"თუკი ხედავენ, რომ "სუსტი რგოლი" ხარ, ყველას შეუძლია "გადაგიაროს". ყოველთვის უნდა ვიცოდეთ საკუთარი თავის ფასი"
"მამა ადრე გარდამეცვალა და მივხვდი, რომ თავი თვითონ უნდა გამეტანა, დამეცვა", - ადამიანურ ურთიერთობებზე საუბარი უსასრულოდ შეიძლება, რადგან ეს ამოუწურავი თემაა. როდის თმობს და როდის არ მიდის კომპრომისებზე - ამის შესახებ მსახიობი ნინო მუმლაძე გვესაუბრება:
- წინასწარ, ძალიან რთულია იმის თქმა, რას დავთმობ და რას - არა. საერთოდ, ურთიერთობა კომპრომისებს უნდა ეფუძნებოდეს. როცა ყოველთვის ერთ მხარეს უწევს დათმობა, ეს უკვე არაჯანსაღი ურთიერთობაა. თუ ხედავ, რომ ადამიანი შენს მიმართ დადებითადაა განწყობილი, თვითონაც თმობს და შემხვედრ ნაბიჯებს დგამს, მის გამო შენც მიდიხარ რაღაც დათმობებზე. მე, თვითონ, რადიკალურად ვერ ვიტყვი, როდის, რა შემთხვევაში წავალ კომპრომისზე, მაგრამ ერთადერთი, რასაც ვერასდროს დავთმობ, ჩემი პროფესიაა.
- არიან ქალები, რომლებიც ოჯახურ ძალადობასაც ითმენენ, რამდენად გამართლებულია ასეთი მსხვერპლი?
- როდესაც ქალი ძალადობის მსხვერპლია, ითმენს და ამას არც კი იმჩნევს, მას რაღაც სერიოზული მიზეზები აქვს. უმთავრესი მიზეზი ასეთ დროს მაინც ისაა, რომ ეშინიათ - ეშინიათ, რომ სიმართლის გახმაურების შემთხვევაში, უარესი რამ მოხდება. მეორე მხრივ, მათ ჰგონიათ, რომ თუ მოითმენენ, ხვალ ან ზეგ ყველაფერი გამოსწორდება, რაც სისულელეა. ძალადობის პირველივე მცდელობაზე ქალმა ხმა უნდა ამოიღოს და მოძალადე ქმარს თავი არ უნდა დააჩაგვრინოს. ადამიანი უღირს მოქცევას ერთხელ რომ მოითმენს, მერე ყველაფერი უარესად იქნება. როდესაც მამაკაცი მეორე ნახევარზე ძალადობს, ის ვერ გამოსწორდება და რაც უფრო მეტს აბედვინებს მსხვერპლი მოძალადეს, მით უფრო უარესად მოიქცევა ეს უკანასკნელი. პატარ-პატარა რაღაცები, რაც ურთიერთობას უფრო კომფორტულს ხდის, უნდა დავთმოთ, მაგრამ ფიზიკური ძალადობის მოთმენა არ შეიძლება - ეს კრიმინალია.
- შეგიძლიათ თუ არა საყვარელ ადამიანს ღალატი აპატიოთ?
- ღალატი ჩემთვის სრულიად მიუღებელია, მაგრამ გამოგიტყდებით, მე ის არასდროს გამომიცდია - ღალატის გამო არავის დავშორებივარ. საერთოდ, ჯანსაღ ურთიერთობებში ეს არ უნდა ხდებოდეს: თუ ადამიანს ვუყვარვარ, მისთვის ძვირფასი ვარ, სხვასთან წასვლა რატომ უნდა მოისურვოს? ალბათ, ადამიანი სანამ გიღალატებს, მანამ რაღაცები იცვლება. როდესაც ურთიერთობა ტოქსიკური ხდება, როცა შენთვის ძვირფასი ადამიანი ყურადღებას აღარ გაქცევს და ხვდები, რომ მისთვის მნიშვნელოვანი აღარ ხარ, ეს სავსებით საკმარისია, რომ ურთიერთობა დასრულდეს. როგორც გითხარით, მე ეს პრობლემა ადრე არ მქონია, მაგრამ ნათქვამია - "არასოდეს თქვა არასოდეს"... ძალიან რთულია იმის თქმა, როგორ მოვიქცევი, ღალატის წინაშე რომ დავდგე. ამ გადმოსახედიდან ვამბობ, რომ საყვარელ ადამიანს ღალატს არ ვაპატიებდი, მაგრამ რეალობის წინაშე რომ დავდგე, ძნელია იმის თქმა, რას გადავწყვეტ. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ღალატის წინაშე არასოდეს დავდგები.
- თქვენს პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით - თუ არის თქვენს ცხოვრებაში სასურველი ადამიანი?
- დიახ, ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს და მასაც ვუყვარვარ. ურთიერთობაში ვართ, ხვალ და ზეგ კონკრეტულს არაფერს ვაპირებთ, მაგრამ, ალბათ, დრო გვიჩვენებს, როგორ განვითარდება ჩვენი მომავალი.
- საინტერესოა, თუ გამხდარხართ სამსახურში სექსუალური შევიწროების მსხვერპლი?
- არასოდეს. ცხადია, არსებობენ არაკეთილსინდისიერი მამაკაცები, რომლებიც საკუთარ თანამდებობას ბოროტად იყენებენ, მაგრამ ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, ვისთან შეუძლიათ, თავს ამის უფლება მისცენ და ვისთან - არა. ამ მხრივ, მე ძალიან გამიმართლა: როდესაც ასაკით პატარა ვიყავი, ძალიან კარგ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა. ახლა, როცა უკვე ზრდასრული ვარ, თუ ვინმე უმსგავს რამეს გამიბედავს, ჩემგან საკადრის პასუხს მიიღებს. არ ვიცი, ალბათ, ჩემი ხასიათის გამო, მსგავსი პრობლემა ცხოვრებაში არ მქონია. ალბათ, ადამიანები ხვდებიან, რომ ზედმეტად არავის არაფერს "გავუტარებ", ჩემი აზრით, ურთიერთობა იქნება, სამსახური თუ სხვა რამ, ადამიანს თავიდან უნდა აჩვენო, რა ძლიერი პიროვნება ხარ და რის უფლებას არ მისცემ მეორე ადამიანს. ამის მერე ყველაფერი მოგვარდება... მე ეს ხასიათი ბავშვობიდანვე ჩამომიყალიბდა. მამა ადრე გარდამეცვალა და მივხვდი, რომ თავი თვითონ უნდა გამეტანა. არასდროს მყოლია ვიღაც, ვინც დამიცავდა, ამიტომ, ყოველთვის ვიცოდი, რომ თავი თვითონ უნდა დამეცვა. ამან ისე გამომწრთვნა, რომ უკვე ვიცი - თავი არავის უნდა დავაჩაგვრინო და არავისთან ურთიერთობაში მსხვერპლი არ ვიყო.
- ამას როგორ ახერხებთ?
- ძალიან მარტივად: იმ ადამიანთან, რომელთანაც ურთიერთობას იწყებ, სულ ერთია, მეუღლე იქნება ის, პარტნიორი თუ უფროსი, უმჯობესია, ყველაფერი თავიდანვე გაარკვიო და დაალაგო. თუნდაც, სამსახური ავიღოთ: თუკი ხედავენ, რომ შენ "სუსტი რგოლი" ხარ და ყველაფერს თმობ, მერე ყველას შეუძლია "გადაგიაროს". ამას ვიღაც ყოველთვის გამოიყენებს, შეიძლება ბოროტი განზრახვით არა, მაგრამ მაინც... ამიტომ, თავიდანვე უნდა განისაზღვროს, რისი უფლება გაქვს შენ, რის გამკეთებელი ხარ და რაზე არ წახვალ - ეს ამ რთულ და სტრესულ დროში აუცილებელია.
და კიდევ: წყენის დაგროვება არ შეიძლება - ეს ძალიან ცუდი თვისებაა, რის გამოც, ადამიანი ბოლოს მაინც კონფლიქტამდე მიდის: დავუშვათ, შენ არ გინდა მეგობართან ურთიერთობის გაფუჭება და ბევრ რამეს ითმენ, დაგროვილ წყენას ადრე თუ გვიან ხომ გამოავლენ? წყენა ერთბაშად იფეთქებს და იმათ, ვინც თქვენს მოთმინებას შეეჩვივნენ, უკვირთ, რა მოუვიდაო... ამიტომ, ადამიანები წყენას გულში არ უნდა იდებდნენ, მით უმეტეს, მეგობრულ ან პარტნიორულ ურთიერთობაში: თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ რაღაც არ გვინდა და არ მოგვწონს, რომ მერე საქმე საკამათოდ არ გაგვიხდეს.
ყველას, ვინც ახლა იწყობს კარიერას ან პირად ურთიერთობას, ვურჩევდი: ყოველთვის უნდა ვიცოდეთ საკუთარი თავის ფასი. როცა შენი თავი გიყვარს, გარემოც ასევე გექცევა, ხოლო თუ საკუთარ თავს პატივს არ სცემ, პატივისცემით სხვებიც არ მოგექცევიან. რა თქმა უნდა, ის ადამიანებიც უნდა დავაფასოთ, ვინც ჩვენ გვერდით არიან: თუ მათ მიმართ სიყვარულს გავცემთ, ისინიც ასეთივე სიყვარულით გვიპასუხებენ.
ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)