"არ გამოვრიცხავ, რომ ფორმალური გადაწყვეტილებები მართლაც მიიღონ აფხაზეთსა და ცხინვალზე" - კვირის პალიტრა

"არ გამოვრიცხავ, რომ ფორმალური გადაწყვეტილებები მართლაც მიიღონ აფხაზეთსა და ცხინვალზე"

როგორია ოკუპანტი ქვეყნის ლიდერის მიზნები, შევძლებთ თუ არა ევროკავშირში შესვლას რუსული "ვიზებით". ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ანალიტიკოსი ვახტანგ­ ძაბირაძე გვესაუბრება:

- ჰიბრიდული ომის იმ სახეობას, რომელსაც ჰქვია რბილი ძალა და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის დაპირისპირება, რუსეთი საქართველოში 30 წელია იყენებს. თუმცა რუსულ ფაქტორზე დიდი პრობლემა ქართველების ძალაუფლების სიყვარულია. რაც თავი მახსოვს, ეროვნული მოძრაობიდან დღემდე, საქართველო ყოველთვის ორ ნაწილად იყო გაყოფილი - ხელისუფლებად და ოპოზიციად. ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოდის, მუდმივად ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას, ოპოზიციაში დარჩენილები კი მუდმივად იძულებული არიან მათ დაუპირისპირდნენ. დღემდე ვერ შევქმენით ისეთი სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც პოლიტიკური ძალები გავლენებისა და ძალაუფლებისთვის კი არ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, არამედ საქმის კეთებაში გაუწევენ ერთმანეთს კონკურენციას. შესაბამისად, ხელისუფლება იცვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადოებაში დაპირისპირება ზღვარს აღწევს და სამოქალაქო დაპირისპირებაში გადადის. რა თქმა უნდა, რუსეთი ყოველთვის თავის სასარგებლოდ იყენებს, რომ ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო არა გვაქვს. სანამ ჩვენ საკუთარ მანკიერებებს არ ვაღიარებთ, რუსეთი ყოველთვის შეძლებს აქ არეულობის ინსპირირებას.

- პრემიერი ამბობს, რომ სანქცირებული თვითმფრინავებით ფრენები არ შესრულდება, ხოლო არასანქცირებულ რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობაში პრობლემას ვერ ხედავს და მაგალითად თურქეთ-რუსეთს, ასევე ისრაელ-რუსეთს შორის ავიამიმოსვლას ასახელებს.

- ავიამიმოსვლის აღდგენა კი არ არის მთავარი პრობლემა, არამედ ის, რომ სწორედ მაშინ ვიწყებთ­ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს მის იზოლაციაში მოქცევას. იქმნება განცდა, რომ ჩვენ პუტინს იზოლაციისგან თავის დაღწევაში ვეხმარებით, თორემ რა მნიშვნელობა აქვს, რუსი ლარსიდან ავტობუსით შემოვა თუ პირდაპირ თბილისში ჩამოფრინდება?!

- ხელისუფლება ხშირად ასახელებს მაგალითად მოლდოვას, რომელსაც რუსეთთან ავიამიმოსვლაც აქვს და უვიზო რეჟიმიც.

- გასაგებია, რომ მოლდოვა დსთ-შია და რუსეთთან უვიზო მიმოსვლა აქვს, მაგრამ ასე იყო ომის დაწყებამდეც. სამაგიეროდ, კიშინიოვი ახლა ნელ-ნელა იწყებს მოსკოვისგან დისტანცირებას. ჩვენთან სულ სხვა ვითარება იყო. მართალია "ქართული ოცნება", როცა ამბობს, ჩვენ მოლდოვაზე წინ ვართ როგორც დემოკრატიის განვითარებით, ისე სხვა მაჩვენებლებითაცო, მაგრამ კანდიდატის სტატუსი მათ მისცეს და არა ჩვენ. ჩვენ უკრაინაზე წინაც ვიყავით, მაგრამ პრობლემა ის არის, ომის დაწყების შემდეგ ჩვენ სწორ მხარეს არ აღმოვჩნდით­. ლამის მესამე მსოფლიო ომი დაიწყო რუსეთსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის და ჩვენ რუსეთისკენ გადავდგით ნაბიჯი, მოლდოვამ კი დასავლეთისკენ დაიწყო სვლა. ღარიბაშვილმა თქვა, როგორ, უკრაინის ომი ომია და 2008 წლის ომი ომი არ იყოო?! 2008 წელს მსოფლიოს ლიდერებს სხვაგვარი პოლიტიკა ჰქონდათ რუსეთთან. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 2014 წელს რუსეთმა უკრაინას ყირიმი წაართვა, მაგრამ არც მაშინ გადარეულა დასავლეთი. ესე იგი, 2008 წელს კი არა, 2014 წელსაც კი ფიქრობდნენ, რომ რუსეთთან მშვიდობიანი გზით მოაგვარებდნენ ურთიერთობას. ახლა დაიწყო პროცესი, დასავლეთი იზოლაციაში აქცევს რუსეთს და იმის მაგივრად, ამ მომენტით ჩვენც ვისარგებლოთ, ახლა ვიწყებთ საკუთარ მტერთან დამეგობრებას. მოლდოვა წინ მიდის, ჩვენ - უკან. ესე იგი, პრობლემა ფრენების აღდგენა და უვიზო რეჟიმი კი არა, რუსეთთან დამეგობრებაა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენა სულაც არ არის უსაფრთხო. გაგახსენებთ, საბჭოთა კავშირის მთავრობამ ავღანეთში ხელისუფლების შესაცვლელად სწორედ ქაბულის აეროპოტი გამოიყენა. ხელისუფლება ვალდებულია, ყველა რისკი გათვალოს.

- დღეს ქართული საზოგადოების ნაწილის რუსეთისკენ შებრუნება იმითაც ხომ არ არის განპირობებული, რომ დასავლეთმა რუსეთთან სწორი პოზიციის დაკავება ძალიან დააგვიანა?

- ვერ ვიტყვი, რომ არ დააგვიანა, მაგრამ ასეთია დემოკრატიული სამყაროს ბუნება, ბოლომდე ცდილობს კონფლიქტების თავიდან არიდებას. გაიხსენეთ, როგორი იყო დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ პირველი ორი კვირის განმავლობაში. მაშინაც მხოლოდ აღშფოთების გამომხატველი განცხადებებით შემოიფარგლნენ. ორი კვირა ბომბავდა რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას, მაგრამ დასავლეთი თითს არ ანძრევდა. მეტიც, ზელენსკის თავშესაფარი შესთავაზეს. ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა და დასავლეთს უკრაინისთვის ჯერ კიდევ არა აქვს სრულად გადაცემული შეტევისთვის საჭირო იარაღი. დღესაც კი ყოყმანობენ... ასეა თუ ისე, დღეს ხომ მივიდა დასავლეთი იმ კონდიციამდე, რომ დაიწყო რუსეთის იზოლაციაში მოქცევა?! ჩვენ რატომ არ ვსარგებლობთ ამით?! ჩვენ ახლა მხოლოდ უკრაინაში რუსულ ოკუპაციაზე კი არა, საქართველოს ოკუპაციაზეც უნდა ვლაპარაკობდეთ. რომელი ჭკვიანი ფიქრობს, პუტინმა სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ავიაფრენების აღდგენის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ საქართველოზე შესტკივა გული?! რუსები იღებენ მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებს, რაც მათ სჭირდებათ.

- ბოლო დროს პრორუსულად განწყობილი პოლიტიკოსები სულ უფრო ხშირად საუბრობენ აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების შესაძლებლობაზე.

- სხვათა შორის, არ გამოვრიცხავ, რომ ფორმალური გადაწყვეტილებები მარ­თლაც მიიღონ აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხზე, ვინაიდან რუსეთს ძალიან სჭირდება საქართველოზე კონტროლის აღდგენა, რაც ნიშნავს იმ სატრანზიტო დერეფანზე კონტროლის აღდგენასაც, რომელიც დღეს დასავლეთს ძალიან სჭირდება. ამასთან, რუსეთს ძალიან უნდა აფხაზეთის რკინიგზის გახსნა. ავიამიმოსვლის განახლება პირველი და საცდელი ნაბიჯია. შეხედავენ, როგორ მიიღებს ამ ყველაფერს ქართველი ხალხი და ნელ-ნელა რკინიგზის გახსნაზე საუბარსაც შემოგვაპარებენ. რუსეთში დიდი ხანია მსჯელობენ საქართველო-სომხეთი-ირანი-რუსეთის სარკინიგზო ხაზზე. რაც შეეხება აფხაზეთისა და ცხინვალის საქართველოს იურისდიქციაში მოქცევას, რუსეთი ამას არ დაუშვებს, მხოლოდ დაპირებებს დაგვაჯერებს.

- ის, რომ საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფანი რუსეთისა და დასავლეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენს ფასს კიდევ ხომ არ ზრდის? იქნებ ჩვენ მართლაც გვაქვს იმის საშუალება, რომ მეტი მოვითხოვოთ დასავლეთისგან? ცოტა ხნის წინ პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა და ახლახან ირაკლი კობახიძემაც გაიმეორა, რომ თუ ვინმეს არ მოეწონა რუსეთიდან ავიაფრენების აღდგენა, მაშინ უვიზო რეჟიმი გაიხსნას ჩვენი მოქალაქეებისთვის ამერიკაში ან სხვა ქვეყნებში.

- კი, უნდა მოვითხოვოთ, მაგრამ ამას არ უნდა ჰქონდეს შანტაჟის ფორმა. დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს რუსეთთან კეკლუცობით აეჭვიანოს და დააშანტაჟოს დასავლეთი. ეს ძალიან სარისკო თამაშია და შეიძლება ცუდად დამთავრდეს.

- ფაქტია, "ქართულ ოცნებას" კანდიდატის­ სტატუსის მიღების მოლოდინი აქვს. პრემიერმა ისევ განაცხადა, რომ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისთვის მუშაობენ და სტატუსის მიღების იმედიც აქვთ. არის შანსი­, რომ "რუსული ვიზებით" ევროკავშირში შეგვიშვან?

- დასავლეთი უნდა მიხვდეს, რომ დღეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია და პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს. ევროპელმა პოლიტიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ძალიან მაგრად მუშაობს ანტიდასავლური პროპაგანდა და თუ სტატუსზე უარს გვეტყვიან, პრორუსებს დიდ კოზირს ჩაუგდებენ ხელში... მოგვწონს თუ არა, უვიზო მიმოსვლა რუსეთთან ის საკითხია, რომელსაც ჩვენს საზოგადოებაში მხარდამჭერები ჰყავს, "ქართული ოცნება" ამას ხედავს და უკვე აგრესიულ ანტიდასავლურ რიტორიკაზე გადადის. ოპოზიციურ ფლანგზე კი ქაოსია. "ნაცმოძრაობაში" ისეთი ამბებია, ეშმაკი პირჯვარს იწერს. ეს ძალიან მომგებიანია ხელისუფლებისათვის. დღეს რომ არჩევნები იყო, შეიძლება "ნაციონალებმა" 5%-იანი ბარიერიც ვერ გადალახონ.­ ქვეყანაში ძალიან დიდი ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატია, მაგრამ თუ არაფერი შეიცვალა, არჩევნებზე ეს ხალხი აღარ მივა და დარჩება ბურთი და მოედანი "ქართულ ოცნებას".

- ასეთ შემთხვევაში ქვეყანას რა შანსი რჩება იმისთვის, რომ შინ თუ გარეთ ატეხილ ქარიშხალს თავი უვნებლად დააღწიოს?

- რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა მოგეჩვენოთ, ყველაფერი დამოკიდებულია უკრაინაზე - თუ ომს მოიგებს, ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცემა უვნებლად დავაღწიოთ თავი ქარიშხალს. თუ იქ პრობლემები გაჩნდა, პრობლემები გვექნება ჩვენც.

ხათუნა ბახტურიძე