"30 წელია ძალოვან სტრუქტურაში ვმუშაობ, ასეთი რაღაც მართლა არ მინახავს, არც შევარდნაძის დროს, რომ პოლიციელებს ცოცხლად დაწვა დაუპირეს" - კვირის პალიტრა

"30 წელია ძალოვან სტრუქტურაში ვმუშაობ, ასეთი რაღაც მართლა არ მინახავს, არც შევარდნაძის დროს, რომ პოლიციელებს ცოცხლად დაწვა დაუპირეს"

მე 30 წელია ძალოვან სტრუქტურაში ვმუშაობ - ასეთი რაღაც მართლა არ მინახავს, არც შევარდნაძის დროს მინახავს, რომ პოლიციელებს ცოცხლად დაწვა დაუპირეს და ამ დროს გამოდის ოპოზიცია, მაპატიეთ, ბოდიშს გიხდით, მაგრამ იცავთ ამ ადამიანს, რომ ეს ადამიანი როგორ არ უნდა გამოუშვათ, ეს არის უცოდველი. აბა, ვინ წაუკიდა ცეცხლი? პოლიციელები უკიდებდნენ ერთმანეთს ცეცხლს? - ასე უპასუხა პარლამენტში შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებას მარტის აქციების დროს დაკავებული, ლაზარე გრიგორიადისის შესახებ.

დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მყოფ გომელაურს განუცხადა, რომ გრიგორიადისის ბრალეულობაზე მტკიცებულებები არ არსებობს. საპასუხოდ ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ "ძალიან კარგი მტკიცებულებები არსებობს“.

"ამდენი წელი იმუშავეთ შსს-ში და მე მგონი, თქვენც დამეთანხმებით, რომ პირველად მოხდა ადამიანების ცოცხლად დაწვა. დავანებოთ პოლიციელებს თავი, თქვენი აზრით, ნორმალურია, რომ ცოცხლად წვავდნენ ადამიანებს? ბიჭები რომ არ დახმარებოდნენ თანამშრომლებს, ცეცხლი წაეკიდათ ბიჭებს და სერიოზული დამწვრობები მიიღეს და ეს ადამიანები საავადმყოფოში იწვნენ. ეს ნორმალურია? აქვე მინდა გაგახსენოთ, თქვენზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ტელევიზიაში კარგად ჩანდა ის გამოსვლები, რომ „ვინც მოლოტოვის კოქტეილებს" ისროდნენ იყვნენ მოგზავნილები, სუს-ის აგენტები, პოლიციის აგენტები“, თუმცა მერე, როცა დავაკავეთ აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი უნდა გათავისუფლდეს, წესიერი ბავშვია, ეს არის ახალგაზრდა, რომელიც ჩვენი მომავალია, ერთი კვირის წინ იყო სუს-ის აგენტი, მერე გახდა მომავალი, თურმე. ბევრი რაღაც არის, რასაც ხშირ შემთხვევაში უსამართლოდ გვაბრალებთ. თქვით, რომ მოწოდებები არ იყოო, უამრავი მოწოდება იყო არამარტო იქ, ტელევიზიითაც გავიდა პირდაპირ ეთერშიც, სულ ჩართული იყო [მოწოდება] გთხოვთ, გაათავისუფლეთ გაჩერდით და შეტევები იყო. პოლიციელს თავის ქალა აქვს ჩატეხილი. ვინმეს მოუკითხავს, ერთი რა მოუვიდა, ან იმ ბიჭებს ვინც დაიწვნენ, რა მოუვიდათ. პირიქით, გავათავისუფლოთ ის, ვინც ცეცხლი წაუკიდა და დაწვაო. იქ, ერთი არ ისროდა, მიმდინარეობს გამოძიება, რამდენიმე ისროდა "მოლოტოვის კოქტეილებს და ღმერთმა ქნას, რომ დავადგინოთ, თუ ვინ იყო ზუსტად. ის, რომ ამ ადამიანზე, ვინც დაკავებულია მტკიცებულებები არ არსებობს, ძალიან კარგი მტკიცებულებებია. შეგიძლიათ ადვოკატს უთხრათ, მოიძიოთ და ნახოთ, რა მტკიცებულებიც გვაქვს, ეს ადამიანი ისროდა თუ არ ისროდა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მან დეკანოიძეს უპასუხა იმ ნაწილშიც, რომლის თანახმად, მარტის აქციების დროს ახალგაზრდებს პოლიცია აჩერებდა და ამოწმებდა.

"დაახლოებით 100 ადამიანამდე გაჩერდა, 10 ადამიანი დავაკავეთ. ვისაც პრობლემა არ ჰქონდა, ის მიდიოდა. თუმცა რამდენიმეს აღმოაჩნდა ელექტროშოკი, ზურგჩანთებში ქვებიც კი ელაგათ. ეტყობა, რუსთაველზე ქვები გათავდა, აღარ იყო და მოჰქონდათ ქვები, მეორე დღეს. როდესაც ელაპარაკებოდნენ გადაყარეთ, ზოგი პოლიციასთან წინააღმდეგობაში შედიოდა და იძულებულები იყვნენ დაეკავებინათ, თორემ არავის სურდა მათი დაკავება და გადაყვანა.

სამწუხაროა, ეს ყველაფერი რაც ხდებოდა, როდესაც ცოცხლად წვავდნენ. ასეთი უბედურება, მე მგონი, არ მომხდარა. მე 30 წელია ძალოვან სტრუქტურაში ვმუშაობ, იქ უშიშროება იყო, უსაფრთხოების სამსახური, პოლიცია თუ სახელმწიფო დაცვის სამსახური, ასეთი რაღაც მე მართლა არ მინახავს. არც შევარდნაძის დროს მინახავს ასეთი რაღაც, რომ პოლიციელებს ცოცხლად დაწვა დაუპირეს და ამ დროს გამოდის ოპოზიცია, მაპატიეთ, ბოდიშს გიხდით, მაგრამ იცავთ ამ ადამიანს, რომ ეს ადამიანი როგორ არ უნდა გამოუშვათ, ეს არის უცოდველი. აბა, ვინ წაუკიდა ცეცხლი? პოლიციელები უკიდებდნენ ერთმანეთს ცეცხლს?“- განაცხადა გომელაურმა.

"ინტერპრესნიუსი"