ომის აღმოჩენა - როგორ გადაიქცნენ FPV-დრონები "კამიკაძე-მფრინავ ყუმბარმტყორცნელებად"... - კვირის პალიტრა

ომის აღმოჩენა - როგორ გადაიქცნენ FPV-დრონები "კამიკაძე-მფრინავ ყუმბარმტყორცნელებად"...

უპილოტო, დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატები, იგივე დრონები, ბოლო პერიოდის ომების განუყოფელ ნაწილად იქცნენ. მათ გარეშე დღეს საბრძოლო ოპერაციის დაგეგმვა და განხორცილება უკვე წარმოუდგენლად მოჩანს, მაგრამ თავად სამხედრო დრონებშიც ერთ-ერთი მათგანი მაინც გამოირჩევა, რამაც ის რუსეთ-უკრაინის ომის "ჩემპიონად" გადააქცია, ზუსტი დარტყმებით განადგურებული სამიზნეების სიმრავლით...

ომში დრონები ასრულებენ, როგორც სადაზვერვო, ასევე - წმინდა საბრძოლო ამოცანებსაც, როდესაც მოწინააღმდეგის ტანკის თავზე ჩამოკიდებული კვადროკოპტერიდან ოპერატორს ზუსტად შეუძლია ჩააგდოს ხელყუმბარა ტანკის ღია ლუქში, ან ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილ დრონს კამიკაძის როლი შეასრულებინოს, მაგრამ არსებობს დრონის კიდევ ერთი ტიპი, რომელიც განსაკუთრებული საბრძოლო შედეგიანობით გამოირჩევა და ეს არის FPV-დრონი...

ეს არის დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატი, რომელიც იმართება FPV (First Person View ) პრინციპით ანუ "ხედვა პირველი პირისგან", როდესაც გამოიყენება ვირტუალური რეალობის სათვალეები.

პრინციპში, ყველა დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატი შეიძლება FPV-დრონად ჩაითვალოს, რადგან მასზე დაყენებული მინიატურული ვიდეოკამერის მიერ გადაცემული სიგნალის დახმარებით იმართება, მაგრამ FPV-დრონებში მაინც სპეციალური გარნიტურით დისტანციურად მართვად სწრაფ კვადროკოპტერებს გულისხმობენ.

ისინი თავდაპირველად უფრო გართობისთვის შეიქმნა - FPV-დრონებით ზოგი საჰაერო რბოლებს აწყობდა, ზოგიც დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს იღებდა, მაგრამ დაიწყო ომები და სამხედროებმა FPV-დრონებს, არც მეტი და არც ნაკლები... ყუმბარსატყორცნების კუმულაციური ქობინები "აჰკიდეს"!

2-fpv-1684415857.png
FPV-დრონზე დამაგრებული, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტიდან მოხსნილი კუმულაციური ქობინი

საქმე ის არის, რომ ლულიდან გასროლილი ჯავშანგამტანი ჭურვისგან განსხვავებით, რომელსაც აუცილებლად დიდი სიჩქარე უნდა ჰქონდეს ჯავშანზე მოხვედრის მომენტში მის გასარღვევად, კუმულაციური ქობინისთვის მნიშვნელობა არ აქვს მიზანში მოხვედრის სიჩქარეს (პირიქით, ძალიან ცუდია, თუკი კუმულაციური ქობინი ფრენისას ღერძის გარშემო სწრაფად ბრუნავს, რადგან ეს ძალზე ამცირებს ქობინის აფეთქებისას წარმოქმნილი მიმართული კუმულაციური ჭავლის ჯავშანგამტანობის უნარს), მთავარია, მოხდეს ინიცირება და წარმოიქმნას კუმულაციური ეფექტი, რომლის კუმულაციური ჭავლი ფანტასტიკური სიჩქარით -10 კმ/წმ-ში, არღვევს სქელ ჯავშანსაც...

ამიტომაც, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნის - РПГ-7-ის რეაქტიული ჭურვიდან ამოხრახნილი კუმულაციური ქობინი, კუსტარულად დამაგრებული FPV-დრონზე, ხელის ერთგვარ "მფრინავ ყუმბარმტყორცნელად" იქცა, რომელსაც უფრო და უფრო აქტიურად იყენებს ორივე მებრძოლი მხარე უკრაინის ფრონტზე.

FPV-დრონების პლუსები შემდეგშია:

- ისინი ინტერნეტით ნაყიდი დეტალებისგან შედარებით მარტივად იწყობა და ამიტომაც ქარხნულ დრონებზე ბევრად იაფი ღირს.

- მის სამართავად არ არის საჭირო GPS სისტემის გამოყენება, შესაბამისად, მოწინააღმდეგიის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს არ შეუძლია ხელის შეშლა GPS-ის ჩახშობით, თუმცა შეიძლება შეაფერხონ ვიდეოსიგნალის გადაცემა.

- ოპერატორს ვირტუალური ხედვის სათვალეების გამოყენებით შეუძლია FPV-დრონი მტრის ჯავშანტექნიკის ყველა ნაკლებად დაცულ ადგილას მიმართოს.

3-fpv-1684415886.jpg
FPV-დრონების მიერ აფეთქებული ტანკი

FPV-დრონის მთავარ მინუსად კი შეიძლება ჩაითვალოს მისი ძალზე რთული მართვა, როდესაც 150-170 კმ/სთ სიჩქარით მფრენი ამ დრონის მართვა ოპერატორს მუდმივად უწევს, განსხვავებით ჩვეულებრივი კვადროკოპტერებისგან, რომლებსაც ერთ ადგილზე ავტომატურად "ჩამოკიდების" ფუნქციაც აქვთ. ამიტომაც FPV-დრონის ოპერატორების მომზადება ბევრად უფრო რთული და ხანგრძლივი პროცესია.

როგორც ჩანს, FPV-დრონებს "ღირებულება-ეფექტიანობის" კრიტერიუმის გათვალისწინებით, მათ დიდი მომავალი აქვთ ომებში, რადგან ვირტუალური ხედვის სათვალით აღჭურვილი თითოეული ოპერატორი მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის მრისხანე გამანადგურებლად შეიძლება იქცეს, ისე, რომ სანგრიდან თავიც კი არ ამოყოს...