ბაიდენი "ჩათრევას" "ჩაყოლას" ამჯობინებს და უკრაინისთვის F-16 -ების რეექსპორტს თანხმდება? - კვირის პალიტრა

ბაიდენი "ჩათრევას" "ჩაყოლას" ამჯობინებს და უკრაინისთვის F-16 -ების რეექსპორტს თანხმდება?

აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენზე ბოლო თვეების განმავლობაში არც თუ სახუმარო ზეწოლა ხორციელდებოდა, როგორც ქვეყნის შიგნით ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან, ისე - საზღვარგარეთიდან, ნატოს პარტნიორი ქვეყნების რიგი ლიდერებისგან...

და დღეს-ხვალ დგება გადამწყვეტი მომენტი იაპონიაში, ჰიროსიმაში მიმდინარე "დიდი შვიდეულის" შეკრებაზე, სადაც საბოლოო პასუხი უნდა გაეცეს მნიშვნელოვან კითხვას - თეთრი სახლი თანხმდება თუ არა F-16 Fighting Falcon ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემას?

"სატანკო კოალიციის" შექმნაც დიდ ორჭოფობასთან იყო დაკავშირებული და ბოლოს სწორედ ბრიტანელებისა და ფრანგების გაბედულმა ნაბიჯებმა ერთგვარად აიძულა ჯერ აშშ და შემდეგ - გერმანია, თავიანთი ტანკები გაეგზავნათ რუსეთთან უთანასწორო ბრძოლაში მყოფი უკრაინელებისთვის (თუმცა, თუკი გერმანული "ლეოპარდ-2"-ები უკვე ერთ თვეზე მეტია, უკრაინულ ტალახს ზელენ, ამერიკელები თავისი შეპირებული "აბრამსების" უკრაინაში ჩატანას რაღაც უცნაურად აჭიანურებენ), ისევე "თვითმფრინავების კოალიციაშიც" ევროპელები უფრო აქტიურობენ, განსაკუთრებით კი - ბრიტანელები და გერმანელები, თუმცა არც ერთ მათგანს არ აქვს შეიარაღებაში F-16 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები, სწორედ ის, რომელზეც შეაჩერეს თავისი არჩევანი უკრაინელმა სამხედროებმა.

F-16-ების უკრაინაში მოხვედრის ძირითადი ორი გზა არსებობს - ან თავად აშშ "ლენდ-ლიზის" პროგრამით პენტაგონის არსენალიდან აწვდის მათ, ან თეთრი სახლი ნებას რთავს F-16 -ების მფლობელ სხვა ქვეყნებს, უკრაინაში განახორციელონ ამ თვითმფრინავების რეექსპორტი.

მსოფლიოში კი, აშშ-ის გარდა, კიდევ ორ ათეულზე მეტი ქვეყანა მოიძებნება, რომლებსაც შეიარაღებაში ჯერ კიდევ აქვთ F-16-ების სხვადასხვა მოდიფიკაცია, მათ შორის - საკმაოდ მოძველებულიც და მათ ჩანაცვლებას ისედაც აპირებდნენ მეხუთე თაობის F-35-ებით.

მაგრამ ამ ქვეყნებს, რომელთა შორისაცაა ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოებიც, სჭირდებათ ვაშინგტონის ოფიციალური დასტური, რომ თავის დროზე აშშ-დან ნაყიდი ამ საბრძოლო თვითმფრინავების მესამე ქვეყნისთვის გადაცემა კანონიერი იყოს.

თუკი თეთრი სახლი ნატოელ პარტნიორებს დაუდასტურებს ამის უფლებას, წესით, ბევრი არაფერი უნდა დაუდგეს წინ F-16-ს უკრაინის ცის დასაცავად, თუმცა გარკვეული ნიუანსები მაინც რჩება...

პირველი - სააეროდრომო ინფრასტრუქტურის თავიდან შექმნა F-16-ების საექსპლუატაციოდ უკრაინის აეროდრომებზე, რადგან დასავლური საბრძოლო თვითმფრინავების მომზადების გამოცდილება უკრაინაში არ არსებობს, თუ, რა თქმა უნდა, არ ჩავთვლით 80 წლის წინანდელ ისტორიას, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინმა ნება დართო ამერიკული "მფრინავი ციხესიმაგრეების" ეკიპაჟებს, იტალიიდან გამოფრენისა და აღმოსავლეთ ევროპაში გერმანელების სამხედრო ობიექტების დაბომბვის შემდეგ, საწვავით შევსება უკრაინის პოლტავას აეროდრომზე განეხორცილებინათ და უკანა გზაზე ისევ დაებომბათ გერმანელები...

მეორე - საავიაციო ინჟინრებისა და ტექნიკოსების მომზადება F-16-ების მოსამსახურებლად.

მესამე - პილოტების მომზადება-გადამზადება მათთვის უცხო საბრძოლო თვითმფრინავების ასათვისებლად.

ამერიკელებმა უკვე შეამოწმეს ორი გამოცდილი უკრაინელი პილოტი, დარწმუნდნენ მათ მაღალ პროფესიონალიზმში და განაცხადეს, რომ ისინი ერთი წლის ნაცვლად ოთხ თვეშიც კი დაეუფლებიან F-16-ების საბრძოლო გამოყენებას.

"მებრძოლი შევარდნების" უკრაინელი პილოტების მიერ წარმატებით ათვისება და საბრძოლო გამოყენება შეიძლება იმ ფაქტორმაც გააადვილოს, რომ უკრაინის ორ კარის მეზობელს - პოლონეთსა და რუმინეთს უკვე ჰყავთ შეიარაღებაში ეს ამერიკული გამანადგურებლები და თავიანთ დიდ გამოცდილებას გაუზიარებენ უკრაინელებს, მათ შორის - ამ "შევარდნებისთვის" საჭირო სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მოწყობის მხრივაც.

"ღირებულება-ეფექტიანობის" კრიტერიუმით F-16-ები, განსაკუთრებით კი - მისი თანამედროვე მოდიფიკაციები (იგივე F-16E/F Block 60-ი, უკვე მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავია, რომელსაც ჰაერში მოწინააღმდეგის გამანადგურებელთანაც შეუძლია წარმატებული ბრძოლა "ჰაერი-ჰაერი" კლასის შორსმოქმედი რაკეტებით, ასევე, ზუსტად შეუძლია გაანადგუროს რამდენიმე ათეული კილომეტრის სიშორიდან მტრის ტანკი "ჰაერი-მიწა" კლასის მართვადი რაკეტით და არც ზღვაში გაუშვას დაუსჯელად უცხო სამხედრო კატარღა "ჰაერი-ხომალდი" კლასის მართვადი რაკეტის უზუსტესი მოხვედრით) ერთ-ერთ საუკეთესო საბრძოლო თვითმფრინავებად ითვლებიან მსოფლიოში, რაზეც მეტყველებს ის ფაქტიც, რომ დღემდე 4 600-ზე მეტი ასეთი სამხედრო თვითმფრინავია წარმოებული, რითაც მეოთხე თაობის რეაქტიულ გამანადგურებლებში F-16 სრულ ლიდერობას ინარჩუნებს.

უკრაინის ხელისუფლებას სურს, 40-50 ერთეული F-16 მაინც იხილოს თავისი საჰაერო ძალების შეიარაღებაში, მაგრამ ეს თავდაპირველად ძალზე ძნელი მისაღწევი ამოცანა იქნება... ყოველ შემთხვევაში, წინასწარ არა ერთხელ დაანონსებული "დიდი კონტრშეტევის" დაწყება უკრაინელებს ყოველგვარი F-16-ების გარეშე მოუწევთ...