„არ არსებობს არგუმენტი, რომელიც ამ დეპუტატების ქმედებას გაამართლებს“ - კვირის პალიტრა

„არ არსებობს არგუმენტი, რომელიც ამ დეპუტატების ქმედებას გაამართლებს“

"2008 წლისგან განსხვავებით, ახლა მართლაც გამოიღვიძა დასავლეთმა. ეს არის უდიდესი ცვლილება, რომლითაც საქართველო უნდა ხეირობდეს. სამწუ­ხაროდ, დღეს გვყავს ხელისუფალი,­ რომელიც ნაცვლად ეროვნული ინტერესისთვის­ ბრძოლისა, სხვადასხვა ფაქტით მანიპულირებს", - განაცხადა "ნაციონალური­ მოძრაობის" დეპუტატმა­ თინა ბოკუჩავამ.­ მისი თქმით, დღეს ცივილიზაციურ გზაგასაყარზე ვდგავართ - ან ვიქნებით თავისუფალი სამყაროს, ან რუსეთის ნაწილი.

- მთელ ცივილიზებულ სამყაროში­ რუსეთის პრეზიდენტს აფასებენ როგორც მკვლელს, ტერორისტს. ის საერთაშორისო­ სისხლის სამართლის ძებნილია და ვერ ახერხებს ისეთ ქვეყნებში ჩასვლას, როგო­რიც არის თუნდაც სამხრეთი აფრიკა. ეს არის უდიდესი ცვლილება, რომლითაც საქართველო უნდა ხეირობდეს, იცავდეს ეროვნულ ინტერესებს და უხაროდეს, რომ 2008 წლისგან განსხვავებით, დასავლეთმა მართლაც გამოიღვიძა. სამწუხაროდ, დღეს გვყავს ხელისუფალი, რომელიც ნაცვლად იმისა, საკუთარი ეროვნული ინტერესისთვის იბრძოდეს, მანიპულირებს სხვადასხვა ფაქტით და ცდილობს საქართველოს მოქალაქეები დააჯეროს, რომ რეგიონში არაფერი ხდება. სინამდვილეში განსაკუთრებული რამ ხდება - დღეს ვდგავართ ცივილიზაციურ გზაგასაყარზე და ან ვიქნებით თავისუფალი სამყაროს, ან რუსეთის ნაწილი. ეს არის უდიდესი განსხვავება 2008 წელსა და დღევანდელობას შორის.

- ალბათ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესები.

- ოპოზიციის წინაშე დღეს ნამდვილად დგას არაერთი გამოწვევა, რომელსაც მიზანმიმართულად ქმნის "ქართული ოცნება". იმის მაგივრად, ქვეყნის განვითარებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის იბრძოლოს, ოპოზიციას გვებრძვის და თანამშრომლობს მტერთან.

- როგორ ფიქრობთ, რის სანაცვლოდ დაუჭირეს მხარი ფრაქცია "ნაციონალური­ მოძრაობის" წევრმა დეპუტატებმა ნიკა მაჭუტაძემ, ნატო ჩხეიძემ, როსტომ ჩხეიძემ­ და ბაჩუკი ქარდავამ, ასევე უფრაქციო დეპუტატმა დილარ ხაბულიანმა იუსტიციის საბჭოს წევრობის არამოსამართლე კანდიდატებს?

- სპეკულაციებს არ დავიწყებ, მაგრამ, ცხადია, ამ ამბავმა ყველაზე მეტად "ნაციონალური მოძრაობა" დააზარალა. რაც ამ დეპუტატებმა თქვეს, არადამაჯერებელი და ბუნდოვანი იყო. არ არსებობს არგუმენტი, რომელიც მათ ქმედებას გაამართლებს. ან რა შეიძლება იყოს იმის საპირწონე, რომ მათ გააძლიერეს სასამართლო კლანი? რაღაც წინასწარ შეთანხმებებზე საუბრობდნენ. გარწმუნებთ, ასეთი არაფერი ყოფილა. ამას ადასტურებენ არა მარტო ჩვენი ფრაქციის წევრები, არამედ სხვა დეპუტატებიც. ეს ხალხი თავად იყვნენ ამ გადაწყვეტილების ავტორები და თავადვე აიღეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. იცით, რომ მათ მოუწიათ გასულიყვნენ ფრაქციიდან.

- ნატო ჩხეიძემ განაცხადა, რომ საერთო­ ჩათში მეხუთე გვარიც იყო - ნიშნიანიძე, რომელიც მეორე ტურში გადავიდა. როგორც ჩანს, მოქმედებდა ფორმულა 4/1-ზე, რომელიც ბოლომდე ოპოზიციური ჯგუფებისთვისაც არ იყო დამაჯერებელი თუ გაგებული, გარიგება დაგვბრალდა ჩვენ, "ნაცმოძრაობამ" კი აღშფოთებული სახე მიიღოო.

- ჩემთვის ნიშნიანიძის კონტექსტი სრულიად გაუგებარია. არ ვიცი, რატომ აპელირებს ახლა ეს ადამიანი ნიშნიანიძეზე, რადგან იმ სამ კანდიდატს შორის, რომელთაც მათ მხარი დაუჭირეს და გახდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ეს გვარი არ ფიგურირებს, შესაბამისად, ნიშნიანიძის გვარის მოყვანა ვერ ახსნის იმ სამი კანდიდატის მხარდაჭერას, რომლებიც უკვე გახდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. ეს არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული არგუმენტი, გამართლება ამ საქციელს არა აქვს. ამიტომ არ ვთვლი საჭიროდ დეტალებზე საუბარს.

- რამდენად შეეფერება რეალობას გავრცელებული მოსაზრება, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაწყვიტა პარტიაში არსებული დაპირისპირება და გაურკვევლობა არჩევნებისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის დაასახელებით მოაგვაროს?

- დღეს ყველაზე მწვავედ დგას სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენის საკითხი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის, როგორც მისი თანამებრძოლებისთვის, მეგობრებისთვის, მისი ოჯახისთვის და მისთვის. შესაბამისად, ეს ის საკითხია, რომელზეც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ. მას შემდეგ, რაც შევძლებთ ამ საკითხის გადაწყვეტას - და როგორ გადაწყდება, ეს არის ახლა ყველაზე პრიორიტეტული, - ბუნებრივია, ისევ ერთობლივად და უპირველეს ყოვლისა თავად პრეზიდენტ სააკაშვილის სურვილიდან გამომდინარე უნდა განვიხილოთ გეგმები მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით. ასევე ვთანხმდებით ერთ რამეზე - მომავალი არჩევნები იქნება გადამწყვეტი ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ამ არჩევნებზე გადაწყდება ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი და შესაბამისად, ქვეყნის ბედიც.

ხათუნა ბახტურიძე