"რუსეთის პოლიტიკა აგებულია კონცეფციაზე, იქ, სადაც რუსია, არის რუსეთიც"
რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, 19 მაისს, თბილისის აეროპორტში მოსკოვი-თბილისის რეისით ავიაკომპანია "აზიმუტის" პირველი თვითმფრინავი დაეშვა. პარალელურად, აეროპორტის შესასვლელთან რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის გასაპროტესტებლად გაიმართა აქცია, სადაც პოლიციამ 6 კაცი დააკავა. ამავე დღეს რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა თბილისში, პარლამენტის შენობასთან. "არა რუსულ მთავრობას!", - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. დემონსტრაციის მთავარი ლოზუნგი იყო "რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება". ექსპერტთა ნაწილის აზრით, რუსეთთან ურთიერთობის ფრთხილი პოლიტიკა ნელ-ნელა სახიფათო მასშტაბს იღებს, რამაც ქვეყნის მომავალს შესაძლოა დიდი პრობლემა შეუქმნას, მით უფრო ევროინტეგრაციის იმ ეტაპზე, რასაც ჩვენი ქვეყანა გადის. მოგეხსენებათ, საქართველო ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღების მოლოდინშია. გასულ კვირას რეიკიავიკში გამართულ ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს სამომავლო მიზანი ევროკავშირში გაწევრებაა. "ეს არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის დიდი მიზანი და კანდიდატის სტატუსის მისაღებად ხელისუფლება აასრულებს 12 რეკომენდაციას", - ბრძანა მან. როგორ შეიძლება შეფასდეს შექმნილი ვითარება და სად მიიყვანს ქვეყანას საქართველოს ხელისუფლების მიღებული გადაწყვეტილებები, ამ საკითხებზე გვესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპა-ს პროფესორი გიორგი კობერიძე:
- მოგეხსენებათ, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2008 წლის ომამდე ბევრად ადრე, 2000 წლიდან დააწესა, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები კი 2019 წლიდან აკრძალა. იბადება ლოგიკური კითხვა, რატომ გადაწყვიტა კრემლმა ახლა მისივე დაწესებული აკრძალვების გაუქმება, რატომ შეარჩია მაინცდამაინც ეს დრო?
- ეს შემთხვევით არ მომხდარა. დღეს დადგა მომენტი, როდესაც საქართველოს ხელისუფლებისგან მან პოლიტიკური დათმობების მთელი კასკადი მიიღო. უკვე კარგა ხანია ვაკვირდებით პროცესს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არათუ ქმედებებით, რიტორიკის დონეზეც კი რუსეთის საწინააღმდეგოდ სიტყვასაც არ ძრავს. სამაგიეროდ, პირდაპირ დაუპირისპირდა უკრაინას და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. მეტიც, როდესაც სანქციებსა და მოკავშირეების დახმარებაზე იყო ლაპარაკი, ის, ფაქტობრივად, უარს აცხადებდა და ჰქონდა ძალიან ხისტი პოზიცია. რუსეთს არც ის გამოჰპარვია, როდესაც ჯერ კიდევ ომის დაწყების პირველივე კვირებში ღარიბაშვილმა განაცხადა, ეკონომიკის აღორძინებას ვაპირებ და უკრაინის ამბები არ მაინტერესებსო. მთელმა ამ რიტორიკულმა კასკადმა პუტინის რეჟიმს, ბუნებრივია, დიდად ასიამოვნა და გადაწყვიტეს საქართველოს ხელისუფლება დაეჯილდოებინათ.…
აქ საინტერესოა ერთი ფაქტი - ჩვენმა ხელისუფლებამ ეს ჯილდო მიიღო მას შემდეგ, რაც 9 მაისს პუტინმა გამარჯვების დღე სხვა მოკავშირე ქვეყნებთან ერთად, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთსაც მიულოცა და თან მოაყოლა, ასევე ვულოცავ საქართველოს "ხალხებსაცო"... ხვდებით, რა საშიში განცხადებაა?! ამ მილოცვის კონტექსტით კარგად გამოჩნდა, როგორი დამოკიდებულებაც აქვს რეალურად ოკუპანტ ქვეყანას საქართველოსადმი. ჩვენი ხელისუფლება კი ამ საშიშ "თამაშში" უკვე ჩასულია ყველა კარტს - პრაქტიკულად, ყველაფერი მისცეს რუსეთს, რაც ამ ეტაპზე მას სურდა. გარდა იმისა, რომ საქართველო უკრაინის შესახებ სიტყვასაც არ ძრავს, კარგა ხანია მისგან ოკუპაციაზეც არ მოგვისმენია პროტესტი. ამასთანავე, ყველაფერი კეთდება, რომ საქართველო როგორმე ერთგვარ ნავსაყუდლად იქცეს არა მარტო რუსი ტურისტებისთვის, არამედ რუსული ბიზნესისთვისაც და თუ აქამდე ევროკავშირის ქვეყნებთან კვიპროსი ახერხებდა რუსული ინტერესების შუამავლობას, ახლა ეს შესაძლოა საქართველომ იკისროს. მოგეხსენებათ, კვიპროსის საშუალებით ამ ინტერესების შუამავლობა დღეს შეწყვეტილია. მოკლედ, რუსეთმა მიიღო ყველაფერი, რაც ამ ეტაპზე სურდა, საქართველოს ხელისუფლებას კი თავისი ვიწრო ინტერესები აქვს, რაც ქვეყნის ინტერესებს აცდენილია.
კარგად რომ გაეანალიზებინათ, ნახავდნენ, რომ რეალურად ეს ყველაფერი არც საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება, რადგან სწორედ რუსეთის გეგმის ნაწილია ისიც, რომ დღეს მმართველი პარტიის პოზიციონირება ძალიან შერყეულია. საქმე ისაა, რომ რუსეთი ყველა იმ ქვეყანაში, სადაც სურს გავლენის გაძლიერება, ცდილობს ხელისუფლებასა და საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს შორის ისეთი პოლარიზება მოახდინოს, რომლის დროსაც სახელმწიფო ინტერესები ვიწროპარტიულ-პოლიტიკურ ინტერესებად იქცევა. ეს ხდება ჩვენთანაც. დააკვირდით, დღეს მმართველი ძალა, ფაქტობრივად, საკუთარ პარტიულ ინტერესებსა და ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს სახელმწიფოს ინტერესებთან აიგივებს. ამის შემდეგ რუსეთისთვის ახალი ეტაპი დგება, ის ამ პოზიციამორყეულ ხელისუფლებებს ეუბნება, თუ გაატარებ ჩემი ინტერესების შესაბამის პოლიტიკას, მე შენ მხარეს ვიქნები, დაგეხმარები ძალაუფლების შენარჩუნებაშიო. ეს არის ყველაზე საშიში პროცესი. ამას ეუბნებოდა უკრაინაში იანუკოვიჩის, მოლდოვაში კი დოდონის ხელისუფლებას და ა.შ. მე არა მგონია, საქართველოს ხელისუფლებაში აპრიორი წინასწარგანზრახული ჰქონდათ პრორუსული პოლიტიკის წარმოება. არა, ისინი იძულებული არიან აირჩიონ ეს გზა საკუთარი არადემოკრატიული, შუღლის გამაღვივებელი, შიდა პოლარიზებაზე აგებული კორუფციული პოლიტიკის გამო. ასეთი ტიპის ხელისუფლებები სუსტები არიან რეალურ გამოწვევებთან დაპირისპირებაში, ვერ ართმევენ თავს საზოგადოების მოთხოვნების შესრულებას და ძალაუფლების შესანარჩუნებლად რუსული მართვის მოდელის გარდა, სხვა შესაძლებლობას ვერ ხედავენ. პრაქტიკულად, რუსეთი ყველა მავნებლური, სუსტი, რელიგიურ-ფუნდამენტალისტური თუ ოპორტუნისტული რეჟიმის დასახმარებლად მზად არის, რის სანაცვლოდაც საკუთარი გავლენის გაზრდასა და ინტერესების გატარებას ცდილობს. დღეს ბევრად უფრო სერიოზულად არის საქმე საქართველოში, ვიდრე საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის განსაზღვრაა. ახლა ვითარება ბევრად მძიმეა.
- არის მოსაზრება, რომ დღეს საქართველოში ვითარება ჰგავს სიტუაციას უკრაინაში ომამდე, როდესაც რუსეთი გავლენის გაძლიერებას ჰიბრიდული ომითა და დიდი ფინანსური ნაკადებით ცდილობდა. ექსპერტთა ნაწილის აზრით, დღეს საქართველოში რუსეთი ცდილობს როგორც ჰუმანიტარულ, ისე ფინანსურ ექსპანსიას. რა ფასად შეიძლება დაუჯდეს ეს საქართველოს?
- სწორი კითხვაა... დავიწყოთ იმ დიდი ფინანსური ნაკადებით, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში შემოვიდა რუსეთიდან. ეს არაერთ კითხვას ბადებს. კერძოდ, როგორ აისახება ეს ქვეყნის ცხოვრებაზე, საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას აუმჯობესებს თუ ამძიმებს? საინტერესოა, რუსების ის მრავალათასიანი არმიაც, რომელიც ამ პატარა ქვეყანაში შემოვიდა საცხოვრებლად, რა მონაწილეობას იღებს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, როგორ და რისთვის განკარგავს შემოტანილ მილიონებს? ამ ათიათასობით რუსს საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილთან შედარებით მეტი მსყიდველუნარიანობა აქვს. შესაბამისად, საბოლოოდ გარკვეულწილად ისინი განსაზღვრავენ მოთხოვნა-მიწოდებას ბაზარზე და ადგენენ ფასს შენს ქვეყანაში. ამით გარკვეული ტიპის ბიზნესი, რიგი სახელისუფლებო წრეები სარგებელს, ალბათ, ნახულობენ, მაგრამ რიგითი მოქალაქისთვის ცხოვრება გაძვირდა. გარდა ამისა, ვხედავთ, საქართველოში როგორ წარმატებით იწყებენ ბიზნესს რუსების ჯგუფები, ამ ყველაფრის შედეგად კი დღეს ჩვენ ნეოკოლონიალიზმის პირობებში ვცხოვრობთ. ეს გამოიხატება უპირველესად ეკონომიკური კოლონიალიზმით, რა დროსაც ეკონომიკური პროცესები შეიძლება უფრო მეტად დამოკიდებული გახდეს ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებზე, ვიდრე ჩვენზე. ეს ეკონომიკის ანაბანაა. ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ ეკონომიკური აღმშენებლობა გველის, მაგრამ ცოტა ხანში კატასტროფულ შედეგს მივიღებთ. ეს რაც შეეხება ეკონომიკურ ფასს, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური ფასიც.
ჩვენ ხომ ვნახეთ, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა აგებულია კონცეფციაზე, იქ, სადაც რუსია, რუსეთიც იქ არის. ამდენი რუსი რომ შემოვუშვით და დავასახლეთ ქვეყანაში და კიდევ კაცმა არ იცის, რამდენი შემოვა, რამე რომ მოხდეს და, რუსეთის ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოტივით ულტიმატუმებით დაგვიწყოს ლაპარაკი, ამისთვის მზად არის საქართველოს ხელისუფლება? თან გაიხსენეთ, ჩამოსულების დიდი ნაწილი არ აღიარებს, რომ რუსეთი ოკუპანტია. ამაზე დასმულ კითხვას თავს არიდებენ. ამის გარდა, თითქმის ყოველდღიურად ვიგებთ ამბებს, როგორ იტაცებენ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ჩვენს მოქალაქეებს რუსული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. ეს პროცესები სინქრონულად ვითარდება: ჩამოდიან რუსები, ქორწილებს იხდიან, დროს ატარებენ და მშვენივრად გრძნობენ თავს მაშინ, როცა მათი თანამოძმეები ჩვენივე ქვეყანაში იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს, და ეს არის ვითარება, როდესაც საქართველოს ხელისუფლება სრულიად უმწეოა. რაც ყველაზე სავალალოა, ისე იქცევა, ჩვენი ქვეყანა ამ მძიმე პროცესში რუსეთთან პირისპირ მარტო რჩება.
დასავლელი პარტნიორები ხედავენ, რომ საქართველო ნელ-ნელა ხდება რუსეთის ნავსაყუდელი, რომელიც მალე რუსული ინტერესების გამტარებლად შეიძლება იქცეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ისინი კვლავ ენდობიან კი საქართველოს და მის ხელისუფლებას? ამ რეალობაში საქართველო თუ მართლაც მარტო დარჩა რუსეთის პირისპირ, ეს შეიძლება ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის კატასტროფად იქცეს. რუსეთი აუცილებლად დამარცხდება უკრაინაში, მაგრამ ამის მერე საქართველოსთან დაკავშირებით რას იზამს, არავინ იცის.…
- როგორ ფიქრობთ, როგორ აისახება ეს პროცესები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ბოლოს და ბოლოს, მიიღებს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის სტატუსს?
- ჩემი აზრით, ეს პოლიტიკური საკითხია და არა ინსტიტუციური. ამიტომაც საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს სტატუსი, რაც იქნება ნიშანი, რომ ევროკავშირს არ მიუტოვებია ქართველი ხალხი. სტატუსის არმიცემით არაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ. მეტიც, ეს გაზრდის ხალხის ნიჰილიზმს. ევროკავშირის წევრებმა შეიძლება მიიჩნიონ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამით დასჯიან, მაგრამ დასჯაზე მეტად, მისცემენ იმის საფუძველს, რომ ევროპა და დასავლეთი მეტად აკრიტიკონ და ქართველი ხალხის ევროინტეგრაციისკენ სწრაფვას უფრო შეურყიონ საფუძველი. ვფიქრობ, ეს საშიშროება ესმით ევროკავშირში. მე თუ მკითხავდა ვინმე, უკეთესი იქნებოდა, თუ დაჩქარებულად მოგვცემდნენ სტატუსს. კაცმა არ იცის, საქართველოს ხელისუფლება წლის ბოლომდე კიდევ რას ჩაიდენს. ჩემი ღრმა რწმენით, სტატუსი ეკუთვნის არა ხელისუფლებას, არამედ ხალხს, რომელმაც ეს ნამდვილად დაიმსახურა.
- გასულ კვირას რეიკიავიკში ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო, სადაც გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს მიზანი ევროკავშირში გაწევრებააო.
- იციან საქართველოს მოსახლეობის განწყობა და მთავრობის წარმომადგენლები ცდილობენ რიტორიკის დონეზე კვლავაც ილაპარაკონ ქვეყნის დასავლურ კურსზე, თუმცა ეს არ უშლით ხელს ქვეყანაში ევროინტეგრაციაზე ნიჰილიზმის გაღვივების მცდელობაში. სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ დემოკრატიულ რეფორმებში დაინახა საკუთარი ძალაუფლებისთვის საფრთხე და ამიტომაც გადაწყვიტა რუსულ "ლიგაში" თამაში. თუ საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის სტატუსი, ამას ხელისუფლება საკუთარ მიღწევად გააფორმებს, სინამდვილეში კი ყველას მშვენივრად ეცოდინება, ვისი დამსახურებაც იქნება.
- "თუ მტერი ხარ, მაშინ აიღე იარაღი და ისროლე", - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში შეკითხვას, არის თუ არა რუსეთი საქართველოს მტერი?
- კობახიძის პირით საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩვენი სახელმწიფო არის უმწეო, უმოკავშირეო და რეალური საფრთხეების წინაშე უუნარო. სხვანაირად ამ განცხადების გაგება რთულია. აჩვენებს, რომ მზად არიან, ყველაფერს დათანხმდნენ, ოღონდ კი პოლიტიკური გამოწვევების წინაშე არ დადგნენ. რუსეთთან ლოიალურობითა და ნეიტრალური პოზიციით პრობლემების თავიდან აცილების მართლა თუ სჯერათ, ეს მათი პოლიტიკური უმწიფრობის ნიშანია. ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ ქვეყანას მსოფლიოში ჩვენი ნეიტრალიტეტი ნამდვილად არ დააკმაყოფილებს. ჩვენი ხელისუფლება ხომ, ფაქტობრივად, დე ფაქტო ნეიტრალიტეტს აცხადებს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს პოზიცია საქართველოს უსაფრთხოებასა და მით უფრო ტერიტორიულ მთლიანობას მოუტანს, უმეცარია. გაიხსენეთ მოლდოვა - ეს ქვეყანა 1994 წლიდან დღემდე ნეიტრალური სახელმწიფოა და რა, ამით მისი ტერიტორიული მთლიანობა აღდგა? უკრაინა დაარსების დღიდან 2014 წლამდე სწორედ ნეიტრალურ პოზიციაზე იყო, მაგრამ იძულებული გახდა ამაზე უარი ეთქვა, რადგან რუსეთმა მისი ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია. ნეიტრალიტეტმა მოლდოვასა და უკრაინას მხოლოდ რღვევა მოუტანა. 1991-1992-1993 წლებში, როდესაც რუსეთმა საქართველოს კონფლიქტები წაახალისა, ჩვენთან ნატოსა და ევროკავშირზე ვინმე ლაპარაკობდა? - არა, მაგრამ აფხაზეთიც მოხდა და სამაჩაბლოც. რუსებმა ნაღმები მიზანმიმართულად ააფეთქეს და ეთნიკური წმენდაც მოგვიწყვეს. რუსეთი არავის არაფერს დაუბრუნებს, თუ არ წაჰგლეჯს, მით უფრო, რომ რუსეთის მიზანია ნეოკოლონიური იმპერიის შექმნა. პუტინს ამის დაწყება წარმოედგინა რუსეთ-უკრაინა-ბელარუსის ერთობით, რაც არ გამოუვიდა. საქართველოსთან დაკავშირებით რაც ხდება, ეს არის სწორედ ამ მცდელობის გაგრძელება - საქართველოს მიწებება რუსულ სოციალურ-ეკონომიკურ სივრცესთან ისე, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს უუნარო, რუსეთზე ჩამოკიდებული ქვეყანა, რომელსაც რასაც უნდა, იმას უზამს.
- ამის შემდგომ რა შეიძლება გააკეთოს რუსეთმა? რუსული მედია აქტიურად განიხილავდა როგორც სარკინიგზო მიმოსვლის, ასევე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხს.
- ჩათვალეთ, რომ რუსეთმა შეიძლება ყველაფერი მოინდომოს, რაც მის ინტერესში იქნება. არ გამოვრიცხავ, როგორც გავრილოვმა გვითხრა, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაც სცადონ. თუ საქართველოს ხელისუფლება ამასაც დათანხმდა, გამოდის, ვაღიარებთ ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვას. შეწყვეტილი რომ არ გვქონდეს, შეიძლება სხვა რეალობა ყოფილიყო, მაგრამ ამ ვითარებაში, თუ ოკუპანტ სახელმწიფოსთან აღადგენ დიპლომატიურ ურთიერთობას, ეს იქნება ოკუპაციის დაკანონება.