სად მივყავართ თვითმფრინავის "ლიანდაგს" - კვირის პალიტრა

სად მივყავართ თვითმფრინავის "ლიანდაგს"

"პუტინის ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზანია, საქართველოში შექმნას და გაზარდოს ის სოციალური განწყობა თუ ფონი, რომელიც რუსეთის მიმართ ლოიალურად იქნება განწყობილი და მერე ამაზე ააგოს თავისი საშუალო და გრძელვადიანი გეგმები", - ასე აფასებს "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ეკონომიკის პროფესორი სოსო არჩვაძე კრემლის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას. როგორ აისახება ეს ეკონომიკაზე, რა საფრთხეების შემცველია პუტინის გეგმები, გაიზრდება თუ არა ისევ ინფლაცია, მათ შორის უძრავი ქონების ფასები, და როგორ შეიძლება გაუმკლავდეს ხელისუფლება ამ გამოწვევებს, ამ საკითხებზე სოსო არჩვაძეს ვესაუბრეთ:

- ეს რომ მხოლოდ წმინდა ეკონომიკური მოვლენა იყოს, პასუხიც ადვილი იქნებოდა, არც კითხვა გაჩნდებოდა. ცხადია, რაც მეტია მგზავრთნაკადი, ტვირთნაკადი, რაც უფრო აქტიურ როლს ვასრულებთ საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვასა და მგზავრების გადაყვანაში, მით მეტია ქვეყნის ტერიტორიაზე შექმნილი დამატებული ღირებულება, სამუშაო ადგილი და ეკონომიკური მდგომარეობაც უკეთესია. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ეკონომიკურზე გაცილებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური ქვეტექსტი და ზოგჯერ ეს ქვეტექსტი და მოტივი ფარავს ეკონომიკურ სარგებლიანობას, რაც ეკონომიკური კავშირებით მიიღება. ფრენების აღდგენა სწორედ ასეთი შემთხვევაა. არის რეპუტაციული მომენტიც, ის გაგება და მხარდაჭერა, რასაც საქართველო ასე ესწრაფვის დასავლეთის პარტნიორებისგან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვაქვს ინსტიტუციური განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და ჩვენი ყოველი ქმედება და ნაბიჯი ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას. თავის დროზე ამის კონსტიტუციაში შეტანა საკამათო იყო, რადგან ორიენტაცია უნდა ავიღოთ ფასეულობებზე და არა სტრუქტურებზე, რადგან ფასეულობები მარადიულია, სტრუქტურები კი დროებითი ჩარჩოებით არიან შემოსაზღვრული. თუმცა ეს უკვე ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა და ამიტომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს კონსტიტუციური განვითარების ვექტორს, კითხვებს აჩენს როგორც ქართველ საზოგადოებაში, ასევე ჩვენს პარტნიორებში. შესაბამისად, არ უნდა გადაიდგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც კითხვების რაოდენობას გაზრდის.

- ხელისუფლება აპელირებს, რომ ფრენები სანქციების დაურღვევლად შესრულდება.

- ერთია ხელისუფლების გულწრფელი სურვილი და მეორე - ამის რეალური შესაძლებლობა. ხშირად რეპუტაციული ფონი, დამოკიდებულება განისაზღვრება არა მარტო რეალური მდგომარეობით, არამედ იმ განწყობით, რაც ყალიბდება ქვეყნის, კონკრეტული სოციალური ჯგუფის ან პოლიტიკური ძალის მიმართ მის რეალურ პოტენციურ მოკავშირეებში თუ ოპონენტებში. ამიტომ ეს მომენტიც აუცილებლად არის გასათვალისწინებელი.

- პირდაპირი ფრენები რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას თუ გაზრდის? ან როგორ აისახება საქართველოს მოქალაქეებზე უვიზო რეჟიმის დაწესება.

- ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს ეკონომიკა დიდად არის დამოკიდებული რუსეთზე. ერთი-ორი პოზიციაა, სადაც მაღალი მოწყვლადობაა შენარჩუნებული - ქვეყნის ხორბლითა და ფქვილით უზრუნველყოფა და ნაწილობრივ ნავთობპროდუქტები. თუმცა ნავთობპროდუქტებზე მსოფლიო ბაზარი იმდენად დივერსიფიცირებულია, რომ შედარებით ოპტიმალურად შეიძლება მისი ჩანაცვლება, მარცვლეულითა და ფქვილით მოსახლეობის უზრუნველყოფისთვის კი სერიოზული მუშაობა დაგვჭირდება. პოტენციალის გამონახვა ქვეყანაშიც შეიძლება. სომხეთს მარცვლეულის წარმოებისთვის ჩვენზე არახელსაყრელი კლიმატური პირობები და ხორბლის ნათესების ნაკლები ფართობი აქვს, მაგრამ მათი თვითუზრუნველყოფის დონე ჩვენსას 1,5-ჯერ აღემატება. მიიღეს სახელმწიფო პროგრამა, რათა სამ წელიწადში თვითუზრუნველყოფის დონე 50%-ამდე აიყვანონ. აზერბაიჯანს უკვე აქვს 80%-ამდე. როცა ჩვენს მწარმოებლებს ათეულობით ათასი ტონა მარცვლეული გაუყიდავი რჩებათ, რადგან რუსეთიდან შედარებით იაფი ფქვილი შემოდის, ცხადია, კორექტივებია საჭირო. წლიურად საშუალოდ 140 მილიონ დოლარამდე რომ ვხარჯავთ ფქვილსა და ხორბალზე, შეიძლება იმგვარად გადაჯგუფება, რომ მწარმოებლებისთვის სუბსიდირება გაგვეზარდა. მაგალითად, 1 ჰექტარის სრულად დამუშავება და სათესლე მარცვლეულით უზრუნველყოფა 2300-2400 ლარის ფარგლებშია და რამდენად უნდა გაყიდოს გლეხმა მოსავალი, რომ ხარჯებიც დაფაროს და ოჯახშიც შეიტანოს?

- თუ გაიზრდება რუსეთში ექსპორტი და ეს ჩვენი პროდუქციის ხარისხზე როგორ იმოქმედებს? რა გავლენა ექნება ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობაზე, სადაც ხარისხი გადამწყვეტია?

- რუსეთში ექსპორტი შარშან საგრძნობლად არ გაზრდილა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ეროვნული ვალუტა ორჯერ მეტად გამყარდა, ვიდრე ჩვენი რუსეთში ექსპორტის ფულადი მოცულობა, აღმოჩნდება, რომ ფიზიკურად ჩვენი ექსპორტი რუსეთში შარშან კი არ გაიზარდა, არამედ შემცირდა.

- უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენები თუ იქონიებს გავლენას რუსეთში ექსპორტის ზრდაზე და რა საფრთხეები შეიძლება არსებობდეს ამ მხრივ?

- რუსეთს სურს წარმოაჩინოს, თითქოს საყოველთაო ობსტრუქციის რეჟიმში კი არ იმყოფება, არამედ ურთიერთობების გაფართოებას ახერხებს და მათ შორის იმ ქვეყნებთანაც კი, რომლებთანაც მანამდე არცთუ კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ეს შიდა მოხმარებისთვის არის გათვლილი. მეორე - ცდილობს საქართველოს შეუქმნას იმიჯი, თითქოს ის რუსეთსა და ევროკავშირს შორის დრეიფობს, რათა ამით ჩვენს რეპუტაციას მიაყენოს ზიანი; მესამე და ყველაზე მთავარი - საქართველოში შექმნას და გააძლიეროს ის სოციალური განწყობა თუ ფონი, რომელიც რუსეთის მიმართ ლოიალურად იქნება განწყობილი და მერე ამაზე ააგოს თავისი საშუალო და გრძელვადიანი გეგმები.

- აქაური მეურნის ქცევის მოდელის საპირწონედ, ნაკლებად იზრუნოს ხარისხზე და ადვილ შემოსავალს დაეშუროს, რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას?

- ეს რეალური საფრთხეა იმის გათვალისწინებით, რომ იზრდება რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი და თუ ადრე ის 60%-ს იყო ჩამოცდენილი, კვლავ კარგად გადასცდა. ამიტომ მეტი მუშაობა გვმართებს გლეხებთან, ფერმერებთან თანამედროვე ცოდნისა და გამოცდილების, ტექნოლოგიების შეტანის, ინვესტიციებისა და მხარდაჭერისთვის, რათა გააცნობიერონ, რომ ჩვენი მომავალი არის ისეთ ბაზარზე, რომელიც არის მაღალი გადახდისუნარიანი და ამავე დროს, საკმაოდ პრეტენზიული ხარისხის, უსაფრთხოების მიმართ.

- სხვა საკითხია, რა მოჰყვება რუსეთიდან შემოსვლას. შარშან ამან ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ინფლაცია გამოიწვია, მათ შორის უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა. თუმცა წლეულს უძრავ ქონებაზე ფასებმა კლება დაიწყო. ეს რით არის გამოწვეული.

- რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა ძირითადად ორი გარემოებით არის განპირობებული: ერთია ტურისტული ასპექტი, მეორე კი რუსეთის ხელისუფლების ანტიჰუმანური და ტოტალიტარული ქცევა საკუთარი მოქალაქეების მიმართ, რის გამოც მათ იძულებით მოუხდათ ქვეყნის დატოვება. პირველ შემთხვევაში, ცხადია, გავლენას მოახდენს სეზონური დატვირთვის მქონე ბინების გაქირავებაზე, მეორე შემთხვევაში კი ეს შეიძლება უკავშირდებოდეს საქართველოში შედარებით ხანგრძლივ ყოფნას და უძრავი ქონების შეძენასა და დასაქმებას. ამიტომ პირველი არის მოკლევადიანი, მეორე - გრძელვადიანი და რომელი როგორი იქნება, ახლა ძნელი სათქმელია.

- უძრავ ქონებაზე ფასი, რომელიც შარშან ძალიან გაიზარდა, წლეულს პირველ კვარტალში მცირდებოდა. ამის მიზეზი რა იყო და თუნდაც წლის ბოლომდე ფასების დინამიკა როგორი შეიძლება იყოს?

- როდესაც ფასები იზრდება, შემდეგ იშვიათად უბრუნდება ძველ ნიშნულს. მაგალითად, თუ 100-დან გაიზარდა 200-მდე, ის კვლავ 100 ვეღარ გახდება და ჩერდება სადღაც 160-170-ის ფარგლებში. ამ ზოგად ტენდენციასთან ერთად, მნიშვნელოვანია დოლარის გაუფასურება. პირველ კვარტალში ფასების შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ესეც იყო და არა მარტო მოთხოვნის შემცირება. ამიტომ უახლოეს პერიოდში ფასების პროგნოზირება გართულდება, თუმცა ფაქტია, ძველ ნიშნულს აღარ დაუბრუნდება. პირდაპირი ფრენები კი, თუ მხოლოდ ეკონომიკური ასპექტით ვიმსჯელებთ, ხელს შეუწყობს მეტი ადამიანის შემოსვლას, რაც გაზრდის მოთხოვნას ყველაფერზე. და თუ ტურისტული ინდუსტრია შეძლებს მოთხოვნის შესაბამის მასშტაბურ ზრდას, ინფლაცია ნაკლები იქნება. თუმცა ისიც ცხადია, რომ მოთხოვნის ზრდა ფასების ზრდის პროვოცირებას ახდენს. თუმცა ამ შემთხვევაშიც გავიმეორებ, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენა და მით უმეტეს, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება უფრო პოლიტიკურია და ეკონომიკურად ვერ იქნება იმ მასშტაბის, რომ მხოლოდ ამან შეცვალოს ტრენდი.

- ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ეკონომიკური ზრდა როგორი იქნება?

- ამის პროგნოზირება უმადური საქმეა, თუმცა შარშანდელი გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთის მოქალაქეების მოზღვავებამ გამოიწვია მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა, რომლის გარეშე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ნამდვილად ვერ გვექნებოდა. მეორე მხრივ, ამან გამოიწვია ფასების ზრდა და ინფლაცია 5-6 თვის შემდეგ დავძლიეთ. არადა, შესაძლებელი იყო, რომ ეს შარშან მაისში ან, მაქსიმუმ, ივნისში მომხდარიყო - ანუ 5-6 თვით ჩვენს მოსახლეობასაც, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს რუსულ ბიზნესსა და რუსეთის მოქალაქეების მომსახურებასთან, მოუწია გაძვირებული პროდუქციისა და მომსახურების მიღებამ. პირდაპირი ფრენებიც გარკვეულწილად ინფლაციის ზრდის ხელშემწყობი გამოდის, რადგან თვითმფრინავით ჩამოსული საშუალოდ მეტს ხარჯავს, ვიდრე ზურგჩანთითა და ველოსიპედით შემოსული. ეს მოთხოვნას ზრდის და სათანადო მიწოდება თუ ვერ მიჰყვება, ფასებიც გაიზრდება, ამის გამო კი საქართველოს მოქალაქეს მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში მეტის გადახდა მოუწევს.

- ახლა ვინც შემოვა, თუნდაც პირდაპირი რეისებით, მათ შორის უძრავი ქონების მყიდველი საკმაოდ იქნება...

- თითქმის 2,5-ჯერ მეტი ბინა შენდება თბილისში, ვიდრე აქაურებს აქვთ შეძენის შესაძლებლობა - ანუ მყიდველია რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა და გაცილებით მეტი საქართველოს არამოქალაქეები ან ემიგრანტები. ეს მდგომარეობა შენარჩუნდება. ამის შესაცვლელად კი საქართველოს მოსახლეობის შემოსავლები უნდა გაიზარდოს და ნუ დაგვავიწყდება, რომ დღეს ევროკავშირის ყველაზე სუსტ ქვეყანასთან, ბულგარეთთან შედარებით, მოსახლეობის ერთ სულზე თითქმის 2-ჯერ ნაკლებ ეროვნულ პროდუქტს ვაწარმოებთ.

- ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, უახლოეს და საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკისთვის რა იქნება დადებითი და უარყოფითი ფაქტორები?

- ისევ და ისევ თუ პოლიტიკურ და ფორსმაჟორულ ფაქტორებს გამოვრიცხავთ და ჩავთვლით, რომ ისევე განვითარდება ჩვენი ეკონომიკა, როგორც ბოლო 2-2,5 წლის განმავლობაში, პოზიტიურს უფრო მეტს ვხედავ, ვიდრე ნეგატიურს - შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი, ანაზღაურების ზრდაც მნიშვნელოვნად გაუსწრებს ინფლაციის ზრდის მაჩვენებელს და კრედიტის მომსახურებაც საგრძნობლად დაიკლებს. მოხდება პოზიტიური ფაქტორების, რომლებზეც აქამდე უფრო დეკლარაციულად ვსაუბრობდით (რომ საქართველო მოწინავეა რეგიონში, სატრანსპორტო ჰაბია და ა.შ.), რეალურ პარამეტრებში კონვერტირება და საქართველო მოიპოვებს რეგიონული ლიდერის ფუნქციას.

რუსა მაჩაიძე