„იყო გარიგება და ეს საბოლოოდ დაგვბრალდა ჩვენ, „ნაცმოძრაობა“ კი განზე გადგა“
"გარიგება დაგვბრალდა ჩვენ, "ნაცმოძრაობამ" კი აღშფოთებული სახე მიიღო", - განაცხადა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა და ამის გამო ფრაქცია "ნაცმოძრაობის" დატოვებამ მოუწია.
- კენჭისყრისა და მას მოდევნებული ბრიფინგების შემდეგ, როცა ვითარება უნდა ახსნილიყო, პირიქით მოხდა, ასახსნელი მეტი დარჩა საზოგადოებისთვისაც და ჩემთვისაც. "ნაცმოძრაობის" ბრიფინგის დროს, არ ვიცი, მეტი გულწრფელობის, დამაჯერებლობის თუ თვალსაჩინოებისთვის თქვეს ჩათში ჩაწერილი მესიჯის შესახებ, რომ იყო ოთხი გვარი: სალია, საჯაია, წიქარიშვილი და მუხაშავრია, მაგრამ დაავიწყდათ ან დაივიწყეს, რომ იმ ჩათში მეხუთე გვარიც იყო - ნიშნიანიძე, მაგრამ ეს არ დაივიწყა "ქართულმა ოცნებამ", რომელიც პირობის დიდად შემსრულებელი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მოინდომეს რაღაც პირობის შესრულება და იმ კანდიდატთა სიაში, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ, ერთ-ერთი ნიშნიანიძეც იყო. როგორც ჩანს, მოქმედებდა ფორმულა 4/1-ზე, რომელიც ოპოზიციური ჯგუფებისთვისაც არ იყო მთლად დამაჯერებელი თუ გაგებული. ამიტომ გაისმა ოპოზიციური ჯგუფებიდან ფრაზები, იყო გარიგება და ეს საბოლოოდ დაგვბრალდა ჩვენ, ჩხეიძეებს, მაჭუტაძესა და კიდევ ორ დეპუტატს, "ნაცმოძრაობა" კი განზე გადგა და აღშფოთებული სახე მიიღო.
- თქვენ თქვით, რომ ლევან ბეჟაშვილმა ცილი დაგწამათ.
- დიახ, ნამდვილად ასე იყო. ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტარის მანდატისა და მეოჯახე კაცისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა, მეტი დამაჯერებლობისათვის შვილები დაიფიცა და ისე დამწამა ცილი. თქვა, რომ საერთო ჩათში ნიშნიანიძის გვარის ჩაწერის ინიციატორი მე ვიყავი. ეს იმ დროს, როცა პარლამენტში არის დეპუტატი, რომელიც ამბობს, რომ ამ გვარის ჩაწერის ინიციატორი თვითონ იყო. მან ჩემთან პირად საუბარში სინანულიც კი გამოთქვა, რომ მე და როსტომ ჩხეიძე ვერ ჩაგვაყენა საქმის კურსში. მე მივმართე ბეჟაშვილს კითხვით, თუ რისთვის დასჭირდა სხვა დეპუტატის გვარის ნაცვლად ჩემი გვარის დასახელება, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. მე ვისურვებდი ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმის გასარკვევად შეიქმნას პარლამენტში საგამოძიებო კომისია. ალბათ, 30 დეპუტატი მაინც მოიძებნება, რომ გაირკვეს, ბატონი ბეჟაშვილი რას ხლართავდა კენჭისყრის დროს. ბევრი რამ ბურუსით არის მოცული. იმედია, ყველაფერს ნათელი მოეფინება.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ მრავალმილიონიანი სასამართლო დავა გაქვთ მეუღლესთან, ზაზა ოქუაშვილთან. დავა ეხება "მთავარი არხის" წილსაც და იუსტიციის არამოსამართლე წევრების თქვენი მხარდაჭერაც ამან განაპირობა.
- არ ვიცი, როგორ შეიძლება ვინმეს ეს ლოგიკურად მიაჩნდეს. მართლა ფიქრობთ, რომ მეუღლეებს შორის გაყრის შემდეგ ქონების თანაბარწილად გაყოფას რაიმე მიკერძოება სჭირდება? სხვა რა შეიძლება გააკეთოს მოსამართლემ? სამწუხაროდ, ამ საკითხზე ძალიან ბევრი სხვადასხვა ვერსია აღმოაჩნდათ. იმედია, დროთა განმავლობაში ერთ ვერსიაზე მაინც ჩამოყალიბდებიან.
ხათუნა ბახტურიძე