან" რამეებზე ეკამათებიან ქრისტიან-დემოკრატები ხელისუფლებას, როგორც ჭეშმარიტ ოპოზიციას შეშვენის! აბა, ივანიშვილის კრიტიკაში რომ ეთანხმება, საარჩევნო კანონში რომ ეთანხმება, ბიუჯეტში რომ ეთანხმება და ქუთაისში პარლამენტის გადატანაშიც რომ ეთანხმება, მერე რა მოხდა?!

"ჭეშმარიტ ოპოზიციაზე" გამახსენდა: ლეიბორისტებმა 7 ნოემბერს საპროტესტო მიტინგი ჩაატარეს და ყველაფერი გააპროტესტეს - 150 კაცი იყო მისული და დაახლოებით ხუთ კაცზე ერთი გასაპროტესტებელი თემა მოდიოდა. ამ დროისათვის უჩვეულოდ თოვლიანი ამინდი იდგა, თორემ 175 კაცი მაინც მივიდოდა! უჰ, ეს რა წამომცდა! ახლაღა გამახსენდა, - "ინტერპრესნიუსმა" გამოაქვეყნა ინფორმაცია ამ მიტინგის შესახებ და ლეიბორისტების საპროტესტო ზარებმაც არ დააყოვნა სააგენტოში: თქვე მიშასთან შეკრულებოო, 150 კი არა, 200 კაცი იყოო!!!

ეს სააგენტო ჩვენი მედიაჰოლდინგის ნაწილია და ამიტომ მათი სახელითაც შემიძლია ვუპასუხო: ჩვენსა და თქვენ შორის მიშასთან და ზოგადად, ვინმესთან შეკრულის...

შეიძლება, ძალიან მკვეთრად ვლაპარაკობ, მაგრამ ლეიბორისტებზე გაბრაზებული ვარ: აგერ მეორე კვირაა, რაც რადიო "პალიტრაში" (FM 103.9) და ჩვენს ინტერნეტტელევიზიაში (www.palitraTV.ge) ეთერში გადის "პროვოკატორის" "რადიო და ტელევერსია" და ჩვენთან სტუმრობას არ კადრულობენ!

ეთერშიც ვთქვი და აქაც ვიმეორებ: ქალებს, ბავშვებსა და ლეიბორისტებს არ ვერჩი! მობრძანდით, ვისაუბროთ და "ტკბილად" გავარკვიოთ, ვინ ვისთან არის "შეკრული"...

ჰო, აქვე პრემიას ვაწესებ: ვინც ნათელაშვილს ეთერში მომიყვანს, სახინკლეს ვკისრულობ (საკუთარი ინიციატივით თუ მოვა, მაშინ შალვას ვუკისრებ გადაცემის დასრულებისთანავე - რა ჯობია ლეიბორისტებში ქეიფს!)!

იმდენად მოიცვა "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულმა ივანიშვილის ინტერვიუმ მთელი საინფორმაციო სივრცე, რომ თითქმის უხმაუროდ ჩაიარა მიშას მიერ დარტყმულმა კიდევ ერთმა "პენალტმა": პარლამენტი ქუთაისში მომავალ შემოდგომაზე კი არა, 2012 წლის 26 მაისს გადავაო!

"ბიძინისტებმა", - კარგიაო! ახალი პარლამენტის თავმჯდომარე სახლიდან (ჭორვილიდან) 40 წუთში მივა სამსახურამდეო.

P.S. არა, ხუმრობა იქით იყოს და, პარლამენტი თუ ქუთაისში გადავა, "გზა" რა იქნება - რეგიონული პრესა?!

მაგარია! მანდ რაღაც გრანტები "იჭრება", რეგიონული პრესის ამბავში, ვიცნობ ერთ-ორ კაცს, თვეში ერთ გაზეთს უშვებენ 20-25-ცალიანი ტირაჟით და არიან ტკბილად - არც "ნაციონალები" აინტერესებთ და არც ლეიბორისტ-ქრისტიან-დემოკრატ-ჯონდისდასელები...

მაგრამ ისევ "პირველსა სიტყვასა ზედა მოვიდეთ": არ მაინტერესებს, სად გადავა პარლამენტი; არ მაინტერესებს, რამდენი კაცი იყო შალიკოს მიტინგზე; არ მაინტერესებს, რა ხასიათზე გაიღვიძა სააკაშვილმა და შესაბამისად, რა ფერად შეიღებება რომელიმე შენობა; არ მაინტერესებს თარგამაძე, ადრე რომ შევარდნაძისტი იყო, მერე - ასლანისტი, მერე - პატარკაციშვილისტი და ახლა - "ჭეშმარიტი ოპოზიციაა"...

არაფერი არ მაინტერესებს, იმიტომ, რომ:

ბიძინა ბიძიაააა - მე! ვარ!! ჯიმოოოო!!!

პროვოკატორი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)