"გური ჩემი მეორე ნახევარია, 9 წელია უკვე ერთად ვართ. ის სტრიმერია, საერთაშორისო ბაზარზე მუშაობს" - კვირის პალიტრა

"გური ჩემი მეორე ნახევარია, 9 წელია უკვე ერთად ვართ. ის სტრიმერია, საერთაშორისო ბაზარზე მუშაობს"

მსახიობ ვერო კალანდარიშვილის შემოქმედებით ცხოვრებაში ახლა ერთ-ერთი საინტერესო პერიოდია. ფილმმა "სარკმელი", რომელშიც ვერო ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. რა არის მისთვის ამ პროფესიის მთავარი ხიბლი და კიდევ რომელ სატელევიზიო სერიალში ვიხილავთ მას ახლო მომავალში? - ამ ყველაფრის შესახებ თავად გვესაუბრება.

- ფილმი "სარკმელი" კანის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალის ფინალისტია. შენ და შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს გილოცავთ ამ წარმატებას. ამ ფილმის შესახებ მიამბე.

- დიდი მადლობა, ძალიან კარგი ამბავია, რომელმაც ყველა გაგვახარა. ეს არის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომლის რეჟისორიც გოგი თორაძე გახლავთ. გადაღებები პანდემიის დაწყებამდე გვქონდა, მერე იყო კორონავირუსით გამოწვეული პაუზა. ფილმმა უკვე საფესტივალო ცხოვრება დაიწყო და ძალიან მიხარია, რომ ასეთ წარმატებას მიაღწია, 1000-მდე ფილმს შორის შეირჩა.

- ამ ფილმში როგორ მოხვდი?

- კასტინგზე მივედი და როლზე დამამტკიცეს, პარტნიორობას მიწევს შოთა შანიძე - მხატვარი, პოეტი და არაჩვეულებრივი ადამიანი. ჩემი პერსონაჟი ყოფილი ბალერინაა, რომელიც ქუჩაში დგას და პროსტიტუციას ეწევა. ორი გმირის შეხვედრა იღბლიანი შემთხვევის წყალობით ხდება. შოთას პერსონაჟი მხატვარია, ეტლში ზის, ნახევრად სარდაფში ცხოვრობს და საკუთარი სარკმლიდან ხშირად ხედავს გოგოს ფეხებს. ამ გოგოს ერთ დღეს მხატვრის ბინაში სანთებელა ჩაუვარდება, ასაღებად ჩავა და გაიცნობს. ჩემი პერსონაჟი ისეთი გოგოა, რომელიც ალბათ ნებისმიერ შემოქმედს დააინტერესებს. ამ ფილმში ორი ადამიანის სულიერი კრიზისია. კასტინგზე რომ მივედი, მაშინვე მივხვდი (და ალბათ რეჟისორიც), რომ ამ გოგოს როლი მე უნდა შემესრულებინა. პრობლემა, რასაც შინაგანი კრიზისი, საკუთარი თავის დავიწყება ჰქვია, ბევრ ადამიანს აქვს გამოვლილი, უცხო არ არის. ფილმის ჩვენება კანში 19 და 20 მაისს იქნება.

- ამ ფილმს კიდევ უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებ! ახლა კი მსახიობის პროფესიაზე, მის ხიბლსა და სირთულეზე ვილაპარაკოთ.

- სიამოვნებით, ახლა მთლიანად კინოზე ვარ გადმორთული, ახმეტელის თეატრში აღარ ვთამაშობ, დროის ფაქტორი იყო დიდი პრობლემა, ვიჭედებოდი, ორივეგან ყოფნას ვერ ვახერხებდი, ამიტომ კინოსკენ გადმოვინაცვლე, ამ მხრივ უფრო ნაკლები გამოცდილება მაქვს, ვიდრე სცენაზე თამაშის და დიდი გამოწვევაა. რომ ვუფიქრდები, მსახიობობა სულ მაინტერესებდა, სულ როლში ვიყავი. ბავშვობაში ხან რომელიღაც პერსონაჟს ვთამაშობდი, ხან წარმოსახვით გმირებს ვებრძოდი, ამაში მთელი ეზო მყავდა ჩართული. რომ წამოვიზარდეთ, ეს თამაშები ბავშვების უმრავლესობას მობეზრდა, მე მობეზრებული არ მქონდა და თეატრალურ სტუდიაში მივედი. მინდოდა თავგადასავლებით სავსე ცხოვრება გამეგრძელებინა. იქ მივხვდი, რომ საჩემო ადგილზე ვიყავი, თანამოაზრეები ვნახე; ადამიანები, რომლებსაც უყვარდათ და აინტერესებდათ ეს საქმე, თუმცა მაშინ არ ვფიქრობდი, რომ ამ პროფესიას ბოლომდე გავყვებოდი. სტუდიის ხელმძღვანელები გიორგი სიხარულიძე და ვანო ხუციშვილი იყვნენ. კარგ გარემოში აღმოვჩნდი, იქ ყოფნა ძალიან მომწონდა, მაგრამ აბიტურიენტობის პერიოდს რომ მივუახლოვდი, სტუდიაში სიარული ვეღარ შევძელი, მერე ეს სფერო თანდათან მივივიწყე.

- და მიბრუნება როგორ მოხდა?

- სკოლას რომ ვამთავრებდი, ვერაფრით ჩამოვყალიბდი, სად მინდოდა ჩაბარება. პროფესიის არჩევა საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, მაგრამ მგონია, ეს საკითხი მოზარდებს რთულად მიეწოდებათ, ხომ შეიძლება, ნებისმიერ ასაკში დაიწყო ახალი პროფესიის შესწავლა და არ არის აუცილებელი, ერთხელ არჩეულ პროფესიას ბოლომდე გაჰყვე. საბუთების ჩაბარების დრო რომ დადგა, წინადღეს კიდევ არ ვიცოდი, რომელი ფაკულტეტი მიმეთითებინა. მშობლებმა სტუმრად მათი მეგობარი მოიყვანეს, რომელიც პროფესიით ფსიქოლოგია. თურმე ის ტესტს მიტარებდა, მე არ ვიცოდი და მეგონა, უბრალოდ ვსაუბრობდით. მან მითხრა, შენ აუცილებლად კრეატიული პროფესია გჭირდებაო. მაშინ ჩემში გადატრიალება მოხდა, თითქოს ის კარი გაიხსნა, რაც ჩემს ტვინში დიდხანს ჩაკეტილი მქონდა და ვთქვი, მსახიობობა მინდა-მეთქი.

- ჩაკეტილი რატომ გქონდა?

- გარემო, ოჯახი შეგნებულად - არა, მაგრამ მაინც გაწოდებს აზრს, რომ ეს არ არის პრაქტიკული არჩევანი, რომ სჯობს, სხვა პროფესიაზე იფიქრო და რატომღაც ეს მეც დავიჯერე.

- ეს პროფესია შემდეგ რამდენად საინტერესო აღმოჩნდა?

- ძალიან საინტერესო და რთული აღმოჩნდა. იყო ის სირთულე, რასაც ველოდი, მაგრამ ისეთიც, რაზეც წარმოდგენა არ მქონდა. ზოგიერთს მსახიობობა გასართობი პროფესიაც კი ჰგონია, სინამდვილეში ასე არ არის, ამ სფეროში გზა ია-ვარდით არაა მოფენილი.

- ამიხსენი, რა არის სინამდვილეში? ამ პროფესიის მთავარ ხიბლს რაში ხედავ?

- საკუთარი თავის შეცნობაში, საკუთარ თავთან გულწრფელად ყოფნაში. ვხვდები, ჯერ კიდევ ბოლომდე არ მაქვს საკუთარ თავთან ეს გულწრფელობა, აღმოჩენები არა და არ მთავრდება. თითოეული როლით მსახიობის თვალსაწიერი ფართოვდება. წესით სტიგმების არ უნდა გვჯეროდეს, ადამიანებს ზუსტად ისეთებად უნდა ვხედავდეთ, როგორებიც არიან, არავინ უნდა განვსაჯოთ, მაგრამ რეალობაში ეს ხომ ყოველთვის ასე არ არის. თითოეული როლი კოდირებულ აზროვნებას ხსნის და ხსნის, სულ უფრო მეტად ფართოვდება თვალსაწიერი, ადამიანები მეტად გიყვარდება, უფრო ემპათიური ხდები, შემდეგი ეტაპი საკუთარ თავში იმ ყველაფრის აღმოჩენაა, რასაც ვერასდროს დაუშვებდი, და რომ ეს ყველაზე საინტერესო პროცესია.

- საკუთარ თავთან დიდი აღმოჩენები ხშირად გქონია?

- ხშირად - არა, მაგრამ მქონია. სხვათა შორის, არის მომენტი, როცა საკუთარ თავში რაღაც ცუდს აღმოაჩენ და მერე მას როლით კურნავ. შეიძლება საკუთარ თავს ზიანიც მიაყენო, წარსულში ამის არაერთი მაგალითიც არსებობს, მსახიობობა ზღვარზე გასავლელი პროფესიაა.

- ერთხელ მითხარი, სამსახიობოზე რომ არ ჩამებარებინა, ბედნიერი ვერასდროს ვიქნებოდიო. დღესაც ასე ფიქრობ?

- არა, მაშინ შედარებით პატარა ვიყავი და ალბათ ასე ვფიქრობდი. ახლა ცხოვრებას სხვაგვარად ვუყურებ, ბედნიერების იმდენი მიზეზი გვაქვს ადამიანებს, მხოლოდ პროფესია არ არის ამის მთავარი წყარო.

- შენთვის ბედნიერების მთავარი წყარო ვინ არის (არიან)?

- ჩემი საყვარელი ადამიანები არიან. გამიმართლა, რომ გარშემო არაჩვეულებრივი ხალხი მყავს.

- როლი, რომელმაც შეგცვალა, რომელია?

- ცოტ-ცოტათი ყველა როლი გცვლის. გამორჩეულად 2 როლი მახსოვს, ერთი არის აიჩე, სპექტაკლიდან "იავნანა ომს". ვთამაშობდი ქალს, რომელიც მიდის იმისთვის, რომ ტერაქტი მოახდინოს. ამ ადამიანის ფსიქიკაში შესვლა, მისი მოტივების გაგება არ იყო ადვილი, მაგრამ საინტერესო პროცესი გახლდათ. როგორ პერსონაჟსაც უნდა თამაშობდე, მის მხარეს უნდა იყო, არ უნდა განიკითხო. ეს ადამიანი მივიღე და ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა, მეტად ემპათიური გამხადა. მეორე როლი მარტინიოსი "ბერნანდა ალბას სახლში" იყო, სულ მინდოდა ეს როლი შემესრულებინა, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემგან სრულიად განსხვავებულია, სხვა გამოცდილებებით. ყველაზე მეტად მქონდა შეგრძნება, რომ ის მე ვიყავი. ეს სპექტაკლი რომ ვითამაშე, ისეთი აღარ გახლდით, როგორც მანამდე.

- როგორი პერსონაჟები უფრო გიზიდავს, რომელიც გგავს თუ რომელთანაც საერთოდ არაფერი გაკავშირებს?

- ორივე თავისებურად საინტერესოა. ასი პროცენტით განსხვავებული პერსონაჟი, სამუშაოდ მცირე დრო თუ მაქვს, ცოტათი მაშინებს, მირჩევნია, ხელი არ მოვკიდო. ჩემებური აღქმა მაქვს, ხაზს ვხედავ, რომლის ერთ მხარეს მე ვარ და მეორე მხარეს - პერსონაჟი. მასთან ზოგჯერ ახლოს ვარ, ზოგჯერ - შორს. არ არსებობს, სადღაც შეხვედრის წერტილი არ იყოს, უბრალოდ, ამ წერტილის პოვნას დრო უნდა. თუ დრო არ არის, მირჩევნია, საერთოდ არ შევეხო.

- ოდესმე როლზე მიუღებლობის გამო უარი გითქვამს?

- კი, რამდენიმე ასეთი შემთხვევა მქონდა. პერსონაჟი შეიძლება უცხო იყოს და იფიქრო, რომ შენ მას სინამდვილეს ვერ შესძენ, ეს კიდევ სხვა რამეა. ყოფილა ფილმიდან შემოთავაზება, მაგრამ ფილმის იდეა ჩემთვის იმდენად მიუღებელი იყო, ჩემს მსოფლმხედველობას სრულად აცდენილი, რომ უარი ვთქვი.

- პრემიერის შემდეგ, ვინ არის ის ადამიანი, ვის შეფასებასაც დიდი ინტერესით ელოდები?

- ასეთი ბევრი ადამიანია, მაგრამ ყველაზე მთავარი გურის შეფასებაა. ყოველთვის სწორ რამეს მეუბნება და იცის, როგორ მითხრას, შედეგზე რომ აისახოს. გური ჩემი მეორე ნახევარია, ის ჩემთან ყოველთვის გულწრფელია. ჩემი კოლეგების, ოჯახის წევრების, ვისაც ვენდობი, ყველას აზრი მნიშვნელოვანია. ახლობლების ნათქვამი სიტყვები ხშირად გამომდგომია.

- ვერო, მეორე ნახევარი ახსენე, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეს არც არის ცნობილი.

- პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ლაპარაკი არ მიყვარს. გური სტრიმერია, "იუთუბზე" აქვს სტრიმი, საერთაშორისო ბაზარზე მუშაობს, ინგლისურ ენაზე. ჩვენ 9 წელია უკვე ერთად ვართ. სიყვარულს ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, ამიტომაც თავს ვიკავებ.

- ახალ როლზე მუშაობას რომ იწყებ, ეს გარკვეული ეტაპებისგან შედგება: სცენარის გაცნობა, სამაგიდო რეპეტიციები, სცენაზე გადასვლა... შენთვის რომელია გამორჩეულად საინტერესო?

- ყველაზე საინტერესოა, როცა ჩემს წარმოსახვაში არსებული ორი წერტილის, ანუ მსახიობის და პერსონაჟის შეხვედრა ხდება. ეს შეხვედრა სულ სხვადასხვა დროს შეიძლება შედგეს. შესაძლოა სულაც არ იყო რეპეტიციაზე, ქუჩაში მიდიოდე, პერსონაჟზე ფიქრობდე და მაშინ მოხდეს.

- შემოქმედებით საქმიანობაში სხვა რა სიახლე გაქვს, ახლა რაზე მუშაობ?

- მადლობა ღმერთს, იღბლიანი ვარ. რაც კინოსკენ გადმოვერთე, უკვე არაერთ პროექტში მივიღე მონაწილეობა, მათ შორის საერთაშორისოშიც. ახლა კი ვმუშაობ მინისერიალზე, სახელწოდებით "სტუმარი". რომლის გადაღებაც ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით. როგორც ვიცი, სერიალი ეთერში მაისის ბოლოს გავა. რეჟისორი ლაშა ცერიაშვილია. სულ 4 სერია იქნება, მოქმედება 1912 წელს ხდება, გადაღება - ძალიან ცნობილი ბრიტანული პიესის მიხედვით. ქართველ მაყურებელს ამ სერიალის სახით ძალიან საინტერესო პროექტი ელოდება.

- შენს პერსონაჟზე რას გვეტყვი?

- ჩემი გმირი მდიდარი ოჯახის შვილია, უცხოეთში ნასწავლი, საკუთარი სამყაროთი მოცული და გარშემო ვერაფერს აღიქვამს, მერე ხდება დიდი გადატრიალება, რის შემდეგაც აცნობიერებს, როგორ შეიძლება, შენი გულგრილობით ადამიანები დააზარალო. ამ სერიალში ისეთი თემებია წამოწეული, რომლებსაც დრო არ აქვს, ყველა ეპოქაში აქტუალურია, მათზე საუბარი საჭირო და აუცილებელია.

- მადლობა ინტერვიუსთვის!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"