"უკრაინამ შეიძლება "გაყინული" კონფლიქტების რიგი შეავსოს: როგორ შეიძლება "გადაიქცეს” ქვეყანა სამხრეთ კორეად" - კვირის პალიტრა

"უკრაინამ შეიძლება "გაყინული" კონფლიქტების რიგი შეავსოს: როგორ შეიძლება "გადაიქცეს” ქვეყანა სამხრეთ კორეად"

ამერიკული გაზეთი "პოლიტიკო" (Politico) აქვეყნებს სტატიას სათაურით - "უკრაინამ შეიძლება "გაყინული" კონფლიქტების რიგი შეავსოს: როგორ შეიძლება "გადაიქცეს” ქვეყანა სამხრეთ კორეად" (ავტორი - ნაჰალ თოსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ამერიკელი ოფიციალური პირები ითვალისწინებენ და მუშაობენ მზარდ ალბათობაზე, რომ რუსეთ-უკრაინის ომი "გაყინულ" კონფლიქტად გადაიქცევა, რომელიც შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდეს, შეიძლება - ათწლეულობითაც და შეავსებენ მსგავსი დაპირისპირებების რიგს - ისეთის, როგორც ამჟამად კორეის ნახევარკუნძულზე მიმდინარეობს.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში განიხილავენ "ომის გაყინვის" ისეთ ვარიანტებს, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ სად შეიძლება გავიდეს პოტენციური დაშორიშორების (ე.წ. სადემარკაციო) ხაზი, რომელიც არ იქნება ოფიციალური საზღვარი და რომელსაც უკრაინა და რუსეთი შეიძლება დათანხმდნენ და არ გადალახონ. განხილვები მიმდინარეობს აშშ-ის სხვადასხვა სტრუქტურაში და თეთრ სახლში. ეს არის ისეთი სცენარი, რომელიც შექმნილ სიტუაციაში შეიძლება ყველაზე რეალისტური აღმოჩნდეს, გრძელვადიანი პერსპექტივით - იმის გათვალისწინებით, რომ დამარცხების აღიარებას არც მოსკოვი და არც კიევი არ ფიქრობენ. ასეთი ვერსია სულ უფრო სავარაუდო ხდება აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმ მზარდი შეგრძნების ფონზე, რომ უკრაინის მიერ დაგეგმილი კონტრშეტევა რუსეთს მაინცდამაინც დიდ და გადამწყვეტ დარტყმას ვერ მიაყენებს.

რას ნიშნავს "გაყინული კონფლიქტი"? ეს ისეთი მდგომარეობაა, როცა საომარი მოქმედებები შეჩერებულია, მაგრამ არც ერთი მხარე არ არის გამარჯვებული და არ ეთანხმება იმას, რომ კონფლიქტი დასრულებულია. მსგავსი სიტუაცია შეიძლება პოლიტიკურად მისაღები იყოს აშშ-ისა და სხვა ქვეყნებისათვის, რომლებიც მხარს უკრაინას უჭერენ. ეს იმასაც ნიშნავს, რომ საბრძოლო შეტაკებების რაოდენობა შემცირდება, დასავლეთი კიევის დასახმარებლად დიდ თანხებს აღარ დახარჯავს და, შესაბამისად, საზოგადოების ყურადღება უკრაინაში შექმნილი ვითარებისადმი თანდათან შესუსტდება.

"ჩვენ ვგეგმავთ გრძელვადიან პერსპექტივას - იმის მიუხედავად, კონფლიქტი "გაყინული" იქნება თუ "გალღობილი", - ამბობს ერთ-ერთი ამერიკელი ჩინოვნიკი, რომელიც საქმის კურსშია უკრაინის შესახებ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში მიმდინარე დისკუსიის ირგვლივ. ჩინოვნიკის თქმით, მოვლენათა ასეთი [გრძელვადიანი] განვითარების დაგეგმვა სულ პრიორიტეტული ხდება პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის იმ დროს, როცა გასულ თვეებში განხილვები ეხებოდა მხოლოდ "სასწრაფო" და "მოკლევადიან" საკითხებს.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის კიდევ ორმა ჩინოვნიკმა დაადასტურა, რომ საბრძოლო მოქმედებების ხანგრძლივი "გაყინვა" წარმოადგენს ერთ-ერთ შესაძლებლობას, რომლისთვისაც აშშ ემზადება. ამერიკელი ჩინოვნიკები ასევე ფიქრობენ ვაშინგტონ-კიევის გრძელვადიან კავშირებზე უსაფრთხოების სფეროში და უკრაინის ურთიერთობაზე ნატოსთან.

ასეთი განხილვები ჯერჯერობით ადრეულ სტადიაზეა, თანაც ამერიკელი ჩინოვნიკები ხაზს უსვამენ, რომ კონფლიქტი "ცხელი" კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება. გარდა ამისა, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას განზრახული აქვს უკრაინას კვლავ მიაწოდოს იარაღი და აუცილებელი მხარდაჭერა გაუწიოს, რომ კიევმა მოსკოვს რაც შეიძლება მეტი ოკუპირებული ტერიტორია დაატოვებინოს.

და მაინც, ასეთ მსჯელობებს შეუძლია უკრაინის ლიდერების რწმენა შეასუსტოს და დაეჭვდნენ, რომ ვაშინგტონი ძველებურად ერთგულია კიევის მიმართ - მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი რესპუბლიკელი მხარს უჭერს დახმარების შემცირების იდეას.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი თანამშრომლი, რომელიც თეთრი სახლის სახელით გამოდის, ამბობს, რომ ამჟამად ხდება მრავალი გეგმის აწონ-დაწონვა გაუთვალისწინებელი გარემოებებისათვის, მაგრამ რადგანაც სიტუაცია სწრაფად ცვალებადია, ერთადერთი საიმედო პროგნოზი მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს: რუსეთი ვერ შეძლებს უკრაინის ტერიტორიის მთლიანად დაკავებას. ისევე, როგორც სხვა მოსაუბრეებმა, ამ ჩინოვნიკმაც მოისურვა, რომ მისი სახელი არ გაამხილონ.

მართალია, ბევრი ამერიკელი ჩინოვნიკი თავს არიდებს იმაზე ღიად ლაპარაკს, თუ როგორ განვითარდება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ-ის არმიის შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მარკ მილს არა ერთხელ გამოუთქვამს პროგნოზი, რომ ომი მოლაპარაკებით დასრულდება და არა - რომელიმე მხარის სამხედრო გამარჯვებით. გარდა ამისა, როგორც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, უკრაინის დახმარებისათვის გამიზნული ახალი პაკეტების ხასიათი ასახავს იმას, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უფრო გრძელვადიან სტრატეგიაზე გადადის.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აშშ-ის მარაგებიდან უკრაინისთვის გადაცემულ სამხედრო დახმარებებში სულ უფრო მცირდება მზა მოწყობილობა-დანადგარების რაოდენობა, ხოლო მატულობს დახმარების ისეთი პაკეტები, რომლებიც ითვალისწინებს ახალი იარაღის დამზადებას და შესყიდვას - ეს პროცესი შეიძლება რამდენიმე თვიდან რამდენიმე წელს გაგრძელდეს.

ამას წინათ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას 300 მილიონი დოლარის იარაღი გადასცა უშუალოდ აშშ-ის არმიის მარაგებიდან, ძირითადად, საბრძოლო მასალები. იმავდროულად კი, 1,2 მილიარდი დოლარი გამოჰყო სამხედრო კომპანიებისთვის უფრო რთული იარაღის დასამზადებლად და მის შესაძენად, მაგალითად, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებისათვის.

ამჟამად უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევას ამზადებს, თუმცა მისი განხორციელების ვადები გაურკვეველი რჩება. ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციები მოწმობენ, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გამორიცხავს კონტრშეტევის გადადებას, რადგანაც უკრაინის არმიას ჯერ კიდევ არ მიუღია საკმარისი რაოდენობის იარაღი დასავლელი პარტნიორებისაგან, თუმცა აღნიშნა, რომ ამ მხრივ "პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები უახლოეს დროში იქნება გადადგმული".

ამერიკელი ჩინოვნიკები ელოდებიან, რომ ლოკალური სამხედრო მოქმედებები მასშტაბური კონტრშეტევის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება. საშუალოვადიან პერსპექტივაში ბევრი ელოდება ისეთ პატურ სიტუაციას, როცა ბრძოლები გრძელდება, მაგრამ ვერც ერთი მხარე მნიშვნელოვან წარმატებას ვერ აღწევს ანუ ომი ერთმანეთის გამოფიტვაზეა გამიზნული, როცა ორივე მხარე ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის დიდ დანაკარგებს განიცდის. ამ დროს თითოეული მოწინააღდეგე იმედოვნებს, რომ თავის მეტოქეს პერსპექტივაში დაამარცხებს.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის არც ერთი ჩინოვნიკი, რომლებსაც "პოლიტიკო" ესაუბრა, არ აზუსტებს, თუ როგორ მონაწილეობას მიიღებს აშშ მრავალწლიან ომში ან როგორი იქნება ზუსტად დაგეგმილი კონფლიქტის "გაყინვის" სტადიები - ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა ხაზი გაუსვა, რომ ადმინისტრაცია ყოველთვის მუშაობდა როგორც გრძელვადიან, ასევე - მოკლევადიან შესაძლებლობებზე.

რაც უფრო დიდხანს გრძელდება კონფლიქტი, მით უფრო მეტია ალბათობა, რომ რუსეთი და უკრაინაზე შიდა და საერთაშორისო ზეწოლა გაძლიერდება - როგორც ცეცხლის შეწყვეტის, ასევე - მოლაპარაკების მიზნით ან რაღაც სხვა სამართლებრივი მექანიზმის შესამუშავებლად, რომ საომარი მოქმედებები შეჩერდეს.

ზოგიერთი ამერიკელი ჩინოვნიკი და ანალიტიკოსი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შესაჩერებლად სამაგალითო მოდელი შეიძლება კორეის ომი გახდეს. როგორც ცნობილია, კორეის ნახევარკუნძულზე აქტიური სამხედრო მოქმედებები 1953 წელს დასრულდა, მაგრამ 70 წლის გასვლის შემდეგაც კი ომის დამთავრება ოფიციალურად არ გამოცხადებულა.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლის თქმით, რასაკვირველია, ომის კორეული სტილით დასრულებაზე ექსპერტებმა და ანალიტიკოსებმა იმსჯელეს. "ეს მისაღებია, რადგან არც ერთ მხარეს არ მოუწევს ახალი საზღვრების აღიარება. დადგინდება მხოლოდ დროებითი ხაზი, რომლის გასწვრივ ზონაში სროლები შეწყდება.

სხვა, პოტენციურად მნიშვნელოვან ანალოგებს წარმოადგენენ, მაგალითად, რუსეთ-საქართველოს ომი ორი ქართული პროვინციის [აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის] გამო 2008 წელს და ინდოეთ-პაკისტანის 70-წლიანი დაპირისპირება ქაშმირის მთიან რეგიონთან დაკავშირებით. ასევე, მსგავსი მაგალითია იმავე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი 2014 წელს ყირიმისა და დონბასის საკითხში.

როგორც ანალიტიკოსები და ექსპერტები, ასევე - ჩინოვნიკებიც ამბობენ, რომ უკრაინის სამხედრო ძლიერების შენარჩუნებას და მის განმტკიცებას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. აუცილებელია ერთობლივი, ისეთი დონის და სტატუსის მქონე წვრთნების ჩატარება, რომლებიც არაფრით არ განსხვავდებიან ნატოს წევრი ქვეყნების ერთობლივი წრთვნებისაგან - იმის მიუხედავად, რომ უკრაინა ალიანსის წევრი არ არის. ასეთი მოქმედება ხელს შეუწყობს ძალთა ბალანსის შენარჩუნებას "კონფლიქტის გაყინვის" პერიოდში.

იმავდროულად, ანალიტიკოსები და ჩინოვნიკები ამბობენ, რომ კონფლიქტის გაყინვა არ ნიშნავს, რომ ჩამოყალიბდება გეოპოლიტიკური სტაბილურობა ან შემცირდება იმ სამოქალაქო მოსახლეობის ტანჯვა, რომლებიც სადავო ტერიტორიაზე აღმოჩნდება. კორეის ნახევარკუნძული და ინდოეთ-პაკისტანის სადავო რეგიონი (ქაშმირი) დროთა განმავლობაში დაძაბულობის ბირთვულ კერებად გადაიქცნენ იმ გადაწყვეტილებების შედეგად, რომლებიც იმდროინდელი მთავრობების მიერ იქნა მიღებული.

ამერიკელი ოფიციალური პირები ხაზს უსვამენ, რომ ისინი ცდილობენ, თავი აარიდონ "შავ-თეთრ კონტრასტულ აზროვნებას" სავარაუდო სქემებისა და სცენარების შედგენის დროს, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შეწყვეტის მიზნით. ბოლოსდაბოლოს, მთავარია, რომ აქტიურ ომს ცივი დაპირისპირება შეცვლის.

თუ აქტიური შეიარაღებული კონფლიქტი შეწყდება, დროთა განმავლობაში, ალბათ, აშშ-ისა და უკრაინის სხვა მოკავშირეების დანახარჯებიც შემცირდება: "უფრო იაფია ისეთი ქვეყნის შეიარაღება, რომელიც იარაღს და საბრძოლო მასალებს ყოველდღიურად არ ხარჯავს", - ამბობს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყოფილი წევრი. მისი ვარაუდით, ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების შანსები ახლა უფრო მაღალია, ვიდრე ეს 2014-2022 წლებში იყო - იმიტომ, რომ ახლა ორივე მხრიდან ომში, ძირითადად, სამხედრო პროფესიონალები, ოფიციალური შეიარაღებული ძალები მონაწილეობენ და არა - დონბასელი "სახალხო მოლაშქრეები", რომელთა "დაშოშმინება" უფრო რთულია.

იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლის შეწყვეტა ან კონფლიქტის დარეგულირების სხვა მექანიზმი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება, საზოგადოების ყურადღება კონფლიქტის მიმართ შესუსტდება. თავის მხრივ, ეს გამოიწვევს დასავლეთის დედაქალაქებზე იმ პირების ზეწოლის შემცირებასაც, რომლებიც კიევის მხარდაჭერის გაძლიერებას ითხოვენ. თუმცა აქვე იმის "საფრთხეც" იქნება, რომ ეს დედაქალაქები მიღწეულით დაკმაყოფილდებიან და ნაკლებად იმუშავებენ კონფლიქტის საბოლოო და სამუდამო გადაწყვეტაზე.

ამერიკელი და ევროპელი ჩინოვნიკების მტკიცებით, არაგონივრული იქნებოდა ვარაუდები, რომ უკრაინისათვის რუსული საფრთხე უახლოეს პერიოდში აღარ იარსებებს - იმის გათვალისწინებითაც კი, რომ საბრძოლო მოქმედებები ხანგრძლივი პერიოდით შეწყდება ან ვლადიმერ პუტინი პოლიტიკური სცენიდან წავა. "კონფლიქტის განახლებისა და შეტევების განხორციელების შესაძლებლობები, ალბათ, ათწლეულობის განმავლობაში არ გაქრება", - თქვა ერთმა ევროპელმა ჩინოვნიკმა, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიას კარგად იცნობს.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ