რა საჩუქარი მიართვა აშშ-ის დაზვერვამ პუტინს ? - კვირის პალიტრა

რა საჩუქარი მიართვა აშშ-ის დაზვერვამ პუტინს ?

რუსეთის აგრესიამ უკრაინაში პუტინის სპეცსამსახურებს ახალი თავსატეხი გაუჩინა: მათ აუცილებლად უნდა იპოვონ და მკაცრად დასაჯონ უკრაინისა და აშშ-დასავლეთ ევროპის ჯაშუშები. უკანასკნელ თვეებში კი პუტინი საკუთარ მოქალაქეებსაც "დაერია". ძნელია ბნელ ოთახში შავი კატის პოვნა, თუმცა რუსი "ჩეკისტები" ამას მაინც "ახერხებენ”. ფაქტობრივად, კვირა არ გავა, რომ ახალი სასამართლო პროცესისა და "გამოვლენილი ჯაშუშის" შესახებ არ გავრცელდეს ინფორმაცია. რუსეთში "1937 წელი" დაბრუნდა: "ხალხის მტრებისს" და "სამშობლოს მოღალატეების" ბრალდებით რეპრესიები მძვინვარებს.

საბჭოთა იმპერიის მთავარი ნიშანი ყოველთვის იყო მტრების ძიება. ქვეყნის საზღვრებს გარეთ ესენი იყვნენ "საზიზღარი იმპერიალისტები”, ამერიკა და "ნატო”. შინაურ მტრებში, რომლებიც, ბუნებრივია, უცხოეთის სპეცსამსახურების მიერ იყვნენ "მოსყიდულნი”, პირველ ადგილს საბჭოთა მეცნიერები, მწერლები და საერთოდ ინტელიგენცია იკავებდა. ათწლეულების შემდეგ რუსეთში არაფერი შეცვლილა. დიქტატორმა პუტინმა შეძლო რუსეთში იმპერიული ამბიციების იმ დონეზე გაღვივება, რომ გასული საუკუნის საბჭოთა რეპრესიები რუსეთში რეალობად იქცა.

საზოგადოებაში "37 წლის” საყოველთაო "შპიონომანია" კვლავ გამოცოცხლდა და "უცხო ქვეყნების ჯაშუშების” გამოვლენა რუსეთში ისეთივე ყოველდღიური მოვლენა გახდა, როგორც რუსი "მუჟიკის” მიერ ცოლისთვის ხელფასის დამალვა.

"ხალხის მტრებსა” და "მოღალატეებს” რუსეთის სპეცსამსახურები უპირველესად იმ მწერლებში, მეცნიერებსა და ჟურნალისტებში პოულობენ, რომლებიც ოდნავ კრიტიკულად მაინც არიან განწყობილი პუტინის რეჟიმის მიმართ. უკრაინაში აგრესიის შემდეგ რუსეთში ასეთების რიცხვმა ძალზე იმატა, თუმცა მათ პროტესტის ხმამაღლა გამოთქმისა ეშინიათ. სწორედ ამგვარი "ფარული და ჩუმი ოპოზიციის" დახმარების იმედი აქვს აშშ-ს დაზვერვას.

ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (ცსს) დაიწყო ახალი სააგიტაციო-პროპაგანდისტური კამპანია, რათა უკრაინის ომითა და ცხოვრების პირობებით უკმაყოფილო რუსები დაარწმუნოს ამერიკის დაზვერვისთვის ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობაში. ამისთვის 15 მაისს ცსს-მ გამოაქვეყნა ვიდეო Telegram-ზე, რომელიც მთავრდება ინსტრუქციით, თუ როგორ უნდა დაუკავშირდეთ მათ ანონიმურად და უსაფრთხოდ. ვიდეო ასევე გავრცელდა სხვა სოციალური მედიის პლატფორმებზე, მათ შორის YouTube, Twitter, Instagram და Facebook.

ცსს-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვიდეომიმართვის მიზანია პუტინის პოლიტიკით უკმაყოფილო რუსეთის მოქალაქეებისგან ანონიმურად, ინტერნეტის საშუალებით, მიიღონ სადუმლო სამხედრო-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური სახის ინფორმაცია. ცსს აცხადებს, რომ ვიდეომიმართვა საპროტესტო გამოსვლებისა და არეულობის პროვოცირებაზე არ არის გამიზნულიო.

საინტერესოა, რომ ეს ვიდეომიმართვა ამერიკელების ამგვარი "საიდუმლო ოპერაციების" და "პოტენციური აგენტების" გადაბირების მეორე ცდაა.

ჯერ კიდევ 2022 წლის 23 ნოემბერს ცსს-ს დირექტორის მოადგილემ დევიდ მარლოუმ განაცხადა, რომ ცსს ეძებს უკრაინასთან ომითა და ცხოვრების პირობებით უკმაყოფილო რუსებს, რათა მათ საიდუმლო ინფორმაცია გაუზიარონ ამერიკელებს. მარლოუს მინიშნებით: გარკვეული საფასურის სანაცვლოდ.

putt-1684481396.jpg

დევიდ მარლოუ, ცსს-ს დირექტორის მოადგილე.

ჩემი ვარაუდით, სწორედ ცსს დირექტორ უ. ბერნსის მოადგილე, დევიდ მარლოუ არის ამ ინიციატივის ავტორი. პოტენციურ ინფორმატორებად ის თვლის: რუს ოლიგარქებს, რომლებსაც მკაცრი სანქციები დაუწესეს, რუს ჩინოვნიკებს, რომელთაც ამერიკა-ევროპაში "გრიალი" მოაკლდათ, ასევე ოფიცრებს რუსეთის სპეცსამსახურებიდან და შეიარაღებული ძალებიდან, უცხოეთში მყოფ რუს დიპლომატებს და ა.შ.

ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია, თუ რა შედეგი მოიტანა შარშან ნოემბერში დაწყებულმა "პოტენციური აგენტების" გადაბირების პირველმა კამპანიამ.

რამდენად ეფექტიანია ეს მცდელობები ამერიკისთვის ძნელი სათქმელია, აი პუტინისთვის კი ნამდვილი საჩუქარია! რატომ? იმიტომ, რომ ამის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებას კიდევ უფრო გაუიოლდება საკუთარი მოქალაქეების დადანაშაულება "ჯაშუშობაში", მათთვის ცსს-თან ინტერნეტით კავშირის დაბრალება გაცილებით მარტივი გახდება, ვიდრე ათეულობით ტომი საქმეების "შეკერვა". მით უფრო, რომ რუსეთის სპეცსამსახურები უკვე მზად არიან ამისთვის: გასული წლის 20 დეკემბერს პუტინმა ვიდეომიმართვა გაუგზავნა თავის "ლაშქარ-მხედრიონს" - რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებს და უცხოეთის ჯაშუშებისა და მოღალატეების ოპერატიულად გამოვლენა-განეიტრალება დაავალა. ნათქვამია: "ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო": რუსეთის სპეცსამსახურებს უფრო გაუმარტივდებათ ამერიკელების დეზინფორმირება ყალბი ინფორმაციისა და "ფეიკების" შექმნა-გაგზავნით. ასე, რომ ძალზე საეჭვოა ცსს-ს ამ ინიციატივამ რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღოს. ეს ამერიკელებმაც კარგად იციან, მაგრამ ეს მათი იძულებითი ნაბიჯი იყო: რუსეთში აგენტურისა და ინფორმატორების დიდი დეფიციტი აქვთ, რაც უკვე ათწლეულებია სერიოზული პრობლემაა აშშ-ის დაზვერვისთვის.

აშშ-ის დაზვერვის ძლიერი მხარე ყოველთვის იყო სხვადასხვა ქვეყანაში ოპერატიულ-აგენტურული გზებით ინფორმაციის მოპოვება. საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ ეიფორიამ იმძლავრა და ამერიკელი "ჯეიმს ბონდები” მოდუნდნენ. სამწუხარო შედეგიც უკვე სახეზეა. 1990-იანი წლების დასაწყისიდან მათ ოპერატიულ-ტექნიკური და აგენტურული მეთოდების ფართო არსენალიდან გამოკვეთილი პრიორიტეტი ტექნიკური საშუალებებით დაზვერვას მიანიჭეს. კოსმოსური თანამგზავრიდან კონტროლი ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ის არ იქნა გაჯერებული აგენტურული ანუ "ცოცხალი წყაროებიდან” მოპოვებული ინფორმაციით, მაშინ შეცდომის დაშვების ალბათობა ძალზე დიდია. ტექნიკური საშუალებებით მოპოვებული ინფორმაციის გადაუმოწმებლობას ბევრჯერ მძიმე შედეგი მოუტანია. დაზვერვის რომელ სახეობას: კოსმოსური თანამგზავრებიდან, რადიოელექტრონულს თუ აგენტურულს უნდა მიეცეს დღეს უპირატესობა? ამჟამად ტექნიკური საშუალებებით იმდენი ინფორმაციის "დაჭერა” ხდება, რომ მათი გადამუშავება ფიზიკურად ვეღარ ხერხდება და მთავარ პრობლემად ინფორმაციის ანალიზი იქცა. ამ დროს ვერ ესწრება ინფორმაციის ამ დიდი მასივის ერთმანეთთან დაკავშირება. აგენტურული და ტექნიკური დაზვერვები ავსებენ ერთმანეთს, თუმცა პირველს მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია, რასაც კოსმოსური მზვერავ-თანამგზავრიდან და სატელეფონო მოსმენებიდან ვერ დაადგენ, კერძოდ: მოწინააღმდეგის ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრა; მათი მოქმედებების მეთოდებისა და ტაქტიკის; ფინანსური რესურსებისა და იარაღის მიღების წყაროებისა და არხების; ბაზების და ბანაკების ზუსტი განლაგების დადგენა და ა.შ.

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და ზოგიერთი სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ აგენტურულ მუშაობაზე ყურადღების შემცირება რამდენიმე მიზეზით იყო გამოწვეული. ჯერ, ერთი 1980-90-იან წლებში სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის არნახულმა წარმატებებმა "დათვური სამსახური” გაუწიეს მსოფლიოს წამყვან სპეცსამსახურებს. დაირღვა ბალანსი ტექნიკურ და აგენტურულ დაზვერვებს შორის - პირველის სასარგებლოდ. ჩამოყალიბდა სტერეოტიპი და მითი იმის შესახებ, რომ: "თუ კოსმოსური მზვერავ-თანამგზავრიდან ასანთის კოლოფს დავინახავთ და ავტომობილის ნომრებს წავიკითხავთ, მაშინ მოწინააღმდეგე ჩვენს ხელთაა”. ამის გამო, ბოლო 40 წელია, მსოფლიოს წამყვანმა სპეცსამსახურებმა მკვეთრად შეამცირეს აგენტურის გადმობირების ხარჯები. ისიც უნდა ითქვას, რომ ცსს-ს უდიდესი ობიქტური პრობლემები აქვს რუსეთში აგენტურის შეგზავნის და იქ დამკვიდრების მხრივ: დიქტატორული რეჟიმების ქვეყნებში აგენტურული მუშაობა ისტორიულად ურთულესი საქმეა. იმიტომ, რომ იქ არ არსებობდა რეალური და ძლიერი პოლიტიკური ოპოზიცია, რომელთანაც შეიძლება ოპერატიული მუშაობა და კარგი სადაზვერვო პოზიციების მოპოვება-გამაგრება; გართულებულია ინფორმაციის სანდო წყაროს გადმობირება; ძალზე მკაცრია კონტრდაზვერვითი კონტროლი; მოქალაქეები "პატრიოტული ფანატიზმის ტრანსში" იმყოფებიან და ყველას ეჭვის თვალით უყურებენ და ა.შ. დღეს, რუსეთში, ფაქტობრივად, სახეზეა საბჭოთა კავშირის 1950-1990 წლების ჩაკეტილი ადმინისტრაციული მოდელი - "რკინის ფარდა”. ამიტომაც "ცდა ბედის მონახევრეაო" და ცსს ცდილობს ორიგინალური გზები გამოძებნოს ინფორმაციის მოსაპოვებლად. ისიც საინტერესოა, თუ როგორ გამოიყენებს ვლადიმერ პუტინი ამერიკელების ამ "საჩუქარს". დაველოდოთ: შედეგი არ დაიმალება.