„ოპოზიციის ლიდერებიდან არც ერთი არ არის ისეთი, რომელსაც საზოგადოება გაჰყვება“
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ახალი დაპირისპირებაა, მაგრამ ამჯერად არა პარტიის, არამედ პარლამენტის დონეზე. "ნაცმოძრაობის" ფრაქციიდან იმ ხუთმა წევრმა, რომლებიც პარტიის წევრები არ არიან, იუსტიციის საბჭოში კლანის გაძლიერებას დაუჭირეს მხარი. მათი ნაწილი ამას გაუგებრობით ხსნის, ხოლო ნაწილი ადანაშაულებს ფრაქციის თავმჯდომარეს, რომელიც "ნაცმოძრაობაში" კეზერაშვილის ფრთას წარმოადგენს. ეს კი ბადებს კითხვას, "ნაცმოძრაობა" წინასაარჩევნოდ ბალასტს თავიდან იშორებს, ამას მარტო აკეთებს თუ "ქოცები" და "ნაცები" ისევ ერთმანეთს ბანენ ხელს, ან მმართველი პარტიის "წვრილმანი" გარიგებაა "დიადი მიზნით". ამის პარალელურად კი ჩვენი საზოგადოების ყურადღება რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენაზეა მიპყრობილი, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე შეაფასა როგორც საქართველოს ევროინტეგრაციის დამაზიანებელი. ყოველივე ეს რა გავლენას მოახდენს პროცესებზე, როგორი იქნება არჩევნები, ამ საკითხებზე პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) ხელმძღვანელს კორნელი კაკაჩიას ვესაუბრეთ:
- საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი რომ მისცენ, მოუწევს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობაში ყოფნა. ბოლო წლების ტენდენციებს თუ გადავხედავთ, ჩვენი შესაბამისობა და ამ პოლიტიკის მხარდაჭერა მცირდება და ახლა, მგონი, 35%-მდე არის დაცემული. ეს კი მიუთითებს, რომ საგარეო პოლიტიკაში ცვლილებებია და უკვე სათუოა, მოგვცემენ თუ არა კანდიდატის სტატუსს. ნატოს შესახებ საუბარიც კი არ არის, მით უმეტეს, მოახლოებული სამიტის წინ, რომელიც ივლისში უნდა გაიმართოს და შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდეს უკრაინასა და კიდევ სხვა ქვეყნებზე. ამ დროს საქართველო საერთოდ ჩამოშორდა ამ გარემოს. ბოლო დღეებში კი რაც ხდება, ვგულისხმობ რუსეთთან პირდაპირ ფრენებს, უფრო აძლიერებს რუსეთის ე.წ. რბილ ძალას - ანუ კრემლს მანიპულაციების საშუალება ეძლევა, რათა გახლიჩოს საზოგადოებრივი აზრი და რაც მთავარია, ძლიერდება საქართველოს რუსეთზე ეკონომიკურად მიბმა. ეს ყველაზე დიდი საფრთხეა, რადგან რუსეთი ახლა იზოლაციაშია და ჩვენი ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებით ისევ ამ იზოლირებულ ქვეყანაზე მიბმული ვხდებით.
- ამ ვითარებაში ოპოზიციის ქმედებები რამდენად ადეკვატურია.
- ჩვენი ოპოზიცია იმდენად ფრაგმენტირებულია, იმდენად უიდეოა, რომ საშუალება არა აქვს, პროცესებზე ზეგავლენა მოახდინოს. ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიაშიც კი კრიზისია და შესაძლოა კიდევ ერთხელ დაიშალოს. ოპოზიციის ასეთი მდგომარეობა კი ხელს აძლევს "ოცნებას", რომელსაც სურს მეოთხედ დარჩეს ხელისუფლებაში. გასაგებია, რომ მმართველ პარტიას უფრო მეტი ფინანსური სახსარი აქვს, უფრო მეტი რესურსი, მაგრამ გადამწყვეტი მაინც ის არის, თუ ოპოზიცია რამდენად ასახავს საზოგადოების ინტერესებს.
- რა დასკვნის საშუალებას იძლევა ის, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციიდან ხუთმა წევრმა მხარი დაუჭირა იუსტიციის საბჭოში სასამართლო კლანის გაძლიერებას.
- პოლიტიკაში და მით უმეტეს, საპარლამენტო საქმიანობაში პრობლემა არ არის მხარდაჭერა, დათანხმება და ა.შ., რადგან ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ხშირად კონსენსუსია საჭირო და შესაძლებელია მხარეებმა მოილაპარაკონ, მაგრამ ეს უნდა იყოს გამჭვირვალე, ყველამ უნდა იცოდეს, თუ რაზე და რატომ შეთანხმდნენ და რაც მთავარია, როდესაც იწყებ ამ მოლაპარაკებებს, თუნდაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა იცოდე, სამაგიეროდ რას იღებ - ანუ ორივე მხრიდან უნდა იყოს დათმობები, ამ შემთხვევაში კი ეს ვერ ვნახეთ. ჯერ ერთი, საინტერესოა, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, ეს კაციშვილმა არ იცის და ბუნებრივია, ეს კიდევ ერთხელ ურტყამს "ნაცმოძრაობის" რეპუტაციას.
- თქვენი აზრით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რამ განაპირობა, რა იყო მიზეზი?
- ეს დაკავშირებულია ძველ პრობლემასთან, რომელიც შეეხება არა მარტო "ნაცმოძრაობას", არამედ სხვა პარტიებსაც. ისინი სიებში წერენ პირებს, რომლებსაც ხშირად ამ პარტიებთან არც იდეოლოგიური, არც მსოფლმხედველობრივი კავშირი არა აქვთ და სხვადასხვა მიზეზის გამო, ფინანსური იქნება თუ სხვა, შეჰყავთ სიებში. გასაგებია, რომ ზოგჯერ საარჩევნო სიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება სჭირდებოდეთ სიებში გარეშე პირების ჩასმაც, მაგრამ მთავარია, ამომრჩეველი არ მოატყუო და ისეთი ვინმე არ შეიყვანო, ვინც არც შეესაბამება შენი პარტიის იდეოლოგიურ კურსს. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ოპოზიციას არა ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი, არც ერთი არ არის ისეთი, რომელსაც საზოგადოება გაჰყვება. ამიტომ თუ სურთ შედეგს მიაღწიონ, კარგი იქნება, მომავალი არჩევნებისთვის არაპარტიული, საზოგადოებისთვის ცნობილი და მისაღები პირის გარშემო დაირაზმონ. არ არის აუცილებელი, პოლიტიკოსი იყოს, დათმონ საკუთარი ამბიციები და ხელი შეუწყონ ერთიანი პლატფორმის შექმნას.
- "ოცნება" მუდმივად იყენებს "ნაცმოძრაობას", რომ საფრთხედ წარმოაჩინოს. დანარჩენი ოპოზიციაც ცდილობს მათგან დისტანცირებას. ხშირად კომიკურია, როდესაც ამბობენ, რომ "ნაცმოძრაობას" ემიჯნებიან და ამ დროს ზუსტად მათი ენით საუბრობენ.
- სანამ "ნაცმოძრაობა" სააკაშვილის სახელთან იქნება დაკავშირებული, მას თავისი ამომრჩეველი ეყოლება და ეს სხვა პარტიებს აიძულებს პარაზიტულად მოიქცნენ - არჩევნების წინ ითანამშრომლონ სიებში მოსახვედრად, რაც არაერთხელ მოხდა, მაგრამ დროა, "ნაცმოძრაობაც" მიხვდეს, რომ მათ სიაში უნდა იყვნენ მისი პარტიის წევრები, და სხვა პარტიებმაც ერთად რაღაცის გაკეთებაზე იფიქრონ. ლიბერალური იდეოლოგიის იმდენი პარტიაა, ამომრჩეველი იბნევა და მათ ცალ-ცალკე ყოფნას სჯობს მათი თუნდაც თემატური გაერთიანება. რაც მთავარია, ჩვენს ოპოზიციას აკლია ცნობილი ეკონომისტები, ცნობილი იურისტები და ცნობილი მეცნიერები... არადა, ეს ხელს შეუწყობდა ამომრჩევლის ნდობის გაზრდას.
- რა შანსია იმის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ეს მოახერხონ და, თუ ვერ მოახერხეს, მაშინ რა მოხდება, თუნდაც საარჩევნოდ პოლიტიკური გარემო როგორი იქნება?
- თუ ვერ მოახერხებენ, ქვეყანას კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებენ, რადგან ერთპარტიული, ავტორიტარული ტენდენციები, უფრო გაძლიერდება. ამას ემატება რუსეთთან დაახლოება. ამიტომაც ამჟამად მხოლოდ ოპოზიციური პარტიების ინტერესებს კი არა აქვს კითხვის ნიშანი, ქვეყნის ბედსაც და ამაზე ყველამ უნდა ვიფიქროთ. ჩვენ გვჭირდება თავისუფალი მედია, რომელიც არ იქნება არავისთან აფილირებული. მეორე საკითხია, ამის ფინანსური უზრუნველყოფა როგორ მოხერხდება, რათა გამოირიცხოს ვინმეს ზეგავლენა.
- "ნაცმოძრაობის" გაყოფა როგორ შეცვლის ქართულ პოლიტიკურ გარემოს?
- "ნაცმოძრაობის" გაყოფა უფრო დაასუსტებს როგორც ამ პარტიას, ასევე მთელ ოპოზიციურ ფლანგს. მხოლოდ სააკაშვილის იმიჯით ეს პარტია რამდენ ხანს გაძლებს, არავინ იცის, მით უმეტეს, იმ პირობებში, როგორშიც ახლა ეს ადამიანია.
- თუ არჩევნებამდე არაფერი შეიცვალა, არჩევნებისგან რას უნდა ველოდოთ?
- პოლიტიკურ მეცნიერებაში არსებობს მოსაზრება, რომ იმ საზოგადოებაში, სადაც პოლიტიკური პარტიები ვერ ივარგებენ, ყალიბდება ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები, თავად საზოგადოება უწევს ამის ორგანიზებას, მისი ჩართულობით იწყება დემოკრატიული პროცესი. ამიტომაც, თუ პარტიები ვერაფერს გააკეთებენ, საზოგადოებას მოუწევს ამის გაკეთება. საზოგადოება იდეას უნდა გაჰყვეს, უნდა გამოჩნდეს ჯგუფი, რომელიც ხალხს ამ იდეას მიაწოდებს და ჩამოაყალიბებს პროგრამას, რა სჭირდება დღევანდელ საქართველოს, საით უნდა წავიდეს. რაც მთავარია, ამაზე არ უნდა საუბრობდნენ დრომოჭმული პოლიტიკოსები და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთა დაშანტაჟება და დისკრედიტირება ადვილია, არამედ ის ხალხი, ვისაც საზოგადოება ენდობა. ბევრჯერ მომხდარა, უიმედო სიტუაციაში საზოგადოებას ბოლო სიტყვა უთქვამს. დღეს ქვეყანა გზაგასაყარზეა. უკვე აშკარაა, რომ ავტორიტარიზმისკენ მივდივართ. ეს ჩვენმა პარტნიორებმაც შეამჩნიეს. ბოლო 15-20 წლის განმავლობაში საქართველო იყო ერთადერთი ოაზისი და თუ ასე გაგრძელდა, ამ ავტორიტარულ ინტერნაციონალიზმს შევუერთდებით თავისი ყველა სამწუხარო შედეგით. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ეს ხდება მაშინ, როცა გაჩნდა ისტორიული გეოპოლიტიკური შანსი, რომ უკრაინის ომის ფონზე რაღაც შეიცვალოს. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება, იმისთვის, რომ თავი შეინარჩუნოს, ყველაფერზეა წამსვლელი. ერთ-ერთი მიზეზი კი, რატომაც ხელისუფლება ვერ დათმობს ძალაუფლებას, ის არის, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენს პოლიტიკაში არის დაუწერელი ვენდეტის კანონი. ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა დასაჯოს წინა ხელისუფლება. თუ გადავხედავთ წინა ხელისუფლებებს, სააკაშვილი როგორ მოექცა შევარდნაძის ხელისუფლებას, შევარდნაძე - გამსახურდიას ხელისუფლებას, დღევანდელი როგორ ექცევა წინა ხელისუფლებას, აშკარაა, რომ დაუწერელი ვენდეტის კანონი მოქმედებს. ამიტომაც ეშინია ხელისუფლებას, რომ მომავალიც იმავეს გააკეთებს და შესაბამისად, მომავალ არჩევნებში დამარცხება მათთვის მხოლოდ სახლში წასვლა არ არის. ეს ნიშნავს, რომ ბევრი მათგანი ციხეში აღმოჩნდება. მათთვის მთავარი პოლიტიკური რეჟიმის გადარჩენაა. დასანანია, მაინც ვერ ისწავლეს, რომ ავტორიტარული გზებით ხელისუფლებაში დიდხანს ვერ დარჩებიან.
რუსა მაჩაიძე