"ველოდებოდი, რომ საკონსულოში მოიკითხავდა, იქნებოდა სინანული, გულისტკივილი" - ირაკლი კობახიძე კელი დეგნანზე - კვირის პალიტრა

"ველოდებოდი, რომ საკონსულოში მოიკითხავდა, იქნებოდა სინანული, გულისტკივილი" - ირაკლი კობახიძე კელი დეგნანზე

ველოდებოდი [კელი დეგნანისგან], რომ საკონსულოში მოიკითხავდა, რატომ მოხდა, როგორ მოხდა, იქნებოდა სინანული, გულისტკივილი ამასთან დაკავშირებით - აღმოჩნდა, რომ განსხვავებული რეაქცია იყო, რაც სამწუხაროა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის საკონსულოს მიერ ვიზების გაცემის თაობაზე ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას.

მისი თქმით, 50 ბავშვი ყოველგვარი რეალური მიზეზის გარეშე დატოვეს საქართველოში და ამის მიზეზი ტექნიკური ვერ იქნება.

„ველოდებოდი შეშფოთებას, რომ 50 ბავშვი ყოველგვარი რეალური მიზეზის გარეშე დატოვეს საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებული იყო გასტროლები. ვერავითარი ტექნიკური მიზეზით ვერ გამართლდება ის, რომ 3 თვეში გასტროლებია და 50 ბავშვს საქართველოში ტოვებ. ველოდებოდი, რომ საკონსულოში მოიკითხავდა, რატომ მოხდა, როგორც მოხდა, იქნებოდა სინანული, გულისტკივილი ამასთან დაკავშირებით. თუმცა კონკრეტული ტელევიზიის მიმართაც გაისმა ბრალდება. ტექნიკური ვერ იქნება მიზეზი, ყველას კარგად ესმის, რომ სამ თვეში როდესაცაა დაგეგმილი გასტროლი, ნებისმიერ საკონსულოს შეუძლია ვიზების მოგვარება. მაგალითად, ვიღაცების წაყვანა რომ უნდათ სწრაფად, 2 დღეშიც კეთდება ვიზა. ეს მარტივი მოცემულობაა. ნებისმიერ საკონსულოში, მათ შორის ამ კონკრეტულშიც. ველოდებოდი სინანულს, თუმცა აღმოჩნდა, რომ განსხვავებული რეაქცია იყო, რაც სამწუხაროა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძე იმედოვნებს რომ აშშ-ის ახალი ელჩი დაინტერესდება საკითხით და საქართველოს მოქალაქეების მიმართ საკონსულოს დამოკიდებულება გაუმჯობესდება.

„ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ინტერესებშია, გადაიხედოს ის დამოკიდებულება, რომელსაც საკონსულო ავლენს, მგონია, რომ საელჩო უნდა დაინტერესდეს ამით. არ არის სწორი, როდესაც საქართველოს მოქალაქეების 37%-ს ურტყამენ ვიზებს და ჩვენი მეზობელი ქვეყნების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 63%-დან 88%-მდეა. ეს ერთგვარი დისკრიმინაციული და უსამართლო მიდგომაა, რაც უნდა გადაიხედოს. ელჩი შეიცვლება და იმედი მაქვს, ახალი ელჩი მეტად დაინტერესდება, რა არის საკონსულოს ასეთი დამოკიდებულების მიზეზი. იმედი მაქვს, ჩვენი მოქალაქეების მიმართ საკონსულოს მხრიდან დამოკიდებულება გაუმჯობესდება“,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ ყოველ წელს ათასობით ქართველს იღებს.

„გასულ თვეს, ბალეტის 30 მოცეკვავეს მიეცა ვიზა აშშ-ში გასამგზავრებლად. ასევე, გასულ კვირას ვიზა მიიღეს ქართველმა მომღერლებმა და მოცეკვავეებმა, რომლებიც მიემგზავრებიან აშშ-ში, რომ მონაწილეობა მიიღონ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში კონგრესის ბიბლიოთეკაში. ვიზის მიღების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ონლაინ და ასევე ვიძლევით რეკომენდაციებს, როგორ არის შესაძლებელი ვიზების მიღება. თუკი ადამიანები ამ წესებს დაიცავენ, ისინი მიიღებენ ვიზებს, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება, ეს არის ფაქტი“, - აღნიშნა ელჩმა.

IPN