„ხელისუფლების რიტორიკა ყოველთვის უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე საქმე“
ხელისუფლება აცხადებს, რომ სანქცირებული თვითმფრინავები ვერ იფრენენ და რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა პრობლემა არ იქნება დასავლეთთან ურთიერთობაში, თუმცა უკვე ცნობილია, რომ რუსულმა კომპანია ღედ ჭინგს-მა თბილისში ფრენების ნებართვა მოსკოვიდან, სამარიდან და ყაზანიდან მოითხოვა, რომლისთვისაც სანქციები დაწესებული აქვთ უკრაინასა და აშშ-ს. უკრაინამ უკვე მიმართა ევროკავშირს, რომ ღედ ჭინგს-ი შეიტანონ ევროკავშირის ქვეყნების სანქცირებული კომპანიების სიაში. ამ საკითხზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრეთ.
- ფრენების აღდგენის მიზანი გასაგებია - პუტინს უნდა დაანახოს ყველას, რომ შეიძლება "კეთილი" ბიძიაც იყოს, მხოლოდ ბოროტი კი არა. ეს ე.წ. რბილი ძალის გამოყენებაა. რუსეთს ეს აქამდეც შეეძლო, მაგრამ პირიქით იქცეოდა. რაც მთავარია, კრემლს რბილი ძალის გამოყენების რამდენიმე ბერკეტი აქვს: რუსული ენა, კულტურა, ნათესაური კავშირები და ა.შ., ახლა აქეთ გადმოერთო და ჩვენზე მუშაობს. აი, ნახეთ, საქართველო არ ხსნის მეორე ფრონტს და მეც სამაგიეროს სიკეთით ვუხდიო. შეიძლება ამან იმუშაოს სომხებზეც, რომ რუსეთის იმედი არ დაკარგონ. შესაძლოა გამიზნულია აფხაზებზე ზეწოლისთვისაც, ჩვენ ქართველებთან დავლაგდებით, ჭკვიანად თუ არ მოიქცევითო... "ქართული ოცნების" ხელისუფლებას სულ ასეთი პოზიცია აქვს - არ გააღიზიანოს და ამ კურსში ჯდება ეს გადაწყვეტილებაც.
- გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა გააქტიურდეს აფხაზეთთან რკინიგზის გახსნის საკითხიც. შესაძლებელია რუსეთმა თუნდაც ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების სანაცვლოდ მოსთხოვოს საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთთან რკინიგზის აღდგენა?
- ეს არ არის თანასწორი საკითხები და სანაცვლოდ, წესით, ვერ მოითხოვს. მეორე საკითხია, ფსოუზე იქნება თუ არა ქართული საბაჟო და იქნებიან თუ არა ქართველი მებაჟეები. თუ იქნებიან, კი ბატონო. ადრე ეს საკითხი ძალიან სახიფათო იყო, რადგან რკინიგზის გახსნა გვიფუჭებდა აზერბაიჯანთან ურთიერთობას, მაგრამ ახლა ეს პრობლემა აღარ დგას, რადგან აზერბაიჯანი ყარაბაღში ვითარებას აკონტროლებს და მისთვის პრობლემა აღარ იქნება, თუ გაიხსნება რუსეთიდან ფსოუზე სარკინიგზო მიმოსვლა.
- თავის დროზე რუსეთის "ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში" გაწევრებას იმიტომ დავთანხმდით, რომ საბაჟო საქართველოსა და რუსეთს შორის სწორედ ფსოუზე და როკის გვირაბის იქით იქნებოდა. პირველ ეტაპზე ადმინისტრირება შვეიცარიას უნდა გაეკეთებინა. შესაძლებელია, რომ ამ ეგიდით გაიხსნას რკინიგზა და იქ ქართველი მებაჟე მაინც არ დადგეს?
- როგორც ვიცი, ეს მექანიზმი ვერ ამუშავდა და ახლა რა იქნება, ძნელი სათქმელია. თუკი ეს გაკეთდება, მაშინ რუსეთმა აფხაზეთს ძალიან უნდა გადაუგრიხოს ხელები, მაგრამ ამისთვის მზად არის?
- სომხეთის ინტერესებში შედის რკინიგზის გახსნა, ამ ფაქტორით ხდებოდა მუდმივად აპელირება. ახლა რამდენად ძლიერია ეს არგუმენტი?
- სომხეთი ამას დიდი ხანია ითხოვს, მაგრამ მთავარი ის არის, თუკი ფსოუზე არ იქნებიან ქართველი მებაჟეები, მაშინ ეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ნიშნავს.
- ე.წ. შუა დერეფნის პროექტი არ შედის რუსეთის ინტერესებში. თუკი რუსეთიდან საქართველოში გაიხსნება რკინიგზა, ცხადია, ამ პროექტს შეუშლის ხელს. რუსეთს ამ პროექტის ჩაშლა არ უღირს იმად, რომ ქართველი მესაზღვრეები თუნდაც ფსოუზე დააყენოს?
- წესით, ეს პროექტები ერთმანეთისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს. ვიმეორებ, წესით, მაგრამ დღევანდელ რეალობაში, ცხადია, ძალიან ძნელი სათქმელია, რადგან მე ეკონომიკის სპეციალისტი არა ვარ.
- ერთია ფრენების აღდგენა და მეორე ხელისუფლების განცხადებები, რომ მიესალმებიან პუტინის ამ გადაწყვეტილებას, მადლობას უხდიან. ასეთი განცხადებები რამდენად არის საქართველოს ევროინტეგრაციის ხელშემწყობი?
- სინამდვილეში ჩვენთან ხელისუფლების რიტორიკა ყოველთვის უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე საქმე.
- რუსეთთან ფრენების აღდგენა სტატუსის მიღებაზე არ იქონიებს ზეგავლენას?
- ჩვენი ხელისუფლება ფრთხილობს და დარწმუნებული ვარ, სანქცირებულ კომპანიებს არ გაეკარება. ჩვენ ახლა ბეწვის ხიდზე გავდივართ, მოყოლებული 2008 წლიდან და მით უმეტეს ახლა, რაც ომი დაიწყო უკრაინაში.
- სერგეი ლავროვის ოჯახის საქართველოში ყოფნა დადასტურდა. პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ მას შს მინისტრმა მიაწოდა ინფორმაცია მათი წასვლის შესახებ. ზურაბიშვილმა ეს საზოგადოების გამარჯვებად შეაფასა და ხელისუფლებას მეტი გონიერებისკენ მოუწოდა. თქვენ როგორ აფასებთ საქართველოში მაინცდამაინც ახლა ჩამოსვლას და ქორწილის გადახდას, როდესაც პირდაპირი ფრენების გამო, საზოგადოება ისედაც უკმაყოფილოა?
- არ მგონია, რომ მათი ჩამოსვლა დემონსტრაციული ყოფილიყო, პირიქით, ჩუმად ჩამოვიდნენ გასართობად და გაიგეს ვიღაც-ვიღაცებმა. თუმცა, ცხადია, რომ არც დაიმალებოდა. მაგრამ არ მგონია, რომ მიზანი ის ყოფილიყო, მიზანმიმართულად გაევრცელებინათ ინფორმაცია, რათა საზოგადოების უკმაყოფილება გამოეწვიათ, მივარდნოდნენ და საღებავები შეესხათ... რუსების პრობლემა ის არის, ვერ გაიგეს, რომ ჩვენ მათზე ნაწყენები ვართ და არ გვიხარია მათი ჩამოსვლა. ეს არის მათი უბედურება, რომ არ იციან, ჩვენ მათ ოკუპანტებად ვთვლით და ვხვდებით ისე, როგორც მტერს. უბრალო მოქალაქეებს კიდევ ავიტანთ, მაგრამ ლავროვი ცოტა რთული შემთხვევაა და უნდა სცოდნოდათ, რომ მისი შვილის და ნათესავების ჩამოსვლა არ გაგვიხარდებოდა და აქციებსაც მოვუწყობდით.
- ცხადია, რომ ლავროვის შვილი, როგორც რუსეთის რიგითი მოქალაქე, ისე ვერ შემოვიდოდა და ხელისუფლება საქმის კურსში იქნებოდა. მით უმეტეს, რომ ლავროვის შვილი ამერიკისა და ევროკავშირის მიერ არის სანქცირებული და მისი შემოშვება რამდენად გააფუჭებს საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობას?
- იმედი ვიქონიოთ, რომ არ გაგვიფუჭებს. თუმცა, ცხადია, ჩვენს ხელისუფლებას, უნდა თუ არა, ამაზე მაინც მოუწევს განმარტებების გაკეთება.
რუსა მაჩაიძე