"გიორგი ბაკურიანიდან რომ ჩამოვიდა, გვითხრა, სოფიკოზე შეყვარებული ვარო... ის ჩემი ცხოვრებიდან არ წასულა!" - როგორ იხსენებს ნანი სოფიკოს
"ვერ წარმოიდგენთ, სოფიკომ როგორ გამომიყვანა რთული მდგომარეობიდან, არასოდეს დამავიწყდება! ცხოვრებისკენ შემომაბრუნა და ახლაც სულ გამაჟრიალა, თან ცრემლები მახრჩობს, სოფიკოზე სხვანაირად საუბარი არ შემიძლია. სოფიკოს ამქვეყნად არყოფნას ვერაფრით ვეჩვევით. სოფიკო ჩემი ცხოვრებიდან არ წასულა!“ - ლეგენდარულ მსახიობს - სოფიკო ჭიაურელს 21 მაისს, დაბადებიდან 86 წელი შეუსრულდებოდა... ქართული სცენის დედოფალმა - ნანი ბრეგვაძემ უახლოესი მეგობრის შესახებ მოგონებები "კვირის პალიტრას" გაუზიარა...
- ბავშვობაში მე და ნინა ალექსი-მესხიშვილი ვმეგობრობდით და მახსოვს, სოფიკოზე ორივე ვგიჟდებოდით. მას ჯერ კიდევ არ ვიცნობდით, მაგრამ ძალიან გვიყვარდა. მე პირველ ქალთა სკოლაში ვსწავლობდი, სოფიკო - სხვაგან, მეხუთე ქალთა სკოლაში. იქ უკვე იგრძნობოდა მისი ლიდერობა. იგი ლიდერი იყო თავის მეგობრებში, ძალიან აქტიური და შესამჩნევი.
- ლამაზი...
- არა, ლამაზს ვერ ვიტყოდი... მასთან სახლში ამხანაგები რომ მივდიოდით, ხალათით გვხვდებოდა, თუმცა მაქსიმალურად მოწესრიგებული. სახლში მაკიაჟს არასოდეს იკეთებდა, არანაირ აქსესუარს არ ატარებდა, სრულიად უბრალოდ იყო და ჩვენ თვალწინ რაღაც დროის განმავლობაში იმდენად ლამაზდებოდა, ყველა მოხიბლულები ვიყავით. ძალიან დიდი შინაგანი ძალა ჰქონდა და ის ალამაზებდა. არც ჰქონდა მნიშვნელობა ლამაზი იყო, თუ - არა, იმდენად დიდი და საინტერესო ადამიანი იყო...
სოფიკო ჯერ კიდევ სკოლაში რომ სწავლობდა, არავინ ვიცოდით, რა პროფესიას გაჰყვებოდა... გიორგი ბაკურიანში იყო წასული და რომ ჩამოვიდა, მე და ნინას გვითხრა, სოფიკოზე შეყვარებული ვარო. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რა კარგია, სოფიკოს დავუახლოვდებითო. მართლაც ასე მოხდა. მაშინ 14-15 წლის ვიყავით და გავგიჟდი, სოფიკო ახლოს რომ გავიცანი. სოფიკო ჩემი ფავორიტი (არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ ასეა) იყო, ასე გამოდიოდა... შემდეგ სოფიკო მოსკოვში წავიდა სასწავლებლად, გიორგიც იქ სწავლობდა და რომ ჩამოვიდნენ, უკვე ცოლ-ქმარი იყვნენ. იმ დღიდან დაწყებული, თითქმის სულ ერთად ვიყავით.
სოფიკოს შინაგანი სამყარო შიგნით ვერ იტევდა ამდენს. არაჩვეულებრივი პიროვნება, იმდენად, რომ ვინც კი დავრჩით მისი მეგობრები, სულ ვიხსენებთ. ყველასთან პირველი იყო, კარგი რამ პირველად მას უნდა გაეკეთებინა. მე რომ დედა გარდამეცვალა, ძალიან ცუდად ვიყავი, იმდენად მოვეშვი, აღარც კონცერტები, აღარაფერი მინდოდა... დიდი დრო გავიდა, მაშინ უკვე სოფიკო და გიორგი ერთად აღარ იყვნენ, სოფიკო და კოტე მოვიდნენ ჩემთან და უნდა გენახათ, სოფიკო როგორ შემოვიდა, - აბა, ახლა აეთრიე ამ სკამიდან და შენი ცხოვრება დაიწყეო... ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამომიყვანა სიტუაციიდან, არასოდეს დამავიწყდება! ცხოვრებისკენ შემომაბრუნა, გეუბნებით და ახლაც სულ გამაჟრიალა, თან ცრემლები მახრჩობს, სოფიკოზე სხვანაირად საუბარი არ შემიძლია.
სოფიკოს ამქვეყნად არყოფნას ვერაფრით ვეჩვევით. სოფიკო ჩემი ცხოვრებიდან არ წასულა! არც არავის ცხოვრებიდან... კიდევ კარგი, რომ დარჩა მისი ასეთი გენიალური ფილმები, თითქოს აგერ ჩვენთანაა.
სულ მაწვალებდა, ნამდვილად ძალიან ვუყვარდი... სოფიკო ფიქრის გორაზე ცხოვრობდა, მე ზევით - აბაშიძეზე და დამირეკავდა, გოგო, ჩამოეთრიე ახლა ქვევითო... ძალიან უნდოდა რომ მემღერა, მივდიოდი და სულ ვმღეროდი იქ...
სოფიკოს უახლოესი მეგობარია არაჩვეულებრივი - ნანა ავალიშვილი, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს. იქ რომ ვიყავით, ძალიან ბევრს ვიცინოდით. სოფიკო იუმორით სავსე იყო, იმიტაცია უმაღლეს საფეხურზე აჰყავდა... სოფიკო უკვე ცუდად რომ იყო და თავის საძინებელში იწვა, ნანას ეძახდა, მოდი, დაუკარიო... ნანა ხუმრობდა, რა დავაშავეო, მიდიოდა და დილიდან საღამომდე უკრავდა. სოფიკო მეორე ოთახიდან უსმენდა. ხალხი რომ მოდიოდა სანახავად, ნანა თუ დაკვრას შეაჩერებდა, სოფიკო თავის ოთახიდან უყვიროდა, რატომ გაჩერდიო... ოღონდ სოფიკო ამას კი არ ბრძანებდა, ძალიან დიდი იუმორით ახერხებდა...
ჭამა უყვარდა. ერთხელ დილისკენ, დაახლოებით 12 საათზე მივედი და საოცარი სუფრა ჰქონდა გაშლილი. ვკითხე, სტუმრებს ელი-მეთქი და რას ამბობ, ეს ჩემი საუზმეაო...
- თავადაც კარგი კულინარი იყო?
- დიახ, ეს იყო ადამიანი, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეეძლო... სადილის მომზადება, ბაზარში პროდუქტების შესაძენად წასვლა, პრემიერის დროს შეეძლო დამჯდარიყო და რამე მოექსოვა, კერავდა... ყველა მეგობარს აქვს სოფიკოს შექმნილი სამახსოვრო რაღაც-რაღაცები. მეც შემხვდა ერთ-ერთი მძივი, რომელზეც ნიკუშამ მითხრა, ეს შენ სოფიკომ იმ ქვეყნიდან გამოგიგზავნაო და რაღაც ისეთი სიტუაცია იყო, ტირილით მოვკვდი...
რაც არის კარგი ამ ქვეყანაზე, ღმერთი რომ გაჩუქებს ყველაფერს ერთად, ეს იყო სოფიკო. მისი დავიწყება შეუძლებელია, ძალიანაც რომ მოინდომო! საბედნიეროდ, დარჩენილია მისი შესანიშნავი შემოქმედება!
ჯერ როგორ ცეკვავდა?! საოცრება იყო, რადგან ცეკვაზე არასოდეს უვლია, არ უსწავლია...
სოფიკო ძალიან დაუზარელი იყო! სულ ვეხვეწებოდით, ცოტა ხანს წამოწექი, შუადღეს მაინც დაისვენე, გადაიღლებიო და არა, კაცო, არაფერი დამემართება, მე დიდხანს უნდა ვიცოცხლოო... ასეთი რწმენა ჰქონდა, მე არაფერი მომკლავსო.
არ დამავიწყდება „ვერის უბნის მელოდიების“ გადაღება. როგორც ის მოძრაობდა, სიმღერა მის მოძრაობაზე უნდა ამეწყო, სიმღერაში ხასიათი უნდა ჩამედო... ყველაფერს ისე აკეთებდა, რთული არ იყო აყოლა, ხელს არ მიშლიდა. თვითონ იმდენად ჩასწვდა სიმღერას და მოერგო, მის შვილებსაც კი ეგონათ, რომ სოფიკო მღეროდა, ეკითხებოდნენ, დედა, ხომ შენ მღერიო...
- მას ვარსკვლავურად არასოდეს უცხოვრია...
- დიახ, რომ ვეტყოდი, ვარსკვლავი ხარ-მეთქი, ირეოდა, ვარსკვლავი არა, ისო... არ თვლიდა და იცით, რატომ? ისეთი დედის და მამის შვილი იყო, მას ბავშვობიდანვე აღარაფერი უკვირდა. მისთვის ახალი არაფერი იყო. დიდ სიყვარულს ხედავდა ვერიკო ანჯაფარიძის, მიხეილ ჭიაურელის მიმართ... მე იმდენად ახლოს მიმიყვანა მიშა ჭიაურელთან, ის უკრავდა, მე ვიჯექი მის კაბინეტში, ვუკრავდი და ბატონი მიშა მღეროდა. ახალგაზრდა ასეთ რამეს ვერ აფასებ, მაგრამ რაც დრო გავიდა, მივხვდი, რა ბედნიერებაა, ამ კაცთან რომ მქონდა შეხების წერტილი.
ქალბატონი ვერიკოც ძალიან დიდი პიროვნება იყო. ოთახში რომ შემოვიდოდა, მისგან უდიდესი ძალა მოდიოდა, მოწიწებით ფეხზე ვდგებოდით... ახალგაზრდები უყვარდა, მას არაჩვეულებრივი ფოტო აქვს გადაღებული ახალგაზრდა, საუკეთესო ბიჭებთან, გიორგისთან და მის მეგობრებთან, სადაც ჩემი მეუღლეც არის...
თქვენ წარმოიდგინეთ, სოფიკო ბაზრობაზე დადიოდა, იქ ყველა ცნობდა. ამბობდა, ნანი, ახლა შენ გგონია, მე მსახიობი ვარო?.. მე მშენებელი უნდა გავმხდარიყავიო. გიჟდებოდა მშენებლობაზე... კოტე ხუმრობდა, მაგას რა გააჩერებს, ვიდრე ფიქრის გორაზე მდებარე ამ სახლს უნივერსიტეტს არ შეუერთებსო...
სოფიკო იმდენად სრულყოფილი იყო, მისი მსგავსი ჯერჯერობით არავინაა! რიცხვი 21 ძალიან მიყვარს! სოფიკოს მსგავსად, დეიდაჩემიც 21 მაისს იყო დაბადებული, მეც 21-ში, ოღონდ ივნისში, ასევე, ნატალიაც 21-ში, მისი შვილიც...
საუბრის დასასრულს ვიტყოდი, რომ სოფიკოს დახასიათება ერთი სიტყვითაც შეიძლება - განუმეორებელი! მანამ ვიარსებებთ, სოფიკოს არ დავივიწყებთ!
(სპეციალურად საიტისთვის)