დაუნები თუ დიქტატორები - კვირის პალიტრა

დაუნები თუ დიქტატორები

შესავლის ნაცვლად:

რაღა დაგიმალოთ და, გაბრაზებული გახლავართ... "ვისოლმა" და "სოკარმა" ე.წ. მრავალფუნქციური ცენტრები გახსნეს აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალზე. რაც მთავარია, ლენტი ჩვენმა პრეზიდენტმა გაჭრა.

"ადამიანური ენით" რომ ვთქვათ, - "რიკოთის პერევალზე, სოკარის და ვისოლის კალონკებზე ჰამბურგერიანი ზაბეგალოვკები გაუხსნიათ!"

ჯერ ერთი, ეგრე ვინღა ლაპარაკობს და მერე მეორე, - რატომ გეწყინა, როდის იყო ჭამა-სმის დაწესებულებებს ერჩოდიო... ლენტის გაჭრას რაც შეეხება - მიშას ეგ საქმე არც ადრე დაუთმია ვინმესთვისო...

იცით, რა მეწყინა? ეს კაცი, კაცო, ეს ჩვენი პრეზიდენტი, "გემო-კვების" ამბავში მაინც ჩემპიონი მეგონა და იქ, რაღაცა ჰამბურგერით გამოჩნდა ტელეეკრანზე და ჩვეული კატეგორიულობით განაცხადა:

- ვინმე რამდენიმე წლის წინ ინატრებდა, რომ საქართველოში, ტრასებზე ასეთი საჭმლის მირთმევას შევძლებდით?!

შე დალოცვილო, პოლიტიკურმა კრიზისმა და რეალური კონკურენტის გამოჩენამ ეგრე კი არ უნდა დაგაბნიოს, რომ ასეთ "წმიდათაწმიდა" თემაზე ხელაღებით და არაკორექტულად ისაუბრო. მე ხალხი ვიცი, დღეგამოშვებით თბილისიდან მიდის სურამიდან ზესტაფონამდე (მოკლედ - "პერევალზე") რომელიმე რესტორანში იაფად და გემრიელად "პურისაჭმელად" და მართლა და მართლა, ყველაზე კარგი ჰამბურგერის დედა არ ვატირე?!

ვხუმრობ, ახლა, ვითომ, მაგრამ რომ არც ვხუმრობ, იცით? ასეც ხომ არ შეიძლება? კარგი, ბატონო: დასავლეთში კარგი განათლებაა, საქართველოში - ცუდი; დასავლეთში ცივილიზებული ხალხი ცხოვრობს, ჩვენთან - ველურები; დასავლეთში ქსენო-ჰომო და სხვა ფობიები არ არის, ჩვენთან - პედერასტებს ერჩიან; დასავლეთში - ხულიო იგლესიასია, ჩვენთან - ბუბა კიკაბიძე... კარგი-მეთქი, ჯანდაბას თქვენი და ჩემი თავი, მაგრამ რადგან დასავლურია, მხოლოდ ამის გამო რატომ უნდა ვამჯობინო პლასტმასის ჩიზბურგერი სურამის და რიკოთის რესტორნების ხაჭაპურს ან რატომ უნდა მერჩივნოს პოლიეთილენში შეფუთული ის კურკლის მსგავსი კატლეტი "ბიკენტიას ქაბაბს"?!

მესმის, რომ "ზოგს მღვდელი მოსწონს და ზოგს - მღვდლის ცოლი", მაგრამ ამის სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აყვანა შეიძლება?! წყევლა რა კაცის საქმეა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ცხონებული ბებიაჩემი, ის ტელესიუჟეტი რომ ენახა, აუცილებლად იტყოდა: "შენ არ ჭამე აფერი მაგაზე უკეთესი!"

არ შეიძლება, საჭმელიც აგიტაციისა და ცხოვრების წესის პროპაგანდის ნაწილად ვაქციოთ! ცხადია, ჩვენი ორიენტირი დასავლეთი უნდა იყოს, აბა, რუსეთს მოუკვდა პატრონი, მაგრამ ეჭვები რომ მიპყრობს მე ოხერს, რა ვქნა?! ასეთი ბრიყვული აგიტაციით რომ უფრო აძულებთ ხალხს ყველაფერ დასავლურს, დავიჯერო, მხოლოდ მე ვფიქრობ ასე? რა ვიცი, რა ვიცი...

აქეთ კიდევ, ეს ხუხუას ამბავი! ხუხუა ხომ იცით, მლესავი? მოკლედ შეგახსენებთ: ეს ხუხუა მუშაობს თუ მუშაობდა ივანიშვილის ერთ-ერთ სამშენებლო-სარემონტო ფირმაში მლესავად. მას ოჯახში მორიგი პიარ-აქციის ფარგლებში ქალაქის მერი, უგულავა ეწვია. მეორე დღეს ე.წ. ნაციონალურმა არხებმა გადმოსცეს, რომ ხუხუა სამსახურიდან გაათავისუფლეს - როგორ თუ უგულავა სახლში შემოუშვიო!

მთავარი მერე იყო - უგულავამ სოლიდარობა გამოუცხადა ხუხუას, ივანიშვილი დაამუნათა, - ასე არ შეიძლებაო, და ყველა რომ ელოდა (პირველ რიგში, ხუხუა), ქალაქის "მლესავთუხუცესობას" უბოძებსო... მორალური მხარდაჭერა გამოუცხადა!

თავის მხრივ, ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა ივანიშვილის ფირმის ბუღალტერმა, - არავის არ გაუგდია, ხელფასი და ავანსიც წინასწარ აქვს აღებული და ან ის ფული დააბრუნოს, ან კიდევ, მოვიდეს და მუშაობით აანაზღაუროსო! მოკლედ, ოლოლო და კოვზი ნაცარში, ბიჭებო...

საქმე რა არის, იცით? ერთმა მეგობარმა მითხრა: ნამდვილად ვიცი, მისი დაცვის წევრისგან, - შენს პროვოკაციებს თბილისის მერი კითხულობს და კარგად ხალისობს კიდეცო. გამიხარდა, ხალხნი ვართ, ვიფიქრე, მივალ, რამეს ვთხოვ - ან ლოჯიის ამოშენება დამჭირდება, ან სარდაფის დამტკიცება-მეთქი.

ამიტომ სულ არ ვაპირებდი ახლა ამის დაწერას, მაგრამ კარგი, რა, თქვე... მატყუარა ადამიანებო (უფრო პროზაული და კორექტული ვერაფერი მოვიფიქრე), რომელი მლესავის გათავისუფლებაზე საუბრობთ, როცა მთელი თბილისი სავსეა უკანონოდ და გაუგებარი მიზეზებით სამსახურებიდან გამოყრილი ხალხით?!

მეტს არაფერს ვიტყვი, ბატონო გიგი, მართლა სათხოვარი მაქვს თქვენთან და უნდა მოვიდე...

P.S. არც ლოჯია მინდა, არც სარდაფი და გარაჟიც წაიღეთ, მაგის დედაც ვატირე! ამ ბოლოსიტყვაში სულ სხვა რამის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ ხუხუას ამბავი მონაგონია, მერიის ახალ გენიალურ იდეასთან შედარებით: ქალაქს საგაზეთო ჯიხურები ამახინჯებს და ისინი უნდა აიკრძალოს!

ადამიანური ტელევიზიები ხომ ეთერს "ამახინჯებდა" და აიკრძალა, ახლა გაზეთებიღა დარჩათ, აგვკრძალავენ და იქნებიან გაღიმებულები და ბედნიერები!

ძმებო, მეგობრებო, ბიჭებო და ბიჭბუჭებო, ენდეთ ბებერ, გამოცდილ პროვოკატორს - გა-ი-ჩა-ლი-ჩებთ!

P.P.S. შალიკოზე ვაპირებდი ხუმრობას, თეთრი სახლის წინ გამართულ მის "მიტინგზე", მაგრამ ხუმრობა კი არა, მიდი, შალვა, მიდიიიი: "დაუნ ზე დიქტეიტა!!!"

პროვოკატორი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)